კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ გახდა ამირან გოგლიძე საქართველოს პატრიარქის და რომის პაპის რჩეული მხატვარი


„გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამყოფელთან“ ფს. 42(43).

რამდენიმე წლის წინ ამირან გოგლიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ სამების ტაძრის მთავარი მხ ატვრის, შემდეგ, მხატვართუხუცესის წოდება მიანიჭა. მის მიერ მოხატული წმიდანები ტაძრის კედლებიდან სულ სხვანაირად, მეტყველი თვალებით იყურებიან, სრულ სიმშვიდეს გგვრიან, როცა მათ შესცქერი, ტაძრიდან გამოსვლა არ გინდება. ალბათ, ამიტომაც იყო, რომის პაპმა იოანე-პავლე მეორემ სწორედ მას მიანდო მაცხოვრის ხატის აღდგენა, რომელიც ქართული ხატის ანალოგიით შეიქმნა. ბატონმა ამირანმა, ნიშნად პატივისცემისა, პაპისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სპეციალური მიწვევა მიიღო, რამაც მხატვრის მეხსიერებაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამირან გოგლიძე დღეს მსოფლიო მხატვართუხუცესთა ხუთეულშია შესული.



– ბატონო ამირან, გვიამბეთ, როდის და რატომ დაინტერესდით კონკრეტულად ამ საქმით?

– ეს ბუნების ნაბოძებია. ღმერთი გწყალობს და ხატავ. ბავშვობაში ზოგს ფეხბურთი აინტერესებს, ზოგს სხვა რაღაც, მე მხოლოდ ხატვა მიზიდავდა. სკოლის პარალელურად, სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. ერთ დღესაც ქუთაისიდან გამოვიპარე და ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ფერწერის რესტავრაციაზე. გამოცდების დროს ყველას მშობელი ახლდა. ზოგს ცივი წყალი მოჰქონდა შვილისთვის, ზოგს ცხელი ხაჭაპური, რომ მშიერი არ ყოფილიყო. მე ერთი უპატრონო ბიჭი ვიყავი. ჩემმა მშობლებმა საგამოცდო ფურცელი რომ ნახეს და ყველაფერში ხუთი მეწერა, გაოცებისგან ხმა ვერ ამოიღეს. დედას გულიც კი წაუვიდა, ასე უპატრონოდ ბავშვმა ამდენს როგორ მიაღწიაო. სიმართლე გითხრათ, თვითონაც მცდარი წარმოდგენა მქონდა აკადემიაზე, იქაურ ჭორებზე, რომ იქ მოხვედრა ძალიან რთულია. მაგრამ, ნიკოლაძედან ვინც მიდიოდა, ყველა ხვდებოდა, იმიტომ რომ ყველა ძლიერი იყო... რესტავრაციაზე ერთი კაცი იყო – მოქანდაკე კარლო ბაკურაძე. პირველივე ლექციაზე სტუდენტები ჩაგვსვა მანქანაში და კახეთში წაგვიყვანა. გვაჩვენა ალავერდი, კვეტარა. სხვათა შორის, მაშინ ვნახე ფრესკები და გაოცებული დავრჩი ამ მხატვრობით, ეს რა ყოფილა-მეთქი. ქუთაისში პეტრე-პავლეს ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, დედაჩემს დავყავდი. ფეხშიშველიც წავსულვარ, შესაწირი წაგვიღია, მაგრამ იმ პირველმა წასვლამ კახეთის ეკლესიებში ენით აუწერელი შთაბეჭდილება დამიტოვა. იმდენად დიდი იყო ემოცია, კარგა ხანს ყბაჩამოვარდნილი ვუყურებდი. ეს იყო 1971 წელი. იმავე წელს სტუდენტები წავედით რესტავრაციაზე, ანუ კონსერვაციაზე ბორჯომის რაიონში ტიმოთეს უბანში, მეთორმეტე საუკუნის ეკლესიაში, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის მარგალიტია. მაშინ ერთი ასლი გავაკეთე – „სამოთხედ დაჯდომა“. არც გვქონდა იმედი, თუ ოდესმე მოვიდოდა დრო და წმიდა კედელს შევეხებოდით.

– რამდენადაც ვიცი, რესტავრაცია ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა.

– ჩვენ ტილოზეც ვხატავდით. ერთი და იგივე პროგრამას გავდიოდით ჩვენც და ფერწერის კურსიც. უბრალოდ, გარდა იმისა, რომ იცი ხატვა, კარგად უნდა იცოდე ტექნოლოგია. ტექნოლოგია, როცა ცოტა უპირატესობაც გაქვს ფერმწერებთან შედარებით, ეს უკვე სხვა სფერო და სხვა შინაარსია. 33 წელი ვიმუშავე რესტავრაციაზე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ცალკე ჩემი ჯგუფიც მყავდა. დავდიოდით, თავდაუზოგავად ვმუშაობდით, მშივრებიც, მწყურვალებიც, მაძღრებიც, წვიმაშიც, ქარშიც. საქმის დიდი სიყვარული უნდა გქონდეს, რომ ამას გაუძლო. მერე თვითონ ვასწავლიდი აკადემიაში. როგორც კი დავამთავრე, უფროს მასწავლებლად დამტოვეს ფერწერის კათედრაზე. ათი წელი გავუძელი სტუდენტებს. გაზაფხულამდე პედაგოგიური საქმით ვიყავი დაკავებული და მერე ეს სტუდენტები პრაქტიკებზე მიმყავდა.

– ამ საქმემ, ალბათ, თქვენი ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც შეცვალა.

– პირველი შესვლა ტაძარში იყო, ტიმოთეს უბანში და იმის მერე, ფაქტობრივად, ტაძრიდან არ გამოვსულვარ. ადამიანი, რომელიც მუდმივად იღვწის სულიერებისკენ, მას პირადი ცხოვრება არ აქვს. ეს არის ამოსავალი წერტილი, ჩემი ცხოვრების შინაარსი. დროსტარებაზე არც არასდროს მიფიქრია. სახლში რომ მივდივარ, არ შემიძლია, მაგრამ რაღაც უნდა ვხატო. მაშინ ვარ კმაყოფილი, როცა დღეს ბოლომდე შინაარსიანად დავხარჯავ, ისე ვერ მივალ კედელთან.

– „ჟილკიანი“ რომ არ ყოფილიყავით, ალბათ, ასეთი სახელგანთქმულიც ვერ იქნებოდით დღეს?

– სახელის მოხვეჭა არაფერ შუაშია, უბრალოდ, სანამ ჩემსას არ გავაკეთებ, არ ვისვენებ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. ყველას თავისი ეთნოფსიქოლოგია აქვს – ქართველს, სომეხს, თათარს... მსოფლიოში ერთი ერი მეგულება – იაპონელები, რომლებიც ისეთი მიზანსწრაფულები არიან, სანამ ავტომატურ მდგომარეობამდე არ მიიყვანენ თავიანთ საქმეს, არ ისვენებენ და ამიტომაცაა დიდად პატივსაცემი ხალხი. თუნდაც იმისთვის, რომ თავიანთ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ და ახალ ტექნოლოგიებშიც მსოფლიოში პირველები არიან. ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს. ელემენტარულად, შეხედეთ, ქუჩაში როგორ დადიან. მიზანსწრაფული სიარული კი არ აქვთ, დაიზლაზნებიან. მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს მიფიქრია, ვიღაცისთვის მეჯობნა. შეიძლება, ბავშვობაში უფრო მქონდა ეს მომენტი, როცა მიქელანჯელოს, ლეონარდოს ცხოვრებაზე, აღორძინების ხანის ოსტატობაზე გაიგებ რაღაცას. ფიქრობ, გაიზრდები და შენ უფრო მაგარი იქნები. ისე, სიმართლე გითხრათ, მიქელანჯელოს „სიქსტის კაპელა“ რომ ვნახე, იმედგაცრუებული დავრჩი. მასში ვერ აღმოვაჩინე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება, საეკლესიო მხატვრობაში იყოს. დიდხანს ვერ გავძელი და გამოვედი მუზეუმიდან. მით უმეტეს, რომ მიწვევით ვიყავი და შემეძლო, საღამომდე ვყოფილიყავი.

– თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც ახლო შეხება ჰქონდა რომის პაპთან იოანე-პავლე მეორესთან, რომელმაც ქართული ხატი დაგიკვეთათ. ამ შთაბეჭდილებებზეც მიამბეთ.

– პაპ იოანე-პავლე მეორეს სამი წლის წინ თბილისში შევხვდი და ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება. მართლმადიდებლური მაცხოვრის ხატი იყო ადრინდელი პერიოდისა, რომელსაც ხელთუქმნელად მიიჩნევდნენ. ნახეს, შეისწავლეს ნახატი რა შინაარსის იყო, როგორი საღებავებით შესრულებული. ვინაიდან პაპს ჩემს რამდენიმე მინიატურულ ნამუშევარზე უკვე ჰქონდა წარმოდგენა, ორიენტაცია ქართული ხატის მაგალითზე აიღეს. მკითხეს, თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, რომ დახატოთო. ვუპასუხე: ჯერ უწმიდესისგან ავიღებ კურთხევას. თუ მაკურთხებს, რომ შევასრულო, შევასრულებ-მეთქი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთა, რომელიც სამ თვეში დაიხატა. დაფას გამოსახულებაც აღარ შერჩენოდა, მხოლოდ ფონები იყო ალაგ-ალაგ, ცოტ-ცოტა საღებავები. ამიტომ თავიდან დაიხატა. პერანგი კი თვითონ იტალიელების მიერ გაკეთდა ვერცხლში მოოქრული. პირველი ხატია, რომელსაც ყოველწლიურად აღდგომისთვის გამოაბრძანებენ მოედანზე და ლოცვას აღავლენენ.

– თუ საიდუმლო არ არის, რა გადაიხადეს?

– აღარ მახსოვს, ზუსტად რამდენი გადაიხადეს, მგონი, ორი ათას შვიდასი დოლარი, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ორი კვირით მიმიწვიეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. მგზავრობა, კვება, სასტუმრო მათ აანაზღაურეს, ნებისმიერ მუზეუმში შემეძლო შესვლა. უარს ვამბობდი, მაგრამ სახლში არ მომასვენეს. დედაჩემი იყო შეუძლოდ და ვერ ვტოვებდი. წავედი, მაგრამ ვფიქრობ, იტალიური მე არ ვიცი და სხვა ენა, როგორ მოვიქცე?! ეგ კი არადა, ამერიკის რეისზე კინაღამ მოვხვდი. კიდევ კარგი, მითხრეს, რომ შენი რეისი არ არისო, თორემ შეიძლებოდა, რომის მაგივრად თავი ამერიკაში ამომეყო. რომ ჩავედი, სხვადასხვა ფერის მოსაწვევებს არიგებდნენ. მე, სპეციალური მოსაწვევი გადმომცეს, რაც ყველას ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ მთელი პეტრეს ტაძარი გავიარე და საკურთხეველში პაპის უკან დავჯექი. საკურთხეველში რომ შევედით, ერთმა მონაზონმა ჩამოსულ სტუმრებს თითით მიუთითა ჩემზე, ეს ხატი მისი დახატულიაო. გაგიჟდნენ, ფეხზე ადგნენ და ტაშს მიკრავდნენ. მესის მერე ავედი და ხბოს ტყავზე შესრულებული მინიატურა ვაჩუქე პაპს. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კოპწია, მკვირცხლი მოხუცი. კარდინალთან წარმადგინა. მერე ქართულად ერთი ორი წინადადება თქვა, აღდგომა მომილოცა.

– უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძრის მხატვართუხუცესად გაკურთხათ. როგორ გახსენდებათ ის დღე?

– ის დღე არის ჩემთვის დაუვიწყარი, თუნდაც იმით, რომ უწმიდესმა საკუთარი თეთრი, აბრეშუმის მოქარგული კაბა ჩამაცვა. ხელში ლოცვანი მომცა კურთხევის წინ, რომელიც უნდა წემეკითხა, მაგრამ ისეთი დაბნეული ვიყავი, სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი. თავიდან იყო კურთხევა, როგორც ტაძრის მთავარი მხატვრის და ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მხატვართუხუცესის წოდება ერთადერთია. ის, რომ უწმიდესმა გამოგარჩია, გაცილებით მძიმე ტვირთია სატარებლად, ვიდრე მთავარი მხატვრის მოვალეობა. სულ გინდა, რომ ერთი პატარა მონასმიც ისე გააკეთო, როგორც მის უწმიდესობას ეკადრება, შენ გეკადრება.

– მე ვიცი, რომ ტაძარი ჩვეულებრივი საღებავებთ არ იხატება. რა საღებავებს იყენებთ?

– ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ქრისტესთან და ქრისტიანობასთან, უნდა კეთდებოდეს მარადიული, ანუ ბუნებრივი მასალებით. გარდა ამისა, საღებავს, რომელსაც იყენებ შინაარსობრივ კავშირში უნდა იყოს იმასთან, რასაც ხატავ. საღებავები შუქს გამოსცემს. როდესაც ქრისტე ბრძანებს – „მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არ ავიდოდეს ბნელსა, არამედ აქ ჰქონდეს ნათელი ცხოვრებისაი“ – ეს არის მარადიულ ნათებასთან კავშირში. ყველა ფერი სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული. მანამ, სანამ ხატს დაიწყებ, ლოცულობ და რომ დაამთავრებ, ისევ ლოცულობ.

– ეს საღებავები საიდან შემოდის და რა ღირს?

– რუსეთიდან, ავღანეთიდან, ინდოეთიდან, ჩილედან, გერმანიიდან... ერთი საღებავია, რომელიც კილოგრამი თხუთმეტი ათასი ევრო ღირს. ეს არის სუფთა ავღანური ლურჯი ლაჟვარდი, მაცხოვრის პერანგის სამოსის ფერი. ამასაც, რა თქმა უნდა, ვიყენებ, მაგრამ თხუთმეტი ათას ევროს მთელი ეკლესიის მოხატვაში არ გიხდიან და როგორ უნდა შეიძინო?!


скачать dle 11.3