კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უარყო სტალინმა მარქსისტული კომუნების შექმნა


სტალინზე, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეზე და იდეოლოგზე, ძალიან ბევრი დაიწერა და მომავალშიც დაიწერება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 1922 წლის 3 აპრილს სტალინი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს, სამუშაოთა მთელი სიმძიმე სტალინს დააწვა, ხოლო ისეთი „ბელადები“, როგორებიც იყვნენ, ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი და სხვები მხოლოდ მიტინგებზე პოპულისტური ყბედობისა და პრესაში დემაგოგიური თეორიების ბეჭდვის დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ...

იოსებ სტალინის გენია ის იყო, რომ მან ერთადერთმა შეძლო სწორად და სწრაფად აეღო ალღო გასაკეთებელი საქმეებისთვის. ის გახლდათ შორსმჭვრეტელი და ფანტასტიკური ინტუიციის პოლიტიკოსი. ამის დასტურია ის, რომ მან შექმნა ქვეყნის გაფართოების, გამთლიანებისა და განმტკიცების გეგმა; კოლოსალური პარტია და მისი აპარატი; სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანოები და საზოგადოების განვითარების აპარატი.

სტალინმა სწორი არჩევანი მაშინ გააკეთა, როდესაც ქვეყანა კოლექტივიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის შექმნისა და განვითარების გზით წაიყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტალინური კოლმეურნეობები მეფის რუსეთში არსებული რუსული სათემოს გაგრძელება იყო. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ სოფლის მეურნეობაში გამოიყენებოდა მექანიზაცია, ელექტრიფიკაცია და ქიმიზაცია. კოლმეურნეობების შექმნით სტალინმა უარყო მარქსისტული კომუნების შექმნა და მისი არსებობა. სხვათა შორის, კოლმეურნეობები უფრო ორგანიზებული და ცხოვრებისეული ფორმა იყო, ვიდრე ინდივიდუალური მეურნეობები, სადაც არ ფუნქციონირებდა მანქანა-ტრაქტორთა სადგურები (მტს).

სტალინის დროს განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდებოდა მძიმე ინდუსტრია. საერთოდ, შეიძლება, პირდაპირ და თამამად ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის მთელი ეკონომიკა, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად, სტალინის ეპოქაში ჩამოყალიბდა და განვითარდა. თუმცა, ამის შესახებ ხმას არავინ იღებდა და დღემდე დუმან.

დღესაც აქტიურად ჟღერს იოსებ სტალინის სიტყვები, რომლებიც მან 1946 წლის 9 თებერვალს წარმოთქვა ქალაქ მოსკოვის სტალინის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კრებაზე: „საჭირო იყო წვრილი გლეხური მეურნეობიდან მსხვილ მეურნეობაზე გადასვლა. მხოლოდ მსხვილ მეურნეობას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ახალი ტექნიკა, დანერგოს ყველა აგრონომიული მიღწევა და დაამზადოს მეტი სასაქონლო პროდუქცია. მაგრამ, მსხვილი მეურნეობა არის ორგვარი, კაპიტალისტური და კოლექტიური. კომუნისტური პარტია ვერ დაადგებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების კაპიტალისტურ გზას, არა მარტო პრინციპულ მოსაზრებათა გამო, არამედ იმიტომაც, რომ იგი გულისხმობს განვითარების ერთობ ხანგრძლივ გზას და მოითხოვს გლეხების წინასწარ გაღატაკებას, მათ გადაქცევას მოჯამაგირეებად“...

საბჭოთა კავშირში ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის კურსის გამარჯვების შედეგად დიდი სამამულო ომის წინ საბჭოთა კავშირს უკვე პირველი ადგილი ეკავა ევროპაში და მეორე – მსოფლიოში სამრეწველო წარმოების მოცულობით. მაგრამ, მშვიდობიანი პროდუქციის შემქმნელი ათასობით უდიდესი სამრეწველო დაწესებულება გადადიოდა სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე, რისთვისაც ლითონთა ახალ მარკებს ითავსებდნენ, მათ შორის იქნა გამოდნობილი ჯავშნიანი ფოლადი, რომლის ქიმიურ შემადგენლობას, მარკასა და ხარისხს თვით გერმანელმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა ანალოგი ვერ მოუძებნეს. არადა, სწორედ ამ ჯავშნიანი ფოლადისგან მზადდებოდა იმ დროს სახელგანთქმული ტანკები „ტ-34“.

აი, რას წერდა ამის თაობაზე ჰიტლერის გენერალი გუდერიანი: „1941 წლის ნოემბერში თვალსაჩინო კონსტრუქტორები, მრეწველები და ოფიცრები მოდიოდნენ ჩემს სატანკო არმიაში რუსული ტანკების „ტ-34-ის“ შესასწავლად, რომლებიც ჩვენს საბრძოლო ტანკებს სჯობდა. ფრონტელი ოფიცრების წინადადებას, რომ ისეთივე ტანკები შეექმნათ, როგორიც „ტ-34-ია“, კონსტრუქტორებმა მხარი არ დაუჭირეს. სხვათა შორის, კონსტრუქტორების ამგვარ პოზიციას მიბაძვის სიძულვილი კი არ განაპირობებდა, შეუძლებელი იყო ისე სწრაფად „ტ-34-ის“ უმნიშვნელოვანესი დეტალების დამზადება“.

ძალიან ბევრ პროგრესს მიაღწია საბჭოთა კავშირმა სტალინური ინდუსტრიალიზაციის საფუძველზე. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საბჭოთა შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, რაც განპირობებული იყო ქვეყნის სამხედრო ეკონომიკური პოტენციალით. შედეგად, ჰიტლერელებმა დაკარგეს უპირატესობა ტანკებსა და თვითმფრინავებზე.

1943 წელს ჰიტლერული გაზეთი „დას შვარც კოპი“ წერდა: „ჩვენთვის საოცრებაა, რომ თვალუწვდენელი საბჭოთა სტეპებიდან დაუსრულებლად ჩნდება ადამიანებისა და ტექნიკის ახალი მასები, თითქოს იქ ზის დიდი ჯადოქარი და ურალის თიხიდან ძერწავს და ძერწავს ბოლშევიკებსა და ტექნიკას“.

ცნობილია, რომ ბისმარკი არაერთხელ ყოფილა რუსეთთან ომის დაწყების წინააღმდეგი. ის შიშობდა, რომ ძნელი იქნებოდა რუსეთის ტერიტორიული სივრცეების დაპყრობა და მისი შენარჩუნება. ამას მოწმობდა შვედეთის მეფისა და საფრანგეთის იმპერატორის დამარცხებები რუსეთთან. ეტყობა, ჰიტლერმა ვერ გაითვალისწინა ბისმარკის შიში და მოინდომა ელვისებური შეტევების წყალობით დაეჩოქებინა საბჭოთა კავშირი. არადა, ჰიტლერელებს ელვისებური ომის გეგმის განხორციელება რომ მოეხერხებინათ და საბჭოთა ქვეყანა დაემარცხებინათ, საბჭოეთის მთელ ხალხს თითქმის ფიზიკური განადგურება ემუქრებოდა.

მარშალი ჟუკოვი თავის წიგნში – „მოგონებები და განსჯანი“ წერდა: „სტალინმა დიდი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიასა და მის მოკავშირეებზე გამარჯვების საქმეში. სტალინის ავტორიტეტი არაჩვეულებრივად დიდი იყო და ამიტომ მის დანიშვნას უმაღლეს მხედართმთავრად ხალხი და ჯარები აღფრთოვანებული შეხვდნენ“... შემდეგ: „მთელი შეიარაღებული ბრძოლების ხელმძღვანელობაში სტალინს ეხმარებოდა მისი ბუნებრივი ნიჭი, მდიდარი ინტუიცია. მას შეეძლო, მოენახა მთავარი რგოლი შექმნილ სტრატეგიულ ვითარებაში, ჩასჭიდებოდა მას და მტრისთვის წინააღმდეგობა გაეწია. უეჭველია, იგი ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი იყო“.

ომის დროს სტალინის მხედართმთავრულ მოღვაწეობაზე მარშალი ვასილევსკი წერდა: „მთავარი ბანაკის მოღვაწეობაში წამყვანი და ხელმძღვანელი როლი მთელი ომის განმავლობაში უდავოდ უმაღლეს მთავარსარდალს ეკუთვნოდა. მას ჰქონდა უზარმაზარი გონება, რკინის ნებისყოფა და გასაოცარი მეხსიერება, შეეძლო, ჩინებულად გარკვეულიყო ურთულეს სამხედრო ვითარებაში“ (ვასილევსკი, „ჩემი ცხოვრების საქმე“).

სტალინი ომის წლებში ხუთ მოვალეობას ასრულებდა. იმის გარდა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი იყო, რჩებოდა საკავშირო კპ(ბ)ცკ-ს გენერალურ მდივნად, იყო საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის სახალხო კომისარი და თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

1945 წლის ივნისში ცეკას პოლიტბიუროს წინადადებით, დიდ სამამულო ომში განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად, სტალინს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება.

აი, რას წერენ სოლოვიოვი და სუხოდეევი თავიანთ წიგნში: „გენერალისიმუსის წოდების მინიჭების საკითხი რამდენჯერმე იქნა განხილული და სტალინი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ. მხოლოდ მარშალ როკოსოვსკის ჩარევის შემდეგ დათანხმდა. მაშინ როკოსოვსკიმ ასე მიმართა ბელადს: „ამხანაგო სტალინ, თქვენც მარშალი და მეც, ამიტომ, არ შეგიძლიათ მე დამსაჯოთ“ (სოლოვიოვი და სუხოდეევი. „მხედართმთავარი სტალინი“, მოსკოვი. ალგომერატი. 1999 წელი).

1947 წელს საბჭოთა კავშირმა წარმატებით გადაწყვიტა პურის პრობლემა და შეიქმნა საფუძველი მარცვლეულის მეურნეობის განუხრელად და მყარად განვითარებისთვის. 1951 წლისთვის ომამდელ დონეს გაუთანაბრდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავალი.

1948 წლისთვის აღდგა სამრეწველო წარმოების ომამდელი დონე. უფრო მეტიც, აშენდა და წარმოებაში გაიშვა სრულიად ახალი სამრეწველო ქარხნები და კომბინატები: მეტალურგიული, ქიმიური, საავტომობილო და სხვა დარგების სამრეწველო წარმოებები.

სტალინის ინიციატივით, დამპყრობლებისგან ქვეყნის რაიონების გათავისუფლებისდა მიხედვით, ჯერ კიდევ 1944 წელს, დაიწყეს უპირველესად, ღია ცისქვეშ დარჩენილი კოლმეურნეებისთვის გადამწვარი სახლების აღდგენა. მოკლე დროში ხელახლა ააშენეს გადამწვარი სახლები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული რაიონებიდან დამპყრობლებმა გერმანიაში გარეკეს მილიონობით სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, აურაცხელი ღორი, ცხვარი, ფრინველი... კოლმეურნეებს კრედიტების სახით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის მიეცათ იმ დროისთვის კოლოსალური თანხა – 255,2 მილიონი მანეთი.

1943-1949 წლებში საბჭოთა კავშირმა წარმატებით გადაწყვიტა ატომური იარაღის ურთულესი პროგრამა. იმავდროულად, სტალინის დროს დაიწყო, ხოლო 1953 წლის აგვისტოში, უფრო ადრე, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირში, წარმატებით ჩატარდა წყალბადის ბომბის გამოცდები. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ქვეყანამ უდიდეს წარმატებას მიაღწია, სტრატეგიული იარაღის სისტემათა სფეროში, ფაქტობრივად, გამოირიცხა მესამე მსოფლიო ომის დაწყება.

სტალინი ომის შემდგომ პერიოდში მთელი არსებით იღვწოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სტალინის ბოლო თხზულებაა ნაშრომი – „საბჭოთა კავშირში სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები“, რომელიც ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ სტრატეგიას ითვალისწინებდა სამი ათეული წლის განმავლობაში. ნაშრომში ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიჩნეულია როგორ განვითარებულიყო საბჭოთა კავშირში მომავალში საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები.

სტალინი რომ უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე იყო, ეჭვს არასოდეს იწვევდა და სადავო არ არის. მეოცე საუკუნის ისტორია არ იცნობს მასზე ცნობილ და განთქმულ პიროვნებას, რომელმაც პირველმა შექმნა სოციალისტური სახელმწიფო და მას 30 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა. კაპიტალისტურ სახელმწიფოთა მტრული გარემოცვის მიუხედავად, მან საბჭოთა ქვეყანას ყველა განსაცდელი ააშორა თავიდან. მისი მტრები გაანადგურა და მსოფლიოს ზესახელმწიფო დაუტოვა.


скачать dle 11.3