კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდება ძალების აღდგენა ლევან მჭედლიძეს და როდის რჩება ანუკი ქორქიას ღამის ცხოვრებისთვის დრო


პერსპექტიული და იმედისმომცემი ფეხბურთელებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ ლევან მჭედლიძე, რომელმაც წარმატებული სეზონი დახურა პალერმოში ნამდვილად გვანიჭებს „სიხარულებს“. ჟურნალისტი კი, მასთან ინტერვიუზე ერთი დღით ანუკი ქორქია გახდა, რომელმაც ფეხბურთელის იტალიური ცხოვრების წესი გაარკვია.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია

ანუკი ქორქია

– სად თამაშობ?

– ახლა სეზონი დავამთავრე პალერმოში და გუნდის არჩევის ეტაპი მაქვს. ზუსტად სად წავალ, არ ვიცი.

– როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა. მახსოვს, ის მატჩი, სადაც ორი პატარა ბავშვი თამაშობდა და რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. ეს ბავშვები შენ და ლევან ყენია იყავით. რას ნიშნავდა მაშინ თქვენთვის ნაკრებში მოხვედრა?

– რა თქმა უნდა, ჩვენი ასაკისთვის მაშინ, ძალიან დიდი სიხარული იყო ნაკრებში თამაში. ეს ერთი წარმატებული მატჩი იყო. უფრო და უფრო მეტისთვის რომ მიგვეღწია, მაშინ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობაც მეტი ექნებოდა. ისეთი მართლა არაფერი ყოფილა, რომ გავგიჟებულიყავი.

– მაშინ მითხარი, რა გაგაგიჟებდა?

– მართლა არ ვიცი. ალბათ, მადრიდის „რეალში“ თამაში.

– ან გორის „დილაში“.

– ეგეც შესაძლებელია (იცინიან).

– ამის შემდეგ, ალბათ, შენი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის გოგონებში.

– რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაიგო ხალხმა ჩემი სახელი და გვარი, ბევრი დაიწერა, ითქვა. თუმცა, ამან მაინცდამაინც იმოქმედა გოგონებზე-მეთქი, ვერ ვიტყვი. რას აკეთებენ განსაკუთრებულს ჩემი ყურადღების მისაქცევად არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს უფრო მეტად შეიმჩნევა. ბევრ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ არ დავკონკრეტდები.

– რას ნიშნავს ფეხბურთელობა დღევანდელ მსოფლიოში. ეს მხოლოდ საყვარელი საქმეა, რომელიც გინდა აკეთო თუ ბევრი ფული, გოგონები, პოპულარობა, მაგარი მანქანები?

– როდესაც თამაშს იწყებ, მაშინ მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, მთელი შენი ცხოვრება ესაა. მაგრამ მხოლოდ ენთუზიაზმით, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ „გაქაჩავ“. დღეში შვიდი-რვა საათი რომ ვარჯიშობ და გუნდისთვის წარმატებები მოგაქვს, შესაბამისად, უნდა იყოს ამის დაფასება. თუმცა რაც არ უნდა შემოსავალი და კარგი ცხოვრება მქონდეს, თუ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ მომანიჭებს, თავს დავანებებ. ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს, ფეხბურთი არ არის მხოლოდ ფული და გართობა.

– გართობისთვის დრო გრჩება?

– თითქმის არა. ფეხბურთელის ცხოვრება არც ისეთი ბრჭყვიალაა, როგორც ეს გარედან ჩანს. ძალიან ცოტა თავისუფალი დრო თუ მაქვს, იმასაც დასვენებას ვანდომებ, რადგან ვიცი, მეორე დღისთვის ძალები უნდა აღვიდგინო. მკაცრ რეჟიმში ვართ. თუ პროფესიონალი გინდა, იყო სხვანაირად არ გამოდის. დილა იწყება ვარჯიშით, მერე ერთი-ორი საათი ისვენებ, მერე შუადღისას ისევ ვარჯიში, საღამოს ისევ ორი საათი თავისუფალი დრო და დასვენება – მეორე დღისთვის. გასართობი საქმე ფეხბურთი ნამდვილად არ არის.

– თუმცა, ეს დასვენების პერიოდიც შენ არ გეკუთვნის, ვერ წახვალ და შუაღამემდე კლუბში ვერ იცეკვებ.

– შეუძლებელია, არ არსებობს. ასეთი გართობა მხოლოდ შვებულების დროს. ან, როდესაც თბილისში ვარ. დასვენება წელიწადში ორჯერ მაქვს, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში. ამ დროის რაღაც პერიოდს მაინც ვატარებ თბილისში. თბილისში ვარ ასევე ნაკრებში გამოძახებაზე. წლის განმავლობაში, თვე-ნახევარს მაინც ვატარებ საქართველოში.

– ვიღაცეები რომ იბიცაზე ან სეიშელზე მიდიან დასასვენებლად, შენ აქ ჩამოდიხარ?

– იქაც შემიძლია წასვლა, მაგრამ თბილისში ჩამოსვლის გარეშე ვერ გავძლებ. თუმცა, იბიცაზე წასვლას მაინცდამაინც შვებულება არ სჭირდება. კვირაში ორი დღე რომ გქონდეს დასვენება, მაინც მოახერხებ იბიცაზე წასვლას. თბილისში კი ასე ცოტა დრო არ გეყოფა.

– ყველაზე მკაცრი მწვრთნელი ვინ იყო?

– ბოლოს ვისთანაც ვიყავი, ანუ როსი.

– შენში ფეხბურთელის ნიჭი მშობლებმა აღმოაჩინეს თუ თავად მოინდომე?

– ჩემი სურვილი იყო. როგორც, ალბათ, ყველა პატარა ბიჭს, მეც ფეხბურთელობა მინდოდა. შემიყვანეს და გავყევი და გავყევი. მერე ამ საქმემ ისე ჩამითრია, სწავლასაც და ყველაფერს თავი დავანებე, მთლიანად ფეხბურთში გადავეშვი.

– ეს ძალიან სწორი მგონია, რადგან რაშიც ხარ, იქ თავიდან ბოლომდე უნდა იყო და თან, პირველი. მხოლოდ საქართველოში არიან „დიპლომიანი“ სპორტსმენები. ყველაფერი ერთად არ გამოდის.

შენს „ფეისბუქზე“ ვნახე ფოტოები. ძალიან ბევრ ცნობილ ფეხბურთელთან ერთად გითამაშია? ისეთებთან, რომლის სახელებსაც ტატუებად იკეთებენ ქართველი გოგონები (იცინიან).

– კი, მითამაშია საკმაოდ ბევრ ასეთ ფეხბურთელთან. თუმცა, ზიდანთან ვერ მოვხვდი და ყველაზე მეტად „მიტყდება“. ზიდანი ის ფეხბურთელია, რომელთან თამაშიც სიამოვენებაა. მითამაშია რონალდინიოსთან, რონალდოსთან, ძალიან ბევრ ბრაზილიელთან. იტალიის ნაკრების წევრებთან – კანავაროსთან და სხვა.

– ვის გულშემატკივრობდი მსოფლიოს ჩემპიონატზე?

– განსაკუთრებით არავის. რონალდინიო რომ არ აიყვანეს, ამის გამო ბრაზილიის ნაკრებს ვერ ვიტანდი. ესპანეთზე ვამბობდი ჩემპიონი გახდება-მეთქი, მაგრამ არ ვგულშემატკივრობდი. უფრო ჩილე, ავსტრალია და ეგეთი გუნდებისკენ ვიყავი.

– არ არის რთული ამ ვარსკვლავებთან ერთად თამაში? შეიძლება, მაინც დაკომპლექსდე, შეიზღუდო, ვერ გაიმეტო ისე როგორც სხვა.

– საერთოდ, არც ერთი ფეხბურთელის გამეტება არ შეიძლება და არ ვიმეტებ, რადგან იგივე შეიძლება, მეც გამიკეთონ. ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩამოვთვალე, მისაბაძი არიან, მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველა იმ ფეხბურთელისთვის, დღეს რომ იწყებს მაღალ დონეზე თამაშს. თუმცა, ბრძოლაში ყველაფერი შესაძლებელია, ამის გამო არ ვიზღუდები და ბურთის წართმევა ნამდვილად არ გამიჭირდება.

– როგორია იტალიური ცხოვრება – ბევრი წითელი „ფერარით“, ულამაზესი გოგოებითა და ბრჭყვიალა ქუჩებით?

– ზუსტად ეგეთია. ცხოვრება იციან იტალიელებმა და გადმომედო. კარგი ცხოვრება ვის არ უყვარს?! თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი შავ-თეთრია და აქ ადამიანებმა გართობა არ იციან. პირიქით, უბრალოდ, ყველა ქვეყანას, ქალაქს თავისი ხიბლი აქვს. იტალიის ხიბლი კი განუმეორებელია. გინდა-არ გინდა თავის ტემპს გაყოლებს. თუმცა, მაინც მგონია, რომ ქართველი ქართველია და ბოლომდე არ იცვლება.

– მენტალურად შეგცვალა ამ ხუთმა წელმა?

– არც ისე, რადგან იტალიელების ხასიათი ჩვენგან დიდად განსხვავებული არ არის. მით უმეტეს, სიცილია, სადაც ორი წელი ვცხოვრობდი. მაგარი გიჟები არიან.

– ცოცხალი მაფიოზი გინახავს?

– რა თქმა უნდა, სიგარით და ვისკით ხელში. (იცინიან) არა, ვხუმრობ, სად ვნახავდი?! ესე, ქუჩაში არ დადიან. თუმცა, „ძველბიჭური“ სიტუაცია მაინც იგრძნობა.

– ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ?

– ჯერჯერობით არა. მართალია, შეყვარებული მყავს, მაგრამ ჯერ მაინც მინდა, ჩემი ძირითადი დრო სპორტს დავუთმო. ყველაფერი ერთად არ გამოდის. ერთად ვართ და თავს მშვენივრად ვგრძნობთ.

– გოგონებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ გაქვს? შეყვარებულისგან კი არა, მწვრთნელისგან.

– კონტრაქტი აბსოლუტურად ყველაფერს ითვალისწინებს. თუმცა ფეხბურთელიც ჩვეულებრივი ადამიანია და თავის არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი. შეიძლება, გითხრან, ჯერ ცოლი არ მოიყვანოო, მაგრამ ესეც იქიდან გამომდინარე, რომ ისეთ პერიოდში ხარ, ძალიან ბევრის გაკეთება შეგიძლია. თან ძალიან რთულია, შენს გვერდით მყოფისთვისაც, თვეობით „ზბორები“, ვარჯიშები. ისეთ ყურადღებას ვერ მიაქცევ, როგორიც ქალს სჭირდება. ამის დროც მოვა. თუმცა, ჩემს გვერდით ყოფნა ახლაც ძალიან რთულია – მე სხვა ქვეყანაში ვარ, ის საქართველოშია. გვიყვარს, ვენდობით და ვცდილობთ, ერთმანეთი ეჭვიანობით არ დავღალოთ.

– „ბრენდომანია“ თუ გადმოგდო იტალიამ?

– არა. მაგრამ, მომწონს კარგი ჩაცმა. მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, რომ რომელიმე ბრენდის იყოს, მთავარია მომეწონოს.

– აი, ახლა რა საათები გიკეთია?

– მარცხენა – არც ერთი ბრენდის არ არის, ხელნაკეთია, ხელით აწყობილი...

– ანუ უფრო ძვირი ფასი (იცინიან).

– კი. მეორე – „გუჩია“. ყველა მეკითხება რატომ გიკეთია ორი საათიო, უბრალოდ, ვერთობი, მეტი არაფერი. მომწონს და მორჩა.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლევან მჭედლიძე

– ვიცი, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ და რაც მთავარია, გადარეული ლიკას და (იცინიან). ჩამოვედი და გავიგე, რომ გადაცემა მიგყავს, სადაც ვარსკვლავებს „ანადგურებ“. რად გინდოდა ეს საქმე, ვინ გაგაბრაზა?

– ეს პროექტი ძალიან ბევრ ქვეყანაში გადის და სადაც არის, ყველგან წარმატებულია. ყველა ქვეყანაში იგივე სახელით გადის. გადაცემაში ერთი ცნობილი და ძალიან წარმატებული მონაწილეა, რომლის დამარცხებასაც რვა რაუნდში ცდილობს ყველასთვის უცნობი ადამიანი.

– შეიძლება, რომ მე დამამარცხოს ვინმემ?

– რა თქმა უნდა. თუ მოხვალ, ვინმე კარგ ბიჭს შეგირჩევთ, რომელიც შენ დამარცხებას შეეცდება. თამაში მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე არ არის დამოკიდებული, კიდევ ბევრი რაღაც არის საჭირო, რომელიც შეიძლება, კარგად ნავარჯიშებმა ადამიანმა ვერ გააკეთოს.

– ვინ დაგამახსოვრდა ვარსკვლავებიდან?

– პრეტენზიული არავინ იყო. ძალიან კარგად ითამაშა დუტა სხირტლაძემ, გოგონებიდან კი შორენა ბეგაშვილმა. სუსტად ითამაშა ნინო ჩხეიძემ, ნული ქულით წავიდა თამაშიდან. საკმაოდ რთული თამაშია, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ, აუცილებლად მოიგებ. ისე კი არ უნდა შეხედო, როგორც გასართობს, არამედ როგორც სერიოზულ ბრძოლის ველს.

– შენ თვითონ არ გაქვს სურვილი, რომ ამ ყველაფერში ძალები მოსინჯო – ჩაყვინთო, ირბინო და სხვა?

– ვაიმე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ისე მინდა, ვერ წარმოიდგენ. დარწმუნებული ვარ ყველაფერს მოწინააღმდეგეზე კარგად გავაკეთებ. ვინც მოდის, ყველა გოგო იპრანჭება, რა წესია ვერ ვხვდები, მაშინ რატომ მოდიან. ზუსტად ვიცი, არც თმის ვარცხნილობას გავუფრთხილდებოდი და არც მაკიაჟს. ყველა რაუნდს თავს გავართმევდი წარმატებით.

– ზაფხული მოვიდა, რატომ ხარ ჯერ ისევ თბილისში? დასვენებას არ აპირებ?

– წელს სწავლა დავამთავრე და ძალიან მინდა, რომ დავისვენო, მაგრამ ბევრი სამუშაო მაქვს. გადაცემის გარდა, რომლის ჩაწერებიც, ალბათ, მთელი აგვისტო გაგრძელდება, ვარ ერთ-ერთი ძალიან კარგი კლუბის, „სკაი ლაუნჯის“ ფიარ-მენეჯერი, რომელიც ასევე მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან მაგრად იმუშავებს. ანუ, თავისუფალი დრო ზაფხულში არ მაქვს. სავარაუდოდ, სადღაც, სექტემბერში მოვახერხებ დასვენებას და წავალთ იქ, სადაც სტანდარტულად დავდივართ ხოლმე, ანუ, თურქეთში ან რამე კარგს მოვიფიქრებ.

– მერე არ წუწუნებ?

– საერთოდ არა. პირიქით, ასეთი რეჟიმი ძალიან მომწონს. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, დილიდან საღამომდე ერთ ადგილას ვიჯდე, რაღაცას ვაკეთებდე და ყველაზე დიდი გართობა მეგობრის ნახვა იყოს. მირჩევნია, ძალიან აქტიურად ვიყო, უზომოდ ბევრი საქმე მქონდეს და უფრო გავანაწილებ დროს. რაც არ უნდა დატვირთული ვიყო, მყოფნის ენერგია, რომ საღამოს სადმე გავერთო და მეორე დილით ადრიანად ავდგე.

– ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ.

– ოღონდ როგორ გამომივიდა, იცი?! ბოლოს უნდა მიმეწერა – გამომეხმაურონ პერსპექტიული ბიჭები და ჩემი ტელეფონის ნომერი (იცინიან).

– რა პროფესიის ხარ?

– სტომატოლოგი.

– საშინლად მეშინია სტომატოლოგების.

– მეც (იცინიან). არ მესიმპათიურებიან. რეალურად, არ ვაპირებ ამ სპეციალობით მუშაობას. წლების წინ, როდესაც ჩავაბარე, სხვა მიზნები მქონდა. მაგრამ, წლები ტყუილად რომ არ დამეკარგა, ძალიან კარგად ვისწავლე. მიმაჩნია, რომ ახლა საკმაოდ კარგი სპეციალისტი ვარ. ოდესმე, თუ მოვინდომებ ამ პროფილით მუშაობას, თამამად შევუდგები საქმეს, რადგან ვიცი, ჩემს საქმეს გადასარევად გავაკეთებ.

– კლუბის ფიარ-მენეჯერი ხარ, შესაბამისად, შენც, ალბათ ძალიან გიყვარს კლუბური გართობა?

– რა თქმა უნდა. აქტიური ცხოვრება ჩვიდმეტი წლის ასაკში დავიწყე და სულ ვცდილობდი, ყველა „უიქენდი“ ხმაურიანად გამეტარებინა, ცეკვაში და ამბავში. სხვა შემთხვევაში, იმ ადგილს ვერ გააფიარებ, სადაც ყოფნა თავად არ მოგწონს. თან „სკაი“ „ლაუნჯია“ და არა კლუბი, უბრალოდ, საცეკვაო ადგილიც არის გამოყოფილი და უქმეებზე კეთდება საინტერესო „ივენთები“. ძალიან კარგი სიტუაციაა, ბევრი ნაცნობი ამოდის, საინტერესო საღამოებს ვაწყობთ. სხვათა შორის, სულ ახლახან ჩამოყვანილი გვყავდა პავორ სტელარი, რომელიც ძალიან დიდი საჩუქარი გამოდგა თბილისელი „ქლაბერებისთვის“.

– შენ თუ გყავს შეყვარებული, ბოლოს ეგ მითხარი?

– არა, სამწუხაროდ. ვერანაირად ვერ ჩავატიე ჩემს რეჟიმში (იცინიან). როგორც ჩანს, ჯერჯერობით, არ მაქვს იმის საჭიროება, რომ გვერდით მაინცდამაინც ვიღაც მყავდეს. მარტოც არაჩვეულებრივად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუ მივხვდები, რომ სიმარტოვე არ მომწონს, რაღაცას ვიზამ (იცინიან). გამოსავალს ვიპოვი.

– ესე იგი, აუ, „უიქენდებს“ სკაიპში ვატარებთ?

– რა თქმა უნდა. გელოდები, ყველა იმ ფეხბურთელთან ერთად, რომელიც წეღან ჩამოთვალე (იცინიან).


скачать dle 11.3