კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დახვდა ლონდონში საკუთარი თვითმფრინავით ავთანდილს და რატომ გახდა ის ისევ დამწყები დიზაინერი


ავთანდილის კიევურ წარმატებებს უკვე კარგად ვართ მიჩვეული, თუმცა, მიუხედავად უამრავ ქვეყანაში აღიარებისა, დიზაინერი არ ისვენებს, არ ჩერდება და არ ეშინია საქმის თავიდან დაწყების იმ ქვეყნებში, სადაც ის ერთი ჩვეულებრივი დამწყები დიზაინერია. თუ როგორ აპირებს ახალი მწვერვალების დაპყრობას, ამაზე ავთანდილი თავად გვესაუბრა.


ავთანდილი: მომავალ წელს ჩვენი კომპანია ათი წლის ხდება ამ ათი წლის განმავლობაში ისეთი ტემპით ვიცხოვრეთ და იმდენი რამე მოხდა, მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც სერიოზული ეტაპი დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვვითარდებით, ყოველწლიურად კომპანიაში იმდენი რამ ხდება, აღარც მახსოვს თავიდან როგორები ვიყავით, რას ვაკეთებდით. თუმცა, ერთი ვიცი – თავიდანვე პროფესიონალურ დონეზე დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით ექვსი წელია, კომპანია უკვე სხვადასხვა უცხოურ ბაზარზე ცდის ბედს. ეს შემოიფარგლება „შოუ-რუმებით“ ან შერეულ ბუტიკებში შესვლით. პირველი გასვლები იყო მოსკოვში, შემდეგ კი – კიევში. პარალელურად იყო ნიუ-იორკის ბაზარი, შემდეგ, ათენიდან – მილანი-პარიზის ბაზარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდი, საქართველოში უკვე ცნობილია, იმ ქვეყნებისთვის ყველაფერი თავიდან არის დასაწყები, მათთვის დამწყები ვარ.

– ეს არ არის რთული?

– არა, პირიქით, ძალიან საინტერესოა ჩემი განვითარებისთვის. ეს პოზიცია განაპირობებს, რომ თვითონ ბრენდიც სულ ახლდება, ოდესღაც მორგებულ ერთ სტილს არ ვავითარებთ და არ ვღეჭავთ, მაშინ, როცა დამწყებ დიზაინერებსაც კი ნორმალურად მიაჩნიათ ერთი თემის დაუსრულებლად ღეჭვა. ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ მოდის ცენტრებში ვიღაცამ გაგიცნოს და თავი დაიმკვიდრო, ერთი სერიოზული კომპანია უნდა მუშაობდეს შენზე. ამას შედარებით ნაკლები დოზით აკეთებდა თავად „შოუ-რუმი“, რომელიც არა მხოლოდ ჩემს ფიარზე, არამედ ზოგადად, ყველა ახალი სახის ფიარზე. ეს ხდებოდა იტალიაშიც და საფრანგეთშიც. აქედან იწყება განვითარება, მაგრამ ეს განვითარება ძალიან ნელა ხდება, თუ ვინმე კერძო აგენტი მხოლოდ შენზე არ მუშაობს და არც, ავითარებს შენს ბრენდს. თავიდან არის გაცნობის პერიოდი, რომელიც ერთი და ორი სეზონით არ ამოიწურება. ნებისმიერი ქვეყნის „ბაერი“ უნდა შეეგუოს, რომ რეგულარულად დადიხარ, სულ ჩანხარ, სულ ვითარდები და სულ გაქვს სიახლეები. აუცილებლად გეკითხებიან, როგორი „პროდაქშენი“ გაქვს, ანუ თუ დაგიკვეთენ კოლექციას დღეს, უნდა იცოდნენ, რომ ის კოლექცია იქნება ყველა ზომაში, ძალიან მაღალი ხარისხის და დროულად შეკერილი. ეს ძალიან რთული ბიზნესია. ვაჩვენე მოდელები და მერე ის გავყიდე – ეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. პოდიუმიდან მანეკენის ნაცვამი მოდელის გაყიდვა არ შეიძლება. რეალურად ის მოდელი ჩადის ლაბორატორიაში, მუშავდება თარგი, შემდეგ ზომების მიხედვით იკერება და მიდის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ყველაფერს სჭირდება ის ექვსი თვე, რომელიც ჩვენებიდან სეზონის დადგომამდეა.

– რომელ ქვეყნებზეა საუბარი? აიყვანე ასეთი აგენტი?

– ჩვენ ახლახან ვიყავით ლონდონში. ჩვენი ჩასვლა „თბილისი ფეშენ-ვიქს“ დაემთხვა. მანამდეც სულ გვქონდა სისტემატური კავშირი „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, რომლებიც თბილისში ყოფნის დროს სისტემატურად მოდიოდნენ ჩემს ლაბორატორიაში. შემდეგ უკვე არა მხოლოდ ამ ნაცნობობით, არამედ სხვა კავშირების გამოყენებითაც ჩავედით ლონდონში, გავიგეთ, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ სერიოზული სააგენტო, პერსონალურად, ერთი დიზაინერით დაკავდეს. აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია მოვიპოვეთ.

– და, რა უნდა გაკეთდეს?

– პირველ ყოვლისა, ორი სეზონის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა კოლექცია ლონდონისთვის და ნიუ-იორკისთვის. ეს არის სტრატეგიულად ორი ქალაქი, სადაც შედარებით იოლად იღებენ შედარებით ახალ დიზაინერებს. სიმართლე გითხრა, ლონდონზე არასდროს მიფიქრია, მგონია, რომ ლონდონისთვის მეტად კლასიკური დიზაინერი ვარ. ამ კვირეულებს თავისი სპეციფიკა აქვს, ცოტა ანდერგრაუნდულია და ექსპერიმენტებს იოლად იღებენ. ყველაზე გიჟურ სამოსსაც კი ჰყავს თავისი მომხმარებელი. ანუ განსხვავებული და რადიკალურად განსხვავებული სამოსის ტარების კულტურა აქვთ. ამის გამო ყოველთვის, როდესაც ლონდონის ბაზარს მთავაზობდნენ, სულ თავს ვიკავებდი, ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის არ არის. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ შემიძლია, ძალიან საინტერესო ნიშა დავიკავო, რომელიც ორივეს აერთიანებს – კლასიკურ და გიჟურ სტილს. ის სიგიჟეები, რომელიც დამწყებ დიზაინერებს აქვთ, როდესაც აკეთებენ ყველაფერს, რაც, შეიძლება, სამოსზე გააკეთო, ცდების პერიოდშია, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე იმდენად პრიორიტეტული აღარ არის, რამდენადაც პრაქტიკულობა, ხარისხი, ქსოვილების „დგომა“ და, ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, კრეატივი. აღარ მიჩნდება სურვილი, გავაკეთო რაღაც ძალიან გიჟური: დიდი ფრთები, მასზე ზარები დავკიდო და მერე კიდევ ის ზარები რაღაცეებს შვრებოდნენ – ინთებოდნენ და ანათებდნენ. ამის ასაკი ნამდვილად აღარ მაქვს. მაგრამ, ვეცდები, ვაჩვენო ის, რაც ჩემია. ჯერ უნდა გავაკეთოთ ძირითადი პრე-კოლექცია, ანუ ათი-თხუთმეტი კოსტიუმი იქიდან, რასაც მერე აჩვენებ. ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიგზავნება შენი იდეები სხვადასხვა კოსტიუმის სახით. შემდეგ უკვე, სპეციალურად გაკეთებული „ლუქ ბუქების“ სახით, ეს სააგენტო „ბაერებს“ გააცნობს. მერე იწყება საუბრები იმაზე, როგორ შეიძლება ეს კომპლექტი დაიშალოს. „ბაერებს“ ძალიან მოსწონთ, როდესაც ერთი კომპლექტიდან რამდენიმე კოლექცია კეთდება. დიდი ყურადღება ექცევა აქსესუარებს. ეს ყველაფერი სინთეზში უნდა გააკეთოს ჩვენმა კომპანიამ, რომელსაც შემდეგ სააგენტო სხვადასხვა „შოუ-რუმში“ გაუკეთებს პრეზენტაციას, რასაც ერთი დღე დაეთმობა. აქედან გამომდინარე, ვნახავთ, რამდენად მზად ვართ, რომ ამ ბაზარმა მიგვიღოს და რას ითხოვენ ისინი ჩვენგან.

– თვითონ შენ თუ ხარ მზად ამ მასშტაბებისთვის?

– არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული მასშტაბია, რადგან ამ რეჟიმში მუშაობას უკვე მიჩვეულები ვართ. ეს ტესტირება უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს გავლილი. ყველაზე წარმატებული მაინც უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარი აღმოჩნდა. საერთოდ, ნებისმიერი დიზაინერი ყოველთვის პარიზით იწყებს და ეს სერიოზული ფიარ-ნაბიჯიცაა, მაგრამ საფრანგეთი ახალ დიზაინერებს ძალიან რთულად იღებს.

– თბილისში საუბარი იყო იმაზე, რომ შენ არ გაგიჭირდება ლონდონისა და ნიუ-იორკის ბაზრების დაპყრობა, მაშინ, როდესაც ამისთვის ყველანაირი პირობა გაქვს. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვითმფრინავით დაგხვდნენ.

– მგონია, რომ ქართველი საზოგადოების თვალწინ გავიზარდე და მათ ყველაზე კარგად იციან, როგორ და რის ფასად დამიჯდა ამ ყველაფრის მიღწევა, რამდენწლიანი შრომა მაქვს ჩადებული. თუ ვინმე თავისი, კერძო თვითმფრინავით დამხვდა, ეს ამ შრომის შედეგია და არა დასაწყისი. არ უარვყოფ იმას, რომ დღესდღეობით ჩემ უკან ძალიან სერიოზული ძალები დგანან, თუნდაც ჩემს სფეროში, რომლებიც ყველანაირად მეხმარებიან ამ ქვეყნებში შესასვლელად. სადღაც ჩავიდე ერთი ჩანთით – გამარჯობა, მე ავთანდილი ვარ – ასეთი ისტორიებისთვის უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ (იცინის). ერთი ჩანთით ჯერ თბილისში ჩამოვედი, შემდეგ მოსკოვში ჩავედი და, მგონი, საკმარისია.

– როდესაც აქ ნებისმიერ წვეულებაზე, ნებისმიერ „ივენთზე“ შენი მისვლა მასპინძლისთვის...

– რეკლამა ხდება ამა თუ იმ კომპანიისთვის.

– ერთგვარი სავიზიტო ბარათია. და, ამის შემდეგ უცებ ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც არავინ გიცნობს, სადაც წარმატების მაძიებელი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და გსურს, გაღიარონ. ეს შენს ამბიციებზე როგორ მოქმედებს?

– ეს ძალიან დიდი ადრენალინია, მართლა. ყოველგვარი ზედმეტი პათოსის გარეშე ვამბობ. რა თქმა უნდა, მაქვს ამბიცია, ჯანსაღი ამბიცია, რომ რაღაც შემიძლია, მაგრამ, თუ ჩემი მდგომარეობით და მიღწეულით დავკმაყოფილდი, ეს ნიშნავს, რომ სულ უკან-უკან უნდა წავიდე, დავუბრუნდე ჩემს პირველ კოლექციებს, ვიბრძოლო ესპანური ბაზრისთვის და სხვა. საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ ასეთმა პატარა რაღაცეებმა დამაკმაყოფილოს. დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის წინ მეგონა, რომ ავედი იმ საფეხურზე, რომლის კონკურენცია ძალიან რთულია. მივხვდი, რომ, თურმე, ამდენი წელი მზად არ ვყოფილვარ ამხელა მასშტაბებისთვის. საფრანგეთში აყვანილი გვყავს კონსულტანტები, რომლებთან ერთადაც მეც და სხვა მოდის სახლების წარმომადგენლებიც განვიხილავთ, თუ რა ქსოვილები იქნება იმ სეზონზე აქტუალური, რა ტენდენციებია, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ამან, ყოველწლიურმა დასწრებამ მოდის კვირეულებზე, განაპირობა ის, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გავხდი. ნამდვილად არ ვარ სამოცდაათი წლის, რომ დავჯდე, გადავხედო წარსულ წლებს და მიღწეულით დავტკბე, რაღაცეებზე გამეცინოს და რაღაცეებით ვიამაყო.

– თუ მოიცლი შენი ყოველღიური მომხმარებლისთვის, რომელთანაც პირადად მუშაობ ხოლმე?

– აუცილებლად იგივე სიტუაცია იქნება. ლაბორატორია დამოუკიდებლად მუშაობს, ჩვენთან მოსული ადამიანები კი უყურადღებობას ვერასდროს იგრძნობენ. აქ მოდის ბევრი შემთხვევითი ადამიანი, ბევრი მუდმივი მყიდველი და ბევრი დამწყები, რომელიც ახლა მიხვდა, რა სჭირდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვან წვეულებაზე მისნაირი „გუჩის“ კაბა რვა და ათი შეხვდა და მას კი რაღაც განსაკუთრებული უნდა. ბევრი ადამიანი კი, უბრალოდ, სწავლობს, რა უნდა.

– როდის შეიძლება, გავიგოთ რა შედეგები მოჰყვა ამ კონკრეტულ სამუშაოებს?

– ეს არის ძალიან მასშტაბური, თანმიმდევრული, არაერთთვიანი სამუშაო. მოკლე დროში გაკეთებულს შედეგი არ ექნება. იმიტომ ავირჩიე ეს გზა, რომ ნელ-ნელა, ორი სეზონის განმავლობაში, რაც ერთ წელს ნიშნავს, გავაკეთებ კოლექციებს, რის შემდეგაც უკვე ზუსტად მეცოდინება, რა სეგმენტზე ვმუშაობ, ვინ არის ჩემი შემკვეთი და რა ტიპის „ბაერები“ დაინტერესდნენ ჩემით. ანუ, ახლა ვარ ერთი დამწყები დიზაინერი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა (იცინის).


скачать dle 11.3