კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


საქართველოში ასაკოვან ქალს პირადი ცხოვრების უფლება არ აქვს

60 წლის ქალი ვარ. 26 წლის ასაკში დავქვრივდი და მას შემდეგ კაცისკენ არ გამიხედავს. პირად ცხოვრებაზე მთლიანად უარი ვთქვი და მარტომ გავზარდე შვილები. არც დედა მყავდა და არც დედამთილი, რომ ვინმე მომხმარებოდა და მარტოდმარტო ვეწეოდი ჭაპანს. წესიერი შვილები გავზარდე, ნაკითხი, განათლებული. ფიზიკურადაც კარგები იყვნენ და კარგადაც გათხოვდნენ. ორივე სიძე კარგი შემხვდა – ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. ძალიან კარგი ოჯახები აქვთ. მეც ძალიან ვეხმარები და ჩემთანაც ხშირად დადიან, მაგრამ უკვე ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და მე, პრაქტიკულად, მარტო ვარ. ჩემს მეგობრებს ყველას ქმარი ჰყავს. მე კი ყველგან მარტო მივდიოდი. ვიცი, გაგეცინებათ, ამ ხნის ქალი რაზე ლაპარაკობსო, მაგრამ, რაც შვილები გავათხოვე, განსაკუთრებით მტკივნეულად ვგრძნობდი მარტოობას, თითქოს აღარავის ვჭირდებოდი. ამ ერთი თვის წინ კი ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანი მამაკაცი, რომელმაც გაცნობიდან რამდენიმე დღეში დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მე ჯერ ძალიან ვიუკადრისე, მაგრამ ბოლოს მაინც შევხვდი. უნდა ვაღიარო, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ მეც ქალი ვარ და შეიძლება, ჩემი ინტერესები მქონდეს – რაღაც გამიხარდეს და მესიამოვნოს. მანამდე კი მხოლოდ დედა ვიყავი. ვიცი, დედობა მთავარია ქალისთვის, მაგრამ, თურმე, ადამიანს სხვა რამეც სჭირდება – თანაგრძნობა, პატივისცემა, მასზე ზრუნვა, მისი აზრის გაზიარება.

ერთი სიტყვით, ძალიან მრცხვენია, მაგრამ ამ ასაკში თუ ვინმე შემიყვარდებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. ნოდარიც ქვრივია და დაოჯახებული ვაჟი ჰყავს. მეხვეწება, ცოლად გამომყევიო, მაგრამ ვერ ვბედავ, ვერ ვრისკავ, ეს ნაბიჯი გადავდგა. მეშინია, რომ ვერც შვილები გამიგებენ და ვერც ახლობლები. არ იფიქრებენ, ეს ბებერი ქალი რამ გააგიჟაო?! არადა, ვგრძნობ, რომ ნოდართან ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი შეიძლება რომ ჩემი ხნის ქალმა კიდევ პირად ბედნიერებაზე იფიქროს.

მე მგონი, მთელი დედამიწის ზურგზე, მარტო საქართველოა, სადაც ასაკოვან ქალს პირად ბედნიერებაზე ფიქრის უფლებაც კი არ აქვს.

თინა, 60 წლის.



დედაჩემი ჩემს ქმარს ვერ იტანს

შემიყვარდა ჩემი თანაკურსელი ბიჭი, რომელიც რაიონიდან იყო. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, გიაზე რომ გავთხოვილიყავი. დედაჩემი სულ იმას ჩამჩიჩინებდა, სოფელში გაგიჭირდება ცხოვრებაო. მე მწყინდა, ამას რომ მეუბნებოდა, რადგან ოთხოთახიან ბინაში მარტო მე, დედა და მამა ვცხოვრობდით. ჩემი და უცხოეთშია გათხოვილი და თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოდიან ერთი თვით, თანაც, ჩემს სიძეს ორსართულიანი საკუთარი სახლი აქვს საბურთალოზე. ასე რომ, ამხელა ბინაში ჩემი გათხოვების შემდეგ ჩემი მშობლები მარტო უნდა დარჩენილიყვნენ და ერთხელაც არ უთქვამს არც ერთს, ჩვენთან იცხოვრეთო. ეს ისე მეწყინა, რომ, გიას რომ გავყევი, ცალკე ვიქირავეთ ბინა და ვიყავით ჩვენთვის. თან ვსწავლობდით, თან ვმუშაობდით (ორივე პროგრამისტები ვართ და უამრავი შეკვეთა გვქონდა). დედაჩემთან და მამაჩემთან თვეში ერთხელ თუ მივიდოდით. აღარ მიყვარდა იმათთან მისვლა, რადგან ისე ცივად ხვდებოდნენ გიას, უხერხულობისგან სად წავსულიყავი, აღარ ვიცოდი. მამა შედარებით თავს იკავებდა, დედა კი კლასიკური სიდედრი იყო – აღარ იცოდა, როგორ ეკბინა სიძისთვის. გია ჩემი ხათრით ყველაფერს იტანდა, მაგრამ ბოლოს იმასაც ამოუვიდა ყელში, და ერთხელ, მითხრა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ შენებთან აღარ წამოგყვები, უჩემოდ წადი ხოლმეო. ვერ გავამტყუნე და მისთვის „სოლიდარობა” რომ გამომეხატა, ვუთხარი, აღარც მე წავალ-მეთქი. როგორც გინდაო, მითხრა და ამით დავამთავრეთ ეს საუბარი.

მანამდე თუ თვეში ერთხელ მივდიოდით მე და გია, ახლა ორ თვეში ერთხელ ვაკითხავდი მშობლებს, ოღონდ, მარტო. თუმცა, ხანდახან ტელეფონით ვურეკავდი და მოვიკითხავდი ხოლმე. დედაჩემმა ესეც ჩემს ქმარს დააბრალა. მერე იმდენი პრეტენზია დამაყარა თავზე, რომ ვუთხარი, ასე თუ განაგრძე, საერთოდ აღარ მოვალ, ის მაინც გამაგებინე, რას ერჩი ამ შენს სიძეს, რატომ ვერ იტან-მეთქი. შენ უკეთესი შეგეფერებოდა, ნაქირავებში რატომ უნდა გაცხოვროს, იმიტომ გაგზარდე ხელისგულზე, რომ კომპიუტერზე მუშაობით თვალები გამოგაღამებინოსო?

რა გინდათ, თქვენ კაპიკს არ გთხოვთ, თვითონ ვირჩენთ თავს, თანაც, ვუყვარვარ და პატივს მცემს. რატომ გინდათ, რომ ოჯახი დამინგრიოთ, მიყვარს ჩემი ქმარი და უიმისოდ ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი. ამაზე დედაჩემმა ტირილი დაიწყო – ვიღაცა უნიფხვო და გადამთიელი გირჩევნია შენს მშობლებს. ჩვენ აღარ გიყვარვართ, იმან რომ გიბრძანოს, ალბათ, თვალს არ დაახამხამებ, ისე ჩაგვიყრი საჭმელში საწამლავსო. ამ ბრალდებამ ისე გამაგიჟა, ისტერიკა დამემართა. ავდექი და წამოვედი, თან დავუბარე, სანამ გონზე არ მოხვალთ და ბოდიშს არ მომიხდი ამ სიტყვებისთვის, მანამდე ჩემი ფეხი არ იქნება თქვენთან-მეთქი. დედაჩემმა მომაკივლა, რომც მოხვიდე, არ შემოგიშვებო. მამა სახლში არ იყო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დედაჩემი ისე მოუყვებოდა, საერთაშორისო დამნაშავედ გამომიყვანდა. შედეგი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ მამამ არც კი დამირეკა, არც კი გაარკვია, სინამდვილეში რა მოხდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. რამდენჯერმე დავაპირე მისვლა, მაგრამ, ვერ გავბედე. ტელეფონზე კი ვურეკავ, მაგრამ ჩემს ხმას რომ გაიგებენ, მაშინვე მიკიდებენ ყურმილს. არაფრით არ მინდა, დავიჯერო, მართლა უნდათ, რომ ოჯახი დამინგრიონ?!

თათა, 20 წლის.



ჩემი ბიოლოგიური დედა გავიცანი

ძალიან მოსიყვარულე მშობლები მყავდა. დედაც და მამაც თან მყვებოდნენ. დედა განსაკუთრებით მანებივრებდა. პირველ კურსზე რომ ვიყავი, მამა ავარიაში დამეღუპა. დედამ ეს ამბავი ვერ გადაიტანა და რამდენიმე თვეში კიბოთი გარდაიცვალა. თან ვყვებოდი, ისე ვუვლიდი, ვეხვეწებოდი, არ მიმატოვო, თორემ სულ მარტო დავრჩები-მეთქი. დედა სულ ხელებს მიკოცნიდა და ბოდიშებს მიხდიდა, რაც ბავშვობაში განებივრე, ახლა ყელში ამოგადინე, ისე გაწვალებო. ფიზიკურ წვალებას არაფრად ვაგდებდი, ოღონდ ის ყოფილიყო კარგად. ბოლოს, უკვე საავადმყოფოდან რომ გამოწერეს და სახლში გამომატანეს, მაშინ გადავიწურეთ ორივემ იმედი. რაც ექიმებმა მითხრეს, ყველაფერს ვუკეთებდი, მაგრამ ყოველდღე უარესად ხდებოდა. ერთ საღამოს კი დედამ მითხრა, შენთან სალაპარაკო მაქვს და ძალიან გთხოვ, ემოციების გარეშე მომისმინო. არ მინდა, ეს საიდუმლო თან წავიღო. უკვე დიდი გოგო ხარ და, იმედი მაქვს, იმის გამო, რასაც ახლა გაიგებ, მე და მამაშენს არ შეგვიძულებო. ცუდად კი მენიშნა დედის სიტყვები, მაგრამ, ვერ მივხვდი, რატომ უნდა შემეძულებინა ასეთი ნაამაგარი და თან გადაყოლილი მშობლები. ყველაზე უარესის მოსასმენად მოვემზადე, თუმცა, გუმანითაც კი ვერ მივხვდი, ასეთი რა საიდუმლო უნდა გაემჟღავნებინა დედას სიკვდილის წინ.

როცა ვუთხარი, მზად ვარ მოსასმენად-მეთქი, დედამ მიამბო:

– მე და მამაშენს ათი წელი არ გვყავდა შვილი. ექიმებთან სიარულის შემდეგ დადგინდა, რომ უშვილო მე ვიყავი. ორივემ ძალიან განვიცადეთ, მაგრამ ბესო ანუ (მამაჩემი) მამშვიდებდა, ექიმები ხშირად ცდებიან, თანაც მე მაინც ისევე მიყვარხარ, როგორც თავიდან მიყვარდიო. მამაშენი ოცნებობდა, შვილები ჰყოლოდა, მე კი მისთვის ეს ბედნიერება უნდა მომეკლო. ამიტომ, გადავეკიდე, გავეყაროთ და ვინმე ისეთი ქალი შეირთე, ვინც შვილს გაგიჩენს-მეთქი. სხვათა შორის, ბებიაშენიც ამ აზრის იყო და შვილს ჩასჩიჩინებდა, რად გინდა, უშვილო ქალიო, მაგრამ ბესოს ისე ვუყვარდი, სხვა ქალთან ცხოვრება ვერც კი წარმოედგინა. არადა, შვილი ძალიან უნდოდა. ჯერ გადაწყვიტა, ახალდაბადებული ბავშვი ვიშვილოთო, მაგრამ ბებიაშენმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ბესო ბრაზობდა – ჩემს პირად ცხოვრებაში რატომ ერევითო, მაგრამ, რადგან ამ საკითხში ერთსულოვნება არ იყო, ეს საქმე არ გამოვიდა. მერე შემთხვევით თანამშრომლის მონაყოლიდან გავიგე, რომ მის ძმასაც ასეთი მდგომარეობა ჰქონდა და ბავშვი მთლად სხვისი სისხლის რომ არ ყოფილიყო, კაცმა ვიღაც ქალი დააფეხმძიმა, შვილი გააჩენინა და თვითონ წამოიყვანა. იმ ქალისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხდია და ხელწერილი დაუწერინებია, რომ შვილზე პრეტენზია არასოდეს ექნებოდა. ცხადია, ამაზე იმ კაცის ცოლიც ყოფილა თანახმა. ეს რომ გავიგე, ბესოს გადავეკიდე, ვინმე ჯანმრთელი და ნორმალური ქალი მოძებნე და ბავშვი გააჩენინე-მეთქი. ჯერ გაეცინა, მერე გამიბრაზდა და ამ თემაზე ლაპარაკიც კი ამიკრძალა. როცა მივხვდი, რომ მარტო ვერ მოვერეოდი, ბებიაშენიც ჩავრთე საქმეში და რამდენიმეთვიანი ჩიჩინის შემდეგ ბესო დავიყოლიეთ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი შენ უკვე ჩემი შვილი იყავი. ერთხელაც არ მიკითხავს, ვინ იყო ის ქალი. თუმცა, გამოგიტყდები, ძალიან ვინერვიულე. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, მამაშენი არავის გამო არ მიმატოვებდა და ამით ვიმშვიდებდი თავს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მის უჯრაში რაღაც საბუთს ვეძებდი ჩვენი ბინის საკუთრების შესახებ და შემთხვევით აღმოვაჩინე ორად გაკეცილი რვეულის ფურცელი, რომელზეც ვიღაც ქალის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ეწერა. მითითებული არაფერი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იმ ქალის კოორდინატები იყო. ის ფურცელი ჩემს უჯრაშია და აიღე. მე რომ აღარ ვიქნები, თუ სურვილი გაგიჩნდა, შეგიძლია, მოძებნო და გაიცნო – ეს უკვე პირადად შენი საქმეა.

სიმართლე გითხრა, იმ ფურცლის არსებობა შეიძლება დამვიწყებოდა კიდეც, მაგრამ, ბესოს დასაფლავებიდან ერთი თვის შემდეგ მამაშენის ტელეფონზე ვიღაც ქალმა დარეკა. მე რომ ვუპასუხე, უხეშად მითხრა, ბესოს დაუძახეო. ვუთხარი, გარდაიცვალა-მეთქი. ერთი კი შეყოვნდა, მაგრამ მერე იმავე ტონით განაგრძო – მაშინ, მისი მოსაცემი ფული შენ უნდა მომცე, ხვალ სამ საათზე თავისუფლების მეტროსთან მოდიო. რა ფული-მეთქი – გამიკვირდა. რა ფული და, რასაც ბესო ყოველთვე მაძლევდა – 500 ლარი. თუ არადა, ვნახავ შენს შვილს და ვეტყვი, მისი ნამდვილი დედა ვინ არისო.

არ გეგონოს, ამ ყველაფერს იმიტომ გიყვები, რომ შენი ბიოლოგიური დედა შეგაძულო, უბრალოდ, მინდა იცოდე, რა კატეგორიის ქალია და, რამე რომ იყოს, არ მოგატყუოს.

ის ფული მეორე დღეს ჩემს მეგობარს გავატანე და შევუთვალე, მეტი აღარ დარეკო, მაინც ვეღარაფერს მიიღებ და რაც შანტაჟით გამოგვძალე, შეირგე, თორემ შენს თავს დავაჭერინებ. ჩემს შვილს კი მე თვითონ ვუამბობ ყველაფერს-მეთქი. სხვათა შორის, აღარ გამოჩენილა. მე და მამაშენს კი მის გარეშეც გვინდოდა, შენთვის ყველაფერი გვეთქვა, მაგრამ, ვერასდროს გადავდგით ეს ნაბიჯი. ამიტომ, ორივეს მაგივრად გიხდი ბოდიშს და, თუ შეგიძლია, გვაპატიეო. მიუხედავად იმისა, რომ შეძრული ვიყავი დედაჩემის აღსარებით, მის მიმართ აგრესია არ გამჩენია. პირიქით, ვეფერე და ვაწყნარე – არ მაინტერესებს ვინ გამაჩინა, ჩემი დედიკო შენ ხარ-მეთქი. ძლივს დავამშვიდე. ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ დედა გარდაიცვალა. აღარ დაგღლით იმის მოყოლით, თუ როგორ გადავიტანე ეს ამბავი. გეტყვით მხოლოდ, რომ ორმოცი რომ გავიდა, რატომღაც, უცბად გადავწყვიტე იმ ქალის ნახვა. დავურეკე, ვუთხარი, ვინც ვიყავი და შეხვედრა ვთხოვე. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, მაგრამ დამთანხმდა.

პაემანზე რომ მივედი, იქ დამხვდა ჩემი ნამდვილი დედა (თუმცა, იმ ქალის ამ სიტყვით მოხსენიება დედაჩემის ღალატად მიმაჩნია). ეს იყო ძალიან ახალგაზრდა (როგორც მერე გავიგე, 18 წლისას გავუჩენივარ), საკმაოდ ლამაზი, მაგრამ ვულგარული გარეგნობის ქალი.

თავიდან, მეგონა, ათას რამეს ვეტყოდი და რამდენიმე კითხვაზეც მოვთხოვდი პასუხს, მაგრამ, მის ჰაბიტუსს რომ შევხედე, მივხვდი, მასთან არანაირ დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა და ერთადერთი კითხვა დავუსვი – ჩემ გარდა კიდევ რამდენი ბავშვი გყავს გაშვილებული-მეთქი. გაშვილებული კი არა, გაყიდულიო – თავხედურად მიპასუხა ცოტა ჩახრინწული ხმით. მერე კი დაამატა: – რამდენიმე, მაგრამ შენ ნუ გეშინია, საქართველოში შენ ერთადერთი ხარ, დანარჩენები უცხოელებმა წაიყვანესო. მე ისღა დამრჩენოდა, მეთქვა, მე და თქვენ ერთმანეთისთვის არაფერი ვართ, უბრალოდ, მაინტერესებდა, ვინ გამაჩინა-მეთქი. მერე, როგორი შთაბეჭდილება მოვახდინეო, – მკითხა ირონიულად. არ დავინდე და ვუპასუხე: საშინელი. მერჩივნა, სულ არ მენახეთ, რადგან დღეიდან ჩემი გენეტიკის უნდა მრცხვენოდეს და მეშინოდეს-მეთქი. ეტყობა, ასეთ პასუხს არ ელოდა და ის ირონია ეგრევე მოესხიპა სახიდან. მე დამშვიდობების გარეშე მივატოვე და იქაურობას გავშორდი. კარგა მანძილი რომ გავიარე, აქოშინებული დამედევნა და ნირწამხდარი თავხედობით მითხრა, ცოტა ფულს ხომ ვერ მომცემდიო. მაშინვე ამოვიღე ჩანთიდან ოცლარიანი (მეტი არ მქონდა), ასფალტზე დავუგდე და გავიქეცი.

ახლა რომ ვფიქრობ ჩემს საქციელზე, ხანდახან სინდისი მქენჯნის, მაგრამ, იგივე რომ განმეორდეს, ვიცი, ასევე მოვიქცევი.

ანა, 21 წლის.



დედამთილმა ოჯახი ამირია

ძალიან გთხოვთ, ეს წერილი დამიბეჭდოთ. დიდხანს ვორჭოფობდი, მომეწერა თუ არა და, როგორც იქნა, გადავწყვიტე, ჩემი სატკივარი ყველას გავაგებინო. ვიცი, ეს საშველი არ არის, მაგრამ, ამბობენ, გაზიარებული დარდი განახევრებული დარდიაო და, იმდენად მიჭირს, მარტომ გადავიტანო ჩემი ტკივილი, რომ, გავრისკე და გწერთ. წინასწარ კი ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ, შესაძლოა, ცოტა ვრცელი წერილი გამომივიდეს და, იმედია თავს არ შეგაწყენთ.

გავთხოვდი შვილიან კაცზე. პირველი ქროწინებიდან მეც მყავდა ერთი შვილი. მე და დათო რომ შევუღლდით, ორივეს გოგონა პატარა იყო: ჩემი – 3 წლის, დათოსი – 2 წლის. ბავშვები ერთმანეთისგან არ გაგვირჩევია, ისე ვზრდიდით. მართალაც ისე გაიზარდნენ, არც იცოდნენ, რომ დები არ იყვნენ. მაია, ჩემი გერი (ამ სიტყვის თქმასაც კი ვერ ვიტან) დედას მეძახდა და მეც ორივეს ერთად ვიფიცებდი. ჩემი ქმარიც ასევე იყო ჩემი შვილის მიმართ. მე მაინც სულ იმის კომპლექსი მქონდა (ხომ იცით, მაინც ქალის პოზიციაა წამყვანი), ბავშვმა რამე არ იგრძნოს-მეთქი და ჩემს შვილს ყოველთვის უკან ვაყენებდი და ისე წავიყვანე საქმე, ოჯახში მაიას კულტი იყო. ჩემი დედამთილი ჩვენთან არ ცხოვრობდა, მაგრამ, კვირაში ორ-სამჯერ მოდიოდა ვითომ მოსახმარებლად, მაგრამ, სინამდვილეში მე მაკონტროლებდა, ანუ, მამოწმებდა, მის შვილიშვილს როგორ ვექცეოდი. ერთი მხრივ, ვამართლებდი, რადგან უდედოდ დარჩენილი ბავშვი ეცოდებოდა და, თავისი ჭკუით, მისი უფლებების დაცვას ცდილობდა (რომელსაც, სხვათა შორის, არავინ ურღვევდა), მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ვბრაზდებოდი და მწყინდა, რომ ვერაფრით დავანახვე მისი შვილისა და შვილიშვილისადმი ჩემი ერთგულება. როცა ჩემი დედამთილი ჩვენთან იყო, კარგი დედის შვილი ვიყავი და მაიასთვის თუნდაც ელემენტარული შენიშვნა მიმეცა ან რამე დამევალებინა, მაშინვე აფთარივით მეცემოდა და ბავშვებსაც კი არ ერიდებოდა, ისე დამტუქსავდა ხოლმე.

ერთხელ მაია ახალი ნაგრიპალი იყო, წინა დღეს ავაყენეთ ლოგინიდან. გარეთ საკმაოდ გრილოდა და მაიამ მთხოვა, გარეთ გამიშვიო. მე უარი ვუთხარი და ავუხსენი – ქარია და, ახლა რომ გახვიდე, შეიძლება, გრიპი შეგიბრუნდეს, ერთი-ორი დღე მოითმინე და მერე გაგიშვებ-მეთქი. ამ სიტყვების გაგონებაზე ბებიამისი გადაირია. ჯერ ბავშვს ეცა – ამას (ანუ – მე), რომ ეკითხები, მე აქ არ ვარ? მე უნდა მკითხოო, მერე მე მომიბრუნდა და თვალების ბრიალით დამიტატანა – შენ ვინ მოგცა უფლება, ჩემი შვილიშვილი გაუშვა ან არ გაუშვაო. ბავშვები გაოგნებულები დარჩნენ, ვერ მიხვდნენ, რატომ მტუქსავდა ამხელა ქალს.

ერთხელ კი, მაგიდასთან ვისხედით უფროსები. რაღაც უნდა დამეწერა, კალამი კი ჩანთაში მედო, რომელიც საკიდარაზე ეკიდა შემოსასვლელში. თაკო ოთახში არ იყო და მაიას ვთხოვე, ჩანთა შემომიტანე-მეთქი. ამაზე ჩემი დედამთილი ისევ გადაირია – რას ჰქვია, ჩემს შვილიშვილს ასაქმებ, შენი მოსამსახურე კი არ არის. თუ კარგია, შენს შვილს დაავალეო. მიუხედავად იმისა, რომ შეჩვეული ვიყავი მის შარიანობას, მაინც გაოგნებული დავრჩი.

ისე დამღალა თავისი ეჭვიანობით, თვალთვალითა და საყვედურებით, იმასაც აღარ ვაქცევდი ყურადღებას, თაკოს, 6 წლის ბავშვს, თავის ფეხსაცმელებს რომ აწმენდინებდა და ნაგვის გადასაყრელად რომ გზავნიდა ეზოში. ამას კიდევ რა უჭირს, ბავშვს აშკარად აგრესიულად ექცეოდა და, რაც მთავარია, მაიასაც იმას ასწავლიდა, რომ თაკოსთვის არაფერი დაეთმო. ამას ბავშვიც ისე შეაჩვია, რომ წამოიზარდნენ, თაკო აშკარად აღარ უყვარდა და აღარც ის იყო მის მიმართ ძველებური განწყობით.

ჩემი დედამთილის საქციელის შესახებ თავიდან მერიდებოდა, ქმრისთვის მეთქვა, მაგრამ, ამ ყველაფერმა სისტემატური სახე რომ მიიღო, ვუთხარი. ჯერ არ მიჯერებდა, მაგრამ, თვითონაც რომ შეესწრო დედამისის „ნომრებს”, გაიყვანა მეორე ოთახში და კატეგორიულად აუკრძალა მსგავსი ქმედებები. თან, ძალიან მკაცრად უთხრა: დაიმახსოვრე, მე ორი შვილი მყავს, ორივე ჩემს გვარს ატარებს და ორივე ჩემი გაზრდილია. მოვითხოვ, როგორც მე არ ვასხვავებ ერთმანეთისგან, შენც ისევე იყო მათ მიმართ. თუ ამას ვერ შეძლებ, შეგიძლია, ნაკლები სიხშირით იარო ჩვენთან. ერთხელ უკვე დამინგრიე ოჯახი და მეორედ ამის უფლებას აღარ მოგცემო.

დედამისმა ესეც მე დამაბრალა. მართალია, ჩვენთან აღარ მოდიოდა, მაგრამ მაიას იბარებდა თავისთან, ფულითა და საჩუქრებით ქრთამავდა და ჩემი და თაკოს მიმართ გესლავდა. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო და მაიასაც ისე მოუვიდა – თვალის დასანახად შეგვიძულა მეც და თაკოც, მით უმეტეს, რომ ბებიამისმა უთხრა, ნამდვილი დები არ ხართო.

ბებიამისის ჩათესილი სიძულვილი თანდათან აგრესიაში გადაიზარდა და ახლა ჩემი გაზრდილი ორი შვილი (მაია დღესაც მაინც შვილად მიმაჩნია) ერთმანეთისთვის ორ მოსისხლე მტრად იქცა. ისეთი მდგომარეობა გვაქვს ოჯახში, მე და ჩემი ქმარი სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებთ. გული გვისკდება, რამე უბედურება არ მოხდეს. დღე ისე არ გავა, მათ შორის სერიოზული ჩხუბი არ მოხდეს. მე კი ხმა ვერ ამომიღია, რადგან, თუ ერთის დაწყნარება დავიწყე, მეორე ეჭვიანობს – ეგ უფრო გიყვარს და მაგის მხარეს ხარო. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვის მივმართო დახმარების სათხოვნელად. მე და ჩემმა ქმარმა, ლამის არის, თავები დავიხოცოთ, ისეთ დღეში ვართ.

ელისო, 46 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3