კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის და რის გამო მიიღო მიხეილ ჯავახიშვილმა პირველი ცხოვრებისეული დარტყმა და არის თუ არა არსენა მარაბდელის პროტოტიპი ქაქუცა ჩოლოყაშვილი


ოციოდე წელია, რაც ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე დიდი ქართველი მწერლის – მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას იკვლევს. ის ჩვენი ჟურნალის რესპონდენტია და თავის შეხედულებებს გაგვიზიარებს.

აღსანიშნავია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 20 ნოემბერს ქართული მწერლობის კლასიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, მიხელ ჯავახიშვილს, დაბადებიდან 130 წელი უსრულდება.


– ბატონო გელა, რას მივაწეროთ მიხეილ ჯავახიშვილით თქვენი დაინტერესება, თქვენ ხომ არც ლიტერატურათმცოდნე ბრძანდებით და არც ისტორიკოსი?

– მიხეილ ჯავახიშვილი ჩემი სათაყვანებელი მწერალია. მისი ცხოვრება და შემოქმედება კი, არათუ ფსიქოლოგის, არამედ ფსიქიატრის კვლევის ობიექტიც გახდა. მხედველობაში მყავს ღვაწლმოსილი მედიცინის მუშაკი ავლიპ ზურაბაშვილი, რომელსაც, მართალია, სამეცნიერო პროდუქცია არ დაუტოვებია ამ თემაზე, მაგრამ, თავისი მოსაზრებანი მწერლის ქალიშვილს ჩააწერინა. მისი ნააზრევი კი ქალბატონმა ქეთევან ჯავახიშვილმა შეიტანა თავის წიგნში – „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება“.

სამწუხაროდ, სახელგანთქმული მკურნალი ვერ მოესწრო მარინე შიშნიაშვილისა და ცისანა გენძეხაძის მიერ გამოცემულ წიგნს – „უბის წიგნაკიდან“, თორემ, იქ ისეთ ჩანაწერებს შეხვდებოდა, დინჯი მეცნიერიც კი ვერ აუვლიდა გულგრილად გვერდს. თუნდაც ასეთ ფრაზას: „დღეს ყველა ქართული ოჯახი პატარა საგიჟეთია, რომელსაც ექიმი სჭირდება, მაგრამ, თვითონ ექიმებსაც ექიმობა სჭირდებათ და, აღარ ვიცი, საიდან მოვუარო ჩვენს ბეჩავ ხალხს.“

– პირადად თქვენ რამ გიბიძგათ, რომ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება ფსიქოლოგიური კუთხით შეგესწავლათ?

– მწერლის უაღრესად ტრაგიკულმა სვე-ბედმა. თავისი ცხოვრების განმავლობაში მან ბედის ოთხი დარტყმა განიცადა.

მეოთხე დარტყმას მის შემოქმედებაზე აღარავითარი ზემოქმედება აღარ მოუხდენია – 1937 წლის 14 აგვისტოს დაპატიმრებული მწერალი 30 სექტემბერს დახვრიტეს...

მესამე დარტყმა 1923 წელს მიეკუთვნება. ამ წლის მარტის დასაწყისში იგი დააპატიმრეს და 5 თვის განმავლობაში ამყოფეს ორთაჭალის ციხეში. ბრალდებოდა შეიარაღებული აჯანყების მომზადება საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად. მისი 15 თანამებრძოლი იმავე წლის მაისში დახვრიტეს. მიხეილიც კარგა ხანს იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში...

მართალია, აღარ დახვრიტეს, მაგრამ სიკვდილის მოლოდინი უკვალოდ ჩაივლიდა?! სიკვდილისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში თვალის გასწორება რომელ ლიტერატურათმცოდნეს აქვს აღწერილი? ვინმეს შეუსწავლია, როგორ იცვლება ამ დროს ადამიანის სულიერი სახე?

მეორე დარტყმა – 1900 წლის იანვარი. მიხეილი ყირიმში სწავლობს. მის ქართველ მეგობრებს საქართველოდან ამანათი მოუვათ. ერთ-ერთ მშობელს ხილი და ტკბილეულობა გაზეთში გაუხვევია. გაზეთში კი წერია, რომ 1899 წლის 27 დეკემბერს მიხეილის დედა და და კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ... მამამ ეს ამბავი მხოლოდ თებერვალში აცნობა შვილს, ისე, რომ არ იცოდა, მიხეილმა შემთხვევით გაზეთიდან რომ შეიტყო ყველაფერი. ვფიქრობ ღირს ამ წერილის გახსენებაც:

„საყვარელო ჩემო იმედო, შვილო, მიხავ! მივიღე შენი მოწერილი წერილები. უდროვოდ დამაბერა შენმა დარდმა. ორჯელაც მოვიდა შენი ქცევა ყოფის ატმეტკები. რამტელიც გაიზარდე, დაკარგე გონება. იწერებიან ცუდი, ძალიან ცელქი არიო. ტანისამოსს არ ირჩენსო, იგლეჯამსო. ერთი დაფიქრდი, შვილო, პატარა ხო აღარა ხარ, მეოცეში ხარ წლოვანობით. კარგად იფიქრე, ერთი წლის დაკარგვა რა ღირხარ ჩემთვინ, შენი ოჯახისთვინ. მტერი გააცინე, მოკეთე მოკალი. პატარობაში რო დაგეკარგნა ორი წელიწადიც, არაფერს არ ვიდარდებდი. ეხლა ამ ჩემს მწუხარე გულსა რაღათი მოინელო. რო მნახო, ვეღარც მიცნოფ. ოცდახუთ მანეთს კნეინა გიგზავნის წიგნებისთვის. არ შეცდე და არ დახარჯო, თორე აღარ დროს აღარ მიგიღებს, დიდი სირცხვილიც იქნება შენთვის. ამ ზაფხულს თან მოიტანოსო, ვნახო, თორემა, სიტყვიერათ არ დავრწმუნდებიო. აბა, შენ გენაცვალე, შვილო, არ შემარცხვინო ამათთან, ამათი მე პატრონობა არ დამიკარგო. გწერ მწუხარე ცრემლითა. რაღა უნდა დაგიმალო, შვილო, დედაშენი და სონა გარდაიცვალნენ 27 დეკემბერსა და ჯობს მანდვე მაინელო შენი მწუხარება. ერთიც აქ მე აღარ შამაწუხოს შენმა ტირილმა. 10 მანეთს გიგზავნი. წერილი მალე მომწერე, შენ როგორა ხარ. გწერ მდუღარე ცრემლითა, არც კი გამეგება, რასა გწერ და რას არა. ნაკლებულება მაპატიე, მამაშენი საბა.“

პირველი დარტყმა – მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლები. მომავალი პროზაიკოსი იგებს, რომ მისი პაპა, ადამა, არსენ ტოკლიკიშვილის გერი ყოფილა და თავად მიხეილ ჯავახიშვილის უკანონო შვილი.

ეს თემა მისი ბიოგრაფიის შემსწავლელთაგან ან იგნორირებულია – როგორც საჩოთირო, ან უარყოფილი – როგორც სიცრუე.

– ახლა გასაგებია, თუ რატომ იყო ჯავახიშვილი თქვენთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, საინტერესო, მაგრამ, იქნებ, თქვენი კვლევის შედეგებზეც გვიამბოთ.

– ჩემი კვლევის შედეგები, ჯერჯერობით, რამდენიმე საგაზეთო პუბლიკაციით შემოიფარგლება... ჯერჯერობით-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ჯერაც არ ვკარგავ იმედს – ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ნაშრომები დღის სინათლეს იხილავენ.

რაც შეეხება იმას, თუ რის შესახებ მოგვითხრობენ ეს ნაშრომები, მხოლოდ უმთავრესზე მოგახსენებთ:

ა) მიხეილ ჯავახიშვილი უდიდესი ქართველი ისტორიკოსის – ივანე ჯავახიშვილის გარე ბიძაშვილია. თავის ნათესავზე მწერალი ასეთი აზრის იყო: „ილია ჭავჭავაძე მუხა იყო უდაბნოში ამოსული (დღეს – ივანე ჯავახიშვილი), გარშემო ბუჩქნარი ერტყა. მუხნარად გადააქცია.“

ბ) ისეთი ლიტერატურული ხერხების გამოყენებით, როგორებიცაა: ალეგორიები, რემინისცენციები, სიმბოლოები, მოახერხა და ბოლშევიკურ ცენზურას შეაპარა ანტისაბჭოთა, ეროვნულ მსოფლმხედველობაზე შექმნილი ნაწარმოებები. კერძოდ, ორ რომანში – „ჯაყოს ხიზნებსა“ და „არსენა მარაბდელში“ გადმოცემულია მეოცე საუკუნის ოციანი წლების საქართველოს სავალალო მდგომარეობა.

ეს რომანები არც ჯაყოზეა და არც ოძელაშვილზე. ამ პერსონაჟების უკან ქართული პროზის მშვენებამ კონკრეტული ისტორიული პიროვნებები იგულისხმა. რომანი „არსენა მარაბდელი“ არსენაზე კი არა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებაზეა დაწერილი. თანაც, მარტო ქაქუცასი კი არა, ამავე რომანში შეიძლება შალვა ამირეჯიბის, ალექსანდრე სულხანიშვილის, ლავრენტი ბერიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა პროტოტიპების პოვნაც.

– რომლები არიან ლავრენტი ბერიასა და მიხეილ ჯავახიშვილის „არსენასეული“ გმირები?

– გიორგი კუჭატნელი ბერიასა და ეპიფანე კვანტალიანის (ცნობილი ჩეკისტი იყო) კრებითი ტიპაჟია. მიხეილ ჯავახიშვილი კი სოლომონ დოდაშვილის პერსონაჟში იგულისხმება.

– „არსენა მარაბდელში“ ხომ ათეულობით მოქმედი პირია, ნუთუ მათ ყველას ჰყავს მეოცე საუკუნის 20-იან წლებში შესაბამისი პროტოტიპი?

– დიახ, დიდ უმრავლესობას, მაგრამ, არა ყველას. ისე, არ დაეჭვებულხართ? – მიხეილ ჯავახიშვილი რომ ყაჩაღი არსენას მეხოტბე ყოფილიყო, რომელიც მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს, რატომღა გაუხდებოდა მტრად ბოლშევიკებს, ისინიც ხომ იმავე იდეოლოგიით მოქმედებდნენ? მიხეილი რაღა სოციალისტ-ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიებში შევიდოდა და არჩილ ჯორჯაძის, შალვა ამირეჯიბის, სპირიდონ კედიას, ალექსანდრე ასათიანის, კოტე აფხაზისა და სხვათა თანაგუნდელი გახდებოდა, შესულიყო ფილიპე მახარაძის, იოსებ ჯუღაშვილის, სერგო ორჯონიკიძის, ლავრენტი ბერიას მშობლიურ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში?!

– ზემოთ უბის წიგნაკი ახსენეთ. დიდ მწერალს, ალბათ, პოლიტიკურ თემებზეც ექნება ჩანაწერები.

– ძალიან ბევრი. მხოლოდ ერთის ციტირებას მოვახდენ: „პოლიტიკურად ყველაზე ჭკვიანი მოქალაქე ის არის, ვინც გაიგებს, როდის ატყუებს მას მთავრობა და როდის – არა. ეს კი ლატარიას ჰგავს, სადაც 99 ფუჭი ბილეთია და 1 მართალი“.

– მსმენია, რომ მწერალი ფროიდითაც იყო დაინტერესებული და არც სექსუალური თემატიკისადმი იყო გულგრილი.

– კი ბატონო, სრული ჭეშმარიტება გახლავთ. მეც მაქვს ორი გამოკვლევა გამზადებული – „ზიგმუნდ ფროიდი და მიხეილ ჯავახიშვილი“ და „სექსი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში“. მერწმუნეთ, არ ვჩქარობ მათ გამოქვეყნებას მიზეზთა და მიზეზთა გამო...

– იქნებ, რამის დამატება გსურთ?

– სათქმელიც ბევრი მაქვს და დასამატებელიც... მიუხედავად იმისა, რომ „არსენა“ 1832 წლის შეთქმულებაზე რეალურად არ მოგვითხრობს (ვისაც ეს თემა აინტერესებს, ვურჩევ ჩაუჯდეს მაქსიმე ბერძენიშვილის ორტომეულს – „მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისთვის“), თვითონ შეთქმულები მაინც მოექცნენ ჩემი ყურადღების არეალში და ერთი ასეთი ფაქტი დავაფიქსირე, განსხვავებით იმ მკვლევრებისგან, რომლებიც გულმოდგინედ სწავლობდნენ აღნიშნულ ეპოქას: როგორც წესი, ყველა თანხმდებოდა ერთში – შეთქმულების ჩავარდნის შემდეგ, ძალზე ბევრი ცდილობდა, ურთიერთდასმენით საკუთარი ტყავი გადაერჩინა... ვიმეორებ: – მათგან განსხვავებით, მე ასე ვიტყოდი – შეთქმულთა ჩვენებების შესწავლამ, მათმა ურთიერთშეჯერებამ დამარწმუნა: ძალიან ბევრი ცდილობდა ერთმანეთის გადარჩენას და რეალური დანაშაულის დაფარვას. და თუ მთელი შეთქმულების ძიებას შევაჯამებთ, ურთიერთგადარჩენა უფრო მეტი იყო, ვიდრე დასმენა. ამ მხრივ განსაკუთრებით სოლომონ დოდაშვილი გამოირჩეოდა. მის გარდა თავი მოვუყარე კიდევ ათიოდე შეთქმულს, რომელნიც მისდაგვარად იქცევიან – თავიანთ თანამოძმეებზე მათი „დანაშაულის“ (სამშობლოს სიყვარული და რუსთა სიძულვილი) დამამძიმებელ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ თავს ისულელებენ – ვერ იხსენებენ, თავს იკატუნებენ, თავს იშტერებენ. მართალია, ყოველთვის არა, მაგრამ, ამ ხერხით ზოგჯერ მიზანს აღწევენ.

და, ერთიც: არც ამ ფაქტის კონსტატაციას ახდენენ ხოლმე სპეციალისტი მკვლევრები – შეთქმულთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმანეთის ახლო ან შორეული ნათესავი იყო.

მაგალითად, ავიღოთ ესტატე ჯავახიშვილი – იგი მიხეილის პაპის პაპაა. მას მეუღლედ ორბელიანების ქალი ჰყავს, სიდედრი ჩოლოყაშვილებისა. ამ ორი მანდილოსნის მხრიდან შეთქმულთა უმრავლესობა მისი ნათესავი გახლდათ.


скачать dle 11.3