კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება ვერ აისრულა თამუნა ამონაშვილმა და როგორ გაკოტრდა ის


80-იან წლებში ანსამბლ „ივერიას” ახალი სახეები შეემატა – ლიკა ურუშაძე და თამუნა ამონაშვილი. საოცარი მუსიკალური ნიჭითა და ფიზიკური მონაცემებით ისინი მაყურებლის აღტაცებას იწვევდნენ. ასე ხდებოდა ანსამბლის მიუზიკლები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი, სასიამოვნო და მიმზიდველი. მოგვიანებით, თამუნა ამონაშვილი ანსამბლს გამოეყო და სოლო მომღერლის გზით წავიდა. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად აეწყო. მომავალი მეუღლე, სულ რამდენიმე წლით უმცროსი კლიპმეიკერი რეზიკო არჩვაძე ერთ-ერთი თავისი კლიპის გადაღების დროს გაიცნო. მშვენიერი ქალის ცხოვრებაში პოპულარობა ძალიან ნელი ნაბიჯებით მოვიდა, მაგრამ რაც უნდოდა რომ ეთქვა, უკვე თქვა. ახლა ფიქრობს, რომ ახალი საქმის კეთების დროა და მას აუცილებლად დაიწყებს ესტრადიდან რომ წავა.

თამუნა ამონაშვილი: არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. მართალია, ჩემს დროს არ იყო კომპიუტერები და ახლანდელ ბავშვებს უფრო მეტად აქვთ გონება გახსნილი, მაგრამ, იმ დროისთვის მეც მქონდა ის ყველაფერი, რაც მინდოდა. დედაჩემი ცდილობდა, მე და ჩემს დას არაფერი მოგვკლებოდა. მახსოვს, ძალიან მიხაროდა ზაფხულობით კახეთში, ჩვენს სოფელში – შილდაში ჩასვლა. დავრბოდით აქეთ-იქით ფეხშიშველები, ვიპარავდით ხილს, ვატარებდით კონცერტებს. ასევე ვისვენებდით სხვაგანაც, მთაში თუ ზღვაზე. დღემდე ვგიჟდები ზღვაზე და მზეზე, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ცურვა ვერ ვისწავლე. ყოველთვის მეშინოდა სიღრმის. ძალიან ბუტია ვიყავი. მინდოდა, ყველა მე მომფერებოდა. როგორც კი გამიბრაზდებოდნენ, საწოლის ქვეშ ვძვრებოდი და საათობით არ გამოვდიოდი. ზოგჯერ იქვე მეძინებოდა. ერთხელ, ასე შევძვერი და დამეძინა. ჩემებმა არ გაამახვილეს ყურადღება, რომ შეიძლებოდა, საწოლის ქვეშ ვყოფილიყავი და ძებნა დამიწყეს. მთელი ამბავი ატყდა, ყველგან მეძებდნენ. ბოლოს, დედაჩემს გაახსენდა და შემოიხედა საწოლის ქვეშ. იმდენად მიყვარდა ძილი, დილით რომ მაყენებდნენ ბაღში წასაყვანად, მძინარეს მაცმევდნენ. ერთხელაც, დედაჩემს ბაღში მივყავარ, ახლობელი შეხვდა და გამოელაპარაკა. რაღაც მომენტში ხელი გამიშვა, ძირს გავწექი და ძილი გავაგრძელე. გაგიჟდნენ, რომ შემხედეს. სულ მეძინა. დღემდე მაქვს ეს მომენტი – დილით ადგომა არ შემიძლია.

– სკოლის, სტუდენტობის პერიოდი ყველას ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. როგორ გახსენდება ის დრო?

– პირველ მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი ვიოლინოს სპეციალობით. კლასიკური განათლება მაქვს მიღებული. კონსერვატორიაშიც ვაბარებდი ვიოლინოს სპეციალობით და აღარ ჩავაბარე. რომ წარმოვიდგინე, მთელი ცხოვრება ხელში ვიოლინოთი უნდა მევლო, გადავიფიქრე. დედაჩემი მოვატყუე, ჩავიჭერი-მეთქი. ზუსტად ორ კვირაში იწყებოდა გამოცდები თეატრალურში. უცბად, მოვემზადე და ჩავაბარე მუსკომედიის მსახიობის განხრით. წლები რომ გადის, მერე უფიქრდები, კიდევ რა ნიჭიერება დევს შენში და რისი შესაძლებლობები გაქვს. ბავშვობიდან ვქსოვ და ვკერავ, მაგრამ მაშინ არ ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას. მერე მივხვდი, რომ ეს კიდევ ცალკე პროფესიაა. რაც კი დამჭირდა, ყველაფერი თვითონ მოვიქსოვე და შევიკერე და რაღაცნაირად მეხმარებოდა ეს ჩემს პროფესიაში. სცენა ისეთი რამეა, ერთი და იმავე ტანსაცმელს ვერ ჩაიცვამ. ამიტომ, სულ მიწევდა ახალ-ახალი რაღაცეების კეთება. მზა ტანსაცმელსაც ვყიდულობდი ხოლმე, მაგრამ ხომ იცი, სახელდახელოდ, უცებ რაღაც რომ გინდა, ჩაიცვა და ძვირად ღირებულს ვერ იძენ, ეს კარგად გადგება. იმასაც კი ვფიქრობ, როცა სცენას ჩამოვშორდები ამ პროფესიაზე ხომ არ გადავიდე-მეთქი. დიზაინერობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. დიდი ხანია მაქვს სურვილი, ჩემი საკუთარი სამკერვალო ატელიე გავხსნა. რაც გავთხოვდი, სულ მიდი-მოვდივარ, გზაში ვარ და ჯერ ვერ დავლაგდი. რომ დავლაგდები, მაშინ შევიცვლი პროფესიას. ეს იდეა თუ განვახორციელე, ამაში აუცილებლად ჩემს დასაც ჩავრთავ. ფანტასტიკურად კერავს და კარგი გემოვნება აქვს. იმდენად კარგი რაღაცეები შეუკერავს, რომ თვითონვე გაგვკვირვებია. გენეტიკურად მოგვდევს. დედაჩემი საოცრად კერავდა და ფარდაგებს ქსოვდა. მერე, მე რომ ვსწავლობდი, ყველაფერი დავჭერი და გავაფუჭე. ჩემი და რომ კერავდა, მე არ მიკერავდა და ვბრაზდებოდი. ერთხელაც, ვუთხარი, მე შენ გიჩვენებ სეირს-მეთქი. ავდექი და რაც კი ნაჭრები იყო, ყველაფერი დავჭერი. ბევრი ნაჭერი მაქვს გაფუჭებული, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლე და დღეს თვითონ მეხვეწება შემიკერეო.

– ხიფათი, გაჭირვება თუ სხვა პრობლემა ყველას გვაქვს ცხოვრებაში. შენ რას გვეტყვი ამაზე?

– ერთხელ ისე დავეცი და დავარტყი თავი, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს ვყრიდი. ერთხელ, კონცერტი მქონდა ფილარმონიაში – „თოვლის ბებოს ზღაპარი”, ძალიან მაგვიანდებოდა და ფილარმონიასთან რომ ჩასასვლელია, საიდანაც მსახიობები შედიან, იქ ფეხი დამიცურდა და დავეცი. უკვე დაწყებული იყო სპექტაკლი ზევით, საგრიმიოროში რომ ავედი. ეტყობა, იმდენად შეირყა ორგანიზმი და ისეთი დარტყმა მივიღე დაცემისგან, ტანსაცმელი რომ გამოვიცვალე და თოვლის ბებოს კოსტიუმს ვიცვამდი, ვიგრძენი რომ გული მიმდის. ჩავიცვი კაბა და გულიც წამივიდა. სასწრაფო გამოიძახეს, გამაყუჩებელი გამიკეთეს, აზრზე მომიყვანეს. გონზე რომ მოვედი, სცენაზე გავედი და თამაში განვაგრძე.

– ისე ცუდად თუ გიგრძნია თავი ოდესმე, რომ ამქვეყნად არაფერი გდომებია?

– სასოწარკვეთილებამდე რომ მიდის ადამიანი, თითქოს ყველაფერი იკეტება. არ უნდა მიხვიდე აქამდე, იმიტომ რომ, ცოდვაში გეთვლება. ღმერთი ყოველთვის გვაძლევს იმის ძალას, რომ თავს შემოვუძახოთ, გავიხედოთ გვერდზე – შენზე გაჭირვებულიც ხომ არსებობენ?! შენი თავი ყველანაირად გეკუთვნის და თვითონ უნდა გადაარჩინო ყველა სიტუაციაში. უფალი ყველანაირ თავისუფლებას გაძლევს, მაგრამ დანარჩენი შენზეა დამოკიდებული – ამ ყველაფერს როგორ მიიღებ და გამოიყენებ. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში იყო ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური, მატერიალური გაჭირვებაც. ეს თუ არ გაიარე და არ მიხვდი, ცუდს და კარგს, პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდები. რაც უფრო მეტ ტკივილს იღებ ადამიანი ცხოვრებიდან უფრო დიდ პიროვნებად ყალიბდები. ვისაც ხელისგულზე აქვს დადებული ცხოვრება, ის შინაგანად ცარიელია. მე ვამაყობ, რომ ბევრი განსაცდელი მქონდა. ძალიან კარგად ვიცი, სად, როდის და ვისთან როგორ მოვიქცე. ვიცი, რომ სხვას არ უნდა გავუკეთო ისეთი რამ, რაც მე არ მომეწონება. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. განსაცდელი გარშემო სულ ტრიალებს და ხშირად ვცოდავთ. ბევრი ფინანსური გაჭირვება მქონია. სამუშაო ხან არის, ხან – არა. ასე ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. მარტო მე კი არა, მთელი შოუ-ბიზნესსამყარო გაიყინა და გაჩერდა. ჩემი კოლეგები და მეგობრები, ფაქტობრივად, ყველა წავიდა, იმიტომ რომ, აქ ვერავინ ვერაფერი გააკეთა. ყველას თავისი ოჯახური პრობლემა აქვს. მე ისეთი ოჯახური პრობლემები მაქვს, რაც არ უნდა მიძახონ, რატომ წახვედი საქართველოდანო, ყურადღებას ვერ მივაქცევ. ჩემი პრობლემაა და ის ვერ მომიწესრიგებს. მე უნდა წავიდე და მოვაწესრიგო, ოღონდ უფლის ძალით, ჩემი რწმენითა და ლოცვით. იმდენად ბობოქრობს ამ საუკუნეში ეშმაკი, რომ თუ არ ლოცულობ, შენი საქმე ცუდად იქნება. ის, რაც მიწერია და რაც დაბადების წამიდან უფალმა მომცა, უნდა ვატარო. ქვეცნობიერად, შეიძლება, რაღაცის შეცვლა გინდოდეს, მაგრამ ვერაფერს შეცვლი. არც მონანიების გარეშე არსებობს არაფერი. თუ არაფერს ნანობ, არარაობა ხარ.

– „ივერიაში” იმ დროს მიხვედი, როცა ყვაოდა. მათი კონცერტები თბილისსა თუ უცხოეთში ანშლაგებით მიდიოდა. მაშინ ძალიან ბევრი გოგონა ოცნებობდა იქ მოხვედრაზე, ვინც კი ცოტათი მაინც მღეროდა. მაგრამ, ასე იოლად არ იღებოდა ამ ანსამბლის კარი ყველასთვის. შეიძლება ითქვას, რომ შენ ძალიან გაგიმართლა.

– ნამდვილად გამიმართლა. ოპერეტებს ვმღეროდი და მინდოდა, ოპერაში, მუსკომედიაში მემღერა. ჩემი პედაგოგი ემა ებრალიძე ძალიან ახლოს იყო ბუთხუზი ბასილაიასთან. დაურეკა და უთხრა: არაჩვეულებრივი სტუდენტი მყავს, ვიოლინოზე უკრავს, კარგად მღერის და გარეგნულადაც კარგი გოგოაო. „ივერია” ხომ მთელი ცხოვრება მიუზიკლებს დგამს და მეც სწორედ ეს მჭირდებოდა. მაშინ ახალი წასული იყო მანანა თოდაძე მოსკოვში და ახალგაზრდებს ეძებდნენ. ბუთხუზიმ უთხრა – უკვე ავიყვანე გოგონა – ლიკა ურუშაძე, მაგრამ არა უშავს, მოვიდეს, მაინც ვნახავო. მივედი. რაღაცეები ვიმღერე და მითხრა: ჩვენ ახლა გასტროლებზე მივდივართ და რომ ჩამოვალთ, მოდი და დაიწყეო. ეს იყო სასწაული მოვლენა ჩემს ცხოვრებაში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. საერთოდ, ჯაზიდან მაქვს ეს ყველაფერი დაწყებული. კლასიკა, ჯაზის სკოლა გავიარე. მერე დავიწყე პაპსა. იმ პერიოდში ეს იყო საჭირო. ამით გავხდი პოპულარული და ამით ვიღებდი თანხას კონცერტებზე. ჯაზით ვერც პოპულარული გავხდებოდი და ვერც ვიცხოვრებდი. დღეს ვცდილობ, ისევ მოსკოვში წავიდე და ჯაზით გავაგრძელო.

– როგორც ვიცი, ერთ დროს ტანსაცმლის მაღაზია გქონდა გახსნილი. რატომ დახურე?

– ძალიან ცოტა ხნით ვცადე ჩემი თავი, ასე ვთქვათ, მცირე ბიზნესში, მათემატიკა და ანგარიში არ ვიცი. შეიძლება, ეს ჩემი მინუსია, თუმცა, მე არ მიმაჩნია ასე. შინაგანადაც არ ვარ ის ტიპი – იყიდე, გაყიდე. ძალიან კარგია, თუ ფეშენებელური მაღაზია გაქვს და კურირებ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. თან, გავკოტრდი. ანგარიში რომ არ იცი კარგად, სულ ჰაერში მიდის ყველაფერი. რაც მქონდა დავარიგე. ფაქტობრივად, ის ერთი წელი მქონდა მაღაზია და სიმღერა რა იყო, დამავიწყდა. საქმიდან შემოსავალი არ მქონდა. უბრალოდ, დროსტარება იყო.

– რეზიკო არჩვაძე ერთ-ერთი კლიპის დროს გაიცანი, სადაც ლალი ტოტიკაშვილთან ერთად მღერი. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახვა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი.


скачать dle 11.3