კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის გარდაუვალი საქართველოში ქორწილების ჩხუბით დამთავრება და რატომ მიაჩნია ქართველს განათლებული, მდიდარი და ცივილიზებული დასავლელი მეორეხარისხოვნად



რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი რუსი პოლიტიკოსებიც კი აღნიშნავენ, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ მიხეილ სააკაშვილის ათვალწუნების სათავე საქართველოს პრეზიდენტის ტანმაღლობაა (ამიტომაც მიაჩნიათ, რომ პუტინ-ლუკაშენკოს დაპირისპირებაც მოსალოდნელი იყო, ისიც გვარიანად მაღალიაო რფ-ის უგვირგვინო მეფეზე). რა როლს ასრულებს ეს ერთი შეხედვით უწყინარი მოვლენა ქვეყნების ბედ-იღბალში, რა კომპლექსები აქვთ ტანდაბალ ადამიანებს და, მართლაც, არის თუ არა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების ძაღლის თავი დამარხული სააკაშვილის სიმაღლესა და პუტინის სიდაბლეში, ამ თითქოს სახალისო, რეალურად კი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხში ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ერთად გავერკვევით.



– მართლაც ავლენს პუტინი ტანდაბალი კაცის კომპლექსს სააკაშვილთან მიმართებაში?

– რაც შეეხება კომპლექსებს: ეს ტერმინი შემოიტანა ფროიდის მოწაფემ ალფრედ ადლერმა. მან არასრულფასოვნების კომპლექსი დაარქვა მდგომარეობას, როდესაც ადამიანი, ჯერ ბავშვობაში და ეს, შესაძლოა, მოზრდილობაშიც გაჰყვეს, უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით.

– მხოლოდ გარეგნობას გულისხმობდა ადლერი?

– ყველაფერს, რაც ადამიანს ხდის არასრულფასოვანს, ხოლო, თუ ეს დამძიმებულია გარეგნობის რეალური ან წარმოსახვითი ნიშნით, მდგომარეობა კიდევ უფრო ძლიერდება. მაგალითად, ზედმეტი წონით, გრძელი ცხვირით, დიდი ყურებით ან სიდაბლით. ეს ყველაფერი შეიძლება, გახდეს არასრულფასოვნების კომპლექსის საფუძველი. გარდა ამისა, ალფრედ ადლერმა აჩვენა, როგორ ხდება ამ არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსირება. მაგალითად, როდესაც ადამიანი არ არის დარწმუნებული თავის თავში და, ჰგონია, რომ სასაცილოა, ცუდად გამოიყურება და ასე შემდეგ, ამას ფარავს გადამეტებული აგრესიულობითა და უტიფრობით. ისეც ხდება ხოლმე, რომ ტანდაბალი ადამიანი გადაწყვეტს, დაამტკიცოს, რომ მაგარია და ისტორიული ქარტეხილების დროს ხშირად სწორედ ტანდაბალი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში. ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითებია: ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი, ჰიტლერი, ასლან აბაშიძე, პუტინი. რაც შეეხება პუტინს: ალბათ, მასაც აქვს ეს პრობლემა. ჩემი აზრით, მედვედევის მოყვანა სწორედ ამის გამოხატულებაა.

– მედვედევი მასზე ტანდაბალია.

– ეტყობა, ეს აწუხებს. ასევე, ამის გამოხატულებაა მისი ძიუდოთი გატაცება და კუნთების ჩვენება.

– წელს ზემოთ გაშიშვლებაც, ალბათ, თუმცა, რამდენიც უნდა გვანახვოს შიშველი ტორსი, ამით უფრო ტანმაღალი ვერ გახდება.

– რაც შეეხება ლუკაშენკოს და სააკაშვილს: არ ვიცი, ესენი განსაკუთრებით სიმაღლის გამო უშლიან ნერვებს თუ სხვა მიზეზის გამო.

– მათ შორის, სიმაღლის გამოცო, ამბობენ.

– მათ შორის, შეიძლება. ამას ემატება სააკაშვილის განცხადება ლილიპუტინის შესახებ და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს მართლაც ითქვა თუ არა. ასეთი კომპლექსის მქონე ადამიანისთვის ამ ნაკლზე მითითება სრულიად აუტანელია და, ამდენად, პუტინსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობების დათბობა შეუძლებლად მიმაჩნია.

– თუნდაც ისეთი გამონათქვამის გამო, რომელიც არავინ იცის, მართლაც ითქვა თუ არა?!

– თუნდაც, ლილიპუტინის გამო. ცხადია, რომ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა პუტინის ყველაზე მტკივნეულ ადგილს, რასაც, საერთოდ, არ პატიობენ ხოლმე. ლუკაშენკოზე ვერაფერს გეტყვით.

– მეც არასდროს მინახავს ლუკაშენკო, მაგრამ მითხრეს, წარმოსადეგია და პუტინს ეს ნერვებს უშლისო.

– თავისთავად სიმაღლე არაფერს ნიშნავს, არსებობენ ტანდაბალი და ძალიან რეალიზებული ადამიანები.

– ანუ ამ კომპლექსის დაძლევა შესაძლებელია?

– დიახ და ასეთი ადამიანი, რამდენიც გნებავთ, იმდენია. მაგალითად, იმანუილ კანტი. მე მყავს რამდენიმე ტანდაბალი მეგობარი, ძალიან მხიარულები და კარგად ადაპტირებულები. მათ აქვთ ეს კომპლექსი, მაგრამ დაძლიეს და თან პოზიტიურად.

– რაღაც არ მახსენდებიან არააგრესიული და ტანდაბალი პოლიტიკოსები.

– ნამდვილად იქნებიან, მაგრამ არც მე მახსენდება არავინ, პიპინ მოკლეს გარდა. ამის მიუხედავადაც, ცხადია, რომ ამ კომპლექსის დაძლევა შეიძლება. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ, თუ პოზიტიური ადამიანი ხარ, ან ვინმეს დახმარებით, შესაძლებელია საკუთარი სისუსტის დაძლევა. მთელი მიმდინარეობაა ფსიქოლოგიაში, რომელიც ამაზე მუშაობს.

– არც სარკოზია ალვის ხესავით, მასაც აქვს ეს კომპლექსი?

– პუტინისა და სარკოზის მიზიდულობაც შეიძლება, ტანდაბლობით იყოს განპირობებული.

– „როდსტვენნიე დუში“?

– უფრო „როდსტვენნიე ტელა“. საერთოდ, ერთმანეთს მსგავსი ადამიანები იზიდავენ იმით, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც, სისუსტეებით.

– ტანმაღალ ადამიანებს თუ აქვთ კომპლექსები?

– რა თქმა უნდა. განსაკუთრებით, მომწიფების პერიოდში მაღლები უხერხულად გრძნობენ თავს, უხერხულად მოძრაობენ. ჯერ ერთი, ტანმაღლები პრობლემებს უქმნიან გარშემო მყოფებს, ამის გამო სჭირდებათ სპეციალური ავეჯი, ტანსაცმელი და დისკომფორტს გრძნობენ. თუმცა ტანდაბლობა უფრო მეტ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, ვიდრე ტანმაღლობა.

– ის ფაქტი, რომ ბურჯანაძეს ეცვა დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი პუტინთან შეხვედრაზე, რომ სააკაშვილი ოდნავ იხრება, როდესაც სარკოზის ხვდება, ტანდაბლებზე დადებითად მოქმედებს თუ, პირიქით, ეს მათი სიდაბლის ხაზგასმაა?

– გააჩნია. როდესაც ასე იქცევი, ესე იგი, ინფორმაცია გაქვს მიღებული, რომ მეორე ადამიანი განიცდის თავის სიდაბლეს და ეს შეიძლება, იყოს დადებითი სიგნალი: მე გავითვალისწინე ეს. მაგალითად, ასლან აბაშიძის გარემოცვაში, რამდენადაც ვიცი, მაღლებს საერთოდ არ იღებდნენ, ოდნავ მაღალი უნდა ყოფილიყავი. ეს აუცილებელი პირობა იყო იმისთვის, რომ მას თავი ეგრძნო ასლანად.

– ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როდესაც საკუთარ თავზე თქვა, აჭარის პრინციო.

– ისტორიული ფიგურებიდან ყველაზე რეალიზებული მაინც, ალბათ, ნაპოლეონია. იყო ავტორიტარული, მაგრამ არა ისეთი, როგორიც შეეძლო ყოფილიყო ისეთ პირობებში. ვერ ვიტყვი, რომ დადებითი ფიგურა იყო მსოფლიო ისტორიაში, თუმცა იყო განათლებული და არ იყო ორიენტირებული მხოლოდ ძალაუფლებაზე, სხვა რაღაცეებიც აინტერესებდა: ხელოვნება, მეცნიერება და ასე შემდეგ. საერთოდ, ავი და ტანმოკლე ადამიანი მხოლოდ იმაზე ფიქრობს ვინმემ არ შეამჩნიოს ან არ აგრძნობინოს, რომ არასრულფასოვანია, ამიტომ შეიძლება, იყოს აგრესიული.

– დღევანდელობა ცხადყოფს, რომ განჭვრეტად მომავალში პუტინი, სანამ უფალი არ მიიბარებს მის სულს, იქნება და იქნება. ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ისევ არ ვემსხვერპლოთ პუტინის კომპლექსს, მასზე ტანმაღალი არ ავირჩიოთ პრეზიდენტად?

– მომავალში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ არ იქნება გამართლებული, მაინცდამაინც, საშუალოზე დაბალზე ავიღოთ ორიენტაცია. სავსებით შესაძლებელია, მოინახოს ისეთ თემა და სფერო, სადაც ისინი მსგავსნი იქნებიან, მაგალითად, ძიუდო, თხილამურები ან თევზაობა.

– ან წელზემოთ შიშველი კამერის წინ პოზირება?

– დიახ, რითაც შეიძლება ხიდის გაბმა. საერთოდ, ქართველებმა იციან, რასაც ჰქვია, „დაკერვა“, თუმცა სააკაშვილმა ეს არ იცის. სააკაშვილს ცუდი უნარ-ჩვევები აქვს ადამიანურ ურთიერთობებში. ძალიან ეგოცენტრულია და არ ფიქრობს სხვა ადამიანის რეაქციებზე, განსხვავებით შევარდნაძისგან. შევარდნაძე, უპირველესად, წინასწარ იგებდა, ვის რა უყვარდა და ამით ახერხებდა პოლიტიკური პარტნიორის გულის მოგებას. არიან კარგი დიპლომატები, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება, სხვა ნაკლი ჰქონდეთ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანია ხისტ და გულჩათხრობილ პარტნიორებთან ურთიერთობისას. ის, რაც პუტინსა და სააკაშვილს შორის მოხდა, ტიპური კონფლიქტის ესკალაციაა. ერთმანეთს უძახეს, შენ ასეთო, შენ ისეთოო. მეტიც, ამ დიალოგში ანატომიური ორგანოებიც კი ახსენეს.

– სწორი იყო, როდესაც სააკაშვილი აჰყვა პუტინის ანატომიურ გამონათქვამს?

– არასწორია ამაზე აყოლა, როდესაც ამხელა ქვეყანა გაბარია ან ერთს ან მეორეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პრეზიდენტი ცუდი დიპლომატია.

– ამბობენ, ტანდაბალ მამაკაცებს ტანმაღალი ქალები მოსწონთო?

– ესეც შეიძლება, კომპენსაცია იყოს, თუმცა ყოველთვის არა. ძველი ანეკდოტია: ჯუჯამ ცოლად შეირთო უზარმაზარი ქალი. პირველი ღამის შემდეგ ეს ქალი სახედასიებული გამოვიდა. რა მოგივიდაო, ჰკითხეს. ჩემზე დარბოდა და ამბობდა, ნუთუ, ეს ყველაფერი ჩემიაო. ანუ შეიძლება, სწორედ ასე გამოიხატოს ტანდაბლობის კომპლექსი. ასევე, შეიძლება, გამოიხატოს სიმდიდრისკენ მიდრეკილებაშიც.

– პუტინი დიდ ქონებას აგროვებსო.

– ფულის, ან რაღაცის კოლექციონერობით ის თავისი მინუსის კომპენსაციას ახდენს, იმის კომპენსაციას, რაც თავად მიაჩნია მინუსად.

– ეს კითხვა იმიტომ დავსვი, ტანმაღალი ქალი რომ ავირჩიოთ პრეზიდენტად, ამით ხომ ვერ მოვიგებთ მის გულს-მეთქი?

– მე მგონი, ეს არ გამოვა, რადგან ეკრანზე ტანმაღალი ქალი ტანდაბალ კაცთან კიდევ უფრო დიდ კონტრასტს ქმნის. არაოფიციალურად შეიძლება, მოეწონოთ ერთმანეთი, მაგრამ ეკრანის წინ გამოჩენა ხაზს გაუსვამს ტანდაბალი კაცის კომპლექსს.

– მესმის, რომ თეორიულად ვმსჯელობთ, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგი, რას გვირჩევთ, უფრო ზუსტად, რას ურჩევთ ხელისუფლებას, როგორ მოექცეს პუტინს, რომ მთლად არ გადაირიოს?

– ამაზე უნდა დასხდეს გუნდი და იმუშაოს. შეაგროვოს ინფორმაცია პუტინის შესახებ და დაისახოს სტრატეგია, საგაზეთო ინტერვიუში ასეთი სტრატეგიის დასახვა წარმოუდგენელია. მაგრამ ცხადია, რომ ასეთი სამუშაო ჩასატარებელია. უნდა მოინახოს რაღაც საერთო წერტილი, ის, რაც მართლაც უყვარს ბატონ პუტინს.

– რაც უფრო კომპლექსიანია ადამიანი, უფრო ადვილია მისით მანიპულირება, თუ მოუძებნი გასაღებს?

– თუ მოუძებნი, კი, მაგრამ, თუ ვერ მოუძებნი, შეეწირები.

– იმ ისტორიულ პიროვნებებს, რომლებიც ჩამოვთვალეთ, ნაპოლეონის გარდა, ჰქონდათ სისუსტეები?

– სტალინი და ჰიტლერი პარანოიკები იყვნენ და არავის ენდობოდნენ. რაც შეეხება ასლან აბაშიძეს: ისიც პარანოიკი იყო, მაგრამ ნაკლები ხარისხის და, ალბათ, მისით მანიპულირება შეიძლებოდა. ხდება, რომ ადამიანი სიდაბლის ან სხვა მიზეზის გამო ბოროტდება, როგორც სტალინი და ჰიტლერი. ჰიტლერმა ეს გადაიტანა ებრაელებსა და სხვა ხალხებზე და იდენტიფიკაცია მოახდინა გერმანულ სულთან, სტალინმა კი არაფერთან არ მოახდინა. სძულდა ყველა და ყველაფერი და მისთვის არ არსებობდა არანაირი მორალური ნორმა. ჰიტლერისთვის გერმანელი ხალხი მაინც არსებობდა. სტალინზე უამრავი წიგნია დაწერილი, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მაინც ძალიან ძნელი დასახატავია. ფაქტია, რაღაცამ ძალიან გააბოროტა. იყო ჭკვიანი და იმ რევოლუციური ეიფორიის დროს ძალიან პრაგმატულად დაამარცხა თავისზე ბევრად უფრო განათლებული და დიდი პიროვნებები, ისეთი მეთოდებით, რომლებსაც ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ. ისინიც არ იყვნენ მამა აბრამის ბატკნები, მაგრამ ეს უფრო უარესი აღმოჩნდა.

– ჩვენს პუტინს რომ დავუბრუნდეთ: თუ გასაღები არ მოიძებნა, ურთიერთობა გაჭირდება?

– გასაღებს, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოძებნა, პუტინი იქნება ეს თუ ობამა. თუ ობამას შეხვედრისას ეტყვი, შე შავოო, დამთავრებული ამბავია. ყველასთან აწონ-დაწონილად უნდა ილაპარაკო, რომ იქ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, რაც მაშინვე შეწყვეტს დიალოგს. ერთი ჩვენი სამხედრო მაღალი რანგის, მოღვაწე, ამერიკაში, ბანკეტზე ყვებოდა, როგორ ხოცავდა ღამით კურდღლებს. აღმოჩნდა, რომ მისივე რანგის ამერიკელი პარტნიორის ცოლი სწორედ კურდღელთა დამცველი ყოფილა. წარმოიდგენთ, ალბათ, ამის შემდეგ როგორ განვითარდებოდა დიალოგი. ასეთი რამ კი ძალიან ხშირია. არსებობს ეთნოცენტრიზმი, როდესაც მე მგონია, რომ შენც იგივე ღირებულებები გაქვს, რაც მე. ამიტომ, როდესაც ამერიკელს აძალებ, გინდა თუ არა, უნდა დალიოო, იმთავითვე ჩნდება ბარიერი, რადგან ეს მისთვის უჩვეულოა. ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც კულტურულ დონეზე ხდება გაუგებრობა.

– მე არ ჩამიტარებია კვლევა, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ჩვენთან არ უყვართ თავის ისე მოჩვენება თანამოსაუბრისთვის, თითქოს იზიარებენ მის აზრს, არადა ხშირად სწორედ ასეთი მოჩვენებითი ყურადღება გაძლევს იმ ადამიანით მანიპულირების საშუალებას.

– ეს არის ქართული კომპლექსი. ინფანტილური, ბავშვური დამოკიდებულება, მე ვთქვი და დამთავრდა. ქართველი ორიენტირებულია პატარა ჯგუფებზე – სამეგობროზე, სამეზობლოზე, სანათესაოზე, სადაც ყველამ იცის მისი პლუსები და მინუსები და მხოლოდ დადებითს უსვამენ ხაზს, უარყოფითს კი ივიწყებენ. როდესაც ასეთი ადამიანი სხვა ჯგუფს ხვდება, ყოველთვის იქმნება დაძაბულობა. ამიტომაც მთავრდება საქართველოში თითქმის ყველა ქორწილი ჩხუბით. იქ ორი ჯგუფი ხვდება ერთმანეთს და ორივე ამტკიცებს, რა მაგარია. კიდევ უფრო რთული ურთიერთობაა უცხოელებთან: საქართველოში გამომუშავდა ასეთი ისტორიული პოზიცია: შენ ჩემზე ჭკვიანიც ხარ, ძლიერიც, მდიდარიც, მაგრამ მე მაინც გჯობივარო და იმთავითვე მეორეხარისხოვან მდგომარეობაში აყენებენ უცხოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, უცხოელები ან ხვდებიან ამას და ბრაზდებიან, თუ კომპლექსებით არიან დამძიმებული; ან არასერიოზულად გვიყურებენ, როგორც ინფანტილურ ადამიანებს, რადგან შეხვედრისას უნდა იმუშაო პიროვნებაზე და არა სტერეოტიპზე.

– იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი და საქართველო, ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მოაგვარონ, კიდევ უფრო ძაბავენ ურთიერთობას?

– როდესაც კონფლიქტი მიაღწევს რაღაც დონეს, შემდეგ მისი შემობრუნება ძნელია, რადგან ყველა დადებითი ნაბიჯი მეორე მხრიდან განიხილება, როგორც ვერაგობა და არაგულწრფელობა, ყველა მტრული ნაბიჯი კი ზვიადდება. საერთოდ, ურთიერთობის მოწესრიგებას ორმხრივი სურვილი უნდა, აქ კი ერთმხრივიც არ არის.


скачать dle 11.3