კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს პირველ სიყვარულს სანკტ-პეტერბურგიდან საქართველოში და რა მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს შეყვარებულები


65 წლის ლუდმილა ალექსანდრეს ასული კოვალენკო ეძებს 74 წლის რამინ სიჭინავას.

ისტორია: ვეძებ ჩემს პირველ სიყვარულს. დაახლოებით 1936 წელს დაბადებულ მარიო (რამინ) სიჭინავას. დიდი ხნის განმავლობაში ვიმედოვნებდი, რომ მე და რამინი ერთმანეთს კვლავ შევხვდებოდით, მაგრამ ეს არ მოხდა. ამჟამად მე რუსეთში ვცხოვრობ, რამინი კი საქართველოშია. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. ჩემთვის ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო, მომეძებნა თუ არა რამინი, რადგან ჩვენი დაშორებიდან უკვე წლებია გასული და, არ ვიცი, რა ბედი ეწია ამ ადამიანს.

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი თქვენ და რამინმა და რამ გადაგაწყვეტინათ მისი მოძებნა?

– ძალიან დიდი ხნის წინ, დაახლოებით 1961 წელს მე ვისვენებდი საქართველოში, სანატორიუმ „განთიადში”, სადაც გავიცანი რამინ სიჭინავა. თუ არ ვცდები, რამინი მისი ნამდვილი სახელი იყო, ისე კი ყველა „მარიოს“ ეძახდა. იმ დროს ჩვენ ორივე ახალგაზრდები ვიყავით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე კურორტებზე, შეგვიყვარდა ერთმანეთი. რამინი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მაგრამ, დასვენების დღეები მალე გავიდა და მე იძულებული ვიყავი დავბრუნებულიყავი რუსეთში, ჩემს მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში (იმდროინდელ ლენინგრადში). ასე დავშორდით მე და რამინი ერთმანეთს. თუმცა, ტერიტორიული დაშორების შემდეგ, ჩვენ საკმაოდ დიდხანს გვქონდა მიმოწერა – ის მწერდა წერილებს და მეც ვპასუხობდი. ყოველთვის გვქონდა ერთმანეთთან შეხვედრის იმედი. მას შემდეგ 49 წელი გავიდა, ეს კი მთელი ცხოვრებაა. ბევრჯერ მიფიქრია, მომეძებნა ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი, ჩემი პირველი სიყვარული, ადამიანი, რომელმაც ჩემში სამუდამოდ დატოვა დიდი გრძნობა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ვახერხებდი, თანაც, მე ხომ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, ერთადერთი ჩემი იმედია მისი ფოტოსურათი, რომელსაც წლების განმავლობაში ვინახავ. ასევე, ვიცი, რომ რამინი ცხოვრობდა საქართველოში, ჩხოროწყუში (თუ არ ვცდები, სოფელ ლესიჭინეში). მისი მოძებნა მე გადამაწყვეტინა „ჟდი მენიას“ ყურებამ – ბევრჯერ მინახავს, როგორ პოულობენ ერთმანეთს წლების წინ დაშორებული ადამიანები და, ამიტომ, გადავწყვიტე, ბედი მეც მეცადა.

– მას შემდეგ, ანუ, 1961 წლიდან, რაც თქვენ დაშორდით ერთმანეთს, თუ გინახავთ რამინი?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ერთხელ, ჩვენი დაშორების შემდეგ, ის ჩამოსულიც კი იყო ჩემთან, ლენინგრადში. ჩვენი შეხვედრა ხანმოკლე იყო. რამინს უნდოდა, რომ მე მის სამშობლოში, საქართველოში წავეყვანე და ცოლად შევერთე, მაგრამ იმ დროს ეს ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო და არარეალურად მეჩვენებოდა. მაშინ ობიექტურად ვერ შევაფასე ამ ადამიანის სურვილი და მოწადინება, რომ ის ჩამოვიდა კიდეც ჩემს წასაყვანად და სულელურად მოვიქეცი, რის გამოც მთელი ცხოვრება ვნანობდი. ამჟამად ორივე ხანში შესულები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ მას უკვე დიდი ხანია, ჰყავს მეუღლე და შვილიშვილებიც, მაგრამ, მაინც მინდა მისი ამბის გაგება.

– ანუ, თქვენ გქონდათ რეალური შანსი, რომ ცოლად გაჰყოლოდით თქვენს პირველ სიყვარულს და არ დათანხმდით. ახლა თუკი მას მართლაც ჰყავს ცოლ-შვილი და მან აღარ მოინდომა თქვენთან დაკავშირება, რა რეაქცია გექნებათ?

– უბრალოდ, მინდა, გავიგო, როგორ აიწყო ცხოვრება, როგორ არის ამჟამად. იმედი მაქვს, მისი ოჯახის წევრები ამას ნორმალურად მიიღებენ. ხოლო, თუკი მას არ ენდომება ჩემთან დაკავშირება, რა თქმა უნდა, მე არ დავაძალებ, უბრალოდ, მეცოდინება, რომ ის ცოცხალია და ჯანმრთელია.

– ქალბატონო ლუდმილა, ღმერთმა ქნას, რომ რამინი ცოცხალი იყოს, მაგრამ, დამეთანხმებით, ალბათ, ის საკმაოდ დიდი ასაკისაა. თუკი მოხდა ისე, რომ თქვენ დააგვიანეთ?

– შეიძლება, თქვენ არ დამიჯეროთ, მაგრამ, დღემდე ვფიქრობ, რომ ლენინგრადში რაღაცამ თუ ვიღაცამ შეუშალა ხელი, რადგან მას ჩემთვის მეორედ აღარაფერი უთქვამს და აღარც წერილი მოუწერია. ღმერთმა ქნას, რომ ის ცოცხალი იყოს. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ მე ძალიან გვიან გადავწყვიტე პირველი სიყვარულის მოძებნა, არ იჩქაროს ჩემი განსჯა. ყველა ჩვენგანს თავისი ცხოვრება აქვს და თავისი ისტორია. მე ვეძებ რამინს იმისთვის, რათა, უბრალოდ, ვუთხრა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ დამვიწყებია. თუ ის ცოცხალია, მომაწვდინოს ხმა და ამ ინფორმაციითაც ბედნიერი ვიქნები. ნამდვილად არ ვფიქრობ მისი ცხოვრების არევაზე, უბრალოდ, მინდა, გავიგო მისი ამჟამინდელი ყოფა და მივაწვდინო ხმა, რომ მე იგი ისევ მახსოვს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3