კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუფრით „დასჯილი” მომღერლები, ცოლის ნაგინები ქმარი, რომანსებით გადახდილი პატივისცემა და ამერიკული „ტავარით“ ამოღებული ვალები


როგორც მომღერალი ნუგზარ კვაშალი ამბობს, 21 წლის ასაკში მიხვდა, რომ თბილისელობა მისთვის განსაკუთრებული პატივი და ვალდებულება იყო; რომ ამ ქალაქის გარდა, სხვაგან თავს კომფორტულად და დაცულად ვერ იგრძნობდა და ეს მისი საყვარელი ადგილი იყო. ეს მაშინ იგრძნო, როცა გასტროლებზე პირველად მოუწია უცხო ქვეყანაში წასვლა. ორი კვირის შემდეგ, ამერიკაში ჩასული, ითხოვდა, თბილისი მომენატრა და მალე გამიშვით აქედანო. მისი თქმით, თბილისი ის ქალაქია, სადაც უამრავი მეგობარი, ნაცნობი, საყვარელი და სათაყვანო ადამიანი ცხოვრობს. სულითა და ხორცით ვერელ კაცს, უამრავ საინტერესო და კოლორიტ თბილისელებთანაც ჰქონია შეხება და დღეს მათთან გატარებულ წუთებს სიამაყით იხსენებს.


მაღალჩინოსნის გარჩეული საქმე და გიტარისთვის მოჩხუბარი უბნელები

ერთი კარის მეზობელი მყავდა, ვახო სიმონიშვილი. ძალიან კარგი ბიჭი იყო. მას ჰყავდა ბიძაშვილი – სერგო. ვახოს სულ ერთი თვის დაწყებული ჰქონდა სამსახური მილიციაში. მისცეს „მაკაროვი“, თან, სპორტის ოსტატი იყო კრივში და, ერთი სიტყვით, გაჭიმული დადიოდა თბილისის ქუჩებში. მე მაშინ ვიწყებდი სასცენო კარიერას. მეგობრები ვიკრიბებოდით ჩემთან სახლში, ვუკრავდით, ვრეპეტიციობდით და ვგეგმავდით მომავალს. გავიხედე, ერთ დღეს, პლეხანოველი ძმაკაცი მირეკავს: გიტარაა გასაყიდი, მე ვერ ვერკვევი და იქნებ შენ შემხვდე და ნახო, ღირს ამის ყიდვა თუ არაო. უარს როგორ ვეტყოდი. ჩავიცვი და შეხვედრის ადგილი დავთქვით ვერაზე. მოვიდნენ პლეხანოველი ბიჭები, მსჯელობენ ინსტრუმენტზე და სერგოც გამოჩნდა. მოვიდა და გამომელაპარაკა. ამასაც ვცემ პასუხს, თან პლეხანოველებს ვესაუბრები, მოკლედ, ორ ფრონტზე ვიბრძვი. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ, სერგო გაბრაზდა – რას ჰქვია, ამათ მეტს ესაუბრები და მე არაო. პლეხანოველებმა კიდევ – ჩვენ საქმეზე მოვედით და შენ გვიშლი ხელსო და, ისეთი ჩხუბი ატყდა, მტრისას. კარგი მსაჯივით შუაში ჩავდექი, მაგრამ, მე რას გავწვდებოდი? ბეგვავენ ერთმანეთს, მიდის შუხური. უცებ, ვახო გამოჩნდა, დაინახა, მის ბიძაშვილს უბაყუნებენ, გავარდა, რევოლვერი მოიტანა და, ის-ის იყო, უნდა ესროლა წინ გადავუდექი და, არ გამოჰკრა ხელი?! მადლობა ღმერთს, არ გავარდა. ალბათ, ჩემი ბედი იყო. იმას ხომ შეეშინდა და მე შემეშინდა და შემეშინდა. დაიძაბა სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ სახლთან, სადაც ჩვენ ვჩხუბობდით, ცხოვრობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური. თურმე ნუ იტყვით და, მისი ფანჯრების წინ ხდება საქმის გარჩევა და, რა ვიცით?! გავიხედეთ, ალექსი მოვარდა მანქანით – რა ხდება, ბიჭებო, გამაგებინეთ, თქვე ხულიგნებო, თურმე ჩემს ფანჯრებთან საქმის გარჩევა მიდის, მე კიდევ, მთელ დუნიაზე დავეძებ კრიმინალებსო. გავისუსეთ, ვიფიქრეთ, თავი არ ამოგვაყოფინოს „ვირის აბანოშიო“. გადააქნია თავი და გვითხრა: მე ნუ ჩამრევთ, თავად გაარკვიეთ საქმე და მორიგდით, სირცხვილია, რასაც თქვენ სჩადიხართ, აბა კარგად დაფიქრდითო. დავფიქრდით, დავთქვით, მეორე დღეს რესტორანში შევხვედროდით და დავიშალეთ. მეორე დღეს კი ისეთი ქეიფი „ავწიეთ“, ფანტასტიკური. ჩემი პლეხანოველი ძმაკაცები ისე დაუძმაკაცდნენ ჩემს ვერელ ძმაკაცებს, ვიღას ახსოვდა გიტარა და ჩქარი ტაში. რომ ვიშლებოდით, ვკითხე: ბოლოს და ბოლოს, გიტარას ყიდულობთ თუ არა, ჩემი აზრი აღარ გაინტერესებთ-მეთქი? გაეცინათ: რა გიტარა, ბიჭო, კინაღამ წერილი წაგაღებინეთ! მადლობა ღმერთს, გადარჩი, ის პატიოსანი კაციც დროულად მოვიდა და გაარჩია ჩვენი საქმე და აწი შენ დაუკარი და ჩვენ დავამღერებთო. აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩემს საყვარელ თბილისში და ეს ნამდვილად სასიამოვნო მოგონებად დარჩა.

სასტიკი ინსპექტორი და სუფრით დასჯილი „ივერია“

ერთი ინსპექტორი იყო, რომელზეც ისტორიები დადიოდა. ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და მასთან არც კაცური სიტყვა ჭრიდა და არც ფული. მის ხსენებაზე მძღოლებს კანკალი ეწყებოდათ. მისი სახელი და გვარი კი მქონდა გაგებული, მაგრამ, სახეზე არ ვიცნობდი. ერთხელ, მოვდივართ „ივერიის“ ბიჭები სამი მანქანით, მაგრად ნაქეიფრები. გავიხედეთ, არ გაგვაჩერა სამივე?! მოგვიახლოვდა, და „ჩესტი“ რომ აგვიღო და სახელი და გვარი გვითხრა, დაგვცხა. მივხვდით, მაგარ შარში გავყავით თავი. ხმას არ ვიღებთ. გვიყურა, გვიყურა და ბოლოს გვითხრა, გადმოდით მანქანებიდანო. ვიფიქრეთ, მოდი ანსამბლი „ივერია“ ვუხსენოთ და იქნება გაგვიშვასო. ეს რომ ვუთხარით, წარბები შეყარა: მე სახლში ტელევიზორი არ მაქვს და არ ვიცი, რა არის ეგ თქვენი „ივერია“, არ მაინტერესებს, გადმოდით მანქანიდანო. მივხვდით, არაფერი გაჭრიდა და გადმოვედით. ვდგავართ დამნაშავეებივით. მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხა შიგ და სადღაც წაგვიყვანა. ვიფიქრეთ, რას შვრება ეს კაცი, ნასვამობაზე, ყველას როგორ გვიჭერსო. გავიხედეთ და... მივედით ერთ ადგილას და სუფრა არაა გაშლილი ოცდაათ კაცზე?! ერთმანეთს გადავხედეთ. გაეცინა იმ ინსპექტორს: მართლა დაიჯერეთ, რომ ვერ გიცანით? მე თქვენთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. ვიცი, ჩემზე ბევრი ცუდი გაქვთ მოსმენილი, ყველასთვის კეთილი და პატიოსანი ხომ ვერ ვიქნები და, ახლა რომ გაქეიფებთ კარგად და „დაგსჯით“ სუფრით, მერე რას იტყვით ჩემზე, მაგასაც გავიგებო.

დაკუჭული ფეხსაცმელი და

ცოლისგან ნაგინები ქმარი

იტალიაში ვიყავი გასტროლებზე. ჩემს ცოლს იქიდან ჩამოვუტანე ძალიან ლამაზი „ზამშის“ ფეხსაცმელი – ასი დოლარი მივეცი და კომუნისტების დროს ეს დიდი ფული იყო. ისე მოსწონდა ჩემს მეუღლეს ეს ფეხსაცმელი, შვილივით უფრთხილდებოდა. ერთ დღესაც, მეგობრები ცოლებთან ერთად წავედით რესტორანში. თამადა ვიყავი და, რომ შევქეიფიანდი, ავიტეხე, გინდა თუ არა, ჩემი ცოლის ფეხსაცმლიდან უნდა დავლიო შამპანური-მეთქი. გავხადე ფეხსაცმელი, ჩავასხი შამპანური, უნდა მოვიყუდო და ვხედავ, არ დაიკუჭა ცხრამეტი ათას შვიდას ოცდარვა ნაოჭად? გადამერია ცოლი. ეს რა მიქენი, თავი მომქონდა, მეგონა, პირველი ქალი ვიყავი, ეს რომ მეცვა, თუ ასე გინდოდა, რაღას ჩამოგქონდაო. ცალფეხასავით მივიყვანე სახლში. მთელი გზა მლანძღავდა და მაგინებდა: შე ასეთო და შე ისეთო, რომ გეუბნები, ნუ სვამ, ხომ ხედავ, სასმელმა ფეხსაცმელს რა უქნა და, რომ დაგიღია ეგ პირი და სვამ და სვამ, შენს მუცელს რაღას უზამსო.

რომანსებით გადახდილი პატივისცემა

ერთ-ერთი ფილმის გადაღებები და გახმოვანება რომ დასრულდა, მსახიობებმა ქეიფი გადაწყვიტეს. ფული შეკრიბეს, ეროსი მანჯგალაძეს მისცეს და ჩაუსხდნენ. იმ სუფრაზე მეც ვიყავი. ბაბუაჩემმა მომცა 300 მანეთი და ის ფული მედო ჯიბეში. ახალგაზრდა ვარ, ამ ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად ქეიფი ნამდვილი აკადემია იყო ჩემთვის, ვიფიქრე, პატივს ვცემ-მეთქი, ჩუმად ავდექი, გავედი და მე გადავიხადე ამ ქეიფის საფასური. უკან მოვედი, დავჯექი და ქეიფი გავაგრძელე. გავიხედე, ბატონი ეროსი ადგა და წავიდა ფულის გადასახდელად. უთხრეს, გადახდილია თქვენი, ბატონო, თქვენი სუფრის ერთ-ერთმა წევრმა გადაიხადაო. გავიხედეთ, მოდის ეროსი წარბებშეყრილი. მოუახლოვდა სუფრას, დადგა და ხმამაღლა იკითხა: ვინ ჭამა ახლა დედიმისისა დიდი კოვზებითო? შემრცხვა, მაგრამ, რაღას ვიზამდი, ვუპასუხე – მე-მეთქი. თავი გადააქნია და მითხრა: ჰოდა, ახალა ამ აგროვებულ ფულს მივცემ მუსიკოსებს და მანამ ვაკვრევინებ, სანამდეც ეყოფათ, მე კიდევ, რომანსებს ვიმღერებ – აბა, მონელება ხომ უნდა დიდი კოვზებით ნაჭამსო. მივიდა, გადაუხადა ორკესტრს ფული და ოთხი რომანსი შუქჩამქრალ და სანთლებანთებულ დარბაზში იმღერა. აი, ასე გადაიხადა ჩემი საფასური და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

ამქვეყნიური სამოთხე და იმქვეყნიური პანსიონატი

ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, ლიზა კანდელაკი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ხდება ხოლმე, ოჯახის წევრებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ გაეპატიოსნებინათ მიცვალებული და დაეკრძალათ ისე, რომ არაფერი შეშლოდათ. ერთი სიტყვით, უმაღლეს დონეზე. ბაბუაჩემი ძველი პოლკოვნიკი გახლდათ, დაჯდა, შემოიკრიბა ახლობლები და დაიწყო იმაზე საუბარი, თუ სად იქნებოდა უკეთესი დასაფლავება, რომ საფლავის მიწა ეყიდათ. ახალი გახსნილი იყო მაშინ მუხათგვერდის პანთეონი და ერთმა ახლობელმა ეს ადგილი შესთავაზა. ბაბუა დაფიქრდა და თქვა: ეს სასაფლაო არ მაქვს ნანახი, წამიყვანეთ, ვნახავ და, თუ მომეწონა, დავთანხმდებიო. მოკლედ, მიიყვანეს. დადგა და კარგა ხანი ათვალიერა ტერიტორია. ჰკითხეს: რა იყო, არ მოგეწონა ცოლის საფლავისთვის ეს ადგილიო? ბაბუამ ხელები გაშალა და ხმამაღლა თქვა: კაცო, გამაგიჟებენ ესენი, ცოცხლებს სიცხეში გვხვრუკავენ, მიცვალებულები კიდევ რა სამოთხეში წამოუჭიმავთ, ეს რა საქეიფო ადგილი გაუფუჭებიათ, საქმეა ახლა ესო? – მოვიდა სახლში გინებ-გინებით. მეორე დღეს, პანაშვიდი გაიმართა. მეგობარი მოვიდა მოსასამძიმრებლად და კარში მდგარ ბაბუას ჰკითხა – სად ასაფლავებთ ამ პატიოსან ქალსო. ბაბუამ მწუხარე ხმით მიუგო: სად, ბატონო და, მუხათგვერდის პანსიონატში, დაცხა და, იქნება, ცოტა გაგრილდესო.

ამერიკული

„ტავარით”

ამოღებული ვალები

ერთი მეგობარი მყავს, კახელი ბიჭია. უცხოეთში ვიყავით ერთად გასტროლებზე. კომუნისტების დრო იყო და, მოგეხსენებათ, უცხო მხარეში ჩასულებს ყველაფერზე თვალი გვრჩებოდა. ვიფიქრეთ, კაზინოში შევიდეთ, ვცადოთ ბედი, ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ჩასულები ხომ ვილაპარაკებთ და ვიამაყებთ-მეთქი. მოკლედ, წავედით და ეს ჩვენი მეგობარი ბიძინაც გავიყოლეთ. შევედით კაზინოში, დადო ერთი დოლარი და არ მოიგო ოცდაჩვიდმეტი დოლარი? ბედი არ გინდა? ისევ ითამაშა და მოიგო 400 დოლარი. ჩაითრია თამაშმა და, იმდენი ქნა, სანამ 1 000 დოლარი არ მოიგო. ვეხვეწეთ, აღარ ითამაშოო, მაგრამ არ დაგვიჯერა და ის ათასი დოლარიც დაკარგა. დაიწყო წუწუნი, კაპიკი აღარ მიდევს ჯიბეში, ასე როგორ წავიდე საქართველოში, დამეხმარეთ, ბიჭებო, მიშველეთ რამეო. ვურჩიეთ, ამერიკაში ხარ, ბოლოს და ბოლოს, ხომ იცი აქაური „ტავარი” როგორ გადის ჩვენთან, იყიდე „საროჩკები”, წამოიღე, გაყიდე და ამოიღებ ოთხმაგსო. იყიდა ფერად-ფერადი პერანგები, ჩააწყო ლამაზად ყუთში და ჩამოიტანა საქართველოში. ორი თვის შემდეგ, მოგვიწია საქართველოს ულამაზეს კუთხეში, კახეთში ჩასვლა და რას ვხედავთ, მის სოფელში, ბირჟაზე ქალს, კაცს, ბავშვს, მაისურები – ყველას ერთნაირი „საროჩკები” არ აცვია?! კინაღამ სიცილით დავიგუდეთ: მერე „ვეკაიფებოდით“ – რა იყო, შე კაი ადამიანო, კახელებით ამოიღე უცხოეთის ვალებიო?!


скачать dle 11.3