კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა მსოფლიო მნიშვნელობის ნივთი ინახება საქართველოს თეატრისა და კინოს მუზეუმში და რა ურთიერთობა აქვს ამ მუზეუმს „ოსკარის აკადემიასთან


თეატრისა და კინოს მუზეუმში ინახება უნიკალური საგანძური, რის შესახებაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის. ამ მუზეუმში დამთვალიერებელი შეხვდება ნატო ვაჩნაძის, დიმიტრი ყიფიანის, სანდრო ახმეტელის, გრაფ ოლდენბურგისა და არაერთი სხვა ისტორიული პიროვნების პირად ნივთებს. ამ მუზეუმს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რაზეც მისი უნიკალური არქიტექტურა და მოჩუქურთმებული კედლებიც მეტყველებს.

დიდი ქართველების პირად ნივთებსა და მათ ისტორიაზე გვესაუბრება მუზეუმის დირექტორი, ბატონი გიორგი კალანდია.



– რა ისტორია აქვს, თქვენს მუზეუმს, ვინ დააარსა?

– ჩვენი მუზეუმი არის ქალაქ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შენობაში. ეს გახლავთ გრაფი ოლდენბურგის სასახლე, რომელიც აუშენა თავის საყვარელს და შემდეგ უკვე საყვარელ მეუღლეს – აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისას. ამ სასახლეში დღემდე არის შემორჩენილი „სიყვარულის კოშკი“, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა შეყვარებული წყვილი. ეს არის თბილისის ერთ-ერთი ცნობილი და უნიკალური შენობა. რაც შეეხება მუზეუმს, ისიც აქ არის განთავსებული. ეს მუზეუმი ამიერკავკასიაში ერთადერთია თავისი პროფილით, საგანძურის მნიშვნელობით კი მსოფლიო დონის მუზეუმებს უთანაბრდება. ჩვენი მუზეუმი დაარსებულია დიდი ქართველის, დავით არსენიშვილის მიერ. შეიძლება, მისი სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ, რომ მიგანიშნოთ მის მასშტაბებზე, ეს არის ადამიანი, რომელმაც მოსკოვში დააარსა ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს ას საუკეთესო მუზეუმთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ეს ყველაფერი დავით არსენიშვილმა დააარსა, თუმცა, შემდეგ აქედან განდევნეს და იგი რუსეთში წავიდა. ჩვენ 300 000-მდე ექსპონატი გვაქვს. რაც კი შეეხება ქართულ კინოს, თეატრს, მუსიკას, ქორეოგრაფიას, ცირკს – ყველაფერი აქ ინახება.

– თუ არის თქვენს მუზეუმში ისეთი ექსპონატები, რომლებიც ერთადერთია და მხოლოდ თქვენთან ინახება?

– ჩვენთან არაერთი ასეთი ექსპონატი ინახება: გვაქვს ძალიან ძვირფასი კოსტიუმების კოლექცია, მაგალითად, ელენე ჩერქეზიშვილის წითელი გულისპირი. ეს არის ქართული კაბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც იცვამდნენ კაბის შიგნით, მთლიანად არის მორთული ოქროს ორნამენტებით და აქვს ვერცხლის ქამარი. ჩვენთან ინახება სოლიკო ვირსალაძის ხელით შესრულებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის კოსტიუმები. საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ტორეადორის კოსტიუმი, რომელიც მილანშია დამზადებული და ოქროს ძაფებითაა მოქარგული. ამ კოსტიუმის დამზადებას მინიმუმ 9-10 წელი სჭირდება.

– რომელია თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ექსპონატი და თუ გაქვთ ისეთი ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

– გამოვარჩევდი დიმიტრი ყიფიანის – ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და შემდეგ ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი პიროვნების ნესესერს, რომელიც ჩვენთან ინახება. ეს არის ყუთი, რომელშიც მსახიობები დებდნენ მაკიაჟის მოწყობილობას. ამ ნივთს აქვს უნიკალური ისტორია, თუნდაც იმიტომ, რომ დიმიტრი ყიფიანის სამსახიობო კარიერა ნაკლებად არის ცნობილი. დიმიტრი რომ გრიმს იკეთებდა და თან დაჰქონდა ეს ნესესერი, ამის დასტურია ის, რომ მასზე არის საგვარეულო გერბი გამოსახული, აქვე ასომთავრულით შესრულებული მისი სახელი და გვარი. ეს ყველაფერი მეტყველებს ამ კაცის შემოქმედებითი ბიოგრაფიის იმ ნაწილზე, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი. თურმე, თვითონ დიმიტრი გამოდიოდა სცენაზე, თამაშობდა როლებს. აქედან გამომდინარე, ეს ნივთი ძალიან ძვირფასია.

ექსპონატებიდან, ასევე, გამოვყოფდი რამდენიმეს, მაგალითად, ჩვენთან ინახება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – დიმიტრი არაყიშვილის მთელი არქივი და ასევე მისი კოლექცია. ყველა ქართული დასაკრავი ინსტრუმენტი, რომელიც კი საქართველოში ყოფილა, ერთ პატარა ყუთში არის ჩატეული, ყველა მინიატურული ზომისაა. მას სპეციალურად დაუმზადეს ეს საჩუქარი.

მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ, ნახოთ სანდრო ახმეტელის წერილები. იგი იყო რეპრესირებული და მთელი მისი არქივი განადგურდა, მაგრამ ერთმა ქართველმა პატრიოტმა გააკეთა ასეთი რამ: როდესაც ახმეტელი ხალხის მტრად გამოაცხადეს, ყველაფერს, რაც მასთან იყო დაკავშირებული, ძალიან დიდხანს ინახავდა საკუთარი ლეიბის ქვეშ და, როდესაც ახმეტელის რეაბილიტაცია მოხდა, მან ეს საგანძური ჩვენს მუზეუმს ჩააბარა.

ჩვენთან ინახება, ასევე, ნატო ვაჩნაძის მთელი არქივი. აქ თქვენ შეგიძლიათ, ქალბატონი ნატო ნახოთ ისეთი, როგორიც არასდროს გინახავთ – არა სამსახიობო როლში, არამედ ცხოვრებაში, როგორც დედა, ქალი: ქალბატონი ნატო ვენეციურ გონდოლაში, ქალბატონი ნატო პარიზის ეიფელის კოშკის ფონზე. ჩვენთან ინახება ნატო ვაჩნაძის სამოსის ესკიზი, ოღონდ არა სამსახიობო, არამედ ყოველდღიური კოსტიუმის.

– ნატო ვაჩნაძის ნივთებიდან რომელს გამოყოფდით. რაიმე საინტერესო ისტორია თუ აქვს რომელიმეს?

– ჩვენთან ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ნივთი – ეს არის ბორის პასტერნაკის, ცნობილი რუსი მოღვაწის წერილი ქალბატონი ნატოსადმი. წერილი არის ძალიან საინტერესო და რატომ – დღევანდელი რუსები რომ წაიკითხავდნენ, ძალიან კარგი იქნებოდა. ის წერს ასეთ სიტყვებს: ასეთ ლამაზ ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, წარმოუდგენელია, არ ჰყოლოდა ისეთი ლამაზი ქალი, როგორიც არის ნატო ვაჩნაძე და, ისეთ ლამაზ ქალს, როგორიც არის ნატო ვაჩნაძე, წარმოუდგენელია, არ ჰქონოდა ისეთი ლამაზი სამშობლო, როგორიც არის საქართველოო.

– თქვენი მუზეუმი, როგორც თქვით, განთავსებულია ოლდენბურგების სასახლეში. მათი ნივთები თუ არის შემორჩენილი?

– მათი ნივთებიდან ჩვენთან ინახება ბიბლიოთეკა; გამოვარჩევდი უნიკალურ ავეჯს, იმდროინდელ მაგიდებს. გვაქვს ერთი კარადა, რომელსაც „სიყვარულის კარადას“ ვეძახით. ამ კარადას რომ შეხედავ, თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ, სინამდვილეში, არაჩვეულებრივია: მას აქვს სარკე. სანთელს რომ აანთებ, სარკის ანარეკლში ჯერ ჩნდება ერთი, მერე – მეორე, მესამე, მეოთხე და, ასე იმატებს რაოდენობა.

– თუ კეთდება რამე ქართული საგანძურის პოპულარიზაციისთვის? როგორც ვიცი, თქვენს მუზეუმში ბევრი ისეთი ნივთი ინახება, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

– ჩვენ ამ მუზეუმში წელიწად-ნახევრის წინ მოვედით და, შემიძლია, თამამად გითხრათ, ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ მუზეუმის შესახებ გაეგო. ეს, პირველ ყოვლისა, არის კულტურის სამინისტროს დამსახურება, რომელიც ამ მუზეუმს კურირებს. სამინისტრომ ძალიან აქტიურად მოჰკიდა ხელი მის აღდგენას. საერთოდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ მუზეუმის საგანძურის პოპულარიზაციას. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მთელმა საქართველომ გაიცნოს ჩვენი ექსპონატები, რადგან ყველაზე გამორჩეულია მთელ საქართველოში.

– თუ გაქვთ ახლად შეძენილი ექსპონატები, ისეთი ნივთები, რომლებიც ახალი გამოტანილია თქვენს მუზეუმში?

– დიახ, გვაქვს, მაგალითად, ნატო ვაჩნაძის ზარდახშა. ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ნამუშევარი. სულ ახლახან შეისყიდა ჩვენმა მუზეუმმა და ძვირფასია იმიტომ, რომ ნატო ვაჩნაძის ნაქონია. ერთი წლის განმავლობაში უამრავი ახალი ექსპონატი შეგვემატა. ძირითადად, გვჩუქნიან, რადგან ნდობა ჩვენი მუზეუმისადმი თანდათან იზრდება. ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან დიდი მოღვაწეების შვილები, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ, ის ნივთები, რომლებიც უდევთ სახლში, რაც უნდა კარგად იყოს შენახული, საზოგადოებისთვის დაკარგულია. პირველმა ამ თვალსაზრისით, თუ შეიძლება ითქვას, მარათონი გახსნა ქალბატონმა ნინო სუხიშვილმა – მან გადმოგვცა სუხიშვილების ანსამბლის კოსტიუმები. სულ ახლახან მოვიდა ჩვენთან ქალბატონი ფატი ფულარიანი, რომელიც გორის თეატრის მხატვრის შოთა ხუციშვილის, მეუღლეა და მოგვიტანა ძალიან საინტერესო არქივი, რომელშიც გამოვარჩევდი ერთს: ძველად გამოდიოდა ასეთი ჟურნალი „ნიანგი“, სადაც იბეჭდებოდა იმდროინდელი ქართული კარიკატურები და ქალბატონმა ფაციმ მოგვიტანა ამ კარიკატურების მთელი კოლექცია. ასე რომ, ქართული კარიკატურების ისტორია აქ შეიძლება, ნახოთ.

ჩვენ, ასევე, შევაგროვეთ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების მთელი კოლექცია: „ჩხიკვთა ქორწილი“, „ლურჯი მელია“, „კაცი და ლომი“, „წუნა და წრუწუნა“. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა „ოსკარის აკადემიასთან“, რომლის ბიბლიოთეკა განთავსებულია ლოს-ანჯელესში და ახლახან სწორედ მარგარეტ პერრიკის ბიბლიოთეკისგან მივიღეთ საჩუქრად ძალიან კარგი ფოტოები ქართველი რეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის ფილმიდან „მიფრინავენ წეროები“. მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ თემაზე, რომ ჩვენს მუზეუმში გამოიფინოს ცნობილი ფილმების – „ავატარის“, „მუმიას“, „ბეჭდების მბრძანებლის“, „ჰარი პოტერის“ ფოტოკადრები.

– თუ არის ისეთი ნივთი, რომელსაც უცნაური ისტორია აქვს და საზოგადოებისთვის უცნობია?

– დიახ, გვაქვს. მაგალითად, ერთზე გიამბობთ: გვაქვს მაია პლისეცკაიას, მსოფლიოში ცნობილი ბალერინას პუანტები, რომელიც მას ცეკვის დროს ეცვა. ეს პუანტები ჩვენს მუზეუმს აჩუქა სერგო ფარაჯანოვმა, ანუ, აქვს ასეთი ისტორია: ეკუთვნოდა პლისეცკაიას, ჰქონდა ფარაჯანოვს და აჩუქა ჩვენს მუზეუმს. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. მაგალითად, სულ ახლახან გადმოგვცეს ძალიან საინტერესო ფოტოები. ორი დღის წინ ჩვენთან, მუზეუმში, მოვიდა ქალბატონი თამარ აშხაცავა, რომელიც წარმოშობით აფხაზია. იგი არის ქსნის ერისთავთა შთამომავალი, რომელთაც ახალგორში ჰქონდათ სასახლე. ეს ერისთავები ენათესავებოდნენ ჩვენი სასახლის ამშენებლებს, ოლდენბურგებს. ამ ქალბატონმა ძალიან ძვირფასი არქივი მოგვიტანა, რომელშიც აღმოვაჩინე ერთ-ერთი ბოლო ერისთავის – ნიკოლოზის შვილის – შალვა ერისთავის ფოტოები. ის იყო თბილისში ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი. ამ ფოტოებზე იგი გამოსახულია თავის გუნდთან ერთად, რომელსაც ერქვა „სლეტი“, ეს იყო პირველი გუნდი თბილისში. ფოტოები გადაღებულია 1917 წელს. ამ ფოტოებში აღსანიშნავია ის, რომ თანაგუნდელთა შორის არის ვაჟა-ფშაველას ძმა, რომელიც თურმე ფეხბურთელი ყოფილა. ყველაზე საინტერესო კი წარწერაა: გოლერი, ანუ გოლის გამტანი, არის ვალოდია შებელდაევი. ვერ ავხსენი, რას ნიშნავს ბექი. ბექები იყვნენ: რუჟანოვი, ფრეი, ჰაუბეკი, შისტიაკოვი, შალვა ერისთავი და არმენაკი. ფორვარდები იყვნენ: დუსიაცკინი, სტაროვი, მუხანოვი, შარდინი და რომკა პოღოსოვი. როგორც ხედავთ, ჩვენთან თითოეულ ფოტოს მოჰყვება ძალიან საინტერესო ისტორია. სულ ახლახან ქალბატონმა ნატა ჯავრიშვილმა გადმოგვცა დიდი ქართველი ქორეოგრაფის, დავით ჯავრიშვილის არქივი. ეს არქივი, იცით, რით არის გამორჩეული? იგი იყო ერთადერთი ქართველი, რომელმაც შექმნა ქართული ცეკვის ნოტები. საერთოდ ნოტები აქვს მუსიკას, მაგრამ, ამ ადამიანმა შექმნა ილეთების ნოტები, ანუ, როგორ უნდა იცეკვოს მამაკაცმა და ქალმა, გრაფიკული ნიშნებით არის გადმოტანილი.

ჩვენ ძალიან გვინდა, წარმოვაჩინოთ ჩვენი შემოქმედნი მუსიკაში, კინოში, ქორეოგრაფიაში და, იმედი მაქვს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, გაუჩნდებათ სურვილი, დაათვალიერონ ის საგანძური, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა.


скачать dle 11.3