კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიღო ფილმი მიშა სააკაშვილმა მაფიაზე და სად ალაგებდა და ღებავდა კარ-ფანჯრებს ნიკა სააკაშვილი


პოპულარულ შვილთან ერთად ხშირად მისი სახელიც გაისმის. მამა-შვილი არა მხოლოდ გარეგნობით, ქცევისა და ლაპარაკის მანერითაც საოცრად ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, შვილისგან განსხვავებით, პოლიტიკაზე საუბარი არ უყვარს. თუმცა, არც პირად თემაზე საუბარი სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში საკმაოდ თავისუფალი, კომუნიკაბელური ადამიანია. საქმე ლაპარაკის ნაცვლად მასაც ყველაფერს ურჩევნია. მაშ ასე, თუ როგორ მოვიდა პროფესიით ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიკა სააკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელის სავარძლამდე, რა წინააღმდეგობებს წააწყდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როგორ ახსენდება თავისი ახალგაზრდობისა და პრეზიდენტი შვილის პიროვნებად ჩამოყალიბების წლები, ამას ექსკლუზიურად ჩვენი ჟურნალისთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.


– ბატონო ნიკა, როგორც ვიცი, ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რომ მოხვედით, ყველაფერი გაძარცული და გაპარტახებული დაგხვდათ. რემონტიც კი, თქვენი ხელით გააკეთეთ. როგორ გახსენდებათ ის დრო?

– რა თქმა უნდა, თავდაპირველად, კოლექტივს გავეცანი. შემდეგ ბუღალტერიაში ჩავიხედე და რას ვხედავ – კურორტი გამზადებულია გასაყიდად ვინმე ამერიკელზე. ვერ გეტყვით, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. შეიძლება, უნდოდათ, ეს დაწესებულება სასტუმროდ, კაზინოდ ან ბორდელად გადაკეთებულიყო და დედაქალაქის შუაგულში, აბანოთუბანში დაკარგულიყო ეს უნიკალური კურორტი. სწორედ ჩემი და ჩემი კოლექტივის ძალისხმევით მოხდა მისი შენარჩუნება. ყველაფერი განადგურებული და გაპარტახებული იყო და ჩემზე გაჰყვიროდნენ, ნიკა სააკაშვილმა გაანადგურაო. პირიქით, ქვეყანას დავუბრუნე ეროვნული განძი. მივედი „რუსთავი 2-ში” და გენერალურ დირექტორს ვთხოვე, თქვენი ჭირიმე, თქვენს ერთ-ერთ თანამშრომელს უფასოდ ვუმკურნალებ, ოღონდ „ღამის კურიერი” დამითმეთ-მეთქი. ვატყობდი, ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დათმო. დავიწყე რეკლამების კეთება ტელევიზიასა და პრესაში. პაციენტი მოვიდა, არაფერი გამოვართვი. რამდენიმე დღის შემდეგ საღებავები გამომიგზავნა და ასე შემდეგ. ნამდვილად არ იყო იმის საშუალება, მუშები დამექირავებინა. ვისაც რა შეგვეძლო, იმას ვაკეთებდით. ამასთან ერთად დამხვდა ძველი ვალები, შუქისა და რაღაც-რაღაცეების გადასახადი. საგადასახადო მეუბნებოდა, თუ არ გადაიხდი, დაგხურავთო. მივედი თელასში და ვუთხარი: თქვენი ქართული ბიზნესი აი, ეგ არის. ამერიკელი კი გიზით, მაგრამ ქართულად აზროვნებთ. თუ არ ვიმუშავე, საიდან გადაგიხდით-მეთქი.

– სხვისი არ ვიცი და ჩემს გაოცებას მართლაც საზღვარი არ აქვს. ასეთი ბანლეოლოგიური კურორტი, არ მახსოვს. შეუძლებელია, ასეთი ცვლილება ვერ დაინახო.

– ამას ცვლილებები აღარ ჰქვია. ამას ჰქვია თავიდან ბოლომდე განახლება მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების დონეზე. სულ ახლახან ხარისხის ნიშანი მოგვანიჭეს, რაც იშვიათი შემთხვევაა. ამისკენ მივდიოდი თერთმეტი წლის განმავლობაში ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, რომელსაც ჩემი კოლექტივი ჰქვია. როგორც უკვე აღვნიშნე, 2003 წლამდე ძალიან ბევრი წინააღმდეგობები იყო, კატა-თაგვობანას თამაში – გაგიყიდი, გაგანადგურებ, სხვას შემოვიყვან, სხვას გადავცემ. მუდმივად იყო საშიშროება იმისა, აქ რაღაც გაეკეთებინათ, მაგრამ, ასე ვთქვათ, ეს თავდასხმა გმირულად გადავიტანეთ და დღეს ვართ ერთ-ერთი ძლიერი წამყვანი დაწესებულება. სხვათა შორის, ეს ისევ სახელმწიფო დაწესებულებაა, არანაირ საკუთრებაში გადმოსული არ არის. ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებ. ხანდახან გაისმის, რომ ვითომ დიდი თანხები ჩაგვირიცხეს. არაფერიც არ ჩაურიცხავთ და ვერც ჩაირიცხება, იმიტომ რომ დაარსების დღიდან თბილისის ბანლეოლოგიური კურორტი თვითდაფინანსებაზე მუშაობს. ეს არის ფანტასტიკური მოდელი.

– ცხოვრებაში ვიცი, რომ ძალიან რბილი და გახსნილი ადამიანი ხართ. სამსახურშიც ასეთი ხართ?

– გარკვეულ სიტუაციებში მკაცრი ვარ და ამ სამართლიანობამ მომიყვანა დღევანდელ დღემდე. ვერც ერთი თანამშრომელი აუგით ვერ მომიხსენიებს. ჩვენ ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, საკმაოდ უშუალო და გახსილი ვარ, მაგრამ სამსახური სამსახურია. პრობლემა სამსახურის გარეთ უნდა დარჩეს.

– მუშაობა კარგია, მაგრამ დასვენება კიდევ უფრო კარგი. როგორ ისვენებთ?

– შაბათ-კვირასაც ვმუშაობ. აქტიური კაცი ვარ და აქტიურად ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს ღონისძიებებზე სიარული, კარგი ფეხბურთის ყურება, როგორც კი დრო გამომიჩნდება, ქალაქგარეთ გავდივარ მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგი კლასელები და კურსელები მყავს. როგორიც იყო ნიკა სააკაშვილი სამოცი, სამოცდახუთი წლის უკან, დღესაც ისეთივეა. ჩემთვის ცვლილება რაღაცის მიმართ აბსოლუტურად უცხოა.

– თქვენს სამეგობრო წრეზეც გვიამბეთ, სკოლაში რომ გყავდათ.

– ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, რომელიც ნორმალურ გარემოცვაში იზრდებოდა. კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდი და 23-ე სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა მქონდა, მეგობრების თვალსაზრისით. მეამაყება, რომ ასეთი ადამიანების გვერდით მიწევდა ყოფნა. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ხშირად ვიკრიბებით და ვიხსენებთ სკოლის დროინდელ ამბებს. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა ჩემს მეუღლეს უთხრა: ნიკა, ყოველთვის პირველი იყო და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდაო. დღეს არც ერთი მათგანი არ არის მინისტრი, ბიზნესმენი, მილიონერი. ყველა, უბრალო ადამიანია. წლები რომ გემატება, მაინც ფიქრობ, რა იქნება, ცოტათი უკან დამაბრუნაო, თუმცა, შეცვლით არაფერს შევცვლიდი. აბსოლუტურად იგივე გზას გავივლიდი, შეიძლება, რაღაც უკეთესად გაკეთებულიყო, მაგრამ არ შევცვლიდი. ავტომანქანების ჰობი მქონდა. მანქანის ტარება რვა წლის ასაკიდან დავიწყე. მეზობელმა მასწავლა „ჭიჭიკო” მანქანაზე. მერე შევიძინე „ფოლკსვაგენი”. ჩვეულებად მქონდა, მანქანა ყოველ კვირა დღეს უნდა დამეშალა. სად რა ნაწილს ჩავსვამდი, აზრზე არ ვიყავი – ვაწყობდი და ვშლიდი.

– ექიმი რომ არ ყოფილიყავით, რა გამოხვიდოდით?

– ჩემი გაგებითაც და გარემოცვითაც, ჩემს ადგილს ყოველთვის აქ ვხედავდი. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე. მუშაობა ერთ-ერთი უბნის ექიმად დავიწყე, შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით სხვადასხვა მაღალმთიან რაიონში დავდიოდი. მოგვიანებით იყო ასპირანტურა, კათედრა. ცუდი შედარებაა, მაგრამ ასე ვთქვათ, გავიარე გზა ჯარისკაცობიდან გენერლობამდე – რაიონი, მთა, ტყე-ღრე, სასწრაფო, ბეტონზე წოლა მორიგეობის დროს ქვეშაგების გარეშე ყინვაში.

ძალიან ადრე, 26 წლის ასაკში დავკარგე მამა. დედაც ადრე გარდამეცვალა. ფაქტობრივად, არავინ მყავდა და ნურავის ჰგონია, დღეს ნიკა სააკაშვილი იმიტომ არის ასეთი, რომ გვერდით ვიღაც ედგაო. ყოველთვის ჩემი გზით მოვდიოდი და ბოლომდე ასე ვივლი.

– თქვენ იმ თაობას ეკუთვნით, რომლისთვისაც ქუჩა პრიორიტეტული და გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. როგორ აუარეთ ქუჩას გვერდი?

– ზომიერების ფარგლებში ქუჩაშიც ვმდგარვარ, მაგრამ გზას არ ავცდენილვარ. შეიძლება, გაგეცინოთ და დღესაც მიყვარს ქუჩაში დგომა. ჩემს ძველ უბანში ჩავდივარ და ჩემი თაობის ბიჭებთან შეიძლება ნახევარი საათით გავჩერდე, თუ დრო მაქვს. სიამოვნებით შემიძლია, ვილაპარაკო მათთან. რა გავლენა უნდა მოეხდინათ, არ ვიცი. ტვინი უნდა გქონდეს, რომ არ გადაგიბირონ, ოჯახიდან უნდა მოგდევდეს აღზრდა და სწორი მიმართულება. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ. რთული ცხოვრება გავიარე. იმას არ ვამბობ, რომ თავს გართობა დავაკელი – კინო, თეატრი, ქეიფი, მაგრამ მთელი ცხოვრება ვშრომობდი. სახლში ღამის 12 საათზე შევდიოდი. დასასვენებლად თუ სადმე წავიდოდი ოჯახთან ერთად, მესამე დღეს სამსახურში ვბრუნდებოდი. ზოგს ჰგონია, ყველაფერი ლანგარზე დადებული მერგო. ასე არ არის.

– მართალია, ოჯახის თემაზე საუბარი არ გიყვართ, მით უმეტეს, თქვენს პრეზიდენტ შვილზე, მაგრამ რა ვქნათ, რომ ყველას ძალიან აინტერესებს? ერთხელ თქვით, მიშას გაზრდაში ლომის წვლილი დედამისს მიუძღვისო. თქვენ რა წვლილი შეიტანეთ?

– წვლილი მეც მაქვს შეტანილი, მაგრამ დღესაც ვაღიარებ, რომ ეს უფრო დედამისის დამსახურებაა. ძირითად დროს ბავშვი დედასთან ატარებდა. მას არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა მიშასთვის სწორი ცხოვრებისეული მიმართულება მიეცა. ყველა სიტუაციაში დედა დედაა. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს დათოს და გიორგის აღზრდაში.

– ალბათ, ნებისმიერი მშობელი ინატრებდა ასეთ შვილს. გახსოვთ მისი ბავშვობა?

– 1967 წლის 21 დეკემბერს კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში დაიბადა. მისი დაბადება უზარმაზარი მოვლენა იყო მთელი ჩვენი ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი ჩემთვის. ჩვეულებრივი ბავშვი იყო – ყირაზე გადადიოდა, ემოციებს ხმამაღლა გამოხატავდა, სპორტის დიდი სიყვარული და ინტერესი ჰქონდა. სერიოზულად თამაშობდა კალათბურთს, ჰყავდა ძალიან ბევრი მეგობარი. მახსოვს, მეხუთე თუ მეშვიდე კლასში იყო თავის მეგობართან ერთად, რაღაც ფილმები გადაიღო კინომოყვარულთა აპარატით. ერთ-ერთი იყო მაფიაზე. ძალიან აინტერესებდა ჟურნალისტიკაც. ბავშვური გაგებით, დიდი ფორმატის გაზეთებს აკეთებდა, რომელიც ცოტა პოლიტიკას, ცოტა კრიმინალსა და გართობას შეეხებოდა. საიდანღაც რაღაცას ამოჭრიდა, მიაწებებდა სურათებს და საბოლოო ჯამში, კარგი გამოდიოდა.

– პოლიტიკისადმი ინტერესს თუ ამჩნევდით?

– ყოველთვის რაღაცას გვეკითხებოდა, უსმენდა. არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი ბავშვი, დედის და მამის კალთას ამოფარებული. მასში ყოველთვის სიმართლეს ვხედავდი. ის მართალი, პრინციპული, მიზანდასახული და კეთილი ადამიანია, რაც ბავშვობიდან მოსდევს.


скачать dle 11.3