კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მაია მიქაშავიძე სამკაულების კოლექციონერი


მაია მიქაშავიძის სახელი და მისი სამკაულების კოლექცია თბილისელ მანდილოსნებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია. მას მრავალ ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიაში მოუსინჯავს ძალები და შედეგიც ყოველთვის სასურველი ჰქონდა, მაგრამ როგორც ამბობს, სამკაულებმა ყველაფერი დაავიწყა. მისი კოლექცია უკვე სამი წლისაა. მასში რამდენიმე ათასი, ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთნაირად მშვენიერი სამკაულია თავმოყრილი. თუ როგორ შეიქმნა პირველი სამკაული მაია მიქაშავიძის კოლექციისთვის, რა ფერებს ანიჭებს უპირატესობას და რომელი ფერია თბილისური, ამას დღევანდელ ინტერვიუში გვიამბობს ის.

– ქალბატონო მაია, არაჩვეულებრივი კოლექციის მფლობელი ბრძანდებით, როგორ დაიწყეთ მისი შეგროვება? ეს ერთი დღის ამბავი არ უნდა იყოს.

– ნამდვილად არ არის. ჯერ მინდა ვთქვა, რომ ამ კოლექციაში წარმოდგენილი ყველა ნიმუში ჩემი ხელითაა შექმნილი. რაც შეეხება ამ კოლექციის შექმნას, დაიწყო იმით, რომ ფანტაზია და გემოვნება ბავშვობიდანვე მქონდა. მაშინაც ძალიან მიყვარდა და მიტაცებდა სამკაული და მსურდა საკუთარი კოლექცია მქონოდა, მაგრამ არ შემეძლო, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მე კი არასოდეს მქონია იმდენი, კმაყოფილი ვყოფილიყავი. ანუ, იმდენი, რამდენიც მსურდა. პირველი ნიმუშის შექმნის იდეა დუბაიში ყოფნისას მომივიდა. იქ მეგობარს ვესტუმრე და შემთხვევით წავაწყდი ფურნიტურის მაღაზიას, სადაც იყიდებოდა თვლები და სამკაულის შემადგენელი ყველა ნაწილი. ძალიან მომინდა შეძენა, ცოტ-ცოტა რაღაც-რაღაცეები ვიყიდე და სასტუმროში მისვლისთანავე დავამზადე. უნდა გითხრათ, რომ ჩემი პირველივე სამკაული ძალიან მშვენიერი გამოვიდა. ერთს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე, მეოთხე... რომ ჩამოვედი თბილისში და მეგობრებმა ნახეს, ყველას მოეწონა, მაგრამ არ გაკვირვებიათ, ჩემნაირი ფანტაზიის მქონე ადამიანისგან, ასეთ სიახლეს ელოდნენ.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– ამის შემდეგ უფრო მეტი მასალა შევიძინე და დავამზადე იმდენი სამკაული, რომ, მეგობრების აზრი გავიზიარე და გამოფენა-გაყიდვის მოწყობა გადავწყვიტე.

– როდის გაიმართა თქვენი სამკაულების პირველი გამოფენა?

– ეს მოხდა 2008 წლის 11 ნოემბერს გალერეა „კოპალაში”. ეს თარიღი არასდროს დამავიწყდება. ღონისძიება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, გული მომეცა ჩემი წამოწყება გამეგრძელებინა. თან, მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ჩემთვის მხოლოდ ჰობი აღარ იყო.

– როგორ ჩაიარა ყველაფერმა?

– უმრავლესობა სამკაულებისა გაიყიდა და იმდენად გულნაკლული დავრჩი, გადავწყვიტე, თავიდან გამეკეთებინა. მართლაც ასე მოვიქეცი. მას შემდეგ ბევრი გამოფენა მქონდა. მინდა გითხრათ, რომ, რაც განსაკუთრებულია ჩემთვის ამ ნახელავთაგან, იმას არასოდეს არ გავყიდი. ასეთი სამკაული ჩემი პირადი კოლექციის ნაწილი ხდება. საერთოდ, არ მიყვარს ჩემს ნახელავთან შელევა, მაგრამ მიწევს მათი გაყიდვა. თანხებთანაა დაკავშირებული ყველაფერი, რომ ახალი და განუმეორებელი სამკაულები შექმნა.

– რა პროფესიის ბრძანდებით?

– დამთავრებული მაქვს პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, პარალელურად, მუსიკალური ათწლედი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სანამ ამ სამკაულების შექმნას მივყოფდი ხელს, 12 წლის განმავლობაში დაკავებული ვიყავი სააფთიაქო ბიზნესით. ასეთი ერთმანეთისგან განსხვავებული საქმიანობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ უკვე აღარ მახსოვს და აღარ მაინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ შევქმნა ეს მშვენიერი ქმნილებები.

– რა დროს ანდომებთ ერთი სამკაულის შექმნას და რა ფერი დომინირებს ყველაზე ხშირად თქვენს ნახელავში?

– მიყვარს ფერადი, მრავალფერი, არ მიყვარს შავი და თეთრი, მაგრამ ეს არის თბილისური ფერები და თბილისელ ქალბატონებს რატომღაც ძალიან უყვართ. რაც შეეხება დროს, ზოგ სამკაულს 10 წუთში ვქმნი, ზოგს კი შესაძლოა, მთელი კვირაც მოვანდომო. აქ უკვე ტექნიკურ მხარეს აქვს მნიშვნელობა.

– წინასწარ ქმნით იმის ესკიზს, თუ როგორი უნდა იყოს სამკაული, თუ ყოველი მათგანი სპონტანურად იქმნება?

– ეს სამკაულები იქმნება სპონტანურად, ყოველგვარი ესკიზების გარეშე. როგორც წესი, როდესაც ვმუშაობ, ჩემთან ვერ შემოხვალთ. მთელი მაგიდა გაშლილი მაქვს და ყველა მასალა იქ მილაგია. ამიტომაც ძალიან მარტივად ვუხამებ ერთმანეთს და არასოდეს მჭირდება სამკაულის დაშლა და ბევრი ფიქრი.

რაც შეეხება ამ კოლექციაში თავმოყროლ სამკაულებს, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვქმნი, რასაც კი ქალი გამოიყენებს: დიადემას, საყურეებს, ყელსაბამებს, გულქანდებს, ანუ ეგრეთ წოდებულ კულონებს, ლითონის გულსაბნევებს, ბეჭდებს... ყველაფერს, რაც კი ქალბატონებს დაამშვენებს და სიამოვნებას ანიჭებს.

– რა მასალისგან მზადდება ამ კოლექციაში წარმოდგენილი სამკაულები?

– ვიყენებ ნახევრად ძვირფას ქვებს: მარგალიტებს, სვაროვსკის კრისტალებს, მარჯანს, ფირუზს, მინანქარს, ვენეციური მინაც მომწონს. გულსაბნევებში ტექსტილის ქსოვილებსაც ვიყენებ. არ მიყვარს ბისერები. ყველაზე საყვარელი ქვა კი ჩემთვის სვაროვსკის კრისტალებია. სვაროვსკი ყველა ფერის კრისტალს უშვებს, რაც კი ბუნებაში არსებობს.

– არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ერთი მოსინჯვით გამოგსვლოდათ, ალბათ, ბავშვობიდან გეხერხებოდათ ხელსაქმე.

– არ დამიჯერებთ, მაგრამ კერვა არ მეხერხება, ვწერ ისე ცუდად, რომ ჩემს ხელნაწერს ხანდახან თვითონვე ვერ ვარჩევ. ხატვით ვერაფერს ვხატავ, წარმოსახვის უნარი მაქვს და ეს უნარი მაძლევს ამ კოლექციის შექმნის საშუალებას. რომ მითხრა ესა და ეს ნივთი როგორ დაამზადეო, ვერაფერს გეტყვით.

– გამოფენას რა ინტენსივობით მართავთ ხოლმე?

– გამოფენებს ხშირად ვაწყობ, ყველა სეზონზე. მანამდე, ყოველ გამოფენას წინ უსწრებს ჩვენებები ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან ერთად.

– ერთი და იგივე ნივთის გამეორება თუ შეგიძლიათ?

– გამეორების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რატომ გავაკეთო იგივე, როდესაც ზღვა ფანტაზია მაქვს. ჩემს კოლექციაში წარმოდგენილი სამკაულები სწორედ ამით გამოირჩევა, ექსკლუზიურია, განსხვავებული და არასოდეს მეორდება.

ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, რომ წვეულებაზე, ან ტრანსპორტშიც მოდიან გოგონები და მეკითხებიან, მაია მიქაშავიძის სამკაული გიკეთიათო. მე ვეთანხმები და ვეცნობი, რომ თვითონ ვარ მაია მიქაშავიძე. ამის შემდეგ ყოველთვის მთხოვენ შევატყობინო, როდის და სად მექნება გამოფენა.

– ძნელია ამდენი ლამაზი ნივთიდან ამოარჩიო ერთი და საუკეთესო.

– მარტო თქვენ კი არა ყველა ამას აღნიშნავს. ძნელია, ამდენ სიჭრელეში ამოარჩიო ერთი. ასეთ დროს იძულებული ვხდები, დავეხმარო, თან ხუმრობით ვეუბნები ხოლმე: რეგლამენტი ამოიწურა-მეთქი. ასე დაემართა მომღერალ ლეილა თოდაძეს, რომელიც საერთო ახლობლის წყალობით მეწვია ოჯახში, 10 წუთით ამოგირბენთ, ტაქსით ვარო, – დამირეკა. ამოვიდა და მოკლედ, თავბრუ დაეხვა. ესეც მინდა, ისიც მინდაო, – იძახდა. საბოლოოდ, ტაქსის კომპანიიდან დაურეკეს: ქალბატონო, თუ „გადაგვაგდეთ”, გვითხარითო. საათს რომ დახედა, მაშინღა აღმოაჩინა, რომ საათ-ნახევარი იყო გასული. მიუხედავად ამისა, მთელი საღამო აქ გაატარა, და როდესაც თბილისი დატოვა, ცოტა ხნის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ მთელი მოსკოვი მის ახალ სამკაულებზე ლაპარაკობდა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია მე შვილების შემდეგ ყველაზე ძალიან მიყვარს.

მიყვარს როდესაც ვინმეს შევხვდები და ჩემი შექმნილი სამკაული უკეთია, ტელევიზორშიც ვხედავ ხოლმე ცნობილ სახეებს რა კომფორტულად გრძნობენ თავს ჩემი შექმნილი სამკაულებით. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაბედნიერებს და ძალას მაძლევს, რომ, რაც შეიძლება, ბევრი ლამაზი ნივთი შევქმნა.

– რამდენი წლისაა თქვენი კოლექცია და რამდენი ნივთი გავთ შექმნილი ამ ხნის განმავლობაში?

– ჩემი კოლექცია 3 წლის გახდება 8 ნოემბერს. რაც შეეხება რაოდენობას, ვერ გეტყვით, ათასობით სამკაული მაქვს შექმნილი. ძალიან გამაბედნიერა ამ საქმიანობამ.


скачать dle 11.3