კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესები აქვს დაწესებული სიყვარულში ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს და რისი შიშით აკეთებდა ლიკა ქორქია სისულელეებს


„დილა მშვიდობისა, საქართველო!“ მათი გაცნობისა და დამეგობრების ადგილად იქცა, თუმცა, როგორც გაირკვა, ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ არ იცოდნენ. ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ინტერვიუ ლიკა ქორქიასთან კი, ნამდვილ საპატარძლო სივის შევსებად იქცა, სადაც ლიკას კულინარიულ-დიასახლისური მიღწევების შესახებ გახდა ცნობილი.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ქორქია

– მოდი, ბანალურად დავიწყოთ, გასახურებლად: როგორ ხარ, რას აპირებ, როდემდე ხარ თბილისში?

– ვითომ არ იცი ჩემი გრაფიკი როგორია (იცინიან). სეზონი აგვისტოს პირველ ნახევარში სრულდება და ამის შემდეგ ერთთვიანი დასვენება გვაქვს. სავარაუდოდ, ჯერ მთაში წავალ. ძალიან მინდა სვანეთში წასვლა, მერე კი – ზღვაზე, ურეკში. სვანეთში დაგეგმილი მაქვს ერთი ადგილის მონახულება, სადაც მამაჩემი ბავშვობაში ცხოვრობდა. მინდა მამაჩემთან ერთად იქ ფეხით და ცხენებით ავიდე. ეს არის ლენტეხის რაიონში. დევაშის ღელეს უნდა აუყვე, ტყეში ოცდაორი კილომეტრი უნდა იარო და იქ არის ძველი დამბა, რომელიც ჩემმა დიდმა ბაბუამ ააშენა. მერე ის ბაბუაჩემმა დაანგრია და ახალი სახლი ააგო, სადაც მამაჩემი ცხოვრობდა.

– რა საინტერესოა. მერე, ეს რთული არ იქნება? ლენტეხამდე ისედაც შორი გზაა, თანაც, იქიდან კიდევ ფეხით სიარული...

– რთულია, მაგრამ – საინტერესო. ეს არის, ჩემი აზრით, დასვენება, ბუნებასთან გაერთიანება. იქ გაცილებით კარგად ისვენებ, ვიდრე სადღაც წასვლით. ტყეში კარგად ვარ: ხეს ჩავეხუტები, ბალახს შევჭამ... (იცინიან).

– ზურგჩანთაგადაკიდებულმა, შეგიძლია, დიდხანს გაძლო?

– გავძლებ, არ მაქვს ამის პრობლემა.

– რომელი უფრო მოგწონს: ტელევიზიაში სოლიდურად გამოწყობილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თუ ზურგჩანთაგადაკიდებული ვასკა?

– რატომღაც, მიმაჩნია, რომ ჩემი სტილი უფრო კლასიკური სისადავეა. შესაბამისად, კლასიკური სამოსიც და მსგავს სიტუაციებში ყოფნაც ძალიან მომწონს, ჩემია, მაგრამ, ეს არ გამორიცხავს, რომ შორტებით ხეტიალი არ მიყვარს, მდინარეში ბანაობა, ბევრი სიარული, ცეცხლთან ჭამა და მსგავსი რაღაცეებიც ჩემია, ანუ, რადიკალური არ ვარ არც ერთი მიმართულებით.

– მერე რაღაც მწერები დაგკბენენ...

– ეს საერთოდ არ მაშინებს, ბევრი ჭაჭა ყველაფერს შველის (იცინიან).

– შენს პირად ცხოვრებაზე მინდა ვისაუბროთ. ძალიან ბევრი გოგო მეკითხება, თქვენთან დილაში რომ ბიჭი მუშაობს, ცისფერთვალება, საყვარელი. (ის კი არ იციან, წამწამებზე ტონალური რომ გისვია ხოლმე), მარტოა თუ ჰყავს ცოლი ან შეყვარებულიო?

– ცოლი არ მყავს, თუმცა არც მარტო არ ვარ. რატომ უნდა იყოს ახალგაზრდა ბიჭი მარტო?! (იცინიან).

– ამ გრძნობაში თუ ხარ ლაშქრობების, ხეტიალის მოყვარული? თუ, სიყვარულშიც „კლასიკური“ ხარ?

– ამაში უფრო პედანტი ვარ. მიყვარს, როდესაც ურთიერთობებში ყველაფერი მოწესრიგებული, დალაგებული, აწყობილი და, რაც მთავარია, ჩემი წესებითაა. დესპოტი ვარ ურთიერთობებში (იცინიან). არა, ვხუმრობ. როგორც გინდა, რომ მოგექცეს ურთიერთობაში, ისე უნდა მოექცე მეორე ნახევარს – ამით ყველაფერი დარეგულირდება.

– მაინც, რა წესები გაქვს დაწესებული?

– მაგალითად, შენ ჩემზე წინ არ წახვალ, სანამ არ გეტყვი, ხმა არ ამოიღო! ეს არ დალიო, ის არ ჭამო!

– მართლა?

– არა, რასაკვირველია, ვხუმრობ (იცინიან). რა წესები, რა შეზღუდვები!.. როცა ვიტყვი – დაჯექი, უნდა დაჯდეს; „გოლას“ რომ ვეტყვი უნდა გაიღიმოს, ანეკდოტი მოყვეს (იცინიან). არა, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ვარ ურთიერთობებში. ისე ვიქცევი, რომ არ შემაწუხონ და სხვა არ შევაწუხო. ერთმანეთისთვის ხელისშემშლელი არ გახდეს ეს ყველაფერი.

– როდის ხდება ურთიერთობა შემაწუხებელი და დამღლელი? ბიჭის აზრი მაინტერესებს.

– გახდება ურთიერთობა დამღლელი და – ეგრევე მთავრდება. ზუსტად არ ვიცი, რა აქცევს იმ ტელეფონის ზარს შემაწუხებლად, რომელიც ადრე ძალიან გახარებდა – აღარ გსიამოვნებს, აღარ გინდა; უკვე გრძნობ, რომ ეს არ არის ისეთი ურთიერთობა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება; გატაცება იყო, რომელიც მალე დამთავრდა, მორჩა! როდესაც ურთიერთობა გაწუხებს, ის მაშინვე უნდა შეწყვიტო. მერე ახალი დაიწყება. მერე ცოტა ხანს ის გიქაჩავს, გიქაჩავს, გიქაჩავს და იმასაც წყვეტ. თუ მიხვდი, რომ ერთმა ძალიან დიდხანს გაგიქაჩა და არ გბეზრდება, ესე იგი ის ერთადერთია, რომელიც შენ გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება. შეიძლება, მე ვარ ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული, არ ვიცი...

– ბიჭია, ვარსკვლავებს ეთამაშება! (იცინიან). შენ მიმართ თუ არიან კრიტიკულები?

– რა თქმა უნდა! ხომ გეუბნები, ისე ვიქცევი, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენ. თუმცა, ვცდილობ, სანამ მოთხოვნებს წამიყენებენ მანამდე აღმოვფხვრა ხარვეზი. სანამ პრობლემა დადგება, მას მანამდე ვაგვარებ; ისე ვაკეთებ, რომ ყველაფერი უთქმელად გადაწყდეს.

– მოკლედ, ძალიან რთულია შენთან ურთიერთობა.

– არა, პირიქით, უმარტივესია... რას აკეთებ ამ საღამოს? (იცინიან).

– ინტერვიუს შემდეგ გეტყვი. მაცადე, კითხვა მაქვს. დედაშენი ძალიან წარმატებული ჟურნალისტია...

– ჰილარი ქლინთონი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ას ლიდერ ქალთან შეხვედრის დროს დედაჩემიც დაპატიჟეს. მამაჩემი ხუმრობს, თურმე, არ მცოდნია, ვის გვერდით გამიტარებია მთელი ცხოვრება, სახლში ქალი ლიდერი მყავსო (იცინიან).

– და ასეთი ადამიანი რომ გყავს სახლში ამან, ალბათ, სერიოზული გავლენა მოახდინა შენზე.

– ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ბიჭი შვილი უფრო დედისკენ მიდის. შესაბამისად, დედაჩემმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, არა მხოლოდ პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისითაც. მინახავს ადამიანები, რომლებიც, პრობლემას რომ წააწყდებიან ის აშინებთ, ცდილობენ, თავიდან აირიდონ და ნერვიულობენ ამაზე. ჩემთვის, პირიქითაა – როდესაც პრობლემა მხვდება, არ ვწუწუნებ – ვაიმე, ახლა რა ვქნა-მეთქი, მხოლოდ მისი გადაწყვეტის გზებზე ვიწყებ ფიქრს. ეს თვისება დედაჩემისგან მაქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ ყველაფრის გადაწყვეტას. ჩემს ჩამოყალიბებაში ძირითადი წვლილი დედაჩემს და მამაჩემს მიუძღვით.

– მეამბოხე ტიპი არ ყოფილხარ?

– წყნარი ვიყავი, ვჭამდი, ვსვამდი, ვთამაშობდი. არც კი ვტიროდი. თუმცა, მშობლების სურვილის წინააღმდეგ ხშირად წავსულვარ. პირველ კლასში, პირველივე დღეს, მარტო წამოვედი სკოლიდან და ამით ჩემს მეამბოხეობას გავუსვი ხაზი (იცინიან). ხშირად გვაქვს კრიტიკული, საწინააღმდეგო მოსაზრებები. მაგრამ ყოველთვის ვახერხებთ, რომ საერთომდე მივიდეთ. 25 წლის ასაკში დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და გადაწყვეტილების მიღება შემიძლია, ეს მათი დამსახურებაა, მათგან წნეხი არასდროს მიგრძნია. ისინი ჩემთვის ავტორიტეტები არიან.

– ქალის ჭკუას თუ ენდობი?

– რა თქმა უნდა, ქალის ჭკუას, ინტუიციას ვენდობი. ყველა ძლიერ მამაკაცს გვერდით ედგა ძლიერი ქალი, რომელიც საჭირო დროს ყოველთვის საჭირო რჩევებს აძლევდა. ქმრების ჩრდილში იყვნენ, მაგრამ მსოფლიო დონის მოვლენების გადაწყვეტაში სერიოზული წვლილი მიუძღვით.

– ეთანხმები აზრს, რომ ჭკვიანია ქალი, რომელსაც შეუძლია, კაცს თავი სულელად მოაჩვენოს? ანუ, მოგწონს „სულელი“ ქალები?

– ყოველ შემთხვევაში მე – არა. თუმცა, ვიცნობ კაცების იმ კატეგორიას, რომლებსაც გულუბრყვილო, ინფანტილური, „მოსულელო“ ქალები მოსწონთ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „მძიმე“ ქალები მომწონს. თუ ნორმალურად აზროვნებ, წარმატებული ხარ, გჯერა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, მაშინ, გვერდით ისეთი ქალი გინდა, რომელიც, ასევე, პიროვნებაა, დამოუკიდებელია, კარგი მეგობარია; რომელსაც, შეგიძლია, ყველა სიტუაციაში ენდო; რომელიც არ „გეთამაშება“, შენთვისაა და ერთიანობას წარმოადგენთ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი

– დაღლილი ხომ არ ხარ? ივლისის შუა რიცხვებში უკვე ყველაფერი გეზარება და დასვენება გინდა.

– არა, გადასარევ განწყობაზე ვარ. დასასვენებლად მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მივდივარ. ზაფხული ძალიან მიყვარს, მიხარია, რომ ცხელა, ყველა ჩემი მეგობარი ჯერ კიდევ თბილისშია და აქ ვერთობით. გადასარევ ხასიათზე ვარ.

– იყო ასეთი ცნება „ექიმი, მეწარმე, ლიდერი“, რომელიც მერე ძალიან გაშარჟდა. შენ შემთხვევაშიც შეგვიძლია, იგივე ვთქვათ: ხარ სამედიცინოს სტუდენტი, მომავალი ექიმი, წარმატებული მოდელი, ტელეწამყვანი...

– ცოტა ხანში, შეიძლება, კოსმონავტიც გავხდე, უკვე იმდენ რამეს მოვედე (იცინიან). ამას გარდა, კიდევ მაქვს საქმეები: ვმუშაობ „ფეშენ გრუპში“, კიდევ არის რაღაც პროექტები, სადაც ვმონაწილეობ, მაგრამ ეს მრავალფეროვნება ძალიან მომწონს, საერთოდ არ მაწუხებს. ყველაფერს გადასარევად ვახერხებ. სულ გადარბენებზე ვარ, სულ მეჩქარება, საიდანღაც თუ გამოვდივარ სამ საათზე, ვიცი, რომ ოთხის ხუთ წუთზე სხვაგან უნდა ვიყო და გიჟივით გავრბივარ, მაგრამ მაინც ვარ იქ ოთხის ხუთ წუთზე, ვეტევი დროში (იცინიან).

– ანუ, მაინც მოწესრიგებული ხარ.

– კი. ძალიან. ცოტა მძინავს, ფაქტობრივად, საერთოდ არ ვისვენებ, მაგრამ, იმდენად მივეჩვიე ამ გრაფიკს, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს. სექტემბრიდან მოყოლებული, უკვე აღარ ვამბობ, ვერ გამოვიძინე-მეთქი. ხუთი საათი თუ მძინავს, კარგად ვარ.

– ამდენ განშტოებაში შენი რა არის? რა არის ის საქმე, რომელსაც გინდა, ბოლომდე გაჰყვე?

– ჩემ ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება უცებ, სპონტანურად, თვითონაც რომ არ ვიცი, საიდან გამოხტა, რადგან ასე გადაწყვეტილი არ მქონდა. ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა გადავწყვიტო, მაინც ბევრი რაღაც შეიცვლება. ამიტომაც ვამბობ, ბოლოს, შეიძლება, კოსმოსშიც გამიშვან-მეთქი. ვერ ვალაგებ გეგმებს.

– ალბათ, ძალიან დიდი გარდერობი გაქვს. როგორ ხდება დღის ტანსაცმლის არჩევა?

– თუ ტელევიზიაში მოვდივარ, იქ მაქვს განსაზღვრული გარდერობი, რომელსაც მხოლოდ ტელევიზიაში ვიცვამ, მაგრამ, დღის განმავლობაში იმდენ ადგილას მივდივარ, რომ ასჯერ მჭირდება ტანსაცმლის გამოცვლა და ამიტომ ტანსაცმელი ჩანთით დამაქვს – ჯინსები, კედები, ქუსლიანი ფეხსაცმელი. ადრე ფენიც დამქონდა. „ჩოლკა“ მქონდა შეჭრილი, რომელიც სიცხეში ფორმას კარგავდა და სადაც ვჩერდებოდი ვივარცხნიდი. ჩანთით დამაქვს ყავა თერმოსით (იცინიან). ასე რომ, უზომოდ დიდი ზომის ჩანთა მაქვს.

– გარდერობი არეული გაქვს თუ დალაგებული?

– არეული არასდროს მაქვს. მიზეზი ისაა, რომ მე და ჩემს დას ერთი გარდერობი გვაქვს. რაღაცას თუ ვეძებ, ვყრი ყველაფერს, მეორედ მოსვლას ვაწყობ, მაგრამ, ანის იმდენად მეშინია, რომ მერე სასწრაფოდ ვალაგებ. ანიმ რომ არეული გარდერობი ნახოს, მერე მართლა მეორედ მოსვლა მოხდება (იცინიან) – 2012. ყველაფერს ვკეცავ და ვალაგებ.

– დები ქორქიები – ორი წარმატებული ადამიანი. როგორები ხართ პირად ცხოვრებაში? ერთ ოთახში გძინავთ? სახლში როგორები ხართ, ჩხუბობთ თუ არ ჩხუბობთ?

– ბავშვობაში მთელი ცხოვრების სამყოფი ვიჩხუბეთ (იცინიან). საავადმყოფოში რომ მივყავდით მშობლებს, ჩვენზე „სეილი“ იყო. უი, კიდევ ეს ბავშვები მოვიდნენო?! – ამბობდნენ. იცი, როგორ ვურტყამდით ერთმანეთს?! დაუნდობლად ვჩხუბობდით. ანი ადიოდა მესამე სართულზე, დამიძახებდა ლიკაო და, რომ ავიხედავდი ქვაბს მესროდა სახეში; ხელში ბურთს ჩაგიგდებო და – კალათბურთის ბურთს სახეში მირტყამდა. ერთხელ თავზე შანდალი გადამალეწა, მე კი წამლები დავალევინე და ვკლავდი. საშინელი ბავშვები ვიყავით. ათი წუთითაც ვერ გვტოვებდნენ მარტო – იცოდნენ, რომელიმე აუცილებლად აღარ დავხვდებოდით. დაახლოებით 14 წლის ასაკში გადავწყვიტეთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება და დავმეგობრდით. ახლა ერთ ოთახში გვძინავს და ათი და მეტი წუთითაც გვტოვებენ მარტო. (იცინიან) ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთად ვართ. გადაღებებზეც კი დავყვები, რადგან მარტო სახლში მომწყინდება ხოლმე. ვეუბნები კიდეც, შენ რომ გათხოვდები, დეპრესია რომ არ დამემართოს, მეც სასწრაფოდ უნდა გავთხოვდე, ან, თან უნდა წამიყვანო-მეთქი. ამ ორს შორის გადავწყვეტ, მერე რას ვიზამ.

– აქედან გამომდინარე, ურთიერთობებიც ერთად იწყება. როგორია დები ქორქიების დამოკიდებულება ძლიერი სქესის მიმართ?

– პირადულისთვის არც მე და არც ჩემს დას დრო არ გვრჩება. ეს დროის არქონა უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება. სულ ვამბობთ, კიდევ ერთი წელი მივხედოთ სწავლას, განათლებას, კარიერას და მერე თავისთავად ყველაფერი იქნებაო. თაყვანისმცემლები, რა თქმა უნდა, მყავს და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რატომ არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, ვისაც შენ მიმართ სიმპათიები აქვს. მთავარია, „დაუკრეფავში“ არ გადავიდეს. გადასარევები არიან, სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს.

– მოდი, შიდა სამზარეულოზე გადავიდეთ, პირდაპირი გაგებით.

– გადასარევად ვამზადებ საჭმელებს. ვიდეოებიც კი მაქვს გადაღებული, სამსახურში ამის რომ არ სჯეროდათ. ნამცხვრებსაც ვაცხობ, ბლინებსაც. ქართული სამზარეულო ძალიან კარგად არ მეხერხება, მაგრამ ევროპული გადასარევად გამომდის, თავისი გაფრენილი ქათმებითა და ამბებით. მერე დაგპატიჟებ. ჩემი და ამ საკითხში აბსოლუტურად უნიჭოა. კვერცხსაც კი, იმდენად ცუდად წვავს, რომ თავის შემწვარს მხოლოდ თვითონ ჭამს, სხვა არავინ ეკარება. ტაფიდან ბოტკინი გადმოდის. მოკლედ, ასე შევთანხმდით: ის სახლს ალაგებს, მე საჭმელებს ვაკეთებ.

– ცხელ ნივთებთან ურთიერთობა როგორ გამოგდის, მაგალითად, უთოსთან?

– ერთხელ მქონდა უთოსთან ურთიერთობა, რომელმაც კვალი დამიტოვა – ეგრევე დავიწვი. დღემდე ვერ მივხვდი, გრადუსები როგორ დავაყენო, ყველაფერი მეწვება. სახლში ამიკრძალეს უთოსთან კონტაქტი (იცინის).

– სარეცხი მანქანა?

– სარეცხ მანქანასაც დიდად ვერაფერს ვუგებ. გამოხარშვები, ღილაკები – ვერაფერი გავუგე. სარეცხი მანქანა და უთო ბებიაჩემის საქმეა. საპატარძლო სივი შემადგენინე, ხომ?

– მოიცა, ჯერ სად ხარ, მზითევზე გადავიდეთ.

– მზითევი არ მაქვს. „ვეფხისტყაოსანი“ მაქვს, მაგრამ არ მიმაქვს. საერთოდ არ მომწონს ეს მზითევის ტრადიცია, ისე იცვლება ყველაფერი ვიღას შეიძლება, მოეწონოს ბებიისა და დედის ნაგროვები ნივთები?! (იცინიან).

– ნივთსაც გააჩნია. მაქვს მამაჩემის ნაქონი ჯინსის ბლეიზერი, ძალიან მაგარი. ასევე, სამოცდაათიან წლებში გამოშვებული ტყავის პიჯაკი, რომელსაც, რომ გადააკეთებ, მაგარი იქნება. შენი სტილი როგორია?

– უკვე აღარც ვიცი რა სტილს ვიცვამ. სამსახურში კლასიკურად მაცვია. უნივერსიტეტშიც ზოგიერთ ლექტორს გართულება აქვს თავისუფლად ჩაცმაზე და იქაც მიწევს შეზღუდვების დაწესება ჩემს სამოსზე. ვცდილობ, ისე ჩავიცვა, რომ მათი აგრესია არ გამოვიწვიო. მაგრამ, ჩემი საყვარელი სამოსი მაინც კედები და ჯინსია.

– ხომ არ გზღუდავს ის, რომ ქართველი ხარ და, აქ ცხოვრობ. ჩარჩოებში ხომ არ გრძნობ თავს?

– არა, საერთოდ არანაირი ჩარჩოები არ მაქვს. რაც მინდა და როგორც მომწონს, ისე ვიცვამ. იცი, რა არის? მთავარია ისეთ ადგილებში იარო, სადაც ამაზე არავის აგრესია არ ექნება. თუ ბაზარში ტანზე მომდგარი შავი მოკლე კაბით წახვალ, შეიძლება, ვიღაცამ კარტოფილი გესროლოს და ღირსიც იქნები, მაგრამ ძირითადად, ასეთ ადგილებში სიარული არ მიწევს.

– ძალიან მომწონს, თუ როგორ მიგყავს ამინდის პროგნოზი, რადგან ეს არ არის, უბრალოდ, ჩარჩოებში ჩასმული გრადუსების გამოცხადება. როგორ მიაღწიე ამას? თავიდან ასე არ იყო.

– გარემომ განაპირობა ბევრი რაღაც. ახალი რომ ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა, სულ ვნერვიულობდი – რამე არ შემეშალოს, სისულელე არ ვთქვა-მეთქი, მერე უცებ ვიტყოდი: დღეს ქუთაისში ასი გრადუსია. ეკრანი იბზარებოდა (იცინიან). მერე მივხვდი რომ არაფერი საშიში არ არის, არავინ არ მცემს რაიმე შეცდომის გამო. მოვეშვი, დავწყნარდი და ეს ეთერსაც დაეტყო. ძალიან მომწონს ეს სფერო და, ვფიქრობ, თუ შევიცვლი პროფილს და სხვაგან ვიმუშავებ, ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგად გასახსენებელი დრო იქნება ჩემს ცხოვრებაში.


скачать dle 11.3