კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (107)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა ლოგიკით აწესებენ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასნამატს 30-დან 300 პროცენტამდე და რატომ არის სახელმწიფო გულგრილი წამლების მიმართ


ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მეტად უჩვეულო და, შეიძლება ითქვას, ეგზოტიკური ვითარებაა. ერთი მხრივ, თითქოს სახელმწიფოც აღიარებს, რომ ბაზრის ეს სეგმენტი მონოპოლიზებულია, თუმცა არაფერს აკეთებს, რომ ეს ასე არ იყოს; მეორე მხრივ, ფარმაცევტული კომპანიებიც (თუმცა, რაღა კომპანიები – ორი, ჰა და ჰა, სამი კომპანია) ხმაშეწყობილად მოქმედებენ: ფასებიც დაახლოებით ერთნაირი აქვთ და თვით ფასდაკლების აქციებსაც კი ერთდროულად აწყობენ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ფარმაცევტულ ბაზარს იკვლევს და წინასწარი დასკვნაც უკვე ცნობილია. ბუნებრივია, წინასწარი დასკვნა არ ეპიტნავათ ფარმაცევტულ კომპანიებს (მათგან სავსებით ბუნებრივი მოტივით, ცილს გვწამებენო), მაგრამ, რადგან სწორედ მომხმარებლის გადასაწყვეტია დასკვნის გაკეთება (რომელსაც, უნდა თუ არა, მაინც ამ კომპანიებისგან უწევთ მედიკამენტების შესყიდვა), ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ მერაბ ჯანიაშვილს გავესაუბრეთ ქართული ფარმაცევტული ბაზრის მათეულ ხედვაზე.


– რატომ გადაწყვიტეთ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა?

– საზოგადოებას ბევრი კითხვა აწუხებს ამ სექტორის მიმართ და მოსახლეობას საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მედიკამენტების ფასებისადმი. ჩვენი კვლევის მიზანია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და იმის გარკვევა, მართლაც არის თუ არა მედიკამენტების ფასები არაადეკვატურად მაღალი. გვინდა, წარმოვაჩინოთ ეს პრობლემები და შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ მათ გადაწყვეტაზე. მაგალითად, „მერსედესიც“ ძვირად ღირებული ავტომანქანაა, მაგრამ არავინ უჩივის მის სიძვირეს. შესაბამისად, თუ ქართულ ბაზარზე მედიკამენტები მართლაც ძვირი ღირს, მაშინ სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეუმსუბუქოს მდგომარეობა მოსახლეობას.

– და, რა აღმოჩნდა, თქვენი კვლევით, ამ ბაზრის მთავარი პრობლემა?

– კონკურენციის არარსებობა. ძირითადი კომპანიები, უკვე წლებია, ამ ბაზარზე ფლობენ ძალაუფლებას და ძალიან მყარად დგანან: თვითონ ახორციელებენ იმპორტს, საცალო და საბითუმო ვაჭრობას, აწარმოებენ მედიკამენტებს, აქვთ კლინიკები და უკვე სადაზღვევო კომპანიებიც. შესაბამისად, ეს ამ სექტორში კონკურენციის გაჩენას გამორიცხავს, არადა, წესით, სწორედ კონკურენციამ უნდა შეამციროს საბაზრო ფასები. რაც შეეხება მედიკამენტების სიძვირეს: ბაზარზე მართლაც არის ისეთი მედიკამენტები, რომლებზეც ფასნამატი 100-200-300 პროცენტია საბაჟოზე დაფიქსირებულ ფასსა და საცალო ფასს შორის. თუმცა, არის მედიკამენტები, რომლებზეც ფასნამატი 30-40-პროცენტია.

– არის რაიმე ტენდენცია? რა სახის მედიკამენტებზეა 100-300 და რა ლოგიკითაა დანარჩენზე 30-40-პროცენტიანი ფასნამატი?

– ჩვენ ავირჩიეთ 15 მედიკამენტი, რომლებზეც ბაზარზე არის მოთხოვნა და მათ შორის 5-ზე შეიძლება, იყოს 100-200-300-პროცენტიანი, დანარჩენზე კი – 30-40-პროცენტიანი ფასნამატი. რაიმე ტენდენცია არ გამოკვეთილა. არ ვიცით, რის მიხედვით ადგენენ ფასებს კომპანიები. თუმცა ფაქტია, ერთ მედიკამენტზე შესაძლებელია 30-40-პროცენტიანი ფასნამატის დაწესება, მეორეზე კი – 300-პროცენტიანის.

– საბაჟოზე დაფიქსირებული ფასი ახსენეთ. განვუმარტოთ მკითხველს, რა ხარჯი შედის ამ ფასში?

– ყველა კომპონენტი, გარდა მედიკამენტის საბაჟოდან ტრანსპორტირებისა და საცალო ქსელში მიტანისა. უცხოეთში საბაჟო და საცალო ფასს შორის განსხვავება, როგორც წესი, 35-40 პროცენტია. ამასთან, გააჩნია, რომელ ქვეყანას ვედარებით, რადგან განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა ძალიან განვითარებულია და იქაურ მოსახლეობას მედიკამენტების შეძენის პრობლემა არ აქვს.

– ჩვენც ჩვენნაირ ქვეყნებს შევედაროთ მედიკამენტების ფასის მიხედვით.

– მაგალითად, ძალიან საინტერესო ფაქტები გამოვლინდა სომხეთში: „ავერსი“ თავის მიერ წარმოებულ მედიკამენტებს სომხეთში უფრო იაფად ყიდის, ვიდრე საქართველოში. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ, ალბათ, სომხეთში არის ანტიმონოპოლიური სამსახური ან რაღაც ორგანო, რომელიც არ აძლევს საშუალებას ფარმაცევტულ კომპანიას, ძალიან დიდი მარჟა დააწესოს მედიკამენტზე. თუკი სომხეთში 30 პროცენტით იაფად ყიდი დიკლოფერონს, საქართველოშიც რატომ არ უნდა გაყიდო იმავე ფასად? მით უფრო, რომ იხდის ტრანსპორტირების ხარჯს და დამატებით, 12-პროცენტიან გადასახადს?!

– მეტსაც გეტყვით: ჩემი დაკვირვებით, „ფარმადეპოში“ გაცილებით იაფად იყიდება „ავერსისა“ და „პე ეს პეს“ მიერ წარმოებული მედიკამენტები. თქვენს წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ რეალურად აქ არანაირი მედიკამენტი არ მზადდება, შემოდის მასალები და, უბრალოდ, ჩვენთან ხდება დაფასოება.

– ადგილობრივ ბაზარზე „ავერსი რაციონალისა“ და „ჯი ემ პის“ ფარმაცევტულ პროდუქციას 95 პროცენტი უჭირავს.

– დანარჩენი 5 პროცენტი ვისია?

– სულ საქართველოში 65 საწარმოა, მაგრამ ის 63 რას აკეთებს, არ ვიცით, ისინი არ გამოგვიკვლევია. მათი ხვედრითი წილი ბაზარზე იმდენად მცირეა, რომ რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენენ. „პე ეს პეს“ აქვს საკმაოდ მაღალი ხარისხის საწარმო, „ჯი ემ პის“ სტანდარტი აპრობირებულია მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ „პე ეს პეს“ უმეტესწილად შემოაქვს მედიკამენტების სუბსტანციები და შემდეგ ადგილზე ხდება მედიკამენტის წარმოება. ამ სუბსტანციების 34 პროცენტი ინდოეთიდან შემოდის, 24 პროცენტი – ჩინეთიდან. „ავერსთან“ მიმართებით სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: „ავერსი რაციონალის“ მიერ შემოტანილი მასალების 74 პროცენტი ინდოეთიდანაა შემოტანილი და ის არ აწარმოებს მედიკამენტებს. შემოაქვს დაუფასოებელი პროდუქტი და, უხეშად რომ ვთქვათ, აქ, უბრალოდ, ჭრიან, ანუ წამლის ფორმას აძლევენ, ფუთავენ და ყიდიან. ასე რომ, როდესაც ამბობენ, რომ ვაწარმოებთ ქართულ წამალსო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

– ეს უფრო იაფი ჯდება თუ რატომ არის შერჩეული წამლის დამზადების ასეთი ფორმა?

– სუბსტანციებით დამზადებული მედიკამენტის წარმოება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ნახევარპროდუქტის შექმნა. ანუ, „ჯი ემ პის“ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე „ავერსი რაციონალს“.

– თქვით, რომ „ჯი ემ პი“ აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტს, მაგრამ, ის სუბსტანციები თუ აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტს, საიდანაც შემდეგ მედიკამენტებს აწარმოებენ?

– ჯერ ერთი, საქართველოში ამ სტანდარტის დაკმაყოფილება არ არის სავალდებულო; მეორე, არავინ ამოწმებს იმ მედიკამენტების ხარისხს არც შემოტანისას და არც ადგილზე წარმოების შემდეგ. როდესაც მედიკამენტი დარეგისტრირდება საქართველოში, კომპანიას საკუთარი ლაბორატორიიდან შეუძლია დასკვნის წარდგენა. შეიძლება, საქართველოში არც იყოს ფალსიფიცირებული წამლები, უბრალოდ, დიდ ეჭვს ის აჩენს, რომ არ არსებობს ხარისხის კონტროლი, ანუ, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავიგოთ, რამდენად ხარისხიანი მედიკამენტები იწარმოება და, იმისთვის, ეს რომ გავიგოთ, საჭიროა შემოწმება. ამას გარდა, იმპორტირებულ წამალზე ისეთი ცვლილებები ამოქმედდა, რომ, ჩემი აზრით, ბევრად გაიზარდა ფალსიფიკაციის საშუალება და, შესაძლოა, იმპორტირებული უფრო ფალსიფიცირებული იყოს, ვიდრე ადგილზე წარმოებული. ადრე საქართველოში წამლის შემოსატანად სავალდებულო იყო შეთანხმება მწარმოებლებთან, ანუ მედიკამენტი უნდა შემეძინა მწარმოებლისგან. ახლა ეს სავალდებულო არ არის და, შემიძლია, ვიყიდო შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. ამ ოთხ ქვეყანაში კი წამლის ფალსიფიკაციის დონეც მაღალია და შავი ბაზარიც საკმაოდ დიდია. ასე რომ, შესაძლოა, იქ შევიძინო უხარისხო მედიკამენტები. ამასთან, თუ შემოვიტანე მედიკამენტი და ის უხარისხო აღმოჩნდა, თუ მწარმოებლისგან მაქვს შეძენილი, ხარისხზე პასუხისმგებელია მწარმოებელი, მაგრამ, როდესაც მწარმოებლისგან არ შემიძენია, ესე იგი, არც არავინაა პასუხისმგებელი.

– როგორ არის ეს საკითხი ევროკავშირის ქვეყნებში? შესაძლებელია იქ მწარმოებლის თანხმობის გარეშე მედიკამენტების შეტანა?

– ბევრ ქვეყანაში იყო ეს დათქმა, მაგრამ იმ ქვეყნების უმეტესობაში, რაც უფრო გაამარტივეს წამლის შეტანის პროცედურა, მით უფრო გაამკაცრეს კონტროლი. საქართველოში კი მედიკამენტების შემოტანაც გამარტივდა და კონტროლიც არ არსებობს. ამასთან, თუ მწარმოებელს დასჭირდება თავისი მედიკამენტების უკან გაწვევა ამა თუ იმ მიზეზის გამო, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, საქართველოდან ვერ გაიწვევს, იმიტომ რომ საქართველოში ამ მედიკამენტის შემოტანის შესახებ არაფერი იცის.

– ამბობთ, რომ მედიკამენტების მასალების მეტი წილი ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოდისო. რატომ არის ეს განგაშის საფუძველი? პირადად მე, სწორედ ინდური ომეპრაზოლი მშველის ხოლმე ყველაზე ეფექტურად.

– მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, მსოფლიოს ფალსიფიცირებული მედიკამენტების ერთი მესამედი სწორედ ინდოეთში იწარმოება და მისი ბაზრის ნახევარზე მეტი შავი ბაზარია, ანუ დაუცველია წამლის ხარისხი. რა თქმა უნდა, ინდოეთში არის მაღალი დონის ფარმაცევტული კომპანიები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვისგან შემოაქვთ მედიკამენტები ჩვენს ფარმაცევტულ კომპანიებს. ჩვენი აზრით, ეს, უპირველესად, ფარმაცევტულ კომპანიებს უნდა აძლევდეს ხელს, რადგან ისინიც დაზღვეული იქნებიან, ეცოდინებათ, რომ ხარისხიანი პროდუქცია აქვთ და ვერავინ იტყვის, რომ უხარისხო მედიკამენტს აწარმოებენ და შემოაქვთ.

– რა იგულისხმება უხარისხო და ფალსიფიცირებულ მედიკამენტში, ანუ, რა ზიანის მოტანა შეუძლია მას პაციენტისთვის? როგორც ვიცი, დოზირება არ არის დაცული.

– რბილად რომ ვთქვათ, ასეთი მედიკამენტი ადამიანს არ მკურნალობს. შეიძლება, პაციენტს დასჭირდეს საჭიროზე მეტი დრო სამკურნალოდ, ანუ, სამჯერ მეტი ოდენობის მედიკამენტის მიღება. თუმცა, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანოც იყოს. იმედია. ჩვენი ფარმაცევტული კომპანიები არ დაუშვებენ, რომ საწამლავი შემოიტანონ, მაგრამ, იმის ალბათობა კი დიდია, რომ ფალსიფიცირებულ მედიკამენტს ისეთი ეფექტი არ ექნება, როგორიც, წესით, უნდა ჰქონდეს. ასევე, ადრე სავალდებულო იყო, რომ ანოტაცია ყოფილიყო ქართულად ან გასაგებ ენაზე – ინგლისურად და რუსულად. ახლა ეს აღარ არის სავალდებულო. თან, გაითვალისწინეთ, ქართველებს მაინცდამაინც არ აქვთ ექიმთან მისვლის ჩვევა.

– იმიტომაც არის სატელევიზიო რეკლამებით გაჭედილი ტელეეთერი. ფარმაცევტულმა კომპანიებმაც იციან, რომ არც ჩვევაა ექიმთან მისვლის და არც ფული?

– დიახ, მოსახლეობის უმეტესობა ვიღაცის რჩევით ყიდულობს წამალს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ანოტაციასაც ვერ კითხულობს პაციენტი, იმიტომ, რომ მისთვის გაუგებარ ენაზეა დაწერილი.

– ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ექიმთან, იცის, რომ ექიმი, რომელიც „პე ეს პეს“ თანაუგრძნობს, „ჯი ემ პის“ წამალს გამოგიწერს, „ავერსის“ გულშემატკივარი კი – „ავერსი რაციონალისას“, პირადად მე ამ პრობლემას შემდეგნაირად ვწყვეტ: კატეგორიულად ვუკრძალავ ყველა ჩემს ექიმს, გამომიწეროს ქართული წამლები, არადა, შესაძლოა, რეალურად, ქართული წამალი კარგიც იყოს, მაგრამ მაღიზიანებს ძალდატანება.

– დოკუმენტურად ვერ ვამტკიცებთ, რომ ეს ასე ხდება.

– ის ხომ ფაქტია, რომ აფთიაქში შედიხარ, ითხოვ მედიკამენტს და გამყიდველი გოგონა დაჟინებით გთავაზობს ადგილობრივი წარმოების წამალს და ეს ტენდენდენციაა როგორც „ავერსის“, ისე „პე ეს პეს“ აფთიაქებში.

– ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. გეუბნებიან, იგივე შემადგენლობა აქვს და იაფი ღირსო, მაგრამ, დამერწმუნეთ, ბევრი ორიგინალი მედიკამენტი გაცილებით იაფი ღირს. მეორეც, ორიგინალი მედიკამენტი უფრო ეფექტურია თუ მისი ასლი?! რა თქმა უნდა, ორიგინალი. არადა, ჩვენთან ასლი, ანუ ჯენერიკი, ორიგინალზე ძვირი ღირს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ ახერხებენ ამას?! ორიგინალი მედიკამენტი რომ შეიქმნას, მწარმოებელ კომპანიას ორ მილიარდამდე დანახარჯი აქვს, 20 წლის შემდეგ კი ამ მედიკამენტის წარმოება სრულიად უფასოდ შეუძლია ყველას: აიღებ ფორმულას და აწარმოებ. ანუ მწარმოებელს ამხელა ხარჯი აქვს, როდესაც ორიგინალს აწარმოებს, ჯენერიკის მწარმოებლის ხარჯი კი გაცილებით ნაკლებია და, მაინც, ჩვენთან ხანდახან ეს ჯენერიკი უფრო ძვირიც ღირს.

– ფარმაცევტულმა კომპანიებმა წამლების გაძვირება ასე აგვიხსნეს: წამალი, რომელიც ერთი დოლარი, ანუ 1 ლარი და 67 თეთრი ღირდა, ახლა 1 ლარი და 88 თეთრი ღირს, ეს არის და ესო. თუმცა, მე რომ დავითვალე, მთლად ასე უღრუბლოდაც არ არის საქმე.

– ფარმაცევტული კომპანიების ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ, მათ მიმართ ბევრი არაარგუმენტირებული კრიტიკა იყო ამ ბოლო დროს. პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ წამლები გაძვირდაო, მაგრამ, არ იცოდნენ, რომ ლარის გაუფასურება წამლებს გააძვირებდა?!

– ფინანსთა მინისტრმა საერთოდ მარგალიტი გადმოაფრქვია: რატომ უნდა გაძვირდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, მხოლოდ იმპორტირებული უნდა გაძვირდესო.

– იმპორტირებულის გაძვირება გამოიწვია ინფლაციამ, რამაც ადგილობრივი პროდუქციაც გააძვირა. ყველა მედიკამენტი გაძვირდა 7-დან 15 პროცენტამდე, მაშინ, როდესაც ლარი 5 პროცენტით გაუფასურდა. ამასთან, კომპანიებს, როგორც წესი, დიდი მარაგები აქვთ, მაგრამ დოლარის გაძვირება წამლების ფასზე 6 დღეში აისახა. კიდევ ერთი: რამდენიმე მწარმოებელს კომპანიები წინასწარ უხდიან თანხას, ანუ ზოგიერთ მედიკამენტში მათ ჰქონდათ გადახდილი თანხა მაშინ, როდესაც დოლარი 1,7 ლარი ღირდა. ასე რომ, დოლარის გაძვირებას ამ მედიკამენტების ფასზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და, მაშინ, რატომ გააძვირეს?!

– მეტი მოგება რომ მიეღოთ.

– რა თქმა უნდა. როდესაც ამბობენ, ლარის კურსი უფასურდებაო, რატომ არ აიაფებდნენ წამლებს ლარის კურსის გამყარების პირდაპირპროპორციულად: სამ-ნახევარი წლის განმავლობაში ლარის კურსი მყარდებოდა! მაშინ, რატომღაც, ლარის კურსს არავინ უწყობდა ფეხს.

– თქვენი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რის იმედი გაქვთ?

– ალბათ, პარლამენტს მივმართავთ საკანონმდებლო ინიციატივით: ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიქმნას ჯანსაღი ვითარება ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენ შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს და ისინი არ არიან არც ხარისხის და არც ფასების კონტროლის წინააღმდეგი, მოსახლეობაც იმავეს ითხოვს. ასე რომ, გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა.


скачать dle 11.3