კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განაპირობებს მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობის გაუარესებას და როგორ გავატაროთ ზაფხული უსაფრთხოდ


მცხუნვარე მზე და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობას აუარესებს. როდესაც ძალიან ცხელა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც შესაძლოა, აუჩქარდეთ პულსი, განუვითარდეთ ქოშინი, გაუჩნდეთ ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს ყველაფერი გულის გადატვირთვის შედეგია. გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით დაავადებულ ადამიანებს სიცხე განსაკუთრებით აწუხებთ. ის პირები, რომელთაც სისხლის მაღალი წნევა ქრონიკულად აქვთ თავს უარესად გრძნობენ და ძლიერ უარყოფითი ემოციებით იტვირთებიან. პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით კი უფრო ხშირად აწუხებთ სტენოკარდიის შეტევები. ამიტომ, ზაფხულის დასაწყისში ასეთმა ადამიანებმა უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს და პროფილაქტიკური ზომები მიიღონ. პათოლოგიის განვითარების საფრთხე ზედმიწევნით დიდია. ამიტომ, პრობლემის შესახებ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით თერაპევტ თამარ ბიგვავას.



– რა უარყოფით პროცესებს იწვევს ორგანიზმში მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება?

– მაღალი ტემპერატურა იწვევს ისეთ უარყოფით პროცესებს, როგორიცაა ტაქიკარდია – გული მუშაობს მარათონელის რეჟიმში. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს შეტევის განვითარებას იშემიური ავადმყოფობით დაავადებულ პაციენტებში, რადგან გულის გადატვირთვის პარალელურად, აღინიშნება დარღვევები, რის გამოც გული ვერ მარაგდება ენერგეტიკული ელემენტებით მშვიდ მდგომარეობაშიც კი. ამიტომ, გადატვირთვის პროპორციულად იზრდება საფრთხე. ზემოთ აღწერილი პროცესებიდან გამომდინარე, ადამიანებს ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეს პათოლოგია აწუხებს ვურჩევთ სახლიდან არ გავიდეს 12:00-დან 16:00 საათამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და მზის სხივებიც განსაკუთრებით რადიაციულია. თუ მზეზე გასვლის თავიდან აცილება არ ხერხდება, ეცადეთ, ჩრდილში იყოთ, შედარებით გრილ ადგილებში. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ჩაიცვით მსუბუქი და თავისუფალი ტანსაცმელი, სასურველია ბუნებრივი, ღია ფერის ქსოვილები, რადგან ასეთი ტანსაცმელი ადვილად ატარებს ორგანიზმის მიერ გამოყოფილ სითბოს და ხელს უშლის გადახურებას. ღია ფერის ტანსაცმელი უფრო ძლიერად ირეკლავს სხივებს, ვიდრე მუქი და შესაბამისად, ორგანიზმი ნაკლებ სითბოს იღებს გარემოდან. უარი უნდა თქვათ მჭიდრო საყელოებზე, რომლებიც ყელს აწვება და ვიწრო პერანგებზე. გახსოვდეთ, სიცხეში მუშაობის რეჟიმი: 30-40 წუთით დატვირთვის შემდეგ, დაისვენეთ 15-20 წუთი. თუ დაგეწყოთ ქოშინი, იგრძენით სისუსტე, თავბრუსხვევა ან კიდევ უარესი – ტკივილი გულ-მკერდის არეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა. სამუშაო განსაზღვრეთ მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების მიხედვით. ნუ დაისახავთ ისეთ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც თქვენი ორგანიზმის შესაძლებლობებს აღემატება.

– რა ექსტრემალურ პირობებში შეიძლება, მოხვდეს ადამიანი სიცხის გამო?

– ზაფხულში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს გულის შეტევა აგარაკზე ემართება. ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს, რადგან სასწრაფო დახმარების სამსახური ძირითადად რაიონულ ცენტრებში მდებარეობს. შესაბამისად, დროული პროფესიონალური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ამიტომ იმ ადამიანებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები აწუხებთ, პირად აფთიაქში მუდმივად უნდა ჰქონდეთ საგულე საშუალებები. ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შერჩეული წნევის დამწევი წამლები, ვალიდოლი და ნიტროგლიცერინი. უმჯობესია, თუ უკანასკნელ ორ საშუალებას მუდმივად ჯიბით ატარებთ, იმ შემთხვევისთვის, თუ უეცრად გახდებით ცუდად და საოჯახო აფთიაქამდე მიღწევა ვერ მოხერხდება. ასევე ახლოს უნდა გქონდეთ წნევის აპარატი. ხშირად ხდება, რომ თავის ტკივილს ჰიპერტონული კრიზის განვითარებას უკავშირებენ, შესაბამისად ხდება მდგომარეობის გაზვიადება და ერთიმეორის მიყოლებით იღებენ წნევის დამწევ საშუალებებს. მაგრამ, თუ აღმოჩნდება, რომ თავის ტკივილი იყო არა მაღალი არტერიული წნევის, არამედ სტრესის ან დაღლილობის შედეგი, წამლების ასეთმა დაუფიქრებელმა მიღებამ, შესაძლოა, მწვავე ჰიპოტენზიამდე და გონების დაკარგვამდე მიგვიყვანოს, რისი კორექციის საშუალებაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების პრობლემების მქონე ადამიანის დასუსტებულ ორგანიზმს პრაქტიკულად, ამოწურული აქვს.

– როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულის ცხელ დღეებში?

– განსაკუთრებულად ცხელ დღეებში უნდა გადავხედოთ ჩვენს საკვებ რაციონს, შეამცირეთ ხორცის და ცხოველური ცხიმების მოხმარება, უფრო მეტად გამოიყენეთ მცენარეული და რძის პროდუქტები. თუმცა, სასარგებლო საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებაც არ არის სასურველი. მთავარი პრინციპია, მსუბუქი საკვები ცოტ-ცოტა რაოდენობით. მოუხშირეთ მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენებას, ხორცი ჩაანაცვლეთ თევზეულით, ამასთან მარილი საკვებ რაციონში მინიმუმამდე შეამცირეთ. ხშირად ადამიანები სიცხეში არასასურველი ეფექტის მქონე სასმელებს არასწორი რაოდენობით სვამენ. ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავებას, ეს კი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაღალი წნევის და გულის იშემიური დაავადებით შეწუხებულთათვის ძალიან მავნეა. პრობლემის განვითარებას განაპირობებს, ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული სისხლმეტობა, რომელიც ზრდის გულის მუშაობას გადატუმბვისთვის საჭირო დონემდე და ავტომატურად იზრდება წნევაც. თუ გამოხატულია გულის იშემიური დაავადება ნატურალური წვენებისა და მინერალური წყლების რაოდენობა დღეში 800 მილილიტრამდე უნდა შემცირდეს, ისიც იმ პირობით, რომ დაავადებული მზეზე არ იმყოფება. ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. გულით ავადმყოფებს ურჩევენ, როცა მოსწყურდებათ, ყოველთვის არ დალიონ წყალი, შესაძლოა, უბრალოდ წყალი გამოივლონ პირის ღრუში. შარდმდენი საშუალებების მოხმარების შემთხვევაში, მაღალი სიცხის პირობებში, სასურველია, მათი დოზის გაზრდა, რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

– რა რაოდენობის და რა ტიპის სასმელი უნდა მივიღოთ?

– ჯანმრთელმა ადამიანებმა უნდა მიიღონ სითხის ის რაოდენობა, რომელიც ჭარბი ოფლიანობის კომპენსირებას მოახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოშრობა გამოიწვევს თავბრუსხვევას და გონების დაკარგვას. სიცხეში ყველაზე ოპტიმალური სასმელია მწვანე ჩაი. იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის ცვლას. მწვანე ჩაი, შავი ჩაისა და ყავისგან განსხვავებით, არ შეიცავს ტანინებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის გახშირებას. მოერიდეთ ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარებას, ის ვერ კლავს წყურვილს. რა თქმა უნდა, გულით ავადმყოფებს ეკრძალებათ, თუნდაც მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სასმელები, როგორიცაა ლუდი. ბევრი ადამიანი მას უვნებლად მიიჩნევს, მაგრამ ლუდი იწვევს არტერიული წნევის მაჩვენებლების სწრაფ ცვლას ორი მიზეზით: ალკოჰოლის ზემოქმედება და სითხის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში. თუ ჰიპერტენზიას ემატება გულის იშემიური დაავადება, ქაფიანმა სასმელმა, ისევე როგორც სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევა და გულის ასთმაც კი.

– როგორ დავეხმაროთ სიცხისაგან შეწუხებულ ადამიანს?

– თუ სიცხეში ადამიანი ცუდად გახდა, დაეხმარეთ გადაინაცვლოს ჩრდილში. გაუთავისუფლეთ გულმკერდი პერანგის შეხსნით, საყელოს ან ქამრის ზეწოლის შემცირებით. სახეზე და მკერდზე შეასხურეთ წყალი. როდესაც ადამიანი უჩივის ტკივილს გულის არეში და დაწოლის შეგრძნებას გულზე, მიეცით ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. მსგავსი შეგრძნებები მიუთითებს სტენოკარდიის შეტევაზე, თუ დახმარებას დროულად არ აღმოვუჩენთ, დგება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების საშიშროება. ამიტომ, დაყოვნება არ შეიძლება. სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ ექიმი. იმ შემთხვევაში თუ ტკივილი გრძელდება დაალევინეთ ასპირინის მთლიანი აბი, ასპირინი ანტიაგრეგანტია – უზრუნველყოფს სისხლის გათხიერებას და ამ შემთხვევაში, მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის საშუალებაა. ზემოთ აღნიშნული რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, სახიფათო მდგომარეობა პრაქტიკულად, გამოირიცხება. ამიტომ, მოეკიდეთ თქვენს ჯანმრთელობას ყურადღებით და დაუთმეთ საკუთარ თავს მეტი დრო.


скачать dle 11.3