კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიბრალა შუაგულ იტალიაში “კაგებეშნიკობა„ ჯემალ ღაღანიძემ და სად წვავდა ის კოლეგის “მოსკვიჩს„ “დახრჩობამდე„


მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც სცენაზე დგას და მაყურებლისგან ტაშს იმსახურებს. ბატონი ჯემალი ძალიან კომუნიკაბელური, მხიარული და გულღია რესპონდენტია. მას ცხოვრებაში არაერთი სასაცილო, კურიოზული და საინტერესო თავგადასავალი ჰქონია, რომელსაც დღესაც დიდი ხალისითა და ემოციით იხსენებს.

ჯემალ ღაღანიძე: როგორც ყველა ადამიანი, მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სასაცილო თუ კურიოზულ სიტუაციებში. ძალიან ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს, ისეთ ადამიანებთან მიხდებოდა ურთიერთობა და ქეიფი, აბა, ასეთ ამბებს, როგორ ავცდებოდი?

– ბევრს მოგზაურობდით. ალბათ, ბევრი საინტერესო გასახსენებელიც გექნებათ. ისიც გავიგე, „შპიონად” ვერ ივარგეს ქართველმა მსახიობებმა უცხოეთშიო. მართალია?

– ერთხელ, უცხოეთში ვიყავით გასტროლებზე. იქ რომ საყიდლებზე არ წახვიდე კაცი, აბა როგორ იქნება? სუვენირები, საჩუქრები ხომ უნდა ჩამოიტანო საქართველოში. თან საბჭოთა კავშირის პერიოდში, უცხოეთიდან ჩამოტანილი, ყველაფერი ჩანდა. ახლა რომ ყველაფერს იშოვი აქაც, ასე კი არ იყო. მოკლედ, იტალიაში, კერძოდ, მილანში ვიყავით და გადავწყვიტეთ ბაზრობაზე წასვლა. კახი კავსაძე უცხო მხარეში ორიენტაციაში ცოტა „ჭედავს” და ამიტომ ხელჩაკიდებული თუ არ იარე მის გვერდით, არ არის გამორიცხული დაკარგო. მერე მისი მოძებნა არ გინდა? ბაზარში, სადაც ჩვენ წავედით, რუსი ემიგრანტები ვაჭრობდნენ. თან, გვერდიდან არ გვშორდებოდა „კაგებეს” წარმომადგენელი. მივუყვებით ბაზრობას, ვათვალიერებთ „ტავარს”. თან შავი სათვალე გვიკეთია. „კაგებეშნიკმა” გვითხრა, აქ რუსები ვაჭრობენ და ნუ დაილაპარაკებთ, ისე მოიქეცით, ვითომ უცხოელები ხართო. დავთანხმდით. მოკლედ, ვთამაშობთ უცხოელებს, თავი „კაგებეშნიკები” გვგონია, როლში ვართ შეჭრილი და... უცებ, ერთმა რუსმა ქალმა იცნო კახი, მიაშტერდა და ქმარს გადაულაპარაკა: საიდან მეცნობა ეს კაცი ნეტავო? ქმარიც დააკვირდა. გავიხედეთ, მივდივართ და უკან მოგვყვება ეს ცოლ-ქმარი. უცებ, გაარკვიეს, ვინც იყო და მთელი ხმით დაიყვირეს: აბდულა, აბდულაო. კახის აბდულას როლი ჰქონდა რუსულ ფილმში ნათამაშები და იმით იცნეს შუაგულ იტალიაში. მოიხსნა სათვალე კახიმ, მიუბრუნდა „კაგებეშნიკს”, გაშალა ხელები და უყვირა: რა გინდა, ძმაო, არ გამოვა ჩვენგან „კაგებეშნიკები”, ხომ ხედავ, აქაცა გვცნობენო (იცინის). ერთხელ კი, ანზორ ბურჯანაძემ დაგვპატიჟა და წაგვიყვანა ლეჩხუმში საქეიფოდ. ჩვენთან ერთად იყო ქუთაისელი კოლორიტი კაცი, ცნობილი დამრტყმელი და თამადა ჯოტია ონიანი და ეროსი მანჯგალაძე. ეროსის ახალი ნაყიდი ჰყავდა დანჯღრეული მანქანა „მოსკვიჩი”, ტარება რომ ესწავლა. ვიქეიფეთ იმ საღამოს და კარგად გამოვთვერით. დილით, ჯოტია ამოვიდა მეორე სართულზე, გადახედა ნაბახუსევ სტუმარ-მასპინძელს და მითხრა: ახლა თუ რამე არ მოვიფიქრეთ, ესენი გამღვიძებლები არ არიანო. რა უნდა მოგვეფიქრებინა, დიდი-დიდი წყალი დავასხათ და ასე გამოვაფხიზლოთო. არაო, მე უფრო მაგარი რამე მოვიფიქრე, ავდგეთ და ეროსის „მოსკვიჩს” ქვეშ კვამლის გამშვები „დიმკატა” დავუდოთ. რომ ამოვარდება ბოლი, შენ მთელი ხმით დაიყვირე – არიქა, გვიშველეთ, მანქანა იწვისო. ერთი სიტყვით, მანქანა რომ კვამლში გაეხვია, ავტეხე ყვირილი: გვიშველეთ ხალხნო, „პაჟარია”, დავიღუპეთ, მანქანა იწვის-მეთქი. უნდა გენახათ, ნამთვრალევი ხალხის გამოფხიზლება (იცინის). გავიხედეთ, მორბიან „ტრუსიკებში“. ეცნენ ვედროებს, მივარდნენ ჭას, კინაღამ შიგ ჩაცვივდნენ სისწრაფეში. აგვიტყდა სიცილი მე და ჯოტიას. გამოგვხედეს და დაგვცოფეს: რა გაცინებთ ერთი, აქედან როგორ წახვალთ, იმასაც ვნახავთ, თქვე „ცირკაჩებოო”! იმდენი წყალი ასხეს, მანქანა ტივტივებდა (იცინის). მერე ვუთხარით, დაანებეთ თავი მაგ საწყალ „მოსკვიჩს”, სანამ მაშველების მოყვანა არ დაგვჭირვებია და არ დამხრჩვალა ეგ უბედურიო.

– სანადიროდ ან სათევზაოდ თუ ყოფილხართ? ალბათ, საინტერესო თავგადასავალი გადაგხდებოდათ.

– მსახიობ მიხო ჩიხლაძეს ძალიან უყვარდა თევზაობა. გასტროლებზე ვიყავით ხობში და ატყდა, გინდა თუ არა სათევზაოდ წავიდეთო. გამაღვიძეს დილის ექვს საათზე, დამაჭერინეს დიდი მოთევზავესავით ანკესი და გამიყოლეს ხობის წყალზე. დავსხედით ნაპირზე, გადავყარეთ წყალში ანკესები და ველოდებით, როდის წამოეგება თხუტმეტკილოგრამიანი თევზი (იცინის). მიხომ იფიქრა, სანამ თევზი წამოეგება ანკესზე, ცოტას გავგრილდებიო. შევიდა წყალში და არ წაიღო დინებამ?! იქნევს ხელ-ფეხს, მიჰყავს დინებას, მე კიდევ მხარზე ანკესგადაკიდებული მივყვები სირბილ-სირბილით, ნაპირ-ნაპირ. გავიხედეთ, შუა მდინარეში დიდი ლოდი გამოჩნდა. ეს ჩვენი მიხო წყალმა ისე მიატყეპა იმ ლოდს, გეგონებოდათ ვან გოგმა მიახატაო (იცინის). დავიყვირეთ, მანდ იყავი, არ გაინძრე და ახლავე დავგრეხთ თოკს-ბაწარს-მეთქი (იცინის).

– ბაწარი სადღა გქონდათ?

– არა კაცო, რა ბაწარი. შინდის ხეები იდგა. ტოტი მოვგლიჯეთ, გავაცალეთ კანი და გადავუგდეთ. მიხო იქით ექაჩება, ჩვენ, აქეთ. კიდევ კარგი, ნედლი ტოტი იყო და არ გატყდა. ერთი სიტყვით, ერთი ვაი-ვაგლახით გამოვიყვანეთ სამშვიდობოს ეს ჩვენი მიხო. რომ მოვედით აზრზე, მერე ვეცით და ჩხუბი დავუწყეთ: შე, კაი ადამიანო, რომ აიჩემე სათევზაოდ წამოსვლა, ჩვენ ნაპირზე დაგვსვი ანკესებით ხელში დიდი მეთევზეებივით და შენ გაგრილება მოინდომე, არ უნდა გეფიქრა, რას აკეთებდი? შენ წყნარად გრილდებოდი, ისე მიგაქანებდა მდინარე ხელ-ფეხსაც არ იქნევდი, ჩვენ კიდევ, დავწყდით სირბილით. გაგვაგებინე ერთი, სათევზაოდ წამოგვიყვანე თუ სარბენადო (იცინის). ისე გვაძუნძულა, მთელი ერთი კვირა ფეხის კუნთები მტკიოდა.

– ამბობენ, ბატონ ჯემალს, განსაკუთრებით ავტოინსპექტორები სწყალობდნენო. ეს რით გამოიხატებოდა?

– ეს მართალია და ძალიან მიხარია, რომ სამართალდამცველებსაც ვუყვარვარ და პატივს მცემენ. არ დამავიწყდება, ფილარმონიაში, პირველ აპრილს გაიმართა კონცერტი – „მღერიან და ხუმრობენ კინოსა და თეატრის მსახიობები”. მოკლედ, ანშლაგით ჩატარდა კონცერტი, დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ჩავჯექი მანქანაში და სახლისკენ დავიძარი. ვარაზის ხევს ჩავუყევი თუ არა, გავიხედე, პოლიციის მანქანიდან მიყვირიან: „ვოლგა” ნომერი 96-96, მიაყენეთ მანქანა. ვიფიქრე, მივაყენებ რა, მოვა მიცნობს, მეტყვის: ვა, ბატონო ჯემალ, გამარჯობა, როგორ ბრძანდებით, აქეთური-იქეთური და მიბრძანდითო. ამ იმედით გავაჩერე მანქანა. გავიხედე, პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა, „აზიაცკებამოცმული“, ახმახი ავტოინსპექტორი, ტყავის ჩანთა მოიხსნა, ჩემი მანქანის „კაპოტზე” დადო და მომიახლოვდა. მე ვუცინი, ის წარბებს მიწევს. მაგ ღიმილს გირჩევნია, საბუთები მომაწოდოო. ვა, ვიფიქრე, ვერ მიცნო „ნიუჟელი“-მეთქი? ისევ გავუღიმე და ისე მივაწოდე საბუთები. ჩახედა საბუთებს და მკაცრი ტონით მითხრა: ბატონო ჯემალ, „ფსიხო“ მიტანილი გქონდათ, ამას რომ იღებდითო? ვიფიქრე, ეს ისეთია, ვერაფერს შევაგნებინებ და ჯობია, დავნებდე-მეთქი. ვუთხარი, დამაჯარიმე, შე კაი კაცო, რაღას მაყოვნებ და შენც კარგად იყავი და მეც-მეთქი. ჩემი მანქანის „კაპოტზე” გაშალა ფურცლები, კარგი „პისმენი სტოლი” მოიწყო და დაიწყო რაღაცეების წერა. კი გავიფიქრე, ნეტავ, ამდენს რას წერს, ასეთი დიდი ჯარიმა რა ამკიდა-მეთქი. ვკითხე: ბატონო ჩემო, ამოდენა რა დავაშავე, რომ ვეღარ დაწერეთ ჯარიმა, რა არის კაცო, ხელმეორედ ხომ არ წერ „ვეფხისტყაოსანს”-მეთქი. გამომხედა და მითხრა: უკვე დავასრულე წერა და ახლავე გაგაცნობთო. ვა, ცოტა მომბალი მეჩვენა. გამომაწოდა ფურცელი, წაიკითხეთო და რას ვხედავ? თურმე ექსპრომტად ლექსი არ დაუწერია ჩემზე? ეწერა: „ალბათ, ფიქრობ, რომ ვერ მიცნო, ვინ არის და რა რჯულია, ან კინოში, ან თეატრში არასოდეს არ უვლია? რომ გიცანი სწორედ მიტომ, დაგეწიე ჩემი „აპიტ”, ოჯახი რომ დამიმშვენოთ თქვენი კოხტა ავტოგრაფით. თქვენ კონცერტიდან მოვდივართ, ჩემი ცოლი, შვილი – ლია, ასე მიტომ გაგეხუმრეთ, დღეს პირველი აპრილია“. აბა, როგორი ლექსია? გადავირიე სიხარულით, გადავეხვიე, გადავკოცნე. ვუთხარი: ბიჭო, შენ გალაკტიონი ყოფილხარ-მეთქი. გაეცინა: გალაკტიონი კი ვარ, მაგრამ გვარად კალმახელიძეო (იცინის). გახედა თავის მანქანას, დაუქნია ხელი იქ მჯდომ ხალხს, გაიღო კარი და გადმოცვივდნენ: ცოლი, შვილი, მთელი სანათესაო. მეცნენ, ავტოგრაფი გამომართვეს, მესიყვარულენ და ასე დავიშალეთ. ერთხელ კი, წეროვანში მივდიოდი „დაჩაზე“. იქ ბევრ მსახიობს ჰქონდა „დაჩა“ და ხშირად ავდიოდით ხოლმე. ჩქარა მივდიოდი. გავიხედე, ავუხვიე თუ არა, ბუჩქებიდან ავტოინსპექტორმა გამოყო თავი, დამიქნია ჯოხი და გადმოხტა. გავაჩერე მანქანა. მომიახლოვდა და დაუშვა ცხვირი: წადი, წადი, მე ხომ ბედი არ მაქვს, დღეს სულ შენისთანები მხვდებიან, ორი კაპიკი ვერ გამიკეთებია, ეს საქმეაო? ვიფიქრე, რაებს ამბობს-მეთქი და ჩავეძიე: მაინც, ვინ იყვნენ ჩემისთანები, ასე რომ ხარ დაბოღმილი-მეთქი. გაშალა ხელები და დაიწყო: ვინ ბატონო და, გავიხედე, მოდის მანქანა, გავაჩერებ-მეთქი, ვიფიქრე და ედიშერი არ ზის მაღალაშვილი საჭესთან?! ხომ არ გავაჩერებდი. გავიხედე დაბლიდან მოდის მანქანა, დავაპირე ჯოხის აქნევა და გურამ საღარაძე არ ზის საჭესთან?! ვა... ბედი არ გინდაო. გამეცინა და ვუთხარი: მოიცადე და უკან, კუდში მომყვება ბორის წიფურია და ისიც ნახე ბარემ-მეთქი. გადაირია: გამაგებინე რა ხდება, პირი შეკარით მსახიობებმა თუ რაშია საქმეო. ვუთხარი: არა კაცო, რა პირი შევკარით, აქ „დაჩები“ გვაქვს და ამოვდივართ ხოლმე-მეთქი. დაფიქრდა. უცებ თავი მოიფხანა და ჩაილაპარაკა: ეს სად დავმდგარვარ კაცო, ვერავინ გამაფრთხილა რა ადგილიც იყოო?! მოახტა თავის მოტოციკლეტს და ისე „გააჭენა” უკან არ მოუხედავს (იცინის).


скачать dle 11.3