კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაგუდა სალომე ბაკურაძემ მოფერებით და რის ხარისხს ამოწმებდა ვასო ფხაკაძე

მომღერალი სალომე ბაკურაძე „კომედი შოუს“ მსახიობ ბიჭებთან ძალიან მეგობრობს. გამომდინარე აქედან, მას მათ გარემოცვაში ხშირად ხედავენ. სალომეს შეყვარებული ვასკა, ძალიან ბევრს ვასო ფხაკაძე ჰგონია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამაზე თავადაც ბევრს ხალისობენ. მათი ინტერვიუც იუმორითა და ხალისით სავსე გამოვიდა.





ინტერვიუ 1. ჟურნალისტია

სალომე ბაკურაძე

– მოდი სალომე მე დავიწყებ, მე ის ვასო არ ვარ, ვინც თქვენ გგონიათ, სხვა ვარ.

– ეს ის არ არის, ვისგანაც ასე ინტენსიურად ითხოვენ ხოლმე ინტერვიუებს. (იცინიან) მაგრამ შენ კარგი ვასო ხარ, ჩემი მეგობარი ვასო ხარ. ახლა მითხარი როდის ამთავრებ მუშაობას?

– რა კარგი იქნებოდა, რომ გეუბნებოდე ხვალ-მეთქი. არ ვიცი, მართლა. შეიძლება, ოცდათერთმეტ აგვისტოს წავიდე და ორ სექტემბერს სამსახურში დავბრუნდე, გამორიცხული არ არის. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე თუ რამდენ ხანს გამიშვებენ გადავწყვეტ თუ სად დავისვენებ.

– აი, როგორი მშრომელი ადამიანი ხარ! (იცინიან) საერთოდ, სად ისვენებ ხოლმე?

– საერთოდ მეგობრებთან ერთად, ხან – ზღვაზე, ხან – მთაში, ხან – უცხოეთში. მაგრამ ყველაზე ძალიან რაჭაში მიყვარს წასვლა. დედაჩემის სოფელია და ვგიჟდები იქაურობაზე. თან ძალიან დიდი ხანია არ ვყოფილვარ.

– სხვათა შორის, ზაფხულში მეპატიჟებიან ფესტივალზე, რომელსაც ჰქვია „რაჭა ჩემი სიყვარული“. ყველა ცნობილი და არაცნობილი რაჭველი იქნება ჩამოსული. შოვში ჩატარდება.

– როდის არის ეს?

– ივლისში იწყება და სამ აგვისტომდე გრძელდება. მართალია, იქ სოფელი არ მაქვს, მაგრამ ბაკურაძეები რაჭველებიც არიან და აქედან გამომდინარე, მეც მივიღებ მონაწილეობას. ჯომარდიდან დაწყებული, კონცერტებით დამთავრებული ყველაფერი იქნება. ის მითხარი შენს სოფელს რა ჰქვია?

– ჭყვიში. ორი ჭყვიშია და ერთმანეთში არ აგერიოთ. ერთი არის გალაკტიონის ჭყვიში იმერეთში და მეორე ეს, – რაჭაში.

– ერთი გალაკტიონის და მეორე ვასო ფხაკაძის! (იცინიან).

– რა სისულელეა. თუ დააკვირდი ასე არ მითქვამს.

– ბავშვობაში ხშირად ჩადიოდი ხოლმე?

– კი, ძალიან. ბავშვობის ყველა ზაფხული იქ მაქვს გატარებული. ეს დედაჩემის სოფელია. მამაჩემს სოფელი არ აქვს. ძალიან საშინელი ბავშვი ვიყავი. ცელქი და მოუსვენარი. საშინლად ვიქცეოდი და ყველას ნერვებს ვუშლიდი.

– ყველაფერი რომ დალეწილი გაქვს ეგ ამბავი ვიცი. ხელი, ფეხი, ცხვირი, თმა, ფრჩხილი – ყველაფერი დაზიანებული გაქვს, ხომ?

– კი, ზუსტად. (იცინიან). ყველა ძვალი მოტეხილი მაქვს. ერთხელ ბაბუაჩემი შევაშინე. მახსოვს, კაცს ფერი დაეკარგა. ბლის ხეზე ვიყავი და, ბალი უკვე გადამწიფებული იყო. ხელს რომ მოუჭერდი საშინლად წითელი წვენი გამოსდიოდა. ავდექი, ეს ბლები დავჭყლიტე და სახეზე წავისვი. ხის ქვეშ სკამი იდგა, გადმოვხტი და პირდაპირ ამ სკამზე ისე დავხტი, რომ რაც შეიძლება დიდი ხმაური ატეხეს. ბაბუაჩემმა იფიქრა, გადმოვვარდი, თან ვითომ უგონოდ ვგდივარ. კაცი ძლივს მოვიდა ჩემამდე. ბაბუ რა მოგივიდა, რა მოგივიდაო – ყვიროდა. ხელი რომ მომისვა „სისხლზე“ სულ გაგიჟდა. რომ მიხვდა, არაფერი მჭირდა, ისეთი პანჩური ამომარტყა, დღემდე მახსოვს. კუდუსუნის ძვალი მაშინ გამიტყდა. (იცინიან).

– ბლის ხესთან დაკავშირებით მეც მაქვს ერთი ისტორია. (იცინიან) ბალი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ გათრობს, ოდნავ სიმჟავეც რომ დაკრავს. ხის კენწეროში ვზივარ და „გავსკდი“ ამ ბლის ჭამით. თურმე, დავთვერი. საშინლად მეხვეოდა თავბრუ და ვეღარ ჩამოვდიოდი. იმდენ ხანს ვყვიროდი ჩამომიყვანეთ-მეთქი, არ იცი. მაგრამ, ძალიან დიდხანს არავინ დამეხმარა. (იცინიან) თან ახლაც კი ისე ვარ, ლიქიორიანი „ბამბანერკაც“ მათრობს და მაშინ რა მომივიდოდა. (იცინიან) გაგლეჯილი მთვრალი ვიყავი.

– ერთი ის მითხარი, ნამდვილ ვასოსთან როდის უნდა გქონდეს ინტერვიუ?

– ნამდვილ ვასოსთან ჰქონდათ ინტერვიუ, თან ძალიან ბევრი. ინტერვიუების ერთი დასტა მაქვს. სრულიად საქართველო ჩემს გათხოვებასა და ქორწილზე ლაპარაკობს. რას ვაშავებ, ვერ გავიგე. (იცინიან) ვასო, რატომღაც არ ვიცი რა პროფესიის ხარ.

– ვეტექიმი.

– მართლა?! არადა, რა ხშირად მჭირდება ხოლმე, ღმერთო ჩემო!

– ამაზე ძალიან ვხალისობ ხოლმე. ვინც კი ჩემს პროფესიას იგებს იმ წამსვე ამბობს, ვაიმე, მართლა?! და მე ვეკითხები, ცუდად ხომ არ ხართ?

– ვეტექიმი ძალიან სერიოზული პროფესიაა. არ გიფიქრია, ამ პროფილით მუშაობაზე?

– როგორ არა! საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი კიდეც. ვეტექიმობა მხოლოდ ცხოველებს არ ეხება. მის კომპეტენციაში შედის საკვების ხარისხის შემოწმებაც და სხვა ასეთი რაღაცეებიც. თავიდანვე ამ „პონტში“ მინდოდა ვყოფილიყავი, სადაც ახლა ვარ, მაგრამ მამაჩემმა არაო, ჯერ სამედიცინოო. თუმცა, დღეს მისი მადლობელი ვარ, რადგან ორი პროფესია მაქვს. ხომ გაგიგია, რამდენი პროფესიაც გაქვს, იმდენი კაცი ხარო.

– მართალია. თუ ერთგან გაგიჭირდა მეორეს მიმართავ. გადაგირჩენია რომელიმე ცხოველი?

– რამდენიც გინდა. რომ ვმუშაობდი ეს ძალიან ხშირად ხდებოდა.

– არადა, ბავშვობაში სულ პატარა გოჭი შემომაკვდა. პაწაწუნა იყო. მე კიდევ საწოლში ჩავიწვინე და დაიხრჩო. (დანანებით ამბობს. ს.გ.) როგორც ჩანს ძილში გავსრისე, დილით ენაგადმოგდებული იყო. (იცინიან).

– ვინ გაჭყლიტა ლოგინში სალომე ბაკურაძემ? – აი, სცენარისტი რომ ვარ როგორ მეტყობა, უცებ ავაგე სიუჟეტი. (იცინიან).

– რაღაც-რაღაცეები კი ვიცი, მაგრამ რომ არ გკითხო რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, როგორც ჟურნალისტს, არ მეპატიება.

– ხომ იცით, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ დასამალი არაფერი მაქვს, ამაზე საჯაროდ საუბარი მაინც არ მომწონს. ერთი მაგარი რაღაც გავიგე ჟურნალისტებზე. ასეთი ამბავი მოხდა, რომ ჰიტლერმა მკვლელები, მანიაკები, გამოუსწორებელი ადამიანები ერთ გემში ჩასვა და ის გემი ჩაძირა. მისი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ იქ ჟურნალისტები არ იყვნენ. (იცინიან).

– ახლა, როგორც ჟურნალისტს, ძალიან მაწყენინე. (იცინიან).

– არა, ვხუმრობ. ძალიან მიყვარს ჟურნალისტები, ოღონდ პროფესიონალები.

– ვასო, მითხარი, რა გიყვარს საჭმელებიდან? ახლა, დიეტაზე ვარ და თუ არ შევჭამ, ვილაპარაკებ მაინც. (იცინიან).

– ზღვის პროდუქტები, თევზი ყველანაირი. წყალში რაც დაცურავს, ყველაფერზე ვგიჟდები. ერთადერთი კატერი არ მიყვარს. (იცინიან) შემწვარი კეფალი, კალმახი, აუფ, აუფ, ვგიჟდები. თევზაობაც მიყვარს და მერე დაჭერილი თევზის იქვე მომზადებაც.

– რა მოსწონთ ამ თევზაობაში ვერ გავიგე, ორი საათი სხედან ტყუილად და უყურებენ წყალს.

– ძალიან მაგარია. რა სისულელეა, აბა, საათობით რომ დადიან სანადიროდ ეგაა კარგი?! ჯერ ერთი საათობით არ უცდიან. თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ წყალი არ ვარგა და თევზი არ არის. თორემ მალ-მალე ამოდის თევზი.

– შენ როგორ ხარ, ალბათ, იცი?! თევზები აუზში გყავს გაშვებული და როცა მოგინდება იჭერ.

– და არა მარტო თევზები...

– ააა, „რუსალკებიც“ გყავს გაშვებული? რა მაგარია! მერე „ფენით“ არ აშრობ ხოლმე, რომ ფარფლების მაგივრად ფეხები გაუჩნდეთ?!

– კი, როგორ არა! ჩემს ქალთევზებს ვუვლი. (იცინიან).

– კარგი კულინარი ხარ?

– ტორტი ნამდვილად არ გამომიცხვია და არ მიძახია, არიქა, მიშველეთ, ბისკვიტი ჩამივარდა-მეთქი, მაგრამ თევზს ვწვავ. რაც მიყვარს, ვაკეთებ. მახსოვს, ერთხელ სახლში მივედი და ქურა გამოვაღე. დედაჩემმა იყვირა, არიქა, ბისკვიტი ჩამივარდაო. ისიც კი არ ვიცოდი ეს ბისკვიტი რა იყო, თვითონ ის გამოსაღები მეგონა. (იცინიან) მოკლედ, დღეს ვიცი, რომ ბისკვიტი შეიძლება ჩავარდეს.

– როგორი ქმარი იქნები, ვასო, რომელსაც შეუძლია, ცოლს დილით ყავა მიართვას თუ ამას არასდროს გააკეთებ?

– საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გამიჯნული არც უნდა იყოს – შენ ამას იზამ, მე ამას ვიზამ. ვინც პირველი გაიღვიძებს ის გააკეთებს ყავას, რა პრობლემაა. როდესაც გიყვარს ადამიანი ყავა რა სალაპარაკოა.

– გადასარევია.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვასო ფხაკაძე

– რა გკითხო ახლა არ ვიცი. შემოქმედებაზე ვისაუბრეთ, კონცერტზეც თქვი, მაშინ შენს დიეტაზე ვილაპარაკოთ.

– მეზიზღება დიეტაზე ლაპარაკი, შეიძლება, ადამიანი სულ დიეტაზე იყოს?! მიყვარს გემრიელად ჭამა და რა ვქნა?! ისე, ზაფხულში დიეტაზე ყოფნა სულ არ არის რთული. ბევრი რაღაც არის ისეთი, რაც იჭმევა და არ გასუქებს. ჩემს დიეტოლოგთან შეთანხმებით ვაკეთებ ყველაფერს.

– მაინც მითხარი რა ხდება კონცერტების ამბავში ამ სეზონზე, ცხელი ზაფხული გელოდება?

– კი, საკმაოდ. „ჯეოსელის“ ტურნეში მივდივართ. ახალი „ჯეოსტარისთვის“ ბავშვებს ეძებენ და ჩვენც მათთან ერთად ვიქნებით. ზღვაზეც ვაპირებ წასვლას და მგონი, ისიც მოესწრება, რომ მიღებული საჩუქრით ვისარგებლო. პარიზში ორკაციანი საგზური ხომ მივიღე და შესაძლოა, სულ მალე წავიდე.

– ვისთან ერთად მიდიხარ?

– ეს ჯერ არ გადამიწყვეტია.

– კარგი, მოდი შენს ბავშვობაზეც მოგვიყევი. როგორი ბავშვი იყავი?

– როგორი წარმოგიდგენია?! (იცინიან) სერიოზული და ძალიან ჭკვიანი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მხიარული და „მაცანცარა“ ვიყავი. შვიდ-რვაჯერ ვიცვლიდი დღეში. შემეძლო, უცებ თამაშისთვის თავი დამენებებინა, სახლში ამოვსულიყავი და გამომეცვალა. ცელქიც ვიყავი და ცოტა ხიფათიანიც.

– მუხლები სულ დაგლეჯილი გქონდა, ხომ?

– კი. (იცინიან) სულ გადატყავებული მუხლებით დავდიოდი. მამაჩემს ეს ძალიან არ მოსწონდა, ამიტომ სულ შარვლებს მაცმევდნენ. პრანჭია არასდროს ვყოფილვარ, დედების და დეიდების ფეხსაცმელებს რომ იცვამენ, დაკაკუნებენ და პომადებს ისვამენ. უფრო ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, ალქაჯანა ვიყავი.

– ძილშიც კი ცელქობდი, ხომ?

– (იცინიან) ბავშვობაში ხანდახან ძილში დავდიოდი. რასაც სიზმრად ვხედავდი, იმას ვაკეთებდი „ლაივში“. იმ დღეს მესიზმრებოდა, რომ დედამ ცურვაზე მიმიყვანა, მასწავლებელმა მკითხა: იცი ცურვაო? ვუთხარი: ცურვა არ ვიცი, მაგრამ თავით გადახტომა კარგი ვიცი-მეთქი. მოვიმარჯვე ხელები თავით გადახტომისთვის და გადავხტი. სინამდვილეში სარდაფში ჩავხტი. მოკლედ, დამიწყეს ძებნა და სულ შემთხვევით მოვიდნენ სარდაფთან, ხომ არ ჩავარდაო. იქ მიპოვეს. ტვინის შერყევა მქონდა მიღებული, სარდაფის ბინძური წყალი ნაყლაპი. საკმაოდ ცუდად ვიყავი. მაგრამ ჩემი „მთვარეულობიდან“ ეს ყველაზე ხიფათიანი „თავგადასავალი“ იყო. (იცინიან).

– მაგარი ისტორიაა. ბიჭებთან ვმეგობრობდიო და პრანჭვა როდის დაიწყე?

– საკმაოდ გვიან, სხვათა შორის, დაახლოებით, მეორე, მესამე კურსზე დავიწყე პრანჭვა, ქუსლები... ისა-ესა.

– ძალიან ბევრი მეგობარი გყავს, ხომ?

– აუარება მეგობრები მყავს. დედაჩემი მეუბნება, არ მეგულება ამ ქვეყნად ადამიანი, ვისაც იმდენი მეგობარი ჰყავს რამდენიც შენო, როგორ ყველას მეგობარი შენ ხარო. (იცინიან) არ არსებობს დღე სადმე არ ვიყო, სულ ვიღაცის დაბადების დღეა, სულ სადღაც რაღაც ხდება. ყოველდღე ყველას ნახვას თავისთავად ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ, უყურადღებოდ არავინ დამრჩეს.

– ესე იგი ძალიან კომუნიკაბელური ხარ.

– არ იცი?! (იცინიან) სხვათა შორის, არც ერთ ასაკში არ გამჭირვებია მეგობრების შეძენა. თუ ადამიანს შევატყობ, რომ მასთან ვერ ვიმეგობრებ, არ არის ჩემიანი, მასთან თავიდანვე ისეთ დისტანციას ვიჭერ, რომ არ დავახლოვდეთ. მაგრამ, თუ ადამიანი მივიღე, დავახლოვდით, მაშინ ამ დისტანციასაც ვშლი და ვუმეგობრდები. მთავარია, მეგობრობაში არაფერი იყოს დამალული.

– შენი მეგობრებისგან ხშირად გამიგია, რომ სადაც სალომე არ არის, იქ მოწყენილობააო.

– ასე ამბობენ ხოლმე. (იცინიან) ახლა ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ცოტა უხერხულია, მაგრამ ასეა.

– და საოცარ სიტყვებს იგონებ, ამაზე ძალიან ვხალისობ ხოლმე.

– ჩემი ნეოლოგიზმები მაქვს. თავისუფლად შეიძლება, ცალკე ლექსიკონი გაკეთდეს იმ სიტყვებისგან, რომელსაც ვიგონებ...

– სულხან-საბას და სალომე ბაკურაძის ლექსიკონები. (იცინიან).

– ზუსტად ასეა. ზოგიერთ სიტყვას ვაერთებ ან მოფერებით ფორმაში ვამბობ ხოლმე ისეთ სიტყვას, რომლითაც ერთმანეთს საერთოდ არ ეფერებიან. მაგალითად: ჩემო ტყლაპო. (იცინიან) როგორი საყვარელი სიტყვაა, ხომ?! არ არის ჩვეულებრივი. ტყლაპი მიყვარს ძალიან და ვიღაცას რომ ვეტყვი, ჩემო ტყლაპო, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მიყვარს. (იცინიან).

– ფოტოების გადაღების დროს თქვი საოცარი სიტყვა.

– მომეტკვარცალე?! ეს ნიშნავს მხიარულად მოტმასნებას. ისეთი სიტყვებიც არის, რომელიც არაფერს ნიშნავს, მაგალითად კვისტი. ხომ არაფერს ნიშნავს კვისტი, მაგრამ ჩემთვის ის საყვარელ, მოსაფერებელ სიტყვასთან ასოცირდება. კუ და კუსა უკვე ძალიან გაიცვითა. პირდაპირ კუც ძალიან მომწონს, საყვარელია. (იცინიან) მე და ვახო ბიჭიკაშვილს, ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ყლორწი, გვაქვს ასეთი თამაში – ერთმანეთს უაზრო მოფერებით სიტყვებს ვწერთ ხოლმე. მაგალითად შეიძლება, ღამის ორ საათზე მომივიდეს მესიჯი „არქიტექტორო“! ხომ არაფერია, მაგრამ მომწონს. მერე მე მივწერ „ბანკომატო“! (იცინიან) ამაზე ვერთობით. ზოგმა არ იცის ეს თამაში და მაინც ცდილობენ ჩაგვერიონ. „ახუცუკუტრუკუცუკუნებულო“ – ეს არის ცანცარი აღმატებით ფორმაში. (იცინიან).

– საოცარი იუმორი გაქვს, ეს ქუთაისის დამსახურებაც არის, ხომ?

– კი ალბათ, რატომაც არა.

– გათხოვების და ქორწილის თემას გადავახტეთ. ჩხუბობთ ხოლმე შენ და ვასკა?

– კი, ალბათ ისე, როგორც ყველა შეყვარებული, რაღაც სისულელეზე. მაგრამ თუ ადრე ხუთ წუთს გრძელდებოდა ჩვენი ჩხუბი და გაბუტვა, ახლა ერთ წუთსაც აღარ გრძელდება. ვასკამ „დაამუღამა“, რომ ჩემი შემორიგება ყველაზე ადვილად იუმორით არის შესაძლებელი. რომ ვიჩხუბებთ ან რამეს გაიხუმრებს, ან ისეთ სახეს მიიღებს, რომ მეცინება. თუ გადავიხარხარე მერე ისევ გაბრაზებული ხომ არ ვიქნები და ვრიგდებით. (იცინიან) წივილ-კივილამდე ჩვენი ჩხუბი არასდროს მიდის.

სალომე გველესიანი

скачать dle 11.3