კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა სიკვდილს რომანტიკის და ქალის გამო მამუკა ლორია და რის გამო მოუჭრა მას სიმამრმა ეზოში თუთის ხე


როგორც მსახიობი მამუკა ლორია ამბობს, ის ხალხის სიყვარულსა და სითბოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. მეგობრებშიც გაუმართლა, პირად ცხოვრებაშიც, კარიერაშიც და მეტი კაცს რა უნდა ამ ცხოვრებაში? მამუკა ძალიან მხიარული, საინტერესო და ხმამაღალი რესპონდენტია, რომელიც ყოველთვის სიცილით ყვება თავსგადახდენილ კურიოზულ ამბებს.

მამუკა ლორია: ბედნიერ კაცად მიმაჩნია თავი, ასეთ კარგ ხალხთან რომ მიწევს ურთიერთობა. რომ იტყვიან, მათ გვერდით კაცი არ მოიწყენს და ცხოვრებაში ბევრ საინტერესოს და სახალისო ამბავსაც შეიტყობს. ბევრჯერ ხიფათშიც გავხვეულვარ, მაგრამ თავს ადვილად ვიძვრენ. კურიოზული სიტუაციები კი იმდენი მაქვს თავსგადახდენილი, რომ დავჯდე და დავწერო, მგონი, წიგნი გამომივა. ხშირად სასმლის გამო ვვარდები გაუგებარ სიტუაციაში. არ დამავიწყდება, ერთხელ, ქობულეთში ვისვენებდით ბიჭები. საღამოს რომ აგრილდა, ვიფიქრეთ, ცოტა დავლიოთ და წავუქეიფოთო. ბარში წავედით. მოკლედ, ვზივართ მაგიდასთან და კარგად ვულხენთ. გავიხედეთ, ლამაზი, გარუჯული თბილისელი „სვეტსკი“ „ნაშები“ შემოვიდნენ და ჩვენს გვერდით მაგიდას მიუსხდნენ. აჭარელი მეგობარი გვახლდა თან. აიჩემა, გინდა თუ არა, ამათ უნდა ვეცეკვო, უარს არ მეტყვიანო. დავუშალეთ, მაგრამ... მივიდა, სთხოვა ცეკვა და უარი მიიღო. მოვიდა და დაჯდა ცხვირჩამოშვებული. გამეცინა, ვუთხარი, აბა, რა გეგონა, რომ მივარდი – რა, სიხარულით გაცვივდებოდნენ ავანსცენაზე და გაშლიდნენ ხელებს-მეთქი? გადაირია: შენ თუ მაგარი ხარ, მიდი და უთხარი გეცეკვონ, თუ „შეაბამ“ მაგარ ტიპად ჩაგთვლიო. ნასვამი ვიყავი და მეტი რა მინდოდა? შევგულიანდი, ავდექი, მივედი და გოგონებს ვთხოვე: თქვენი ჭირიმე, ხომ მიცნობთ ვინც ვარ, ჩემი მეგობრების ყბაში ნუ ჩამაგდებთ, სანაძლეო მაქვს დადებული და არ დამღუპოთ, მეცეკვეთ-მეთქი. გაეცინათ: თქვენ ვინ არ გიცნობთ, რა პრობლემაა, უარს არ გეტყვით და გეცეკვებითო. ერთი სიტყვით, გამოვიცეკვე. ვცეკვავ და თან გულში მიხარია, რომ მიცნეს და არ გამიტეხეს, ამყვნენ უცხოები. ბლუზი იყო. გაიწელა და ხომ აღარ მთავრდება, არადა, ნასვამს კიდევ ბზრიალ-ტრიალი მინდა? თან მუნჯივით ხომ არ იქნები კაცი, ქალს ეცეკვები და ორი სიტყვა ხომ უნდა უთხრა. გავიკრიფე ენად – ხან ხელოვნებაზე ვესაუბრე, ხან კულტურაზე, ხან თეატრზე... გავიტლიკე, მაგრამ რა გავიტლიკე და... უცებ ეს გოგონა მეუბნება: ბატონო ტრისტან... ვიფიქრე მომესმა-მეთქი. ვკითხე, რა მითხარი გენაცვალე-მეთქი? ტრისტან სარალიძე არ ხარ, რას გაიოცეო. გამიტყდა, ვუპასუხე: აბა, შენა ყოფილხარ რა, რაღა ტრისტანს შემადარე, ბრეტ პიტი ან ტომ კრუზი მაინც გეთქვა, გული გაგეხარებინა-მეთქი (იცინის). ბედი არ გინდა? შეგადარონ და ისიც ტრისტანს. ისე, სახელს რაღას დავეძებდი, სანაძლეო კი მოვიგე და...

– „ბებერ თინეიჯერს“ გეძახიან მეგობრები. ასე რატომ შეგარქვეს?

– რატომ შემარქვეს „ბებერი თინეიჯერი“? რატომ და, არ ვბერდები და არც ვჭკვიანდები (იცინის). ხომ იცით, კაცი რომ ორმოც წელს გადააცილებ, ტვინში თითო უჯრა იწყებს დაქვეითებას და დაცლას, სკლეროზიც ნელ-ნელა გიკაკუნებს. მე კიდევ, ორმოც წელს უკვე კარგა ხანია, გადავაცილე და აბა, არ დამიკაკუნებს? აწი ჭკუა თუ დამაკლდება, თორემ ხომ არ მომემატება.

– ამბობენ, მამუკა ძალიან რომანტიკული ადამიანია და საყვარელ მეუღლეს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებსო. ეს მართალია?

– განებივრებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, სისულელეებს ხშირად ჩავდიოდი მის გამო. ჩემი სახლის ახლოს ერთი დიდი თუთის ხე იდგა, რომელიც ფანჯრებთან ახლოს იყო. ავდიოდი მასზე და ფანჯარასთან, საყვარელ მეუღლეს სიმღერებს ვუმღეროდი ხოლმე. მერე კი, ტოტიდან ვბობღდებოდი რაფაზე და ფანჯრიდან შევდიოდი სახლში. რასაკვირველია, მთვრალი (იცინის). ჩემი სიმამრი გაბრაზდა, ეცა და ის თუთის ხე ძირში მოჭრა. ერთ დღესაც, ისევ მთვრალი და რომანტიკული განწყობით მივედი სახლამდე. თუთის ხე მართალია, აღარ იდგა, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე. იქვე სხვა ხეზე ავძვერი მაუგლივით, დავამღერე და რომ დავაპირე ფანჯრიდან სახლში შეღწევა, ტოტი არ მომიტყდა? ისე დავენარცხე ძირს, მგონი, ნაპერწკლები გავყარე თვალებიდან. მეზობლები რომ დამეხვივნენ თავს, ვიფიქრე, ამათ ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს, რამე უნდა მოვიფიქრო და თავი დავიძვრინო-მეთქი და ისეთი სისულელე ვთქვი, თავად გამეცინა.

– ასეთი რა მოიფიქრეთ გამწარებულმა?

– რა და, ვთქვი: ცოლისთვის მინდოდა, სიურპრიზი გამეკეთებინა, ხის ტოტიდან მემღერა და სახლში რომ დავაპირე შესვლა და ტოტიდან გადავიწიე, ფანჯარა არ გაიწია გვერდით-მეთქი? დაწყდნენ მეზობლები სიცილით. მერე მეკაიფებოდნენ: სად წვიმდა, ბიჭო, ეგრე, ფანჯრებმა რომ სიარული დაიწყესო (იცინის). რა ვქნა, გენაცვალე, მართალია დავბერდი, მაგრამ რომანტიზმი კი არ გამნელებია.

– ბავშვობაში ცელქი იყავით?

– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ისეთი, როგორიც ყველა ბავშვია. ხაშურში ვარ დაბადებული. მამაჩემი იმ დროს თბილისში იყო. რომ შეატყობინეს, ჩამოვიდნენ ბებია, ბაბუა, ჩემი უფროსი და და რასაკვირველია, მამაჩემი მოუძღვოდა მათ წინ. ჩემს დას უთხრეს, ნახე როგორი პატარა ძამიკო გყავსო. დამხედა, დამაკვირდა და დედას უთხრა თურმე: დედიკო, შენ წამოდი სახლში და ეს რაღაცა აქ დატოვეო (იცინის). ასე რომ დაიწყება შენი ამქვეყნად მოვლინება, აბა, ეს საქმეა? ჰოდა, მეც მოვდივარ და მოვხალისობ. ისე, საკუთარი გარეგნობის გამო ხშირად ვხვდები გაუგებრობაში. არ დამავიწყდება, ერთხელ პოლიციელმა ჩამისვა მანქანაში და მკაცრი ტონით მომთხოვა ვენების ჩვენება. ვაჩვენე. ახლა „ნასკები“ გაიხადეო. გავიხადე. არ მომეშვა – ეს მაჩვენე, ის მაჩვენე, – ადგილ-ადგილ და კუნჭულ-კუნჭულ დამათვალიერა. ჯერ მშვიდად ვემორჩილებოდი და, რომ მივხვდი, მაგრად შეუბერა, გავაღე პირი და ვუთხარი – ბატონო ჩემო, ერთი კბილიც შემიმოწმე, კარიესი ხომ არ მეწყება-მეთქი. გააღო კარი და გადმომსვა. მომაძახა: შვილო, შენ ცოტა ვერა ხარ „მატორზე“, სტომატოლოგი და პოლიციელი ერთმანეთისგან ვერ უნდა გაარჩიოო. ვერ მივხვდი, რა ეწყინა (იცინის). ერთი წყნეთელი მემაწვნე დადიოდა ჩემს უბანში. დილის ექვს საათზე რომ „ჩართავდა“ – მაწონიი!.. მაწონიი!.. სანამ არ იყიდიდნენ, არ ჩუმდებოდა. ერთ დღესაც, ზაფხულია, აივანზე მძინავს. დილის ექვს საათზე რომ „ჩართო“ და აღარ „გამორთო“, ბებიაჩემის ხმით დავუძახე: მოდი, მოდიი! ვა, გაჩუმდა. გავიხედე, კარზე ზარია. ბებიაჩემმა გააღო კარი. ქსენია, ჰა, მოგიტანე მაწონი, გენაცვალეო და... ვინ გითხრა მაწონი რომ მინდა, ამ დილაადრიან საწოლიდან რომ წამომაგდე, შენ ხომ არ გადაირიე, ექვსი ქილა მაწონი მიდგას მაცივარში, ვინ არის ამის შემჭმელიო. მემაწვნე გაფითრდა. მოკლედ, მემაწვნე კი გავაჩუმე, მაგრამ ახლა ბებიაჩემმა არ „ჩართო“? (იცინის). მერე მიხვდა, ვინც გაიხუმრა, მეცა და იმდენი მიბაყუნა, მტრისას – რუსულ ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი. იმ დღის შემდეგ შემძულდა მაწონი და ახლაც რომ მესმის „მაწონიო“, ტანში მზარავს (იცინის). ერთხელ, მამაჩემთან სტუმრად მოვიდა გივი ბერიკაშვილი. მამაჩემმა შესჩივლა: გივი, ხომ იცი მამუკას როგორ უყვარხარ, „სკრიპკაზე“ შევიყვანეთ და არ უნდა სიარული, იქნება შენ მაინც დაარიგოო. გივიმ დამიძახა. მივხვდი, რაზეც უნდა დამლაპარაკებოდა და თავი ჩავღუნე. მითხრა: მიდი, აბა, გამოიტანე ის შენი „სკრიპკა“, მაჩვენე როგორ უკრავო. გამოვიტანე, ამოვიდე ნიკაპქვეშ, გადავაგდე თავი გვერდზე და სანამ დაკვრას დავიწყებდი, გივიმ მკითხა: კაცო, ეს თავი ასე უნდა გქონდეს გადაღლერძილი გვერდზეო? ვუთხარი, დიახ-მეთქი. გადაირია. მიუბრუნდა მამაჩემს და უთხრა: აბესალომ, დაანებე ამ ბავშვს თავი, ერთი კისერი აქვს ნორმალური და ესეც გინდა დაუბრიცოო (იცინის). ერთხელ კი, მეტროში ჩავედით მე, დედაჩემი და მამაჩემი. თოთხმეტი წლის ვიქნებოდი. ვერ გეტყვით, რა მოხდა – მოკლედ, ფეხი დამიცდა ესკალატორზე და ისე დავგორდი, მტრისას. დედაჩემმა კივილით შეძრა მთელი მეტრო: ვაიმე, შვილი დამიგორდა, მიშველეთ ხალხოო. მამაჩემს რეაქცია არ აქვს. მშვიდად დგას. მიუბრუნდა დედაჩემი და ეუბნება: რა არის ახლა ეს, აბესალომ, ბავშვი დაგორდა და რეაქცია რატომ არ გაქვსო. მამაჩემი დაფიქრდა და უთხრა: იცი, ნელი, საყვარელო, რისი იმედი მაქვს? რისიო. რისი და, თხუთმეტ წლამდე აინშტაინიც დებილი იყო, მერე მოვიდა აზრზე. ერთი წელი კიდევ აქვს დრო და იგორაოს, რას ერჩი, რას შეყარე ხალხი! ვაცადოთ ერთი წელი, მაგის იმედი მაქვს, თორემ თავს მოვიკლავდი აქამდეო (იცინის). ასე ვიგორავე კიდევ ერთი წელი და რაც გამოვედი, ახლა თავადაც ხედავთ.


скачать dle 11.3