კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26–30(500)



სამართლიანობა მოითხოვს, ვიყო გულახდილი და, რადგან ამ ამბის მოყოლა გადავწყვიტე, ერთი სიტყვაც არ შევცვალო, არ შევალამაზო და, ისედაც უცნაური (თქვენთვის უცნაური) რეალობა ზღაპრად არ გადავაქციო. თუმცა, ცხოვრება მაინც ჰგავს ზღაპარს, ზოგისთვის – საშინელს, ზოგისთვის – ნათელი ფერებით სავსეს. მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვოცნებობდი, ჯადოსნური ჯოხი მქონოდა... წარმოიდგინეთ, რა მაგარია, ჩაიფიქრებ სურვილს, აიქნევ ჯოხს და – მორჩა, მზად არის... მერე ერთი წიგნი მაჩუქეს... ბევრჯერ ვცადე, მისი სათაური როგორმე გამეხსენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სამაგიეროდ, შინაარსი არ დამვიწყებია და, ალბათ, არც არასდროს დამავიწყდება. ისე, გირჩევთ, ბავშვობაში წაკითხული და ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი ხელახლა გადაიკითხოთ. დამიჯერეთ, რომ ბევრ ჭკუის სასწავლებელ ფრაზასა და აზრს ამოიკითხავთ. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი ამაში. ბავშვს არ ჰყოფნის იმდენი გამოცდილება, ჩასწვდეს ზღაპარში ჩამალულ სიბრძნეს, მშობელმა კი არ იცის, როგორ წაუკითხოს. მაგალითები გნებავთ? – კი, ბატონო! დავიწყოთ ზემოხსენებული ჯადოსნური ჯოხით. ხომ ვითომ უშრომელად გისრულდება სურვილები – შენ მარტო ინატრე და ეგ არის... ნურას უკაცრავად! ჯოხი თავისით არაფერს გააკეთებს, თუ ხელი არ მოკიდე და არ აიქნიე – მიხვდით, რაში ყოფილა საქმე? ღმერთიც ხომ იმას გვასწავლის, ხელი გაიქნიე და გეშველებაო. ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ, სანამ ჩვენს შვილებს ზღაპარს წავუკითხავდეთ, იქნებ, ჯერ თავად გადაგვეკითხა რამდენჯერმე, რომ მერე ფუჭი ოცნებებით არ გაგვებრუებინა პატარები. ყველას ერთნაირი ფსიქიკა როდი აქვს, ბატონებო და, როცა ბავშვობაში კარგად „დაგაბოლებენ“ – შესაძლოა, ისე გაგიმართლოს, მთელი ცხოვრება სხვამ აკეთოს შენი საკეთებელიო, კარგად მეყოლეთ! – წამოწვები და გამართლებას დაელოდები. ხოლო, როცა მიხვდები, რომ ცხოვრება ამ ლოდინში ხელებში ჩაგადნა, საკუთარ თავს კი არ დააბრალებ წარუმატებლობას, იწუწუნებ – ბედმა ზურგი შემაქცია და სხვა ფავორიტი ამოირჩიაო... მოკლედ, მიმიხვდით, ხომ, რისი თქმა მინდა? ჯადოსნური ჯოხიც ნამდვილად არსებობს და „კეთილი ჯადოქრებიც“, რამდენიც გინდა, იმდენია. მთავარია, ჩვენ მათი დანახვა და გამოყენება შევძლოთ... იმ წიგნზე რომ გეუბნებოდით, სათაური ვერ გავიხსენე-მეთქი... მაშინ რომ წავიკითხე, მარტო ის გავიგე, რომ ერთმა იღბლიანმა ბიჭმა იპოვა ასანთის კოლოფი და ყველა ღერის გადატეხაზე თითო სურვილი უსრულდებოდა. წარმომიდგენია, ამ სტრიქონის წაკითხვისას როგორი ნეტარებით მინაბავთ თვალებს და ამოიოხრებთ – ეჰ, ერთი ეგეთი ასანთის კოლოფი მეც მაპოვნინა და თუნდაც სამ-ოთხ ღერზე მეტი ნურც იდება შიგო. ნუ იჩქარებთ, ჩემო ძვირფასებო! ნუ იჩქარებთ... ის საწყალი ბიჭი შარში გაება?! – თქვენს მტერს! რატომ? – იმიტომ, რომ სურვილებში „გაიჭედა“... ანუ, არ იცოდა, რა უნდა ენატრა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – როგორ ენატრა. არ იცოდით, რომ ნატვრაშიც პროფესიონალი უნდა იყო? თუმცა, რატომ მიკვირს, აქამდე ხომ არც მე ვიცოდი...

ვახომ შორიდანვე მოჰკრა თვალი ლაშას. სამუშაო ოთახში თითქმის ფეხდაფეხ შეჰყვა და დაჯდომაც არ აცადა, ისე მოაქცია შეკითხვების კორიანტელში:

– რა ქენი, მომიყევი ჩქარა! ერთი სული მაქვს, გავიგო, რა ქენი. მერე ძალიან ვინანე, მარტო რომ დაგტოვე, მაგრამ, ჩემი ხომ გესმის... მოკლედ, ჩქარა მითხარი, მოიგე თუ წააგე?

ლაშამ მშვიდად გამოსწია სკამი, მაგრამ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა. პასუხის გაცემას აშკარად არ ჩქარობდა. ვახომ მხარში მოკიდა ხელი და შეანჯღრია:

– კარგი, რა, სამაგიეროს მიხდი? მოვკვდი ინტერესით.

– ვშიშობ, ინტერესს ვერაფრით დაგიკმაყოფილებ.

ვახო შეცბა:

– მოიცა, ეგ რას ნიშნავს? არ გინდა, მითხრა, რამდენი მოიგე?! არ მენდობი თუ რაშია საქმე? კარგი, დამნაშავე ვარ, რომ დაგტოვე, მაგრამ ამის გამო ხომ არ გამებუტები. რა პონტია, ტო...

– ვინ გითხრა, რომ გებუტები! უბრალოდ, სათქმელი არაფერი მაქვს.

– მოიცა, როგორ... სათქმელი არაფერი გაქვს?

– ჰო, არაფერი მაქვს. არც მოვიგე და არც წავაგე. შენ რომ წახვედი, მეც წამოვედი.

ვახომ იმედგაცრუებით ამოიოხრა:

– ე, კარგი, რა... რად გინდა ასეთი ბაზარი... მოიგე, ხომ?! არ გეგონოს, გკითხავ, როგორ მოახერხე-მეთქი, მარტო დამეთანხმე. მერე შეგეშვები. პასუხისმგებლობის მაგვარს ვგრძნობ შენ წინაშე და, მინდა, სინდისი დავიმშვიდო.

– შენს სინდისს შეუძლია, მშვიდად იყოს. არც ერთი ლარი არ წამიგია. არ მითამაშია-მეთქი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მართალი იყავი და წამოვედი.

ვახომ ეჭვით მოწკურა თვალები:

– მატყუებ. მაგრამ, შენი ნებაა. ძალით ხომ ვერ გათქმევინებ სიმართლეს. ოღონდ, იცოდე, რომ მაწყენინე.

– ვახო, რას ჰქვია, გაწყენინე! რატომ არ გჯერა, რომ წამოვედი? შენ გასაგებად ამიხსენი, რატომ არ უნდა მეთამაშა და მეც დავიჯერე. გადამწყვეტ მომენტში კეთილგონიერებამ მძლია, სერიოზულად ვამბობ. მართლა ძალიან მადლობელი ვარ შენი.

– მე კი მეგონა, რაღაც განსაკუთრებული გეგმა გქონდა.

ლაშამ გაიცინა:

– ეჰ, ვახო... განსაკუთრებული გეგმა რომ მქონდეს, ახლა აქ ვიჯდებოდი და „ჯეკ-პოტს“ არ მოვხსნიდი? კარგი რა, მაგის ბედი ვინ მომცა. კიდევ კარგი, ლიკას არაფერი გაუგია. დილით ბანკში ვიყავი და ფული ანგარიშზე დავაბრუნე.

– მართლა? – ვახომ თითქმის დაიჯერა, რომ ლაშა არ ტყუოდა.

– ბიჭო, რას ჩაიხვიე! ვაჰ, საერთოდ არ მეხერხება ტყუილი. ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ მოგატყუებ.

– ახლა რას აპირებ?

– მუშაობას. ახლა მუშაობას ვაპირებ, სერიოზულად ვამბობ. ძალიან გთხოვ, ის ამბავი არ დაგავიწყდეს, თარგმანის შესახებ რომ გთხოვე. მართლა რაღაც თუ არ გავაკეთე... ლიკა მეცოდება, რა ვალდებულია, ჩემი ძმაკაცის ვალები იხადოს. ნორმალური სამსახური მაინც ჰქონდეს. მთელი დღე ზის იმ ბანკში და საღამომდე ცხვირს ვერ ყოფს გარეთ. მე რა ქმარი ვარ, როცა წესიერ პირობებს ვერ ვუქმნი. წელიწადში ორ-სამჯერ მიჰყავთ ცოლები ევროპაში, მე კი იმის ფული არ მაქვს, ზაფხულში ათი დღით ქობულეთში მაინც წავიყვანო. ჩემი სიდედრი რომ არ იყოს, ბავშვიც ამ სიცხეში გამოიხრჩობოდა. მერე კიდევ იტყვიან, ფულში არ არის ბედნიერებაო.

– ჰო, ასეა... – მექანიკურად დაეთანხმა ვახო.

– შენ რა იცი, რომ ასეა. გქონია ბევრი ფული? აი, ხედავ? არ გქონია. ამიტომ, კომპეტენტური ვერ იქნები.

– მერე რა, რომ არ მქონია, შტერი ხომ არ ვარ. აუცილებლად უფსკრულში უნდა გადაიჩეხო, რომ მიხვდე, ფეხი სად არ დადგა? ხომ არსებობს სხვისი გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა.

– სხვისი გამოცდილება... სხვისი გამოცდილებაა... ვინ არის გარანტი იმისა, რომ ისინი თავის ჭეშმარიტ, რეალურ განცდებს გვიზიარებენ? ამიტომ ვერ ვიტან მდიდრების ხელოვნურად მოჟამულ სიფათებს. ვითომ, აქაოდა, ფული კი გვაქვს, მაგრამ, ბედნიერება მაინც შორს არის ჩვენგანო.

ვახომ მხრები აიჩეჩა და ოთახში მიმოიხედა. კომპიუტერებთან მჯდარი ქალები ინტერესით უსმენდნენ მათ საუბარს.

– ჯობია, აქედან გავიდე, თორემ ჩვენი საუბრის თემა მალე საჯარო განხილვის საგანი გახდება, – წასჩურჩულა ვახომ ლაშას და, სანამ წავიდოდა, მოასწრო და ჩაულაპარაკა.

– მერე, როცა სურვილი და შესაძლებლობა გექნება, ოღონდ ცოლის ჩუმად აღებულ ფულს არ ვგულისხმობ, წავიდეთ კაზინოში და ვითამაშოთ. იქნებ გაგვიმართლოს. სხვანაირად რომ ვერ გავმდიდრდები, ზუსტად ვიცი.

– ლატარიაშიც შეგიძლია, ფული მოიგო, – ცუდად დაფარული ირონიით ურჩია ლაშამ, მაგრამ ვახო ვერ მიუხვდა დაცინვას და სერიოზულად თქვა:

– ლატარია არ არის ჩემი საქმე, არც არასოდეს მიყიდია.

– მერე, უნდა იყიდო, ჩემო ძმაო. ასე არაფერი გამოვა.

ვახომ ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა. ლაშას გაეღიმა.

– ყველანაირი ლატარია, კაზინო თუ აზარტი – ეშმაკის მოგონილი საცდურია, ის კი ისეთი მაზალო ვინმეა, ტყუილუბრალოდ არავის არაფერს მისცემს. ამიტომ, რადგან წინასწარ არ იცი, რას მოითხოვს, ჯობია, სიახლოვეს საერთოდ არ გაეკარო, – თქვა განაპირა კომპიუტერთან მჯდარმა სანდომიანი სახის ქალბატონმა ღიმილით და ლაშას რომ არ სწყენოდა, თვალი ჩაუკრა.

– სრულ სიმართლეს ბრძანებთ, ქალბატონო მანანა, – სწრაფად დაეთანხმა ლაშა, – მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა.

– თავს ნუ იკატუნებ. შენ მაგის თქმა არ გინდოდა. არც მე გამოვდგები ჭკუის დამრიგებლად. ეს ისე ვთქვი. არ მიყვარს „იგროკები“. ვერ დავიჯერებ, რომ კარგი ადამიანია ის, ვინც ფულს ასე ექცევა – უდიერად და უპასუხისმგებლოდ, მაშინ, როცა ამდენი ხალხი შიმშილობს.

– ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ კაზინოში ვინც დადის, უპასუხისმგებლო, ქარაფშუტა და უგულოა? ქალბატონო მანანა, მართლა ასე ფიქრობთ?

– რა ვიცი, შვილო. აბა, რომელი ნორმალური გაატანს ფულს ქარს? როგორ დავიჯერო, რომ მეზობელი მაინც არ ჰყავთ გაჭირვებული?

– ქალბატონო მანანა, გაჭირვებულები რომ ჰყავთ, იმიტომ მიდიან კაზინოში სათამაშოდ, რომ ფული მოიგონ. იმათაც დაეხმარონ და საკუთარ თავსაც.

ქალბატონმა მანანამ სათვალე მოიხსნა და ლაშას ისე შეხედა, კაცს თავი შეებრალა.

– ვხუმრობ, ქალბატონო მანანა, მაგრამ, მართლა მაინტერესებს, მარტო ეშმაკი იძლევა ასეთ საჩუქრებს თუ ცოტა სხვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს?

ქალბატონმა მანანამ სათვალიანი ხელი შემართა და სინანულით გადააქნია თავი.

– კარგი, შვილო. იხუმრე, იხუმრე და, მაგ ხუმრობა-ხუმრობაში რა სარგებელსაც ნახავ, მე ნუ გამიყოფ.

ლაშას ძალიან უნდოდა, ეთქვა, ვერც ისე ვნახე სარგებელიო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. უჯრიდან ხელნაწერები ამოალაგა და საქმეს ჩაუჯდა, მაგრამ გული ვერაფრით დაუდო. აზრებს თავს ვერ უყრიდა. ამან ნელ-ნელა ისე გააღიზიანა, რომ ბოლოს მოთმინებადაკარგულმა ხელი გამეტებით დაჰკრა მაგიდის ზედაპირს. ქალებმა თავები ასწიეს და ლაშამ მათ მზერაში გაოცებასთან ერთად სიბრალულიც ამოიკითხა. ბავშვობიდან ვერ იტანდა, როცა ვინმე იცოდებდა. გაცოფებულმა ხელნაწერები უჯრაში დაუდევრად ჩაყარა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა.

***

ლიკამ კომპიუტერი გამორთო და ნებივრად გაიზმორა. დილანდელი კარგი განწყობა კიდევ ჰქონდა შემორჩენილი. ხელჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო და საკუთარ გამოსახულებას კმაყოფილმა გაუღიმა.

– გეტყობა, ქმართან კარგად უნდა გქონდეს საქმე, ისე იღიმები, – სოფო მაგიდაზე ჩამოუჯდა და სარკეში ჩაუყო ცხვირი.

– ჰო. შევრიგდით და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. ეს შენი მეგობარი კი სულ ტყუილად ირჯება. უთხარი, რომ აქ სიარულით ვერაფერს მიაღწევს. მით უმეტეს, ახლა, როცა მე და ლაშამ ურთიერთობა დავალაგეთ.

სოფომ მხრები აიჩეჩა:

– მე ანდრო არც მინახავს. შენ ელაპარაკებოდი დილით. ჰოდა, შენვე უნდა გეთქვა. მე თქვენს საქმეში არ ჩავერევი.

– კარგსაც იზამ. თუმცა, მინდა გითხრა, რომ „ჩვენი საქმე“ – ასეთი ცნება, ფაქტობრივად, არ არსებობს. მასთან საერთო არაფერი მაქვს. უბრალოდ, აქეთ-იქით რომ არ იაროს... თუმცა, შენ მართალი ხარ, რა მენაღვლება, რაც უნდა, ის უქნია. იაროს სულელივით, თუკი თავმოყვარეობა არ შეაწუხებს.

– ლიკა, ანდრო არ არის ის კაცი, ვისთვისაც თავმოყვარეობა მარტო უბრალო სიტყვაა. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია და კეთილიც არის. არ ჰგავს იმ ტიპებს ფული რომ აქვთ და სხვები ჭიანჭველები ჰგონიათ. ძალიან ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან:

– და, სამაგიეროდ ჩემი თავი შესთავაზე? – ლიკამ გაიცინა და მაგიდის ზედაპირზე თითები აათამაშა. სოფო განაწყენდა.

– ისევ მაგას იმეორებ? ლიკა, ახლა სერიოზულად გავბრაზდები! მე ანდრო იმ დღეს კაფეში საგანგებოდ არ დამიბარებია. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ერთხელ ხომ უკვე გითხარი!

– მოდი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. მეც არ მსიამოვნებს, ბრალდებებს რომ გიყენებ. თან, ახლა მართლა ძალიან კარგ გუნებაზე ვარ. ამიტომ, არ მინდა, ჩემ გვერდით ვინმე ცუდად გრძნობდეს თავს.

სოფომ უცებ გამოიდარა:

– ვა, შენ აღარ ხუმრობ. ასეთი რა ქნა შენმა ქმარმა, რომ ყველაფერი აპატიე. რა, განძი იპოვა?

ლიკამ მხრები აიჩეჩა.

– პრინციპში, საპატიებელიც ბევრი არაფერი სჭირდა. ის, რაც მას დაემართა, ყველა კაცს შეიძლება, შეემთხვას, მით უფრო – ქართველს. აქ ხომ ძმაკაცი და მისი პრობლემები წმიდათაწმიდაა. რა ვუყო? რაღაც გვეშველება. მთავარი ჩვენი ერთად ყოფნაა.

სოფომ პირი დააღო განცვიფრებისგან:

– მდა, ყოჩაღ, ლაშა! ასეთი რა გააკეთა, რომ ერთ დღეში ას ოთხმოცი გრადუსით შეგაბრუნა თავისკენ? ოჰო, შენს ქმარს ჯეროვნად ვერ ვაფასებდი. ყოჩაღ მაგას, იმაზე მაგარი ყოფილა, ვიდრე მეგონა. თვალები ისე გიციმციმებს, წუხელ „დიდ საქმეებს“ მოახდენდით. ტყუილად კი არ ამბობენ, ცოლ-ქმრის შემრიგებელი ლოგინიაო. თუმცა, მე რამდენად შემიტყუებდა ქმარი ლოგინში მასზე გაბრაზებულს, ძნელი სათქმელია.

– აღარ ვბრაზობ ლაშაზე, – თქვა ლიკამ.

სოფომ გადაიკისკისა:

– აი, პასუხიც. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ჩემო კარგო. შენი ბედნიერება მხოლოდ გამიხარდება.

– კარგი, წავედი. მანქანით ვარ და, თუ გინდა, სახლში მიგიყვან.

– გმადლობ, მაგრამ უნდა მომაკითხონ. სახლში არ მივდივარ, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა სოფომ. მაგრამ ლიკას მანქანამდე მაინც მიჰყვა. დაელოდა, სანამ საჭეს მიუჯდა, ძრავი აამუშავა და ბანკის თანამშრომელთა მანქანებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომიდან გავიდა. მხოლოდ იმის მერე, რაც დარწმუნდა, რომ ლიკა მას ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ დაინახავდა, ქუჩა გადაჭრა და ჩამუქებულმინებიანი „ჯიპის“ კარი გამოაღო. საჭესთან მჯდარმა კაცმა სათვალის ზემოდან გადმოხედა და უკმაყოფილო, გაღიზიანებული ტონით ჰკითხა:

– სად ხარ აქამდე?

– რა ვიცი, ვლაპარაკობდით...

– ლაპარაკობდნენ.. დროზე, ჩაჯექი... მოცლილი კი არ ვარ!

სოფო სწრაფად მოკალათდა სავარძელში და ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

– აქ ვერ მოწევ. კონდიციონერია ჩართული.

– გამორთე და მინები ჩავწიოთ. ისე, ძალიანაც აღარ ცხელა. იმდენი ხანია, ვითმენ, უკვე თითებიც მიკანკალებს ნარკომანივით.

– არა უშავს, ცოტას კიდევ მოითმენ. რაო, შენმა დაქალმა, ისევ ძველ „ჩვენებებს“ აწვება?

– ჰო. შერიგებია ქმარს. მშვენიერ გუნებაზე იყო დღეს და მითხრა, აქ ტყუილად ნუღარ დადის, მაინც არაფერი გამოუვაო.

კაცმა ჩაიცინა, სათვალე მოიხსნა და სოფოს სახეში ჩააშტერდა. გოგო უხერხულად შეიშმუშნა.

– ასე რატომ, მიყურებ? ცდა არ დავაკელი, მაგრამ, ქმარი უყვარს და ამას ვერაფერს ვუშველი.

– ნუ მაცინებ. ხომ იცი, რომ ეგეთი რომანტიკული სისულელეების არ მჯერა. ჯერ ავანსცენაზე არ გამოვსულვარ, მხოლოდ სიტუაცია დავზვერე. მაგისთანებისთვის მომიგრეხია კისერი?! შენგან მარტო ის მინდა, გაიგო, მაგისი ქმარი როგორი ტიპია. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. ეგ შენი დაქალი ისეთი „ნაშაც“ არ არის, ყველაფერი გადავაყოლო...

– ჩვეულებრივი ტიპია, ნორმალური... – მხრები აიჩეჩა სოფომ.

– ჩვეულებრივი... ნორმალური... – გამოაჯავრა ანდრომ, – თავს ნუ გამოიშტერებ. ვითომ ვერ ხვდებოდე, რას გეკითხები.

– ანუ, შენ ის გაინტერესებს, რა საფრთხეს შეიძლება ელოდო ლაშასგან და შეუძლია, თუ არა მას კაცის მოკვლა?

სოფოს ირონიით და გესლით სავსე სიტყვებმა ანდრო გააცოფა:

– რა დღეში ხარ, გოგო, ვის დასცინი? დაგავიწყდა, რამდენი რამე მაქვს შენთვის გაკეთებული? სოფო, ხომ იცი, რომ ხელის ერთი გაქნევა მეყოფა იმისთვის, რომ იქ დაგაბრუნო, საიდანაც ამოგიყვანე!

– რატომ მეუბნები, ამისთანა რამეებს, – წყენა ვერ დამალა სოფომ, – არ მეგონა, ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდი. ნუთუ ეს ყველაფერი ლიკას გამოა? ასე ძალიან მოგეწონა? შენ?! რაღაც, არ მჯერა.

– ჰო, რა იყო! მე ძნელად ასაღები ციხესიმაგრეები მიყვარს, თანაც, არის მასში რაღაც განსხვავებული...

სოფომ ტუჩები გაბუსხა.

– ჩვეულებრივი გოგოა. ლოგინში რომ ვერ ჩაიწვინე ჯერ, იმიტომაც გეჩვენება განსაკუთრებულად.

– აი, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტი არ არის. რაო, კატუნიავ, ხომ არ ეჭვიანობ. აბა, რაღა დროს ეგენია! ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია, აღარ არის იმ ფაზაში, რომ სხვა ქალებზე იეჭვიანო. მით უმეტეს, რომ მშვენიერ პატრონს ჩაგაბარე. აბა, ეგეთები არ იყოს! თუ შენ ლიკას მეტოქედ აღიქვამ, ბევრს წააგებ, იცოდე.

– რა სისულელეა! ეგ რა შუაშია? მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩვენ შორის ყველაფერი გარკვეულია.

– მაშინ, ახლა გადასკუპდი და ის გააკეთე, რაც გთხოვე. თუ ვართ მეგობრები, ვიყოთ. ასე, ცალმხრივად მეგობრობა არ გამოგვივა.

– გავიგე. იმასაც მივხვდი, რომ, სანამ ლიკას ხელში არ ჩაიგდებ, არ მოეშვები.

– აი, ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის, საყვარელო, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. დღეს ამ განწყობაზე ვარ. ხვალ კი, იქნებ, გადავიფიქრო კიდეც.

– კარგი, შენი ნებაა. ჩემი იმედი გქონდეს.

– უნდა მქონდეს და ეგ ისევ შენთვის იქნება კარგი, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა ანდრომ, – მადლობის გადახდა როგორი ვიცი, იმედია, არც ეს დაგვიწყებია.

***

ლაშამ კიდევ რამდენჯერმე დაითვალა ტკიცინა კუპიურები და ლიკას წინ დაუდო.

– ცოტა მეტი რომ ყოფილიყო, აჯობებდა, მაგრამ, ვნახოთ, ხვალ იქნებ კიდევ უფრო მეტიც მომცენ.

– რადგან ასეთი განწყობა გაქვს, ასეც იქნება. მაგრამ ამხელა ხელფასი არ გაქვს და პრემია როგორ მოგცეს?

– რა ვიცი. სიმართლე გითხრა, მეც ცოტა გამიკვირდა. მაგრამ, როცა გაძლევენ, უნდა აიღო. სხვა ალტერნატივა არის? არ უნდა ამეღო?

– როგორ არა. როგორ არა! მაგრამ... – ლიკამ ფულს დახედა.

– კიდევ რა მოხდა, რითი ხარ უკმაყოფილო?

– არა. უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, ეს ხომ არ არის სტაბილური შემოსავალი? ხვალ ისევ ყველაფერი ძველებურად იქნება. რაღაც სხვა საშუალება უნდა გამოვძებნოთ.

– ყველაფერი კარგად იქნება. აი, ნახავ – თვალი გამამხნევებლად ჩაუკრა ქმარმა.

ლიკას ისევ შეეპარა ეჭვი და ისევ გაუჩნდა უნდობლობის განცდა მოღიმარი ლაშას მიმართ.

– იცოდე, შენ თუ კიდევ რამეს მატყუებ, ვერ გადამირჩები, – დაემუქრა თითის ქნევით.

– ე, ისევ დაიწყე? რას უნდა გატყუებდე? პრემია ავიღე, თუ გინდა, გადაამოწმე.

– შემთხვევით, ჩემი ბარათიდან ხომ არ მოხსენი?

– აუ, როდის მორჩები ამ ეჭვიანობას? ბარათიდან როგორ მოვხსნიდი, კოდი ხომ არ ვიცი. ან, როდისმე შენს დაუკითხავად, სახლიდან ფული ამიღია?

– არა, მაგრამ...

– ჰოდა, საკმარისია. იცი, რა ვქნათ? ხვალ ხომ შაბათია, მოდი, ვატუნას რაღაცეები ვუყიდოთ და ავაკითხოთ. დედაშენსაც გაუხარდება, ერთად რომ გვნახავს.

ლიკა დაფიქრდა.

– შეიძლება. ოღონდ, ხვალ სამ საათამდე ვმუშაობ.

– მერე რა, მოვასწრებთ. სამსახურში სამი საათისთვის მოგაკითხავ. საყიდლებზე გავივლით და წავალთ. ღამე ბავშვთან დავრჩეთ, მომენატრა. კვირა საღამოს კი დავბრუნდებით.

– ჰო, კარგი. გატყობ, ათასი ლარი დიდი თანხა გგონია, მაგრამ, ჯობია, თავად ნახო, რომ ბევრი არაფერი შეუძლია.

– კიდევ ვიმუშავებ. ლიკ, აღარ მოგცემ საბაბს საყვედურისთვის.

– მოკლედ, სანიმუშო ქმრად გადაიქეცი. ასე შეგეშინდა ჩემი დაკარგვის? – გაიცინა ლიკამ. რატომღაც, ელოდა, რომ ლაშაც აჰყვებოდა სიცილში და იუმორით შეხედავდა მის სიტყვებს, მაგრამ ლაშამ მოიწყინა, სახე დაუსევდიანდა და ამოიოხრა.

– შენ იქნებ არც დამიჯერო, მაგრამ, როცა წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება უშენოდ, შენი და ვატოს გარეშე, ძალიან შემეშინდა.

– ა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! შეგეშინდა, რომ გაგცილდებოდი, ვატოსაც თან წავიყვანდი და არ გაჩვენებდი ბავშვს? მივხვდი – მე არაფერ შუაში ვარ, პრობლემა ბავშვშია.

– არა! – ლაშამ ჯიუტად გააქნია თავი, – არა! ვატო სიცოცხლეს მირჩევნია, მაგრამ შენ გარეშე დარჩენის შემეშინდა... გეფიცები. იმაზე ვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა.

– მართლა? – ლიკას სახე გაუნათდა.

– გეფიცები შენს თავს, არც მეგონა, ასე თუ მიყვარდი.

– ოჰო! აი, სიყვარულის ახსნაც ამას ჰქვია! დაიმსახურე საძინებელში დაბრუნება... დღესვე შეგიძლია, გადმობარგდე.

– ვაჰ! კიდევ ერთი მაღარიჩი უნდა ვიკისრო...

„იცით, რომ ზოგჯერ სიხარულიც შეიძლება, ხელის შემშლელი აღმოჩნდეს, ბედნიერებაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ... რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტრესისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რის საფუძველზე წარმოიშობა – სიხარულის თუ წყენის, მაშინ, აღარ უნდა გვიკვირდეს, რატომ უნდა გვეშინოდეს დიდი სიხარულის... ბოლოს და ბოლოს, დამუნჯებულან კიდეც და ისეთი დეპრესია დამართნიათ, დიდხანს ვერ გამოსულან შოკიდან... მერე კი, დამსხდარან და უფიქრიათ, ნეტავი, ხომ არ ჯობდა, საერთოდ არ გამხარებოდაო. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, თუკი რამეა სანატრელი, ეს სტაბილურობაა. არ აჩქარდეთ დასკვნების გაკეთებაში, ჯერ კარგად გაიაზრეთ, რას ნიშნავს სტაბილურობა, როგორია, როცა სიტუაცია ერთნაირად პოზიტიურია, ყოველგვარი რყევების გარეშე და, მაშინვე მიხვდებით, რომ ჩვენ მართლები ვართ. ახლა, იტყვით, მუდმივი სტაბილურობა საშინლად უინტერესოა, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცნობისმოყვარეობა ღუპავს კაცობრიობას. აბა, გაიხსენეთ, რის გამო დავკარგეთ სამოთხე ადამიანებმა?! არა, ბატონო, ევა არაფერ შუაშია და ადამის შთამომავლებს ვთხოვთ, მეტად კორექტულები იყვნენ, როცა საქმე ასეთ სერიოზულ ბრალდებას ეხება. რა, ევას ადამზე ნაკლებად უნდოდა სამოთხეში ცხოვრება თუ, კომფორტმა შეაწუხა?! თუ ვინმე უნდა მისტიროდეს სამოთხეს ევას ნაშიერი. ვიყოთ გულახდილები და პირდაპირ ვთქვათ, რომ ადამსაც „შეუძვრა“ ცნობისმოყვარეობის ჭია, თორემ, ევას ჭკუაზე რომ არ გაივლიდა, ფაქტია... ჭკუას არ გარიგებთ, მაგრამ, მაინც გაითვალისწინეთ და დაანებეთ თავი მძაფრი განცდებისკენ ლტოლვას... ცეცხლთან თამაშს, მისგან შორს ყოფნა ჯობია.

ლაშას ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მაგრამ, მოდი, დალაგებით მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. დავიწყოთ იმით, რომ ცოლთან საძინებელში გადაბარგებამ იმედი გაუცრუა. დავაკონკრეტო, რა იგულისხმება იმედის გაცრუებაში? რა თქმა უნდა, ლიკასთან ჩახუტება მისთვის ყველაფერი იყო, მაგრამ, ქალმა უმტყუნა – ისე ეძინა, როგორც ახალშობილს, ყოველგვარი ემოციებისა და ხილვების გარეშე. მართალია, ეს მხოლოდ ფიგურალური შედარებაა და ვერავინ იტყვის, რას ხედავს ახალშობილი სიზმარში, მაგრამ, რადგან ასე ამბობენ ხოლმე და თითქმის ყველა ხვდება, რა იგულისხმება ამ ფრაზაში, ჩვენც ნუღარ ჩავუკირკიტდებით... მოკლედ, ლაშას იმ ღამეს „სტუმარი“ არ სწვევია. რა სტუმარზეა ლაპარაკი, ამას მოგვიანებით გეტყვით. მთავარი ის არის, რომ დილით ნირწამხდარმა გაახილა თვალი. ცოლის ზედმეტი შეკითხვებისგან თავი რომ დაეზღვია, პირდაპირ სააბაზანოში შევარდა და სარკეში ჩაიხედა. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, თვალებიც თავის ადგილზე ჰქონდა, ყურებიც და ცხვირიც. ის კი არა, თმაც ძველებურად გაფშეკოდა და არ ემორჩილებოდა სავარცხელს... ნეტავი, რა მოხდა... ვითომ, რადგან ღრმად მეძინა, მხოლოდ ეს არის მიზეზი, რომ ქალბატონმა სტუმრობაზე უარი თქვა? არა! ეს ასე არ გამოვა, არავითარ შემთხვევაში! რადგან ამტეხა, გამაღიზიანა და მეც გამოწვევა მივიღე, ახლა უფლება არ აქვს, შუა გზაზე მიმატოვოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლიკა შემჭამს. რას ვეტყვი... კიდევ ის, რომ ძლივს რაღაც ვიგრძენი, ძლივს აზარტში შევედი... ე, ქალბატონო!.. – უკაცრავად, თქვენი სახელი არ ვიცი – მე თქვენთვის მოსვლა არ მითხოვია, მაგრამ წასვლას კატეგორიულად გიკრძალავთ. ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, სანამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან...“

ფიქრი კაკუნმა შეაწყვეტინა:

– საყვარელო, კარგად ხარ? იქნებ, გამოხვიდე და საშუალება მომცე, თავი მოვიწესრიგო? სამსახურში დამაგვიანდება!

– ახლავე გამოვალ, ახლავე!..

ლიკამ გაოცებით შეხედა ქმარს:

– რას აკეთებდი ამდენ ხანს, პირიც რომ არ დაგიბანია?

– ჰო, ვფიქრობდი რაღაცაზე და დამავიწყდა...

– ვაუ, საინტერესოა, რაზე ფიქრობდი. რომ გთხოვო, არ მეტყვი?

– ისეთი არაფერია, საქმეზე ჩავფიქრდი.

– იმ საქმეზე ხომ არა, რაშიც პრემია მოგცეს?

– ჰო, რაღაც მაგდაგვარია. შენ ყურადღებას ნუ მომაქცევ, მიდი, მიხედე თავს, მე მანამდე ყავას მოვადუღებ.

ლიკამ თავი გადააქნია:

– ამდენი წლის შემდეგ, ახლა ვხვდები, რომ საერთოდ არ მცნობიხარ. ეს ბოლო დღეებია, მაოცებ. კიდევ გაქვს რამე რეზერვში თუ ამით შემოიფარგლები?

– არა, ტო, რას გაოცებ! უბრალოდ, მართლა ვნერვიულობ იმაზე, რაც გუშინ მითხარი.

– მე კი იმით ვნეტარებ, რაც შენგან მოვისმინე წუხელ... რამდენად გულწრფელი იყავი, თავს ვერ დავდებ ამაზე, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან სასიამოვნო იყო.

– წავედი, ყავას მოგიდუღებ!.

ლაშასთვის რთული აღმოჩნდა შეუცნობელის შეცნობა, ანუ, გარკვევა იმისა, რაც ჩვეულებრივი მოკვდავების მზერის მიღმა რჩება ხოლმე და, პრინციპში, ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენს სამყაროს მიღმა რომ კიდევ არსებობს სამყარო და რომ მისი გაგება თუ გააზრება ნორმალური ადამიანისთვის ძნელია, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. იმდენი რამეა გასარკვევი, ვერ მოიცალეს ადამიანებმა გაღმისთვის...

ლაშამ ყავა დაასხა.

– არა, შენ, აშკარად, რაღაც გჭირს, – ლიკამ ჭიქა დადგა და ქმარს შეხედა, – სადღაც უსასრულობაში იხედები და საერთოდ არ მისმენ...

– მე? მე არ გისმენ? მითხარი რამე?

– არა! არაფერი მითქვამს, მაგრამ, შენს გაფანტულ მზერას ხომ ვხედავ! ლაშა, იცი, წუხელ ძილში ლაპარაკობდი.

ლაშა შეხტა და ლამის ყავის ჭიქა დაიმხო.

– ისა... და, რას ვლაპარაკობდი?

ლიკამ მხრები აიჩეჩა:

– მეც ხომ მეძინა. ამიტომ, სიტყვები ვერ გავარჩიე, ბურტყუნი კი მესმოდა. ეტყობა, ძილშიც აღფრთოვანებას გამოხატავდი და... კიდევ, ერთი საიდუმლოც უნდა გაგიმხილო... – ლიკამ ტუჩები ცელქი მელაკუდასავით გააწკლაპუნა, ქმრისკენ გადაიხარა და იდუმალი ხმით წასჩურჩულა:

– საშინლად არ მომწონდა შენ გარეშე ძილი...

ლაშამ ლოყაზე აკოცა ცოლს:

– გენაცვალე. წამოდი, სამსახურში წაგიყვანო, მართლა არ დაგაგვიანდეს...

შუადღემდე დრო ნელა გავიდა. ლაშა უსაქმობით დაიღალა. ჭურჭელიც კი დარეცხა, რომ გული გადაეყოლებინა. მერე ჟურნალები გადაფურცლა... თვითონ პერიოდულ პრესას არ ყიდულობდა, ლიკას კი მარტო ინტერიერი, ავეჯი და პარფიუმერიის სიახლეები აინტერესებდა. ამიტომ, ვერც ჟურნალში ვერაფერ მნიშვნელოვანს და საინტერესოს ვერ მიაგნო. ღამეული „მარცხისგან“ გამოწვეული შფოთვა კი ყოველ წუთს ემატებოდა. „გავგიჟდები. ჭკუიდან შევიშლები და რაღაც საშინელებას მოვიმოქმედებ... ამაშიც რომ არ გამიმართლოს, გამოდის, სულ უვარგისი ვყოფილვარ და ოჯახს არ ვიმსახურებ. ადამიანების ცნობა რომ არ შემძლებია, ეს ბექას მაგალითით დამტკიცდა. მაგრამ, თუ ის „ქალბატონიც“ გამეთამაშებოდა და ჩემი უბედურებით გაერთობოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თანაც, მაშინვე ხომ არ დავნებებულვარ. ხომ ვუწევდი წინააღმდეგობას... არ მომეშვა. იმდენი მოახერხა, რომ შემაცდინა... სუსტი ნებისყოფის აღმოვჩნდი და დავნებდი. იმიტომ დავნებდი, რომ მჭირდებოდა. ჰო, მჭირდებოდა. ჩვეულებრივ სიტუაციაში, ერთს მაგრად გავიცინებდი და ეგ იქნებოდა... ისე, ბევრჯერ არ დამჭირდება – ორ-სამჯერ კიდევ და... მადა ჭამაში არ მომივა... ხომ ვიცი ჩემი ხასიათის ამბავი. ერთი ამ გაჭირვებიდან გამოვძვრე და მერე მე ვიცი. საერთოდ აღარ დავიძინებ. სიზმარი სიცოცხლის ბოლომდეც რომ აღარ ვნახო, არ ვინაღვლებ“.

ლაშამ მანქანა ბანკის გამოსასვლელთან მიაყენა და საათს დახედა. ლიკას გამოსვლას ოცი წუთი აკლდა. კარი ნახევრად გამოაღო. სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და რადიო ჩართო. ის იყო, თვალების დახუჭვასაც აპირებდა, რომ ბოლომდე დამტკბარიყო ჯაზის ჰანგებით, რომ მისი ყურადღება, უცნაურმა საცირკო წარმოდგენის მსგავსმა სცენამ მიიქცია...

ციდან ნელა ეშვებოდა საჰაერო ბუშტებზე გამობმული ვეება თაიგული ალისფერი და ყვითელი ვარდებით. ამ „ჰარმონიულ დაშვებას“ თან სდევდა ვიოლინოს ნაზი ჰანგები. ლაშა გაოგნდა. რადიო გამორთო და მანქანიდან გადავიდა. რაოდენი იყო მისი გაოცება, როცა დაინახა, რომ ვარდების თაიგული, თავის ბუშტებიანად, ლიკას ფეხებთან დაეშვა... თუ მანამდე აღფრთოვანებით ფიქრობდა, სიამოვნებით გავიცნობდი კაცს, რომელმაც ასეთი მაგარი რაღაც გააკეთა საყვარელი ქალისთვისო, იმ „საყვარელი ქალის“ როლში საკუთარი ცოლის წარმოდგენამ ისე გააცოფა, მაშინვე დაავიწყდა დახვეწილი მანერებიც და ისიც, ასი წყვილი თვალი რომ უყურებდა, ერთი ნახტომით ლიკასთან გაჩნდა და ჯავრი ხელში მოგდებულ პირველივე ბუშტზე იყარა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3