კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონა თათია სულუაშვილს საკუთარი შვილი დისშვილი და როგორ იმშობიარა მან სიცილ-კისკისში


„კომედი შოუს“ მსახიობი, თათია სულუაშვილი, ყოველთვის აქტიური და მხიარულია. ასეთივე აქტიური იყო ფეხმძიმობის დროსაც, რისი მომსწრეც „კომედი შოუს“ მაყურებელია. თათიას ცხოვრებაში სიახლეა – ის დედა გახდა. მისი პატარა 3 თვის არის და მშობლები ბედნიერები არიან, რომ მათ ცხოვრებაში ასეთი ლამაზი გოგონა გაჩნდა.



– თათია, სულ რაღაც სამი თვის წინ გახდი დედა. როგორი შეგრძნებაა?

– დედობა რაღაც არაჩვეულებრივი შეგრძნება და აბსოლუტურად სხვა სიყვარულია, რომელიც არასდროს განმიცდია. ადრე, დედა რომ მეუბნებოდა, გეყოლება შვილი და მერე მიხვდები, ეს როგორი სიყვარულიაო, არ ვუსმენდი. რა უნდა იყოს ასეთი-მეთქი, ვფიქრობდი, ჩვეულებრივი სიყვარული მეგონა. ახლა კი ვხვდები, რაც არის, ქეთუშას გარეშე გაძლება არ შემიძლია, ახლაც ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. შეიძლება, დავტოვო ერთი ან ორი საათი, მაგრამ, ძალიან მიჭირს. ისე, დღემდე არ მჯერა, რომ შვილი მყავს. რომ გავაჩინე, შენ გენაცვალოს დეიდა-მეთქი, ვუთხარი. ოთხი დისშვილი მყავს და, იმდენად აქტიურად ვიყავი მათ აღზრდაში ჩართული, რომ ჩემი პატარაც დისშვილი მეგონა.

– საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე იყავი.

– დიახ, ჩვეულებრივად ვმუშაობდი: მქონდა გადაღებები, კონცერტები ქუთაისში, სადაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ფეხი გადამიბრუნდა და სცენაზე კინაღამ წავიქეცი. კონცერტები გვქონდა, ასევე, ფილარმონიაში. მოკლედ, მთელი ფეხმძიმობა ძალიან აქტიურად გავატარე და 8 თვემდე ეკრანზე ვიყავი, რაც არ გამჭირვებია. სხვათა შორის, ბავშვი ისე გავაჩინე, ვერ გავიგე და სულ სიცილ-კისკისში ვიმშობიარე. ჩემი შვილი თვალს რომ გაახელს, უკვე იცინის, სულ თამაში უნდა, მასთან ნამდვილად არ მოიწყენ.

– სამშობიაროში რა ხდებოდა, როცა მათი პაციენტი შენ აღმოჩნდი?

– სამშობიაროში რომ შევედი, მაგარი წივილ-კივილი დამხვდა: ერთი ქმარს ლანძღავდა – ეს რა გამიკეთეო; მეორემ სამშობიარო ბლოკში შესული მეუღლე დაფხაჭნილი და ნაცემი გამოუშვა. ასეთი გაგიჟებული სახეების შემხედვარეს, მეგონა, მეც ასე უნდა მეკივლა და მეწივლა. ამიტომ, გაუტკივარება გავიკეთე. ჩემი მშობიარობის დროს მთელი ბლოკი ექიმებით გაივსო. ყველას აინტერესებდა ცისმარის ტიპაჟი როგორ შევქმენი და ამის შესახებ ყველა რაღაცას მეკითხებოდა. წარმოიდგინე, ჩემი გაჭირვება მქონდა, ვნერვიულობდი, ნატანჯი სახით ვწევარ და, ამ დროს – ცისმარი როგორ შექმენი, „თეთრ ზვიგენს“ რატომ ეძახი, ის შლაპა როგორ მოირგე და ასე შემდეგ. მერე ჩემმა ექიმმა ლამის იყვირა, რა დროს ცისმარი და თეთრი ზვიგენია, დააცადეთ, გოგო ცუდად არისო.

– მართალია, პატარა ქეთევანი ჯერ მხოლოდ 3 თვისაა, მაგრამ, უკვე ხომ არ ფიქრობ მეორე შვილის გაჩენაზე?

– არა, მეორე ჯერ ადრეა. ქეთუშა 3-4 წლის რომ გახდება, მერე უკვე შეიძლება მეორე შვილზე ფიქრი.

– შენი მეუღლე როგორ გრძნობს თავს მამის ამპლუაში?

– ძალიან კარგად. ბავშვი ძალიან უყვარს და ძალიან მეხმარება. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ, რა ენერგიასაც მე ვუთმობ ჩვენი შვილის გაზრდას, ორ იმდენს ჩემი მეუღლე უთმობს. ძალიან ყურადღებიანია.

– სამშობიაროში ვინ გგულშემატკივრობდა, თქვენი მსახიობები თუ იყვნენ?

– არა, ჩვენებს სად რჩებათ რამის დრო, ყოველი წამი გათვლილი აქვთ. იქ არ იყვნენ, მაგრამ, შორიდან მამხნევებდნენ, ჩემს ტელეფონზე მათი ზარი არ წყდებოდა.

– მაყურებელმა ისიც იცის, რომ შენთან ერთად თამუნა ლეკვეიშვილიც ელოდებოდა ბავშვს.

– თამუნა ლეკვეიშვილმა ჩემ შემდეგ ორ კვირაში იმშობიარა და ნინიკო შეეძინა.

– როგორია შენი მეუღლისთვის, ასეთი პოპულარული მეორე ნახევარი რომ ჰყავს და მის გვერდით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, ხომ არ ეჭვიანობს?

– სხვათა შორის, ძალიან სიამოვნებს, ბედნიერია ამით და დადებითად ეგუება ამ ფაქტს. რესტორანში ვიყავით ამას წინათ, რამდენიმე მამაკაცი მოვიდა ჩემთან, სურათები გადაიღეს და ერთ-ერთმა ჩემს ქმარს უთხრა, გეხვეწები, შენი ცოლი კახეთში ჩამომიყვანე სტუმრადო. მერე მთელი დღე იცინოდა ჩემი ქმარი, კახეთში ეპატიჟებიან ჩემს ცოლს საქეიფოდო. შეიძლება, სხვას მის ადგილზე ეეჭვიანა. სადაც მივალთ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვართ: ტაქსიში ჩავჯდებით და – თქვენს ცოლს მე ფულს ვერ გამოვართმევ, ძალიან მიყვარსო, ეუბნებიან.

– ალბათ, ძალიან ამაყია შენი მეუღლე ამდენ ხალხს რომ უყვარხარ.

– კი ძალიან, რაც ძალიან დადებითად მმუხტავს. გვერდით თუ ისეთი მამაკაცი გყავს, რომელიც ასეთ რაღაცეებზე ეჭვიანობს და ამით ცუდ განწყობას გიქმნის, შენც დაკომპლექსდები. მე ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს.

– ანუ, ჰარმონიული ოჯახი გაქვთ.

– დიახ, ნამდვილად ასეა. ჩვენ ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს.

– ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდა წყვილის ჰარმონია სწორედ მაშინ ირღვევა, როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება და ორივეს ყურადღება მასზე გადადის.

– პირიქით, ყურადღებას ორივეზე თანაბრად ანაწილებს, ახლა ჩემ მიმართაც უფრო კარგი და ყურადღებიანი გახდა.

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან აქტიური ფეხმძიმე იყავი. რომელი სკეტჩის ჩაწერას გაიხსენებ განსაკუთრებულად იმ პერიოდიდან?

– ყველაზე ემოციური, ალბათ, ცისმარისა და ნიკა არაბიძის წყვილი იყო. ჩაწერის დროს ვიდექი მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე, იყო ჩხუბისა და კამათის სცენები, როცა „ვეტენებოდი“, გინდა თუ არა, ცოლად უნდა მომიყვანო-მეთქი, ძალით რომ მივიყვანე და ხელი რომ მოვაწერეთ, იყო წაჯიკავებაც და, შუა ჩხუბის დროს კინაღამ გადავვარდი. მოგეხსენებათ, ჩვენი სკეტჩის „კანცოვკა“ ყოველთვის ჩხუბით მთავრდება. ამიტომ, ბიჭები როლში რომ იჭრებოდნენ, ვეღარ ფიქრობდნენ, ორსული რომ იდგა გადასაღებ მოედანზე.

– ბავშვიც აქტიური იქნება, დარწმუნებული ვარ.

– მთელი ცხრა თვე აბსოლუტურად დადებითი ემოციებით სავსე ვიყავი, ამან ბავშვზეც იმოქმედა და შედეგიც გამოიღო – ჩემი შვილი ძალიან აქტიური და კარგი ბავშვია.

– ვიცი, რომ სამშობიაროში საკმაოდ რთულ ვითარებაში უხსნიდი ექიმებს, როგორ შეიქმნა ცისმარის გმირი, ახლა კი დაწყნარებულ გულზე ჩვენც გვითხარი.

– ცისმარი ერთ მშვენიერ დღეს, ძალიან მარტივად შეიქმნა: სკეტჩი უნდა გადაგვეღო, სადაც მგზავრები ავტობუსში უნდა მსხდარიყვნენ. შესაფერისი ტანსაცმელი არ მქონდა, გარდერობში შევედი და შლაპას მოვკარი თვალი, მერე შევარჩიე თეთრი პერანგი, ხუთი ზომით დიდი „იუბკა“, რომელიც „გულაბკით“ მივიმაგრე. გადაღების დროს „გულაბკა“ გაიხსნა და „იუბკა“ ჩამძვრა. თან ვჩხუბობდი, თან „იუბკა“ მეჭირა ხელით, – აი, ასე შეიქმნა ცისმარის პერსონაჟი, რომელიც თავისზე უმცროსი ასაკის, ქერა და ცისფერთვალება კაცებზე ნადირობს.

– „თეთრ ზვიგენზე“ რას გვეტყვი?

– ზაფხულია და, „თეთრი ზვიგენი“ „თეთრი თოლია გახდა.“ მერე, ალბათ, „თეთრი სელაპი“ გახდება, ვნახოთ. ჩემი მეუღლე ხუმრობს ხოლმე, თათიას „შავი ზვიგენი“ სახლში ჰყავს, თეთრი სამსახურშიო.

– შენი მეუღლეც ისეთივე აქტიური და მხიარულია როგორც შენ?

– დიახ, საკმაოდ მხიარული და აქტიურია, ერთმანეთს ვავსებთ.

– სანამ ცოლად გაჰყვებოდი, დიდხანს გრძელდებოდა თქვენი ურთიერთობა?

– ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, ძალიან მოკლე ხანში მოხდა ყველაფერი – სამ თვეში გავყევი ცოლად. ასე სწრაფად, ხარისხიანად და ლაზათიანად მოხდა ჩვენი დაქორწინება.

– სად გაიცანი?

– საერთო მეგობართან, დაბადების დღეზე. შემდეგ ინტერნეტის საშუალებით უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. 14 აპრილს გავიცანი, 27 ივლისს კი უკვე ნიშნობა გვქონდა, რის შემდეგაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება.

– მშობიარობის შემდეგ საკმაოდ სწრაფად ჩადექი ფორმაში.

– არ მიმიშვებენ სამსახურში, თუ არ დავიკელი. სხვათა შორის, მე და „ჩაინიკა“ დავნიძლავდით, რომ, თუ სექტემბრამდე 10 კილოგრამს დავიკლებდი, საჩუქარს მიყიდიდა, ხოლო, თუ თვითონ დაიკლებდა ჩემზე სწრაფად – მე უნდა მეყიდა.

– საჩუქარი რა არის?

– მაღაზიაში ნებისმიერი ფრანგული სუნამოს შეძენა.

– შენ ხომ უკვე დაიკელი 10 კილოგრამი?

– ჰოდა, „ჩაინიკამ“ წააგო. სექტემბერში სამსახურში რომ მივალ, შეფუთულ სუნამოს დამახვედრებს დიდი „ბანტით“.


скачать dle 11.3