კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საქმე გაუადვილა გიორგი შერმადინს შეყვარებულმა



მართალია, კალათბურთელი გიორგი შერმადინის პოპულარობა ყოველდღე იზრდება და სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც ქართველი „გულივერი“ უკვე სასურველი სასიძოს სტატუსით სარგებლობს, მაგრამ, გოგონებს ისღა დარჩენიათ, გიორგის მხოლოდ სპორტში გაუწიონ გულშემატკივრობა, რადგან მას უკვე ჰყავს რჩეული, მშვენიერი ანი ამაშუკელი და წყვილი სულ რამდენიმე თვეში აპირებს ერთად ცხოვრების დაწყებას.



გიორგი შერმადინი: 2005 წლიდან დავიწყე პროფესიული თამაში, როდესაც ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდში – „მაკაბიში“ მივედი. ბავშვობაშიც დავდიოდი კალათბურთზე, რამდენიმე გუნდი გამოვიცვალე, მაგრამ, პროფესიულ დონეზე ამ საქმეს საკმაოდ დიდ ასაკში მოვკიდე ხელი. „მაკაბიში“ ძალიან კარგი პერიოდი იყო, თავიდან „დუბლებთან“ ვთამაშობდი, მერე ბატონმა ჯამლეტმა ძირითადში დამაყენა, თუმცა, თავიდან ცოტა დროს მაძლევდა ხოლმე. რომ დაინახა, რომ თამაშს ინტენსიურად ვუმატებდი, მერე უკვე დიდებშიც და პატარებშიც ორმოც წუთს ვთამაშობდი. „მაკაბიში“ მისვლიდან ერთ თვეში ვიყავი დენვერში, „ოლ სტარშიც“ ვითამაშე, თან, საკმაოდ კარგად. შემდეგ ვიყავი ლატვიაში, იქაც ნორმალურად გამომივიდა ყველაფერი. დროთა განმავლობაში მივედი ნაკრებამდე და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული იყო.

– მით უმეტეს, რომ სისტემატურად იმარჯვებთ.

– რა თქმა უნდა, ეს საოცარ შეგრძნებებს, სიამაყეს იწვევს. ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 8 სექტემბერს, – ს.გ.) ეს ტრიუმფი კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულდება, რაც ნიშნავს, რომ უმაღლეს ლიგაში გადავალთ, ეს იქნებაახალი აღმავლობის ხანა ქართული კალათბურთისთვის, გაძლიერდება კლუბები და მთლიანად სიტუაცია შეიცვლება. ნაკრებში ვარ და ჩემი წვლილიც არის, რომ ამხელა წარმატებას მივაღწიეთ.

– მოგწონს პოპულარობა? ქუჩაში გცნობენ, ავტოგრაფები, ფოტოები...

– ეს ძალიან სასიამოვნოა. ქუჩაში გვხვდებიან: მიდით, ბიჭებო, შეუტიეთო. არ არსებობს სიტუაცია, რომ ვინმემ დადებითად არ მოგვმართოს და წარმატება არ გვისურვოს.

ანი ამაშუკელი: სხვათა შორის, ადრინდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტად ცნობენ და ძალიან მეამაყება ქუჩაში მასთან ერთად სიარული, დარბაზშიც საოცარი მუხტი მოდის ხოლმე – ისმის გუგუნი, ყვირილი.

– როგორ შეხვდით ერთმანეთს?

გიორგი: მე მოვყვები: ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. დავით ტატიშვილის ცენტრის წვეულება იყო „თიბისი-ში“ და ამ წვეულებაზე ბატონი ჯამლეტი იყო დაპატიჟებული მეუღლესთან ერთად. შემომთავაზა, წამოდიო, მით უმეტეს, რომ ბატონი დავითის კლინიკასთან მქონდა შეხება და ყოველთვის ყველა ძალიან თბილად მექცეოდა. მოკლედ, წავედით. ძალიან ბევრი ხალხი იყო და დავინახე ანი...

ანი: პროფესიით ექიმი ვარ და იმ პერიოდში ტატიშვილის ცენტრში უმცროს ექიმად ვმუშაობდი.

გიორგი: თავიდან თვითონ მოვიდა, ჩემთვის ვიდექი და გამიცნო.

ანი: მე დამაბრალე ყველაფერი?! ჩემ წინ იჯდა გიორგი და გამუდმებით უკან იყურებოდა. დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი, ვიფიქრე, ამ ბიჭს საქმეს გავუადვილებ, გამარჯობას ვეტყვი-მეთქი, ეს იყო და ეს.

გიორგი: მოკლედ, გავიცანით ერთმანეთი, გავცვალეთ ტელეფონები და დაიწყო ურთიერთობები.

ანი: „გავცვალეთ“ არა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – „ამახიე“.

გიორგი: კარგი, ძალით გამოგართვი ტელეფონი და, მოკლედ, მერე დაიწყო ყველაფერი. თავიდან ისეთი აქტიური ურთიერთობა არ გვქონია, ვურეკავდი ხოლმე, თამაშებზე დავპატიჟე. მესიჯებს ნაკლებად ვწერდით ერთმანეთს. შარშანწინ მომიწია ამერიკაში წასვლა სამი თვით, დრაფტზე უნდა ვყოფილიყავი. სამი თვე არ მინახავს. კი ვურეკავდი და ვეკონტაქტებოდი, მაგრამ ის პერიოდი ძალიან ცუდად მახსოვს, მენატრებოდა, ძალიან დამაკლდა.

ანი: მართალია, თუ ის დიდი ხნით დარჩებოდა ამერიკაში, ეს გადასარევი იქნებოდა მისი კარიერისთვის, მაგრამ როგორი იქნებოდა ეს ჩვენი ურთიერთობისთვის, არ ვიცი, ალბათ, ცუდი.

გიორგი: რომ ჩამოვედი, ურთიერთობა ჩვეულებრივად განვაგრძეთ, მაგრამ მალე ჩემთვის ძალიან სასიკეთო გუნდში – „პანათინაიკოსში“ მიმიწვიეს. ამ გუნდთან ძალიან დიდხანს ვლაპარაკობდით, მხოლოდ გასინჯვაზე. ბოლოს, როგორც იქნა, ჩავედი და დამტოვეს კონტრაქტით „ერთს პლუს სამი“, ანუ ერთი წელი გარანტირებული და, ერთი წლის მერე, შესაძლოა, უარი გითხრან. დავრჩი იმ გუნდში, ერთი წელი ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი.

– ანუ ამდენ ხანს ერთად არ იყავით?

ანი: დიახ, ერთხელ იყო ჩამოსული საშობაოდ და ისევ წავიდა.

გიორგი: ერთი წლის შემდეგ სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და თამაშის მომდევნო დღეს მივფრინავ. გამოდის, ისევ ვშორდებით ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს.

– ანი, სიურპრიზების მოწყობა თუ უყვარს გიორგის?

ანი: კი, უყვარს, მაგრამ ცოტა უცნაურად. მაგალითად, ახლა ავსტრიიდან რაღაც ჩამომიტანა, უკვე დაახლოებით ერთი თვეა თბილისშია, მაგრამ ის ნივთი თვალითაც არ მინახავს (იცინიან), ესენი ხომ სასტუმროში ცხოვრობენ და, მოკლედ, ვერ მივიდა სახლამდე, რომ საჩუქარი წამოიღოს. ახლა იმას ვეუბნები, ისე მაინც ნუ წახვალ, რომ უკან წაიღო-მეთქი.

– რა დონეზე სერიოზულია თქვენი გეგმები, დაოჯახებას თუ აპირებთ?

გიორგი: ნუ, კალათბურთს ერთად ვითამაშებთ (იცინიან). არა, მართლა უკვე მოვიდა ის დრო, რომ ურთიერთობები გავასერიოზულოთ. ვაპირებთ, რომ დეკემბრიდან ერთად განვაგრძოთ ცხოვრება.

ანი: მოკლედ, დაოჯახების პერსპექტივით ვართ (იცინიან): „ვარ სასიამოვნო გარეგნობის მაღალი ბიჭი, ო.შ.მ მიზნით გავიცნობდი გოგონას“...

– შენ რას საქმიანობ? რამდენი წლის ხარ?

– ერთ-ერთ სამედიცინო კომპანიაში ვმუშაობ. ვარ ოცდაოთხი წლის.

გიორგი: რატომ იმატებ ასაკს?! 22 წლისაა, მე – ოცდაერთის. ანი ჩემზე ერთი წლით უფროსია.

ანი: მე მომწონს ასაკის მომატება, გიორგი კი იკლებს (იცინიან).

– ახლა სამსახურის დატოვება და უცხოეთში წასვლა მოგიწევს, ხომ?

– კი. ეს მომენტი ცოტა რთულია, მაგრამ, რას იზამ, როდესაც გიყვარს, სხვა რაღაცეებზე ვეღარ ფიქრობ.

– ანი, ეჭვიანია გიორგი?

– გიორგი ძალიან ეჭვიანი ბიჭია, მე – ნაკლებად. თუ რაღაც ისეთი არ გააკეთა და ძალიან არ მაეჭვიანა, ეს მომენტები არ მაქვს. თუ ვიღაც მივიდა და ტანსაცმელი შემოაგლიჯა, ამაზე გავბრაზდები, არ ვიეჭვიანებ. ისე, ბევრ გოგოს რომ მოსწონს, ეს, პირიქით, სასიამოვნოა. გიორგი, აღიარე, რომ შენ ძალიან ეჭვიანი ხარ.

გიორგი: ხუმრობს, რა ეჭვიანობა. თვითონ დღეში შვიდასჯერ ამოწმებს ჩემს ტელეფონს ვინ დარეკა, ვინ რა მომწერა, ვის რა მივწერე...

ანი: ჩემი ტელეფონი ზეპირად იცის. იმ დღესაც ვეუბნებოდი, არ დაიღალე ამ ტელეფონის თვალიერებით, ხომ ხედავ, ვერაფერ საეჭვოს ვერ პოულობ-მეთქი. არა, არ ვმალავ, რომ მეც ვნახულობ მის ტელეფონს, ხანდახან საჭიროა. ისეთი საეჭვო ჯერ არაფერი მიპოვია.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3