კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როდის არის შეურაცხადი ეკა მახარობლიშვილი და რატომ თვლის ის საკუთარ თავს არასრულფასოვნად წარმატებულ ადამიანად



სერიალ „ჩვენი ოფისის” ყველაზე ორიგინალური, ენატიკტიკა და ავანგარდული მონაწილე, მსახიობი ეკა მახარობლიშვილი, ცხოვრებაში ძალიან თბილი, მშვიდი მოსაუბრე და წყნარი ბუნების ადამიანია. მართალია, ის დღეს შეყვარებულია, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებზე ლაპარაკი უჭირს და არც თავისი რჩეულის ვინაობის გამხელა სურს. თუმცა, იმაზე საუბარს არ არიდებს თავს, როგორი მორჩილი, დამჯერი და კარგი მეუღლე იქნება დაოჯახების შემდეგ.



ეკა მახარობლიშვილი: არასდროს ვცდილობ ვინმესგან განსხვავებული ვიყო, ჩვეულებრივი გოგონას იმიჯი მირჩევნია მქონდეს. ჩემი მეგობრები ამბობენ, ძალიან მხიარული, ხალისიანი და ზოგჯერ ზედმეტად მოლაპარაკე ხარო.

– ესე იგი, ბევრი ლაპარაკი გიყვარს?

– ხანდახან ბევრი ლაპარაკიც მიყვარს, მაგრამ გააჩნია ვინ არის ჩემ გვერდით, თორემ უცხოებთან კი არ ვლაპარაკობ ბევრს (იცინის). და კიდევ, არ მიყვარს დამოუკიდებლობა. მიყვარს როცა ვინმეზე ვარ დამოკიდებული, ასე უფრო დაცული ვარ. მარტოობაც მიყვარს. დედაჩემი და მამაჩემი რომ სადმე მიდიან და მეც მეგობრები მელოდებიან, მირჩევნია არ წავიდე, სახლში დავრჩე და მარტოობით დავტკბე. მუსიკას ჩავრთავ და ჭკუაზე არ ვარ.

– ეკა, როგორი ხარ შეყვარებული და რა იცვლება ხოლმე ამ დროს შენში?

– როცა მიყვარს, უკეთესობისკენ ვიცვლები. თვალებიც მიბრწყინავს, ლაღიც ვარ და ეს გუნება-განწყობასა და ქცევაზეც აისახება. უფრო ვიპრანჭები. თუ საყვარელი ადამიანის გვერდით ვზივარ, მირჩევნია ჩუმად ვიყო, რამე სისულელე რომ არ წამომცდეს (იცინის). ფაქტია, როცა მიყვარს მეც ვიცვლები და სამყაროც ჩემს ირგვლივ. ეს უცხო თვალისთვისაც შესამჩნევია. შეყვარებული სამყაროს ნათელ ფერებში აღვიქვამ და ახლაც ნათელია ირგვლივ.

– როგორც მივხვდი, შეყვარებული ხარ, არა?

– დიახ, შეყვარებული ვარ. არსებობს მამაკაცი, რომელიც მე მიყვარს და მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. ახლა არ მკითხოთ ვინ არისო (იცინის), ჯერ ამაზე არ მინდა საუბარი. ჩემი აზრით, ეს ძალიან პირადულია, ამ უფლებას დავიტოვებ და ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. ვფიქრობ, ადამიანი სულ შეყვარებული უნდა იყოს, თუ უნდა, რომ ცხოვრება უხაროდეს.

– ეჭვიანი თუ ხარ?

– არა, ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც საბაბი მაქვს და ტყუილად ხომ არ დავიწყებ უაზროდ ეჭვიანობის სცენების მოწყობას? არც ჩემი შეყვარებულია ეჭვიანი. არასდროს გამოუხატავს ეს და მგონი, არ უნდა იყოს. ისე, არც მე მიმიცია საბაბი. ჩემი აზრით, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, იმ დონეზე უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ ეჭვი არ შეეპაროთ რაიმეში.

– ადამიანმა რომ თქვას ბედნიერი ვარო, ამისთვის, შენი აზრით, რა არის საჭირო?

– სამყარო ისეა შექმნილი და ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა თქვას მე ბედნიერი ვარო. ამ ბედნიერებისკენ მიმავალი სწორი გზის არჩევაში არ უნდა შეცდე, თორემ რთული სულაც არ არის იყო ბედნიერი. მე ბედნიერი ვარ, და შემიძლია ეს ხმამაღლა ვთქვა.

– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს თუ შეეგუები?

– გააჩნია აკრძალვას. თუ მამაკაცი სიგიჟემდე გიყვარს და ის რამე რჩევას მოგცემს, ისიც უნდა გაითვალისწინო და არც ის უნდა მიიღო ცუდად თუ შენში რამე ცუდს ხედავს და გთხოვს მის შეცვლას. უნდა დაფიქრდე და, თუ ასეთი ცვლილება შენთვისაც უკეთესი იქნება, რატომაც არ უნდა გამოასწორო და აუკრძალო შენს თავს ის, რაც უკან დაგხევს? მე სხვების რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ და ჯერ არ წამიგია ცხოვრებაში. მაგრამ, თუ ისეთს მირჩევენ, რაც ჩემთვის მიუღებელია, რასაკვირველია, არ დავუჯერებ მათ. თუ მეტყვის სახლში იჯექი, შვილებს მიხედე და არ იმუშავოო, მეც დავჯდები და მოვუვლი ოჯახს, რა პრობლემაა, მაგრამ, ჯერ ამ დილემის წინაშე არ დავმდგარვარ (იცინის). თუ ჩემს გვერდით მყოფ მამაკაცს რაიმე ეშლება, პირში არ მივახლი, გვერდიდან მოვუვლი და ისე მივახვედრებ, რომ არც ეწყინოს და გაითვალისწინოს კიდეც. თუ არ დამიჯერებს, ეს მასვე დააზარალებს. დრო გავა და თავად მიხვდება შეცდომას, რასაკვირველია, თუ გვიანი არ იქნება. ჩემთვის ხრიკების გამოყენება უცხოა, მირჩევნია თბილი გულახდილობით მოვაგვარო სიტუაცია ოჯახში.

– როცა ქალი მამაკაცის საკუთრება ხდება, თითქოს მათ შორის ურთიერთობაც იცვლება, გარკვეულწილად რომანტიზმიც იკარგება და წინა პლანზე ოჯახური პრობლემები ინაცვლებს. შენც ასე ფიქრობ?

– მე ასე არ ვფიქრობ. მე ჯერ ოჯახი არ მქონია, მაგრამ დედაჩემის და მამაჩემის მაგალითით გეტყვით, რომ 24 წელია შეუღლებულები არიან, დღემდე ძალიან უყვართ ერთმანეთი და მათ შორის, მიუხედავად 24-წლიანი თანაცხოვრებისა, რომანტიკა არ ჩამცხრალა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ის მოსაზრება, რომ დაქორწინების შემდეგ, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა ცივდება და რომანტიკული ლტოლვაც ქრება, არ არის მართალი. ასე რომ, სიყვარულის განელება, იქ, სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია, შეუძლებელია და ამის არც მე მეშინია.

– იმისთვის, რომ ქალმა წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში და დასახული მიზნების განხორციელებაც შეძლოს, აუცილებელია გვერდით მამაკაცი ჰყავდეს, თუ ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეუძლია?

– ცხოვრებაში მთავარი წარმატება ქალისთვის ოჯახია. თუ მას კარიერასაც შეუთანხმებს, ამას რა ჯობია? მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ქალს მხოლოდ წარმატებული კარიერა აქვს და არ აქვს ოჯახი, ის სრულფასოვნად წარმატებული ქალი არ არის. ორივე სფერო თუ აწყობილი გაქვს ადამიანს, ესე იგი წარმატებული ხარ.

– რომ ამბობენ, სიყვარული ბრმა და ყრუა, ხოლო შეყვარებული ადამიანი კი დაბრმავებული და ყრუო, ამას თუ ეთანხმები?

– არა, არ ვეთანხმები. რატომ არის სიყვარული ბრმა და ყრუ? ან შეყვარებული ადამიანი დაყრუებულ-დაბრმავებული? მე მიმაჩნია, რომ სიყვარული ძალიან მარტივი, სადა და ჩვეულებრივი გრძნობაა. ის ყველასთვის არის, ღარიბისთვისაც და მდიდრისთვისაც, მთავარია, არ დაბრმავდე, პირიქით ფართოდ გაახილო თვალი და დროულად დაინახო ის ადამიანი, ვისაც შეიყვარებ და ვინც შენთვის ძალიან ძვირფასი გახდება ცხოვრების ბოლომდე, გვერდით დაგიდგება და არც პრობლემის გადაჭრა გაგიჭირდება მისი დახმარებით. ამის გამო, თვალების დაჭყეტა და გაფართოება, ნამდვილად ღირს. იპოვე, შეიყვარე და გახდი წარმატებული, ეს ხომ მარტივია? ჩემი შეყვარებული თუ მეგობარი ბიჭები ცდილობენ გამახარონ და ისეთ სიურპრიზებს მიწყობენ, მათთან გულახდილი და მხიარული რომ არ ვიყო, არ შემიძლია. თუმცა, გამოგიტყდებით, ახლო მეგობრებთან უფრო გახსნილი და მხიარული ვარ, უცხოებთან კი გულის გადაშლა და ბევრი საუბარი არ მიყვარს. როცა არ იცნობ, შეიძლება შენი ხუმრობა უადგილოდ მოეჩვენოს, ვერ გაგიგოს და უხერხულად იგრძნო თავი. ამიტომ, უცხოებთან ხუმრობასაც ვერიდები. მე ნამდვილი ვაჟკაცები და ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი მამაკაცები მომწონს. ხომ იცით, კაცია და გუნება. მე მირჩევნია, რომანტიკა მამაკაცის გამოხედვაში დავიჭირო და არა ჩემს ფანჯრებთან ნამღერ „მუხამბაზში“ ან აივანზე დაწყობილ ყვავილებში. თუმცა, მსგავსი ფაქტებიც მომხდარა.

– დღეს ვინ განებივრებს ყველაზე მეტად?

– ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ... ერთი სიტყვით, ის. (იცინის).

– მამაკაცისთვის ბოლომდე უნდა გაიხსნა და დაიხარჯო ქალი? ბოლომდე თუ უნდა გამოხატო სითბო და აგრძნობინო ის, რასაც მის მიმართ განიცდი, თუ გაქვს ისეთი საიდუმლოებები, რასაც მეორე ნახევარს არ გაანდობ?

– ვფიქრობ, საყვარელ მამაკაცთან საიდუმლოებები არ უნდა გქონდეს, მაგრამ თუ ძალიან ქალური ამბავია, შეიძლება არ უთხრა. ასეთი საიდუმლოებები მე არ გამაჩნია, რადგან სულ ვცდილობ არაფერი მქონდეს დასამალი, მით უმეტეს საყვარელი ადამიანებისგან. თუ რაიმე შეცდომა დავუშვი, მირჩევნია, ვთქვა და ამაზე სხვაც დაფიქრდეს, იგივე შეცდომა არ დაუშვას და ჩემს მაგალითზე ისწავლოს. დამალული სიტუაციები არ მიყვარს. ისიც აუცილებელია, საყვარელი მამაკაცის მიმართ გამოხატო ის გრძნობა და სითბო, რასაც მის მიმართ განიცდი. ბოლომდე უნდა დაიხარჯო მისთვის და ბოლომდე უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს. ქალი ამას სულ უნდა ეცადოს. რომ ამბობენ, მამაკაცს ყურადღება რომ არ მოაკლდეს და სხვისკენ არ გაიხედოს, ქალი ყოველდღე სხვადასხვანაირი უნდა იყოსო, ამის არ მჯერა. როგორ იქნები ყოველდღე სხვადასხვანაირი? ისედაც განსხვავებული და მრავალფეროვანი არ არის ყოველი დღე ადამიანისთვის?

– შენ თქვი, ჩემს შეცდომებს ვაღიარებ, რომ სხვებმა გაითვალისწინონო, სხვის შეცდომებზე არ ჯობია სწავლა?

– რასაკვირველია. და, მეც ასე ვიქცევი, სხვის შეცდომებზე ვსწავლობ ჭკუას.

– ეკა, ადვილია შენი წყობიდან გამოყვანა და როგორი ხარ გაბრაზებული? ამ დროს მტვრევა, ლეწვა, ყვირილი და ისტერიკა „მოსულა“?

– ძალიან რთულია ჩემი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ გამოვედი მტრისას. გარდატეხის ასაკში უფრო აფექტური ვიყავი, ახლა თავს მეტად ვაკონტროლებ. მაგრამ, ხანდახან წყობიდან გამოსვლაც მიწევს და ამ დროს ისეთი ვარ, ჩემი თავის მეშინია (იცინის). ამ დროს შეურაცხადი ვხდები, ვკივი, ვამტვრევ, ვლეწავ და საერთოდ კონტროლს ვკარგავ.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3