კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რამდენ მანეთად აიხდინა ოცნება ამერიკაში ჩასულმა ეკა ნიჟარაძემ და რომელ ქვეყანაში მიიღო მან სრული შოკი



ნონა დათეშიძე



მსახიობი ეკა ნიჟარაძე, რომ იტყვიან, მოგზაურობის ნამდვილი ფანია. როგორც თავად ამბობს, სამოგზაუროდ წასასვლელად არც ბევრი დრო სჭირდება და არც განწყობის შექმნა. მოკლედ, მას სულ რაღაც ათ წუთში ჩემოდანიც ჩალაგებული აქვს და სამოგზაურო განწყობაც შექმნილი. ეკამ, უცხო ქვეყანაში, წითელ ხალიჩაზეც გაიარა ცნობილ ვარსკვლავ მსახიობებთან ერთად, ამერიკაშიც ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი და ახლა, ოცნებობს შვილებთან ერთად მოიაროს მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ადგილები.



ეკა ნიჟარაძე: რასაკვირველია, როგორც ყველა ადამიანს, მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა. რომელ ქვეყანაშიც ფეხი დამიდგამს, ეს ისე სპონტანურად მომხდარა, თან საქმიანი ვიზიტით იყო, რომ პრაქტიკულად, დასასვენებლად ვერ ვიცლიდი. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობდი, დრო ისე გამენაწილებინა, იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელი ადგილები და ღირსშესანიშნაობები მენახა.

– როგორი ორიენტაცია გაქვს უცხო მხარეში და აკლიმატიზაციას როგორ იტან?

– ძალიან კარგი ორიენტაცია მაქვს და თავსაც გადასარევად, კომფორტულად ვგრძნობ. უცხო მხარეში ვცდილობ არ დავიძინო და ფეხით სულ ქუჩებში ვიარო. 1989 წელს, გაცვლითი პროგრამით წავედი ამერიკაში და მინდა გითხრათ, ეს ქვეყანა იმდენად მიუწვდომელი და საოცნებო იყო ჩემთვის, ვერ წარმომედგინა, იქ თუ ოდესმე მომიწევდა ჩასვლა. მისი ხილვისას სრული შოკი მივიღე. ათასი მანეთი ღირდა თვითმფრინავის ბილეთი და სულ ვამბობ ხოლმე, ბავშვობის ოცნება ათას მანეთად ავიხდინე-მეთქი (იცინის). მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი. ისე გამიჭირდა ოჯახიდან შორს ყოფნა, რომ თერთმეტი თვის ნაცვლად, რვა თვეში დავკარი ფეხი და უკან ჩამოვედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა. ვისთანაც ვცხოვრობდი, იმ ქალს, ანუ დედობილს, ყველგან მანქანით დავყავდი, დიდ პატივს მცემდა და ამდენი ხნის შემდეგაც, დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს – სულ ვურეკავთ ერთმანეთს და ვკითხულობთ ამბებს. მარტო იმაზე ვბრაზობდი, დილით ადრე რომ მაღვიძებდა და ეკლესიაში მივყავდი (იცინის). დილაადრიან ადგომა მიჭირდა. სკოლაში, ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. თუმცა, თავიდან ცოტა გამიჭირდა მათთან ურთიერთობა – როგორც უცხო პლანეტელს, ისე მიყურებდნენ. სულ იმის ახსნა მიხდებოდა მათთვის, რომ რუსეთიდან არ ვიყავი და საქართველოში დავიბადე; რომ ჩვენ განსხვავებული კულტურისა და ადათების ხალხი ვართ. ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო. სხვათა შორის, „პაკლონიკებიც“ მყავდა (იცინის) და მათი საჩუქრები ახლაც შენახული მაქვს. ერთი ებრაელი თაყვანისმცემელი მყავდა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა და შემდეგ გადავიდა ამერიკაში. არ დამავიწყდება, დამპატიჟებდა ხოლმე სადღაც და ბოლოს, მე ჩემსას ვიხდიდი, ის – თავისას. სახლშიც მიმიპატიჟა, მშობლები გამაცნო. ბინაში, ისეთი გარემო დამხვდა, გავოცდი. ასე მეგონა უკრაინაში ვიყავი. სხვათა შორის, იქ ოცდაერთ წლამდე არ შეიძლებოდა დალევა. ერთ დღესაც, ირლანდიურ დღესასწაულს, სან-პატრიკის დღეს აღნიშნავდნენ. ამ დღეს, იმართება წარმოდგენები ღია ცის ქვეშ, ეწყობა სახალხო სეირნობა. ყველას უნდა ეცვას მწვანე სამოსი, უნდა შეიღებოს თმა და წვერი – მწვანედ, ქუჩებიც ამ ფერშივე ირთვება და სასმელსაც კი მწვანეს სვამენ. მოკლედ, ჩემმა მამობილმა თმა და ულვაშები მწვანედ შეიღება პულვერიზატორიანი საღებავით. გამოვეწყვეთ მწვანე ფერებში და გავედით ქუჩაში. ბევრი რომ ვიარეთ, ბოლოს ჩემმა ამერიკელმა მამობილმა მითხრა, ახლა მე კანონს დავარღვევ, მართალია ეს ცუდი საქციელია და არ უნდა გაგვიგონ – შენ ლუდს დაგალევინებო. მართალია, ლუდი დღესაც არ მიყვარს, მაგრამ დავთანხმდი. აკრძალული ხომ იცით, ყველაფერი გემრიელია და ძალიან მესიამოვნა სასმელი. მერე იცინოდა, ეს რა დამემართა, როგორ გავრისკე, პოლიციას რომ გავეჩერებინეთ და შენი ნასვამობა შეემჩნია, ჯარიმას ვერ ავცდებოდიო (იცინის). ისეთ მადაზე ვიყავი იქ, რომ თერთმეტი კილოგრამი მოვიმატე. რომ დავბრუნდი, აეროპორტში დამხვდნენ ჩემები და ვერ მიცნეს.

– ეკა, რომელი ქვეყნის მამაკაცებმა მოგხიბლეს ყველაზე მეტად? ამბობენ, პარიზი ოცნებების ახდენისა და სიყვარულის ქალაქიაო.

– ნამდვილად ოცნებების ახდენის ქალაქია, მაგრამ სიყვარულის ქალაქად ვერ აღვიქვი, რადგან დაქალთან ერთად ვიყავი. თუ შეყვარებულთან ერთად მომიწია ჩასვლა, გპირდებით, შთაბეჭდილებებს პირველად თქვენ გაგიზიარებთ (იცინის). ჩემი აზრით, ფრანგი მამაკაცები საოცრად გალანტურები არიან, ქალებს კი განსაკუთრებული ხიბლი აქვთ – ჰაეროვანი და ამოუცნობი. ამერიკელები უცნაურები არიან, ფრანგები ამოუცნობები, თურქები კი თბილი და სტუმართმოყვარენი. გურჯი, თურქებისთვის მაინც სხვა ფენომენია – უფრო ახლო და პატივსაცემი. ლევან ზაქარეიშვილმა გადამიღო ფილმში „თბილისი-თბილისი“. ეს ფილმი შემდეგ კანის კინოფესტივალზე წაიღო და მეც თან გავყევი. ხუთი დღე პარიზში ვიყავი და ფეხით იმდენი ვიარე, მივხვდი, ძალიან პატარა ქალაქია. მთავარია, ქუჩები არ აგერიოს. არასდროს დამავიწყდება ის განცდები, რომელიც პარიზმა მომანიჭა. კანში კი დაიხურა თუ არა კინოფესტივალი, ქალაქი ჩაკვდა, თითქოს მიიძინა. გზებიც კი აკეცეს (იცინის). იქიდან ნიცაში ჩავფრინდით. იქ შემაღლებულ ადგილას, ზღვის სანაპიროზე გაშენებულია ულამაზესი პარკი. იქამდე კიბე ადის. ავდივართ კიბეზე და გზაში ბიჭი შეგვხვდა. გავხედე, გარეგნულად, მართალია ქართველს არ ჰგავდა, მაგრამ ჩაცმულობით, ნამდვილი ქართველია. ტელეფონმა დამირეკა და გავაბი ქართულად საუბარი. უცებ, ის ბიჭი მომიტრიალდა და მკითხა, ქართველი ხარო? კი-მეთქი. უნდა გენახათ მისი სიხარული. როგორც აღმოჩნდა, ლენტეხელი იყო. ცოტა კი შემეშინდა, ახლა ამან ხანჯალი არ „დააძროს“ შუა ნიცაში და სვანური არ გაუშვას-მეთქი (იცინის). შემოგვთავაზა, ძველ ნიცას დაგათვალიერებინებთო. ჩვენც შიშით გავყევით. ისეთი ადგილები გვანახა, ცხოვრებაში ვერ ვნახავდით.

– კანის კინოფესტივალზე წითელ ხალიჩაზე მიმავალს რა რეაქცია გქონდა, მსოფლიოს კინოვარსკვლავ მსახიობთა გვერდით?

– წითელ ხალიჩაზე მიმავალი, ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი. უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ ამაყი ვიყავი. ფოტოგრაფებმა რომ ატეხეს ჩხაკუნი, ვიფიქრე, ესე იგი, აქ ჩვენც გვცნობენ-მეთქი და ვიპოზიორე. მერე გავარკვიე, რომ ეს მათი სამსახურია და შემდეგ მათგან უნდა შეიძინო ფოტოები, საკმაოდ სოლიდურ ფასად, მაგალითად, ოც ან ორმოცდაათ ევროდ ერთი ფოტოსურათი. სამწუხაროდ, ერთი ფოტო მაქვს, სადაც მე და ლევანი ვართ. მეტის ფული სად მქონდა, ყველა ფოტო მეყიდა, რაც კი წითელ ხალიჩაზე გავლისას გადამიღეს.

– რომელი დიზაინერის სამოსში იყავი გამოწყობილი?

– ქართველ მსახიობს რა უნდა მცმოდა? ისეთი ბრენდი არ მქონდა, რომ იქ ფურორი მომეხდინა (იცინის). თან, წინა დღის დაზაგრული ვიყავი, მზეზე დავიწვი, ვხურდი და ასე ცეცხლმოკიდებული მივაბიჯებდი კანის წითელ, საფესტივალო ხალიჩაზე, უბრალო კაბაში ჩაცმული. არც ერთ დიზაინერს არ ეკუთვნოდა, ჩემოდნიდან ამოვიღე, ჩავიცვი და ჩემი აზრით, ძალიან მიხდებოდა.

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, მაინც რომელმა ქალაქმა მოახდინა შენზე?

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სტამბულმა მოახდინა. ისეთი აურა და მისტიკაა მასში, ენით რომ ვერ გამოთქვამ. მეორე, შოკის მომგვრელი ქალაქი ნიუ-იორკია. ასე რომ, საფრანგეთმა გალანტურობით მომხიბლა, თურქეთმა მისტიკით, ამერიკამ კი თავისი ცხოვრების სტილით. ვაშინგტონში, დავათვალიერე ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმი. ამ სახლის მეპატრონე მთელი თავისი ცხოვრება აგროვებდა ცნობილ იმპრესიონისტ მხატვართა შედევრებს. იქ აღმოვჩნდი გასული საუკუნის დასაწყისში ანუ სხვა სამყაროში. ვათვალიერებდი ნამუშევრებს და გაოცებული ვიყავი იმ ფერებით, რაც ჩემს გარშემო იშლებოდა და იღვრებოდა. ის ტილოები მილიონები ღირს და მათი ნახვისას, დამერწმუნეთ, ხვდები რომ ადამიანი უსუსური ხარ ამ სამყაროში. მეორედ რომ აღმოვჩნდი ამერიკაში, აი, მერე მივხვდი, რომ ნიუ-იორკი არის აბსოლუტურად ჭკუიდან შესაშლელი ქალაქი. არანორმალურ ენერგიას ვიძენ იქ. დამიჯერეთ, არ მიძინია მთელი ხუთი დღე. დღე და ღამე დავდიოდი მის ქუჩებში და ვგრძნობდი უზომო ენერგიის მოზღვავებას. აქ რომ ჩამოვედი, ორი კვირა მეძინა, ძლივს გამაღვიძეს და გამომაფხიზლეს.

– ახლა რომ არჩევანი გქონდეს, სად წახვიდოდი?

– ყველა ქვეყანაში მინდა ჩასვლა და უარს არც ერთზე არ ვიტყოდი. თქვენ ბილეთები დამანახვეთ და ხუთ წუთში ჩემოდანი ჩალაგებული მექნება (იცინის). არც ფსიქოლოგიური შემზადება მინდა და არც ფიზიკური.

– კომფორტს ანიჭებ უპირატესობას?

– არანაირად არ ვანიჭებ კომფორტს უპირატესობას. არ მაქვს პრეტენზია, უცხოეთში ჰაი კლასის სასტუმროში ვინებივრო. რაც უფრო სადა და უბრალოა სასტუმრო, მით მეტად კარგად ვგრძნობ იქ თავს. ახლა, მოგზაურობას მხოლოდ ჩემს შვილებთან ერთად ვინატრებდი. ჩემი უმცროსი ბიჭი ახლაც ამერიკაშია, საზაფხულო სკოლაში სწავლობს და რომ მირეკავს, სულ ვეუბნები, კარგად გაახილე თვალები, ყველაფერი შეიგრძენი, დაინახე და არაფერი გამოგეპაროს თვალთახედვიდან-მეთქი. მინდა, ჩემმა შვილებმა ყველა ქვეყნის მისტიკა, ხიბლი და აურა შეიგრძნონ, ყველაფერი თავისი თვალით იხილონ.


скачать dle 11.3