კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიულეწა მეგობარს “მადონას„ საგვარეულო სერვიზი სტუმრად მისულმა ნინო მუმლაძემ და რატომ ახრჩობდნენ მას “ჩვენი ოფისის„ ბიჭები შავ ზღვაში



სერიალ „ჩვენი ოფისის“ ყველაზე ცნობისმოყვარე, მეტიჩარა და არამკითხე ნუნუკა იგივე, ნინო მუმლაძე, სინამდვილეში ძალიან გაწონასწორებული, თბილი, მეგობრული, ხალისიანი და ენაწყლიანი ადამიანია. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ძალზე „არაგერმანული“ ხასიათი აქვს და ამის გამო ხშირად ვარდება კურიოზულ და გამოუვალ სიტუაციებში.



ნინო მუმლაძე: ყველაზე ხშირად სასაცილო თუ გამოუვალ სიტუაციებში, ჩემი მოუხერხებლობის გამო ვვარდები. მაგალითად, დელიკატურ ადგილებში, სადაც, წესით, კარგად უნდა ვიქცეოდე, ხან ჭიქა მივარდება ხელიდან, ხან – თეფში, ხან რამეს ვლეწავ, ერთი სიტყვით, ყურადღების ეპიცენტრში ასე ვხვდები. ეს ამბები მერე რომ მახსენდება, კი მეცინება, მაგრამ იმ მომენტში ისეთ დღეში ვარ, სად გავიქცე და თავი როგორ დავიძვრინო, თავად არ ვიცი ხოლმე.

– ესე იგი, რომ ამბობენ, ნინოს სტუმრობა ოჯახში ზარალიაო, მართალია?

– (იცინის) მართალია. მაგრამ, ეს ჩემი ბრალი არ არის, უნებურად მემართება მსგავსი რაღაცეები. არაერთი მეგობრის სახლში დამიმსხვრევია საგვარეულო, ძვირად ღირებული ჯამ-ჭურჭელი, ბროლის ჭიქები, ვაზები თუ „მადონას“ სერვიზი. ჩემი მეგობრები არ მწირავენ და მშობლებს ეუბნებიან, სხვამ დაამტვრიაო, მაგრამ, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ჩემთვის რა უხერხულია. ერთმა მეგობარმა, თავისი ჭკუით, პატივი მცა და მასთან მისულს „მარტინი“ ძვირფასი, განსაკუთრებული, საგვარეულო ჭიქით მომართვა. რასაკვირველია, ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. რაღას მეტყოდა? (იცინის). ჩემს ჯგუფელს კი „მადონას“ ძვირფასი სერვიზი ისე გავუჩანაგე, რომ სამახსოვრო ჭიქაც კი არ დავუტოვე. იქ რომ მივიდოდი დედამისი ძვირფასი ჭიქით მომართმევდა ხოლმე ყავას ან ჩაის. მეც, მეტი რა მინდოდა?! ვსვამდი და თან ვამტვრევდი. ჩემი მეგობარი დიდხანს მალავდა ამ ამბავს და დედამისს არ ეუბნებოდა. არადა, ქალი ხედავდა, ყოველი ჩემი მისვლის შემდეგ, თითო ჭიქა აკლდებოდა სერვიზს. გავიხედე, ერთხელ, მირეკავს დედამისი და მეუბნება: შვილო, ნუნუკა, არ აპირებ ჩვენთან მოსვლას? ცოტა დაგიგვიანდა, ერთი ჭიქა დაგვრჩა „მადონას“ სერვიზიდან და გელოდებითო. (იცინის).

– სერიალში ნუნუკა ჰქვია შენს გმირს. ამ სახელით ხშირად მოგმართავენ? და, საერთოდ, როცა ქუჩაში გცნობენ, როგორი რეაქცია აქვთ?

– ძალიან ხშირად ნუნუკათი მომმართავენ და არ მწყინს. რაც შეეხება იმას, რომ ქუჩაში მცნობენ, ერთ ამბავს მოგიყვებით: ამ ზაფხულს კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვისვენებდი. რაღაცეების ყიდვა დაგვჭირდა და რაიონში წავედით მე, დედაჩემი და ჩემი და. მოკლედ, მაღაზიის წინ ტაქსების გაჩერება იყო. ერთმა ტაქსისტმა მიცნო და შოკური რეაქცია ჰქონდა, ვერ წარმოიდგინა, იქ რა მინდოდა. ჯერ მიყურა, მიყურა, მერე მეორე ტაქსისტს მიუბრუნდა და ქართლური აქცენტით დაუწყო ახსნა: „ნახე ბიჭო, ვინ არის? ნუნუკასა აქ რა უნდა? ესა, იცი, ვინ არი? ლაშას რო ყავ ცოლი და იმას რო ყავ მაგარი ლაქლაქა დაქალი, აი, ბანტებიანი გოგო, ყველგან რო ყოფს ცხვირსა“... (იცინის). მეორე ტაქსისტი გადაირია, ვერაფერი გაიგო. ერთხელ, ტაქსიში ჩავჯექი. მთელი გზა მელაპარაკა მძღოლი, როგორ უყვარს მსახიობები, როგორ სცემს პატივს და ასე შემდეგ. მე, ცოტა არ იყოს, დავიმორცხვე. რომ ჩამოვდიოდი, მითხრა: ჯაბა მომიკითხე, ჯაბაო. მივხვდი, კი მიცნო, მაგრამ სხვა სერიალის გოგოში ავერიე. ისე, ხშირად არ მართმევენ მძღოლები მგზავრობის ფულს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წინათ ყველას რუსი ვეგონე. ერთხელ ქუჩაში მოვდივარ და ბიჭი ამედევნა. კარგად არ იცოდა რუსული და დაიტანჯა. ორი ღერი რუსული იცოდა და ისიც მე მომახარჯა (იცინის). მომყვება და იმტვრევს ენას, წვალობს, მაგრამ რას წვალობს. მე კარგად ვიცი რუსული ენა და ავყევი, ვალაპარაკე და ვალაპარაკე. კარგად რომ იბოდიალა მთელი ნახევარი საათი, მერე ვუთხარი, კარგი გეყოფა, ქართველი ვარ და ნუღარ იტანჯები-მეთქი. გადაირია, ამდენ ხანს ვერ მითხარი, ენა რომ მომატეხინეო?! (იცინის). რა ჩემი ბრალი იყო? დაიწყო და მეც ავყევი.

– ნინო, ვიცი, ძალიან გიყვარს ზღვისპირეთში დასვენება და ბავშვობიდან დადიხარ ზღვაზე, მაგრამ ცურვა ვერ ისწავლე. ამ მხრივ უნიჭო აღმოჩნდი?

– თქვენ უნდა ნახოთ, მე როგორი ვარ ზღვაზე... შეიძლება, სიცილით მოკვდეთ. წარმოიდგინეთ, დიდი კამერა მაქვს ჩამოცმული და ზღვაში ისე ვფართხალებ, კვატივით, საცოდავად, რომ მთელი დამსვენებლები მე მიყურებენ, თითქოს უცხოპლანეტელი ვარ და იგუდებიან სიცილით. შევვარდები ამ ჩემი დიდი კამერით ზღვაში დიდი მოცურავესავით, ვიქნევ ხელ-ფეხს და როგორც კი ვიგრძნობ, ფეხს ვერ ვდგამ ქვაზე, იმ წუთას პანიკაში ვვარდები, მგონია, ვიხრჩობი და ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, ისეთი კივილ-წივილი გამიდის, რომ გიჟი გეგონებით. არადა, გადასარჩენი არაფერი მჭირს, ხელები რომ მოვუსვა კი გამოვალ ნაპირზე. ერთხელ, ასე შევედი ჩემი კამერით, მეგობარმაც შემოცურა, ხელი მკრა და ღრმად შემაგდო. ვყვირი, არიქა, მიშველეთ-მეთქი. მიხვდა, პანიკაში ჩავვარდი და დამიყვირა, მოუსვი ხელები მაგრად და გამოცურეო. დავიწყე უაზროდ ხელ-ფეხის ქნევა და, იმდენი ვიტრიალე ერთ ადგილას, თავბრუ დამეხვა, ძლივს გამაჩერეს (იცინის). ერთხელ კი სერიალის გადამღები ჯგუფი ვიყავით ბათუმში. გადაღებებს რომ მოვრჩით, საბანაოდ გავედით. ისინი ბანაობდნენ, მე კი შეზლონგზე ვიწექი და ჩემთვის ვნებივრობდი, ვირუჯებოდი. უცბად მომცვივდნენ, დამავლეს ხელი და არ გადამაგდეს შუა ზღვაში?! რა მომივიდოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? აი, პანიკა მაშინ გენახათ. იქიდან რომ გამოვედი და დავუწყე ჩხუბი, თავი იმართლეს, რეჟისორმა გვითხრა, კურიოზული კადრები მჭირდება და მოიფიქრეთ რამეო. უფრო სასაცილო კი ის იყო, რომ სწორედ ეს კადრი არ მოხვდა კურიოზებში (იცინის). სამაგიეროდ, მთელს საქართველოს აჩვენეს, კვატივით რომ მაქვს კამერა ჩაცმული და ვჭყუმპალაობ.

– ერთი ისიც მითხარი, სულ რატომ იგვიანებ ყველგან და ამის გამო რა ისტორიებს იგონებ ხოლმე საკუთარ თავზე, მერე რომ ლეგენდებად დადის?

– დაგვიანებას ვერა და ვერ გადავეჩვიე. ამიტომ, თავი რომ დავიძვრინო, ისეთ ამბებს ვიგონებ ხოლმე, მერე თავად მჯერა და მიკვირს კიდეც. დაგვიანების გამო კი არაერთ გამოუვალ თუ კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ. არ დამავიწყდება, თეატრალურის ანსამბლში ვცეკვავდი და გაწამებული მყავდა ქორეოგრაფი ამ ჩემი დაგვიანებებით. ერთხელ სერიოზული გამოსვლისთვის ვემზადებით. პედაგოგმა მითხრა, არ დააგვიანო, თორემ აღარ გაპატიებ, დავიღალე შენი ისტორიების მოსმენით და უსიტყვოდ გაგაგდებ, მიზეზს აღარ გკითხავ, აზრი არ აქვსო. ავდექი დილით. მოვემზადე და ისეთ დროს გამოვედი სახლიდან, რომ დროზე ადრე მივსულიყავი. მოკლედ, გავაჩერე „მარშრუტკა“, ჩავჯექი და თან ვფიქრობდი, ძლივს არ მოვიგებ მასწავლებლის გულს დროზე მისვლით-მეთქი. გავიხედე და... შუა გზაზე, დიდი ხე არ არის წაქცეული?! შანსი არ არის, იქ მანქანამ გაიაროს. სამაშველო რაზმია მობილიზებული და მიდის ამ ხის ჭრა-დამუშავება. დამცხა. არადა, შემოვლითი გზით რომ წავიდეს მძღოლი, დამაგვიანდება და დავიღუპე. გადმოვხტი სამარშრუტო ტაქსიდან, მივირბინე ამ ხესთან, ავბობღდი, კინაღამ მუშებმა „გადამდრუჟბეს“ და გადამხერხეს შუაზე და მეც იმ ხეს მიმაყოლეს. გადავძვერი, როგორც იყო, გიჟივით ვირბინე პლეხანოვამდე, იქ გავაჩერე მეორე „მარშუტკა“ და ჩავჯექი. რომ დაიძრა, ვიფიქრე, გადავრჩი-მეთქი და არ გაუსკდა რამდენიმე მეტრში საბურავი?! ისევ ჩამოვხტი გიჟივით, გავირბინე ქუჩა და დავუქნიე ხელი სხვა „მარშუტკას“. გააჩერა და, ის არ აღმოჩნდა, პირველად რომ ჩავჯექი? მძღოლმა გაფართოებული თვალებით შემომხედა – ამას აქ რა უნდა, აქ როგორ აღმოჩნდაო. მოკლედ, ისევ დაგვიანებით მივედი. ბავშვებმა მითხრეს, ისეთი გაბრაზებულია ქორეოგრაფი, გირჩევნია, არ დაენახვო, არც რამის ახსნას აქვს აზრიო. გავიხედე, დგას მკაცრი სახით. რა გინდა უთხრა? უცებ მკითხა, ახლა მაინც რას მეტყვიო? რომ ვუთხარი თავდახრილმა – ხე წაიქცა პატივცემულო-მეთქი... – აი იქ შეჩერდა წამი. დაფიქრდა, სანამ ამას გამოვკითხავ – რა ხე, რის ხე დრო გავაო და მითხრა, არ მაინტერესებს, ტყუილად ნუ „მაბოლებ“ შენი ტყუილ-მართალი ისტორიებით, დროზე გაემზადე საცეკვაოდო.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3