კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა სასოწარკვეთას იმედა არაბული და რას არ პატიობენ მას



მსახიობი იმედა არაბული ახალ ამპლუაში მოგვევლინა. რეალური პროექტის „დასის“ წევრი, რომელმაც მაყურებლის საოცარი სიყვარული დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ქალბატონების მხრიდან, ახლა უკვე დილაობით, თბილი და სასიამოვნო ინტერიერიდან ეცდება მაყურებლის კარგ განწყობაზე დაყენებას.



იმედა არაბული: „დასის“ შემდეგ ჩემი ცხოვრება საკმაოდ შეიცვალა. მოხდა ისე, რომ მუსიკისა და დრამის თეატრში მოვხვდი, დათო დოიაშვილთან. მიუზიკლების გარდა, ჩვეულებრივ, დრამატულ სპექტაკლებზეც ვმუშაობთ. თუ დამჭირდა სიმღერასაც შევძლებ, მაგრამ იმ სპექტაკლში, რომელშიც ვთამაშობ, სიმღერა არ მჭირდება. ამჟამად, ვმუშაობთ შექსპირის „მაკბეტზე“, რომელიც ძალიან დრამატული სპექტაკლი გამოდის.

– კიდევ რა შეიძლება ახალი თქვას შექსპირთან დაკავშირებით ქართულმა თეატრმა, მაშინ, როდესაც შექსპირის გენიალური დადგმები გვაქვს. ანუ ეს კიდევ საინტერესოა?

– დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება. ხუთასი თუ ექვსასი წელია, შექსპირი იდგმება, იდგმება, იდგმება და მისი პიესები მაინც თანამედროვეა და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ რამეში ეხმიანება თანამედროვე ქართულ რეალობას. ანუ, ის ყოველთვის აქტუალურია. ეს არის ჩვენი მხრიდან დანახული შექსპირი, რომლითაც ბევრ რამეს ვყვებით. 12 ოქტომბერს გვაქვს პრემიერა. ასე რომ, მოდით და შეაფასეთ. ვითამაშე ქეთი დოლიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში „სერობა“ – იოანეს, ქრისტეს მოწაფის, როლი...

– რთული იყო?

– იცი, სამუშაოს წმინდა რელიგიური თვალსაზრისით არ მივუდექი, ჩემთვის ეს იყო როლი, რომელიც ყველა სხვა როლივით რთულია და მასზე ბევრი უნდა იმუშაო. რა თქმა უნდა, ეს როლი მართლაც განსაკუთრებულია – წმიდანს ვთამაშობ. ანუ „რუსთავი 2“-მდეც რაღაცეები ხდებოდა, უსაქმურად არ ვყოფილვარ.

– მოკლედ, მოხვედი „რუსთავი 2“-მდე. ოდესმე წარმოგედგინა, საკუთარი თავი წამყვანის ამპლუაში?

– შეიძლება, ამის შესახებ მიფიქრია, რას წავიყვანდი, როგორი წამყვანი ვიქნებოდი, მაგრამ რომ გითხრათ, ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი-მეთქი, არა, მაშინ ჟურნალისტი ვიქნებოდი. საერთოდ, თეატრი და ტელევიზია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ტელევიზია არ გპატიობს თამაშს, ყალბი და ცოტა სასაცილოც ხარ, მაგრამ მათ შორის რაღაც საერთო შტრიხები მაინც არის. მეტყველება, თავის დაჭერა, ის რომ პუბლიკის შიში ნაკლებად გაქვს, ამ ყველაფერს მსახიობობა მაინც გაძლევს. მოკლედ, ნინო არაზაშვილს ვიცნობ, ძალიან ახლოს არა, მაგრამ შორიდან ერთმანეთს ვიცნობდით. მან დამირეკა და მითხრა, აბა, ასეთი და ასეთი რაღაც ვცადოთო. ქასთინგი გვაქვს და იქნებ მოხვიდეო. პირველ დღეს, რომ მოვედი, ეს სამი კამერა, სტუდია, სუფლიორი ისე მეუცხოვა და ისე დავიძაბე, რომ საშინლად წავიყვანე. თვალებს ვჭუტავდი, ვერ ვხედავდი ნაწერს, ჩავიკეტე, გავუცხოვდი, ძალიან ცუდად გავხდი. თან პატარა წვერიც მქონდა. მოკლედ, წამოვედი. მეგონა, აღარ დამირეკავდნენ, მაგრამ შევცდი. საღამოს ნინომ დამირეკა და მითხრა, დირექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ ერთი შანსი კიდევ მოგცეთო. წვერი გაიპარსე და მოდიო. ძალიან გამიკვირდა, რადგან სიმართლე გითხრათ, დირექტორის ადგილას რომ ვყოფილიყავი, არანაირ შანსს არ მივცემდი ჩემნაირ ტიპს. (იცინის) მეორე დღეს მივედი გაპარსული, საკუთარ თავზე გაბრაზებული, თავდაჯერებული, სუფლიორიც გადასარევად წავიკითხე, თავისუფლად ვიყავი და ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან იშვიათად, რომ ჩემი გაკეთებული რამე მომეწონოს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ვაღიარო, რომ მართლა კარგი გამოვიდა.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? „დასის“ პერიოდში ასე თუ ისე ვიცოდით, რომ შეყვარებული არ იყავი.

– რაღაც არ მომწონს ამ თემებზე საუბარი. ვერ ვხვდები, რა საინტერესოა ეს ვინმესთვის. არა, შეიძლება საინტერესოა, მაგრამ ეს იგივეა, რომ მოვყვე შხაპს როგორ ვივლებ...

– როგორ ივლებ შხაპს?

– შხაპს ვივლებ კარგად! (იცინის) მოდი, ასე გავაკეთოთ, არც იმას ვიტყვი, რომ არ ვარ შეყვარებული და არც იმას, რომ – ვარ. გაურკვეველს დავტოვებ ამ საკითხს.

– კარგი შენზე მოგვიყევი, როგორი ადამიანი ხარ?

– საკმაოდ კომუნიკაბელური, ყოველთვის ვცდილობ სხვას დისკომფორტი არ შევუქმნა. რაც უნდა ცუდად ან ცუდ ხასიათზე ვიყო, მაქსიმალურად ვცდილობ ეს გარშემო მყოფებს არ ვაგრძნობინო. ეს ძალიან ცუდი ტონი მგონია, რადგან შესაძლოა, იმ მეორე ადამიანს შენზე გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს. ისე, საერთოდ ვცდილობ ცუდ ხასიათზე არ ვიყო ხოლმე.

– და, რა გაყენებს ცუდ ხასიათზე?

– ხშირ შემთხვევაში, მარტივი რაღაცეები. ვთქვათ, მეგობრებს სადღაც წასვლა გვინდა, გართობა და ფული არ გვაქვს, ხანდახან კი უფრო რაღაც სერიოზული მოვლენები ამრევს ხოლმე. ის, რაც ჩემს სულს ეხება. მაინც ვცდილობ სულ მხიარულად ვიყო, მაწუხებს თუ ვინმე ჩემ გამო ცუდადაა. ვერთობი ძალიან ჩვეულებრივად, შეიძლება, მეგობრებთან ერთად ერთ-ერთის სახლში ვიყოთ და ძალიან მაგრად ვგრძნობდე თავს ან პირიქით, სადმე კლუბში და საერთოდ ვერ გავერთო.

– ზაფხული როგორ გაატარე?

– ვერ მოვაბი თავი ზღვაზე წასვლას და თითქმის მთელი ზაფხული თბილისში ვიყავი. ზღვაზე საათობით გახმობა არ მიყვარს, მაგრამ ცურვაზე ვგიჟდები. იგივი ფინანსური ამბების გამო თავი ვერ მოვაბი. თუმცა, ახლა გართობისთვის დრო საერთოდ არ მრჩება, თეატრში რეპეტიციები გვაქვს, პრემიერა უნდა გამოვუშვათ, პლუს ამას „რუსთავი 2“ დაემატა და არაფრის დრო არ მაქვს. ახლა ისეთ ტალღაზე ვარ – ბევრი ღიმილი, ბედნიერი სახე, რომ ყოველ დილით ადამიანები კარგ განწყობაზე დავაყენოთ. აი, მე თვითონ რა მაძლევს ხოლმე ენერგიას, უკვე აღარ ვიცი. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანს საკუთარი თავი ღუპავს და აშენებს. ხუთის ნახევარზე თვალს ძლივს ვახელ და წვერის პარსვის დროს მეძინება, მაგრამ ვერევი თავს, რადგან ეს მაყურებელს საერთოდ არ აინტერესებს.

– შენ თუ გქონია ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც არაფერი გინდა, უიმედო მდგომარეობაში ხარ?

– ზუსტად ასეთი პერიოდი მქონდა, სანამ „დასი“ დაიწყებოდა. მაშინ საშინლად ამიცრუვდა ყველაფერზე გული. არც ერთ თეატრში არ ვიყავი, იყო რაღაცეები, რამაც ძალიან მაგრად მატკინა გული. არის ასეთი სპექტაკლი, „ჩვენი პატარა ქალაქი“, რომელიც „კავკასიურივით“ მიყვარს, სადაც მთავარი – გიორგის როლი უნდა მეთამაშა. დღემდე არ მათამაშეს და არც ვიცი, რატომ არ მათამაშეს საბოლოოდ. დღემდე ვერ გავიგე, რა მოხდა. არადა, სიგიჟემდე მიყვარს ეს სპექტაკლი, რომელზეც თამამად ვამბობ შედევრია-მეთქი. პლუს ამას უსახსრობა დაემატა. ოცდახუთი და ოცდაექვსი წლის ბიჭი ისევ მშობლებს რომ ართმევ ელემენტარულ გზის ფულს, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს. ისიც კი ვიფიქრე, რომ საერთოდ შემეცვალა პროფესია. იქნებ, უნიჭო ვარ და ეს საერთოდ არ არის ჩემი საქმე-მეთქი. იცი, რას მივხვდი?! როგორც მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა, ეს არის პროფესია, სადაც წარმატების ოთხმოცდაათი პროცენტი გამართლებაზე მოდის. არ იცი, ვის, როდის, როგორ და სად გაუმართლებს. დეპრესიაში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში არ ჩავვარდნილვარ, ფიქრი დავიწყე იმაზე, სადმე სხვა ქვეყანაში ხომ არ წავიდე-მეთქი. მაგრამ, ზუსტად ამ დროს გამოცხადდა ქასთინგი „დასზე“ და ვიფიქრე, თუ გამიმართლა და რუსთაველის თეატრში მოვხვდი, ეს იქნებოდა საოცარი წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავხდი გამარჯვებული, მაინც ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა.

– ზუსტად ისეთი გარეგნობა გაქვს, როგორსაც ინგლისელი ავტორები თავიანთ რომანებში აღწერენ ხოლმე. რომანტიკული ნატურა ხარ?

– არ ვიცი, არ მგონია, ძალიან რომანტიკული და მეოცნებე ვიყო. რა თქმა უნდა, რაღაცეებზე მიოცნებია, წარმომიდგენია, მაგრამ ცაში არ დავფრინავ. მყარად ვდგავარ მიწაზე და ვაფასებ რეალობას.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3