კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო დიდხანს გასაიდუმლოებული ბესო ბერულაშვილის ამქვეყნად მოვლენა და როგორ შეირცხვინა მან თავი საყვარელი გოგონას ოჯახში


პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ძალიან მხიარული, თავგადასავლებით სავსე, კეთილი და მეგობრული ადამიანია. როგორც თავად ამბობს, კახელია და, თუ გაბრაზებულმა მაგრად „დაილოცა“, ესეც ეპატიება. მისი წარმომავლობის წყალობით, არც გატეხილი თავის წებოთი „შეწებება“ უჭირს და არც გამოუვალ სიტუაციაში ღალატობს საღი, ნამდვილი კახური იუმორი. ერთი სიტყვით, მის გვერდით ადამიანს მოწყენისთვის დრო ნამდვილად არ დარჩება.

ბესო ბერულაშვილი: ზოდიაქოთი „სასწორი“ ვარ და, ამიტომ, ხან კარგი ვარ და ხან – ცუდი. კი ვცდილობ, სულ გაწონასწორებული ვიყო, მაგრამ, ხალხნი ვართ და ხან გამომდის და ხან – არა. შეყვარება გულით ვიცი, არასდროს ვცდილობ ადამიანის გამოყენებას, მაგრამ... თუ მოვიძულე, კახური „დალოცვა“ ზედა აქვს (იცინის).

– ბესო, ვიცი ქართული სუფრა და მოლხენა გიყვარს. იმდენი თუ დაგილევია, რომ სუფრასთან გათიშულიყავი?

– ქეიფი და სუფრის თავში ჯდომა ვის არ უყვარს? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სტუმრების მოლხენა-გახალისება არ მეშლება, რა ვიცი, მგონი, არც ურიგო თამადა უნდა ვიყო. რაც შეეხება გათიშვას, სუფრასთან არა, მაგრამ, ერთხელ ისე გავითიშე მანქანაში, ძლივს „შევიწებე“ გატეხილი თავი სუპერწებოთი – გამიმართლა, რომ კახელი ვარ (იცინის). მართალია, დინჯი მძღოლი ვარ და სისწრაფე არ მიყვარს, მაგრამ ერთხელ ისე დავთვერი, საჭესთან გავითიშე და ისე „ჩავკოცნე“ გაჩერებული მანქანა, ძლივს „ამაწიწკნეს“. მოკლედ, ერთი მეგობარი მყავს. გადამეკიდა, გინდა თუ არა, „მართალი“ დავლიოთო და მეც ავყევი.

– „მართალის“ დალევა რას ნიშნავს?

– ჰო, ეს საფირმო სიტყვაა და ნიშნავს იმას, რომ კაცმა დალიო კონიაკით სავსე მოზრდილი ჭიქა. ერთი „მართალი“ რომ დავლიეთ, იმას მეორე მოჰყვა, მესამე და, იმდენი მართალი ჩემს მეგობარს, რაც მე დამმართა ამ სიმართლემ (იცინის) – მომეკიდა მაგრად. მანქანამდე რომ მივედი, ეს მახსოვს, რომ ჩავჯექი – ესეც მახსოვს, მანქანა რომ დავქოქე და დავძარი, ესეც მახსოვს, ჩემო ბატონო, მაგრამ, როგორ მივაღწიე პეროვსკაიას ქუჩამდე – ეს აღარ მახსოვს – უცბად დამკრა თავში და გამთიშა. ჯახანის ხმამ გამომაფხიზლა და უკვე ვიღაცის მანქანაზე ვიყავი „შემჯდარი“. გამოფხიზლება და ლეწვა ერთი იყო – დაჯახების დროს თავი ვგლიჯე მანქანის „პარპრიზს“ და, კახელი რომ არ ვყოფილიყავი, იქ გადავრჩებოდი?! (იცინის). კიდევ კარგი, წებო მშველის, თორემ ამხელა თავს გაკერვა არ უნდა?! ერთი სიტყვით, გადმოვხტი მანქანიდან, დავიწყე ხელების შლა, „სართულებიანი“ გინება – ვერ მხედავდი, რომ მოვდიოდი? გადმოდი მანქანიდან, რას მემალები-მეთქი. არადა, კაციშვილი არ გადმოდის. გავიხედე, ბარიდან მორბის კლიენტი და თავში აქვს ხელები წაშენილი: რა მიქენი ეს, დავაყენე მანქანა კაცურად, ვიფიქრე, ცოტა ხნით შევალ ბარში-მეთქი და... მოკლედ, მე ჩემსას ვაწვები, რატომ დამეჯახე მეთქი, ის – თავისას. ბოლოს, იფიქრა, ეტყობა, ეს ვერ არის კარგადო. საავადმყოფოში გამაქანეს და ისე გამბინტეს, სარკეში რომ ჩავიხედე, ვეღარ ვიცანი საკუთარი თავი. ექიმი სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო. მკითხა: ბატონო ბესო, თავი რომ დაარტყით მანქანის „პარპრიზს“, გონება ხომ არ დაკარგეთო. გამეცინა და ვუპასუხე: რას ამბობთ, ქალბატონო ექიმო, თავი რომ „ვგლიჯე“ მაშინ მოვედი აზრზე-მეთქი (იცინის). სახლში რომ დავბრუნდი, მერე გამახსენდა ის ჩემი მეგობარი, სულ „მართლები“ რომ მახუხვინა, დავურეკე და გავლანძღე: მაგ სიმართლით იარე შენ, რა სიმართლითაც მე მატარე გუშინ, ერთი მანქანა გამაჩნდა და ისიც სიმართლეს შევწირე, საქმეა ახლა ეს-მეთქი? აი, ასე დამთავრდა ჩემი „სიმართლით“ გათიშვა და ახლა ვცდილობ, აღარ დავლიო იმდენი, ასე სიმართლით რომ არ მომიწიოს სიარული.

– ვიცი, ძალიან ბევრი მეგობარი გყავს და მათ გამო არაერთხელ წასულხარ მსხვერპლზე. მართალია, რომ ერთხელ კრიმინალური საქმის „თანამონაწილეც“ გახდი?

– მინდოდა თუ არა, გავხდი ქურდობის მოწმე და, რა მექნა?! სხვათა შორის, ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. ჩემი მეგობარი დაძვრებოდა ერთ გათხოვილ ქალთან. ერთხელ მთხოვა, იმასთან მინდა ასვლა და სადარბაზოში დამელოდე, კიბეზეო. უარი ვერ ვუთხარი და გავყევი. სადარბაზოში სიბნელე იყო, ჩამოვჯექი კიბეზე და დაველოდე. უცებ, ვხედავ, ქურდებმა პირველი სართულის ფანჯარა ჩაამტვრიეს, შევიდნენ ბინაში და ზიდავენ და ზიდავენ... გავისუსე, სუნთქვა შევკარი... ეს ჩემი მეგობარი არადა არ ჩანს – ეტყობა, ნამეტანი გაუტკბა იმ ქალთან (იცინის). მოკლედ, დილამდე ასე გასუსული ვიჯექი კიბეზე, ქურდებმა კი პირწმინდად გაიტანეს სახლი. ასე თუ ისე, გავხდი მათი თანამონაწილე, მა რა ჯანდაბა იყო.

– საყვარელი ქალის გამო საგმირო საქმე თუ ჩაგიდენია?

– საგმირო საქმისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ეს ქალები დიდი უცნაური რამეები ხართ, ხო იცი... ჯერ სილამაზით ატყვევებთ კაცს, მერე ნელ-ნელა აჩენთ იარაღებს და, გონს რომ მოვა კაცი, უკვე გვიანია. ძალიან ლამაზი ქალი მინახავს, მაგრამ, პირს რომ გააღებს და დაგელაპარაკება, შაურია მისი ფასი. ისე, თუ დამიჯერებთ, ჩემი აზრით, ქალისთვის ბრძოლა მართლა ღირს. ლამაზ ქალს რომ ვხედავ, რეტი მესხმის (იცინის). არ დამავიწყდება, ერთი გოგონა მიყვარდა სკოლაში სწავლის პერიოდში და მასთან ავედი სახლში. გაიშალა სუფრა და მამამისმა ისე დამათრო, მთელი ღამე დედამისს ეჭირა ჩემი შუბლი. ისე მაგრად ვეჭიდებოდი უნიტაზს, საყვარელი გოგონა კი არა, ლამის საკუთარი მშობლები დამავიწყდა. საგმირო საქმეა, აბა, არ არის?

– მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

– როგორ განვითარდებოდა? ისე მრცხვენოდა, იმ გოგოს რომ დავინახავდი, ვიმალებოდი და მამამისს და დედამისს დავენახვებოდი მეორედ? (იცინის).

– ბესო, წერომ მოგიყვანა თუ კომბოსტოში გიპოვეს მშობლებმა?

– ბავშვობაში ვინ გეტყოდა სიმართლეს? საიდან მოხვედი და მოევლინე ამ ქვეყანას – სულ გამოცანად რჩებოდა. ათასი ვერსია მქონდა და ვერაფერს ვამტკიცებდი (იცინის). ახლანდელმა ბავშვებმა „შორენას ღამიდან“ გაიგეს, საიდანაც გაჩნდნენ, მე კიდევ, სანამ სკოლა არ დავამთავრე, ბაიბურში არ ვიყავი. ჩემთან რთულად იყო საქმე: ბაზარში რომ მივყავდი მშობლებს, ვიმალებოდი – კომბოსტოს გამყიდველმა არ მიცნოს და არ წამიყვანოს-მეთქი. რომ არ ვჭამდი, მემუქრებოდნენ, დავუძახებთ ახლა ციგნის ქალს და წაგიყვანსო. ერთხელ, მამაჩემი მოვიდა სახლში და დედაჩემს ჩემს გასაგონად ეუბნება: ის ციგნის ქალი შემხვდა და ბესო მოიკითხა, ხომ კარგად არის, საჭმელს თუ ჭამსო. გავიტრუნე და იმ დღეს იმდენი ვჭამე, კინაღამ ყურის გაჭრა დამჭირდა.

– ვიცი, ფეხბურთი ძალიან გიყვარს და, ალბათ, ბევრიც ინერვიულე მსოფლიოს ჩემპიონატზე. სპორტის ამ სახეობაზე ბავშვობიდან „აფანატებ“?

– ბავშვობიდან. ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ახლაც იმდენი ემოცია გამოვხატე, ამ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, კარგა ხანს მეყოფა (იცინის). წერეთელზე, სტადიონთან ახლოს ვცხოვრობდით. ერთხელ, თამაში იყო და მთელი უბანი მიდიოდა, მეც მინდოდა დასწრება და მამას ვთხოვე, წავეყვანე. გავიხედე, თამაში დაიძაბა, ხალხი გაიტრუნა და უცებ გუცაევმა გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. ათი ათასი კაცი წამოხტა და იხუვლა. მამაჩემმაც ვერ მოთოკა ემოცია, გახარებულმა დამავლო ხელი და ჰაერში ამაგდო. თან, იმხელაზე ამაგდო, რომ მეორე იარუსზე ვიღაცამ დამიჭირა. დაიწყეს გადაძახილი – ვისია, კაცო, ეს ბავშვი, პატრონი არ ჰყავსო? მერე ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „შენია?...შენია?“ გამწარებული მაყურებლები ხელებს იქნევენ – არა, რა ჩვენი, მოაშორეთ აქედანო და... ასე კითხვა-კითხვით მიმიყვანეს სპორტულ კომენტატორთან, თემურ ანჯაფარიძესთან, რომელიც ამ მატჩს უძღვებოდა კომენტატორის სპეციალური ჯიხურიდან. გამოაცხადა, ბავშვი დაიკარგა, ამა და ამ გვარისა და სახელის და მოაკითხეთო. კაციშვილი არ მაკითხავს. მეორედ გამოაცხადა, მესამედ... გაიხედეს და – უცებ, ტაბლო ჩაქრა, რაღაცეები იწერება. გადაირია კომენტატორი: გამოცხადდით კაცო, ამ ბავშვმა, სადაც კნოპკა დაინახა თითებს აჭერს, პატრონი არ ჰყავს? გაიყვანეთ აქედანო (იცინის). ერთი სიტყვით, მამაჩემი გახარებული მივარდა სახლში და დედაჩემს ახარა – მოვიგეთო. დედა გადაირია: რა მოიგე, ბავშვი სად არისო და... აი, აქ დასცხა მამაჩემს. მოვარდა თავქუდმოგლეჯილი სტადიონზე და სულ ცემა-ცემით წამიყვანა სახლში. ვინ იყო ახლა საცემი, მე თუ ის? (იცინის). აი, ასეთ ფასად დამიჯდა ფეხბურთის სიყვარული – ხალხი გამარჯვებას რომ ზეიმობდა, მე გვერდებში მხვდებოდა.


скачать dle 11.3