კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შერჩენილი ვალი, ქელეხის სუფრიდან გადაყენებული თამადა, „სტაიანშჩიკი“ გივი და ლოვიკას ლოგიკა


ანსამბლ „მეტეხის“ ხელმძღვანელის, გელოდი ფოცხიშვილის თქმით, მისთვის ახლანდელი თბილისი ერთგვარი იურიდიული ქალაქია. ადრე, თბილისელი, ამ ქალაქის ჩარჩოში არასდროს ჯდებოდა, ცდილობდა თავისი ქცევით, რბილად რომ ვთქვათ, დაერღვია დაუწერელი თუ დაწერილი კანონები და ამას, თბილისი აუცილებლად აპატიებდა, შეუნდობდა. დღეს ადამიანებს შორის ურთიერთობებიც თითქმის დაკარგულია და ქუჩაში სიმღერა ნასვამ მდგომარეობაში, უცხო ადამიანისთვის სიყვარულის ახსნა თუ უბრალო გაუგებრობის გამო მუშტი-კრივი, სასტიკად აკრძალულია. არადა, ადრე ქუჩურ გარჩევებს, ბოლოს მაინც შერიგება, სიყვარული და სუფრა ახლდა თან. ეს ადრე... დღეს კი ეს ურთიერთობები დავიწყებულია.


ავტორიტეტი ტარიელას გარჩეული საქმე და გადაუხდელი ვალი

ადრე, თბილისში, არაერთი ავტორიტეტი ქურდი ცხოვრობდა. ერთ კანონიერ ქურდთან ვმეგობრობდი და ბევრ ისეთ ჭკვიანურ, ცხოვრებისეულ რამეს იტყოდა ხოლმე, ჭკუაში დაგიჯდებოდა კაცს და დაფიქრდებოდი. დაგარიგებდა, კაცური პოზიციიდან დაგანახვებდა სიტუაციას. რომ დავაკვირდი, ქურდული იდეოლოგია უფრო მისაღები იყო ჩემს ახალგაზრდობაში, ვიდრე სახელმწიფო იდეოლოგია. ერთხელ, გასტროლები გვქონდა თურქეთში. მომღერალმა, რომელიც თან გვახლდა, გაბრაზებულ გულზე დალია და აურია. აღმოჩნდა ისე, რომ გაუგებრობა მოხდა, წავიდა გაწევ-გამოწევა და ამ ორომტრიალში დაიჭრა ერთი თურქი. პოლიციაც მალევე მოვიდა, ამ გაუგებრობაში ჩვენც დაგვადანაშაულეს და დაგვიჭირეს. მერე კი გაირკვა სიმართლე და გამოგვიშვეს. ერთი სიტყვით, ამ ამბავს შეესწრნენ ავტობუსის მძღოლები, რომლებმაც ანსამბლის წევრები წაგვიყვანეს. გასტროლები ჩაიშალა და ხუთი ათასი დოლარი ვეღარ გადავუხადეთ მძღოლებს. ისე წავიდა საქმე, ისინი მე მაწვებოდნენ, მე მათ ვუხსნიდი სიმართლეს, ვერ შევთანხმდით და ბოლოს და ბოლოს, ეს საქმე კანონიერ ქურდამდე – ტარიელამდე მივიდა. ორივე მხარე ავედით მასთან საქმის გასარჩევად. ორივეს მოგვისმინა. უცებ დაფიქრდა, მიუტრიალდა მომჩივან მძღოლებს და უთხრა: ქართველები არ ხართ ბიჭებო? გაუგებრობაში მოყვა კაცი, გადამთიელები ხომ არ ხართ? არ ჯობია, მშვიდობიანად დაშორდეთო? მერე მე მომიტრიალდა და მითხრა: არც ერთი კაპიკი არ მისცე ამათ, შენ მართალი ხარ, თუ გაიგებენ ხომ კარგი, თუ არა და უვარგისები ყოფილან. ჩემი ბოლო სიტყვა ეს არის – თუ სიტყვაზე მენდობით, ჩემი სიტყვაც ეგ არის, მეტი რა გითხრათო. მძღოლებმა დაიწყეს ლუღლუღი: როგორ გეკადრებათ, თქვენ თქვით და ჩვენ როგორ შეგეწინააღმდეგებით, თქვენს სიტყვას რომ ფასი არ ჰქონდეს ჩვენთვის, აქ არ ამოვიდოდით და კარგად ბრძანდებოდეთო. ასე გადავრჩი ავტორიტეტი ტარიელას ერთი სიტყვის წაშველებით ხუთი ათასი დოლარის გადახდას და მძღოლების წუწუნს დავეძებდი?! ასე რომ, მაშინ სხვა დრო იყო, ჭრიდა ავტორიტეტის სიტყვა და მას დიდი წონა ჰქონდა. ის რომ იტყოდა, მას წყალი არ გაუვიდოდა. ჰოდა იმ სიტუაციაში მისი სიტყვა ჩემთვის ხუთი ათას დოლარს უდრიდა და რატომ არ გამოვიყენებდი ასეთ შანსს?! ავტორიტეტ ქურდთან ვიზიტით საქმეც გაირკვა, სიტუაციაც დაცხრა და ხუთი ათასიც აღარ დამაწვა გაჯიუტებული მძღოლებისგან ვალად.

სახელით გაფუჭებული საქმე და „სტაიანშჩიკი“ გივის ნათესავი ავტოინსპექციის შეფი

ერთხელ, საბურთალოზე მივდიოდი მანქანით. შუქნიშანზე ის იყო წითელი უნდა ანთებულიყო და ვიფიქრე, გავასწრებ-მეთქი, არ შევაჩერე და გზა გავაგრძელე. გავიხედე, საპატრულოს მანქანამ გამაჩერა. კომუნისტების დროიდან მაქვს ჩვევა, როცა მაჩერებენ, მანქანიდან პირველი მე გადმოვდივარ. მოკლედ, გამაჩერა პატრულმა, მომიახლოვდა, „ჩესტი“ ამიღო. გავაღე კარი და გადმოსვლა რომ დავაპირე, მითხრა, არ არის საჭირო, ბრძანდებოდეთ, საბუთები მომაწოდეთო. მივხვდი, დავაშავე და ვიფიქრე, ასე ვერ მცნობს, იქნებ რომ გადავალ, მიცნოს-მეთქი და ვექაჩები, გინდა თუ არა, გადმოვალ-მეთქი. ის იქაჩება – არა, ბრძანდებოდეთო. რაღას ვიზამდი? დავჯექი და მივაწოდე საბუთები. მან კი მეორე პატრულს დაუძახა, მიაწოდა საბუთები და უთხრა: წითელზე გაიარა და დააჯარიმეო. მეორე რომ მოვიდა, მომიბოდიშა, რა ვქნა, ბატონო, უნდა დაგაჯარიმოთ ოცი ლარით, სხვა გზა არ მაქვს. ისე, მე თქვენი ანსამბლის წევრებთან ვმეგობრობ და ოღონდ ახლა არ განაწყენდეთ, ეს ჯარიმა გადაიხადეთ და მერე მე მოგცემთ ოც ლარსო. როგორ გეკადრებათ-მეთქი. გამოწერა ჯარიმა, ჩავდე მანქანაში და წავედი. ერთი თვე გავიდა. იმდენი საფიქრალი და საქმე მქონდა, რომ ამომივარდა თავიდან გადასახდელი ჯარიმა. რომ გამახსენდა, უკვე გადაცდენილი იყო გადახდის ვადას. პოლიციელი გავაჩერე გზაში და ვკითხე, რა ვქნა, სამი დღე გადაცდა ჯარიმაზე-მეთქი. მითხრა, ვერაფერს იზამთ, თუ ოცი ლარი უნდა გადაგეხადათ, ახლა 170 ლარს გადაიხდითო. დამცხა. სადაც მანქანას ვაჩერებ ხოლმე, ერთი „სტაიანშჩიკი“ გივი დგას. კარგად ვიცნობ. რომ გავაჩერე მანქანა და დაღვრემილი სახით გადმოვედი მანქანიდან, მკითხა, რა დაგემართაო. ავუხსენი, ჩემი ცუდი განწყობის მიზეზი. გაეცინა, გაშალა ხელები და მითხრა: მერე მაგაზე დარდობთ, ავტოინსპექციის უფროსი ჩემი ნათესავია, მომეცი შენი საბუთები, მივალ და მე გიშველიო. ვიფიქრე, თუ ამხელა თანამდებობის კაცი ამის ნათესავია, ამას მეტი სამსახური ვერ უშოვა-მეთქი. მეორე „სტაიანშჩიკი“ იდგა იქვე და ისიც რომ დაეთანხმა, მივხვდი, არ ტყუოდა. ვკითხე, ამ საქმეს თუ გამიკეთებ, პატივი რითი გცე, რა გინდა-მეთქი. გაეცინა, არაფერი მინდა, ბოლოს და ბოლოს თბილისელები არ ვართ, ამდენი ხანია, აქ აჩერებ მანქანას და თუ დახმარება შემიძლია, ამაზე უარს როგორ გეტყვიო. მივეცი საბუთები და წამოვედი. გავიდა ხანი. მივაკითხე „სტაიანშჩიკ“ გივის და ვკითხე, როგორ არის ჩემი ჯარიმის საქმე-მეთქი. მითხრა: ვიყავი და ასე მითხრეს, თავად მოვიდეს, მოადგილის სახელზე დაწეროს განცხადება და მივხედავთო. მივედი. დავწერე განცხადება. მითხრეს, სახლში წაბრძანდით და იქ მოგივათ პასუხიო. გავიდა დრო. არადა, გადახდის ვადა ოცდახუთი დღე იყო. რომ გავიდა ეს დრო და სამი დღეღა დარჩა, ვიფიქრე, ისევ არ გადასცდეს ვადას და კიდევ არ გაიზარდოს ჯარიმა – ხუთასი ლარი არ გახდეს-მეთქი და დავრეკე. მითხრეს, მობრძანდით და სასწრაფოდ გადაიხადეთ ის თანხა, თორემ დაემატება, არ დააკმაყოფილეს თქვენი განცხადებაო. მივვარდი, გადავიხადე ფული, თან ვფიქრობდი, გამომერთმია ის ოცი ლარი იმ პატიოსანი პატრულისთვის და გადამეხადა, ხომ ავცდებოდი ამდენ ხლაფორთს, არ ჯობდა-მეთქი. მოკლედ, გადავიხადე ასსამოცდაათი ლარი ჯარიმა და ისევ მივადექი გივი „სტაიანშჩიკს“. ვუსაყვედურე, ეს არის შენი გაკეთებული საქმე, რომ ამბობდი, თბილისში ყველა მძღოლს მე ვუწყობ საქმესო? თავი დაღუნა და მიპასუხა: მოიცა კაცო, რა დახმარება, რისი მძღოლები, რომ მივედი და ვუთხარი, ამას და ამას უნდა დახმარება-მეთქი, გადაირივნენ, რა გაუჭირდა ახლა მაგას ასეთი, ამ თანხაზე რომ დაგარბენინებს, სხვა რომ ყოფილიყო, იმას გავუკეთებდი, აი, მაგას არ გავუკეთებო. ასე რომ, თბილისში უსახელობა უფრო ჭრიდა და ჭრის, ვიდრე სახელი. თუმცა, ვისთვის როგორ.

„პატრიოტი“ ლოვიკა და

გადარჩენილი სიცოცხლე

ერთი მეზობელი მყავს, სომეხი ლოვიკა. ელიავას ბაზრობაზე დახლი აქვს და რკინის რაღაცეებს ყიდის. რომ ჰკითხოთ, ყველაფერი აქვს. არადა, „ბოლტი“, ჭანჭიკი, ვინტი-მინტი... რომ დაგჭირდეს, არ აღმოაჩნდება. მოკლედ, ერთ დღესაც გავბრაზდი და ვუთხარი: ასეა, ბატონო, საქართველოში ცხოვრობ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ეს ქვეყანა გიყვარს, ბიზნესი გაქვს და რომ დასჭირდა ჩვენს ქვეყანას, აფხაზეთის ომში არ წახვედი. აბა, შენ ადამიანი ხარ-მეთქი. მხრები აიჩეჩა: ტყუილად მიბრაზდები, გელოდი-ჯან, მე სომეხი ვარ და არ მეკუთვნოდა ჯიგარო, წასვლა. ტყვია რომ მომხვედროდა და მოვმკვდარიყავი, საქართველოს მიწაზე უნდა დავსაფლავებულიყავი. მერე დაიწყებდით, რა არის, საქართველო სომხების სასაფლაოა? ჰოდა, ამიტომ არ წავედი, არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევაო.

გადაყენებული თამადა და საქელეხე ღვინის დეგუსტატორთა ბრიგადა

ახლობელს ბიძა გარდაეცვალა. დაიწყო სამზადისი, გაიმართა მსჯელობა – სად გადაეხადათ ქელეხი, ვინ იქნებოდა თამადა, ვინ შეარჩევდა სუფრისთვის ღვინოს და ასე შემდეგ. მოკლედ, დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, გაარკვიეს, ვის დანიშნავდნენ თამადად და ის ადგილიც შეარჩიეს, საიდანაც ღვინოს ჩამოიტანდნენ. შეიქმნა ოთხკაციანი ბრიგადა ღვინის ჩამოსატანად და ჭირისუფალმა აიჩემა, გინდა თუ არა, თამადა ჩაუდგეს სათავეში ამ საქმეს, წაჰყვეს მათ და, თავად გასინჯოს ღვინო, არ შევრცხვეთ, თავი არ მოგვეჭრას დაპატიჟებულ სტუმრებთანო. რაღას იზამდა თამადა, უარი ვეღარ თქვა და გაჰყვა მათ. იფიქრა, სადაც ამდენ პატივს ვცემ ცხონებულს, ბოლოს მაინც ვიტყვი, ჩემი ხელმძღვანელობით შეირჩა ღვინო და მოება თავის ამ საქმეს ბოლომდეო. გავიდა სამი-ოთხი საათი, არ ჩანან. აფორიაქდნენ ჭირისუფლები, სად წავიდნენ აქამდეო. გავიხედეთ, გაჩერდა დიდი „გრუზავიკი“. საბარგულზე შემოდებულია ღვინის ბოცები, მაგრამ ბრიგადის წევრები და თამადა არ ჩანან. ვკითხეთ მძღოლს: ის პატიოსანი ხალხი სად არიანო? გაეცინა: ეგე, ზემოთ ღვინის ბოცები დევს, ჩამოიღეთ და მანდვე წვანან ისინიც, თან გადმოაყოლეთო. თურმე, ღვინის ასარჩევად რომ მისულან, ამდენ რჩევა-რჩევაში ისე დამთვრალან, ფეხზე ვეღარ იდგნენ. რას ვიზამდით? გადმოვიღეთ ბოცები და ისინიც გადმოვასვენეთ მკვდრებივით. შეუცვლელი ვინ არის? ჰოდა, სასწრაფოდ შეიკრიბა ისევ ჭირისუფალი, იფიქრეს ერთის ნაცვლად ექვსი არ გაგვიხდეს დასასაფლავებელიო, გადააყენეს თამადა და ახალი დანიშნეს. ერთი სიტყვით, თამადა არც დასაფლავებას დასწრებია, არც ქელეხს და ყველაფერი რომ ჩამთავრდა, მერე გამოფხიზლდა და გამოჩნდა. რომ გაიგო, მკვდარი დაასაფლავესო, სინანულით გამოთქვა საყვედური: კაცო, უჩემოდ როგორ დაასაფლავეთ ის პატიოსანი კაცი, მაგის გამო კინაღამ მეც წერილი წავიღე. ისეთი „რეჩი“ მქონდა მომზადებული, ისე უნდა მეთამადა, საცოდავს რომ მოესმინა, უკან მობრუნდებოდაო. ჭირისუფალი გადაირია: რას ამბობ კაცო, შენს გამოფხიზლებას რომ დავლოდებოდით, ხომ დავიხოცებოდით ნამტირალევი, ის მკვდარი აქეთ შეგვეხვეწებოდა, მომასვენეთ ახლა, ხალხნი არ ხართო?! ჰოდა, რაც შეეხება შენს მომზადებულ „რეჩს“ და მის მობრუნებას იმქვეყნიდან, თუ კაცი ხარ თავი გაგვანებე. კიდევ კარგი, გადაგაყენეთ თამადობიდან, თორემ ხარჯი გაგვიღია, ძლივს დაგვისაფლავებია და ახლა იქ განისვენოს მშვიდად, შეირგოს და შეგვარგოს რაც დავხარჯეთო.


скачать dle 11.3