კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლივუდელი რეჟისორი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფილმის გადაღებას შეუდგება



2009 წლის 28 სექტემბერს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური კინოპროექტი იღებს სტარტს. ჰოლივუდში ცნობილი რეჟისორი რენი ჰარლინი ახალ ფილმ „საქართველოზე“ იწყებს მუშაობას. როგორც ამ პროექტის სულისჩამდგმელმა და პროდიუსერმა დავით იმედაშვილმა გვითხრა, ფილმი 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ ოსეთის მოვლენებს ასახავს და მასში მთავარ როლებს განასახიერებენ ჰოლივუდში ცნობილი „ა“ კლასის კინოვარსკვლავები. ფილმი სრულმეტრაჟიანია, მხატვრული და როგორც წინასწარმეტყველებენ კომერციულად მომგებიანი.



დავით იმედაშვილი: ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იღებს სტარტს. უპირველესად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი კომერციული ხასიათისაა. სიუჟეტში გასული წლის მოვლენები აისახება და იქნება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ორსაათიანი. მას რეჟისორი რენი ჰარლინი გადაიღებს. მისი ფილმებიდან ქართველი მაყურებელი ყველაზე კარგად „კეკრკეტ კაკალს“ იცნობს, რომელშიც მთავარ როლს ბრუს უილისი თამაშობს.

– როგორ მოახერხეთ ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორის ამ პროექტით დაინტერესება?

– ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შარშან ჩამოვაყალიბე იდეა და სცენარის მონახაზი დავწერე, რის შემდეგაც ჩემს თანაპროდიუსერ მირზა დავითაიასთან ერთად შევქმენი ჯგუფი. ამ ჯგუფთან ერთად შევქმენით ამერიკის ფილმ მარკეტზე წასაღები პროექტი. ის შეიცავდა კომერციულ ელემენტებსაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ თუ დაინტერესებული მხარე ამ პროექტში ფულს ჩადებდა, მოგებასაც ნახავდა. ჰოლივუდი ასეა აწყობილი, თუ პროექტს ფული მოაქვს, ისინი აუცილებლად ინტერესდებიან. მალე ეს პროექტი შევიტანე კინოცენტრში. კინოცენტრმა დამაფინანსა 10 ათასი ლარით, რომ მის განსახორციელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წავსულიყავი, კერძოდ, ჰოლივუდში „ამერიკან ფილმ მარკეტზე” და მეცადა ბედი – იქაური პროდიუსერები და ფინანსური რესურსები მომეზიდა და დამეინტერესებინა, საქართველოში ფილმი გადაეღოთ.

თავიდან არავის ეგონა, რომ რამე გამოვიდოდა, რადგანაც თავადაც ხვდებით, 10 000 ლარი საკმარისი არ იქნებოდა ამ პროექტის განსავითარებლად. ჩვენი ჩასვლიდან დაახლოებით, ერთი კვირის თავზე, უკვე რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ თანაპროდიუსერობასთან დაკავშირებით. იდეა იყო მარტივი: უნდა მოძიებულიყო რესურსები როგორც ამერიკული მხრიდან, ისე ქართველებისგან, რათა დაფინანსებულიყო ეს პროექტი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მის განხორციელებაში აუცილებლად ჩართულიყო ამერიკული მხარე. ამერიკელი, თავის 1 დოლარსაც კი ბოლომდე მიჰყვება. ერთწლიანი შრომის, წვალებისა და რაღაც პერიოდის განმავლობაში, წარუმატებლობის შემდეგ, მოხდა ისე, რომ ამ პროექტმა სტარტი აიღო. თანხა გამოჩნდა.

– ფილმის რეჟისორზეც გვიამბეთ?

– ბევრი გვთავაზობდა თანამშრომლობას. რენი ჰარლინი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც სხვა შემთხვევაში 3-4-ჯერ მეტ თანხას იღებს პროექტებში მონაწილეობისთვის, მაგრამ იგი მოტივირებულია ამ ფილმის იდეით. რეჟისორი რენი ჰარლინი წარმოშობით ფინელია და მასაც იგივე განცდა და შეხედულება აქვს რუსეთთან ომის შესახებ, როგორიც ჩვენ.

– როდის ჩამოდის საქართველოში ბატონი რენი?

– უკვე თვეზე მეტია, რაც თავის 30-კაციან ჯგუფთან ერთად თბილისში იმყოფება ბატონი რენი ჰარლინი. ისინი ქართველებთან ერთად მუშაობენ დღე და ღამე. მსახიობთა გარკვეული ნაწილი უკვე დამტკიცებულია როლზე, ნაწილი, ისევ გადის სინჯებს. ფილმში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული კინოს „ა“ კლასის მსახიობები და ქართველი მსახიობები. ამბობენ, ამ ფილმში ერთ-ერთი როლის განსასახიერებლად, მალე ბრიუს უილისი ჩამოდის საქართველოშიო. ეს სიმართლე არ არის, მაგრამ ფილმში იმავე დონის მსახიობები ითამაშებენ, როგორიც ბრიუს უილისია. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ მაქვს უფლება მათი ვინაობის გამხელისა. ქართველ მსახიობებს ამ ეტაპზე მხოლოდ მეორად როლებს შესთავაზებენ, მაგრამ ესეც ძალიან დიდი შანსია ბევრი მათგანისთვის.

– ვის ეკუთვნის ფილმის სცენარი?

– იდეა არის ჩემი. სცენარი განვავითარეთ მე და ჩემმა თანაპროდიუსერმა მირზა დავითაიამ. ახლახან დაიწერა ამ ფილმის სცენარის მესამე ვარიანტი, რომლის ავტორიც არის სცენარისტი მიკო ალანე. მოკლე შინაარსი არის, ის თუ როგორ შემოიჭრებიან ქართულ მიწაზე დამპყრობლები და როგორ ხდება ჩვენი სამშობლოს აწიოკება. რადგანაც ამ ფილმს ყველაფერთან ერთად კომერციული დატვირთვაც აქვს, ის არ არის მხოლოდ ქართველ მაყურებელზე გათვლილი, ჩვენ გვყავს ამერიკელი გმირები, რომლებიც ამ ყველაფერს შეესწრებიან.

– ამბობენ, რომ ამ ფილმისთვის იყიდეს ერთ-ერთი სოფელი, ომის რეგიონიდან, სადაც აფეთქების სცენებს გადაიღებთ. ეს სიმართლეა?

– ამ ჭორს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ საერთოდ არ ჩავივლით იმ რეგიონთან, სადაც ომი მიმდინარეობდა. გადაღებები ძირითადად საქართველოს სახვადასხვა მხარეში გაიმართება: წალკაში, ვაზიანში და რამდენიმე სცენას ლოს-ანჯელესში გადაიღებენ. აფეთქებების სცენები ნამდვილად მრავლად იქნება, ისევე როგორც, ტანკები და ყველაფერი ის, რაც შარშან ომის დროს იყო.

– რა არის ამ ფილმის პირობითი სახელწოდება?

– ფილმის სახელწოდებაა „საქართველო“, ანუ „გეორგია“. „საქართველოს“ გამოსვლა ამერიკის კინოთეატრებში იგეგმება მაისში, მომდევნო თვიდან კი, უკვე ფესტივალებს მოივლის.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3