კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ვასო ფხაკაძე უმართავი და რას ვერ დათმობს ის მილიონ დოლარად


„შაბათის შოუს“ მსახიობი ვასო ფხაკაძე აქტიური ცხოვრების სტილს ირჩევს, შესაბამისად, მისი ყოველდღიური სამუშაო დღე გადატვირთულია. როგორც ყოველთვის, ახლაც ჩქარობდა და რამდენიმეწუთიანი ლიმიტით შემოვიფარგლეთ ინტერვიუს ჩასაწერად. მას ახალ ოფისში ვესტუმრეთ, სადაც მისთვის პირველი სამუშაო დღე იყო. როგორც ყოველთვის, ჟურნალი „თბილისელები“ პირველები ვართ და, იმედია, მათთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდება ჩვენი სტუმრობა „ღამის შოუს“ ახალ ბინაში.


– როგორია ვასო ფხაკაძის ცხოვრების სტილი?

– ჩემი ცხოვრების სტილი ძალიან აქტიურია: დილით ცხრის ნახევარზე ვდგები, მერე სამსახურში მოვდივარ. ჩემი სამსახური კი, მოგეხსენებათ, როგორი დატვირთული და ტემპიანია. ტემპს არ უნდა ჩამორჩე და მუდმივად მწყობრში უნდა იყო.

– ყოველთვის ახერხებ მწყობრში ყოფნას?

– ჩვენი სამსახური ისეთია, არ აქვს მნიშვნელობა, კარგ ხასიათზე ხარ თუ ცუდზე, ხუმრობა უნდა დაიწეროს, სკეტჩი დაიდგას და გადაცემა შედგეს – ეს „რკინის წესია“.

– ახალ ოფისში თავს როგორ გრძნობ?

– აქ დღეს გადმოვედით და ძალიან მომეწონა. მალე საინფორმაციოც გადმოვა და მთელი ტელევიზია ერთად ვიქნებით, რაც ძალიან კარგია. რაც მთავარია, პავილიონები მომეწონა ძალიან. იქ ვერ ვეტეოდით რაღაც-რაღაცეებში, აქ კი საკმარისი სივრცეა.

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაკავებული ხარ და აქტიური ცხოვრება გაქვს, თუ ახერხებ სპორტული ცხოვრების შეთავსებას?

– აუზზე ვგეგმავ სიარულს, ახლოს არის ახალ ოფისთან და აღარ დამეზარება დილაობით ცურვა.

– როცა უცნობი ადამიანი გხედავს, ხშირ შემთხვევაში, შენგან ღიმილსა და კარგ განწყობას ელის. ამ დროს კი, შეიძლება, შენ სულაც არ გეღიმებოდეს...

– დიახ, ეს ასეა. თუ სადმე მივდივარ, ვცდილობ კარგ ხასიათზე ვიყო და, რასაც ხალხი ითხოვს ჩემგან, ის მიიღოს, რადგან მათ ეს უხარიათ. როცა სუფრაზე მოვხვდები ან სადმე სხვა სიტუაციაში, იმავეს ითხოვენ, როგორსაც ეკრანზე მხედავენ. ყოფილა შემთხვევა, არ წავსულვარ სუფრაზე, რადგან უცხო საზოგადოებაში არ მიყვარს ყოფნა. ჩემს მეგობრებთან კი – სიამოვნებით.

– ყველაზე მეტად ხალხისგან რომელი სკეტჩის ფრაზები გესმის ხოლმე?

– შაბათს რაც გავა ეთერში, მომდევნო კვირას უცნობები იმ ფრაზებს გვიყვირიან ხოლმე, მით უმეტეს – ბავშვები. ჩემს დისშვილთან ვიყავი სკოლაში და, იქ ამბავი ატყდა?! – ვერ გადმოგცემთ. საერთოდ, როცა „შაბათის შოუს“ ბიჭები რესტორანში მივდივართ, ვცდილობთ, კუპეში დავსხდეთ განცალკევებულად. თუ საერთო დარბაზში დავსხედით, მაშინ ჩვენს გემოზე ვეღარ ვერთობით. თუ ქორწილში ვართ, სანამ ხალხი დათვრება – კარგია, მერე კი... ორასკაციან სუფრაზე ყველას უნდა რომ შენთან ერთად დალიოს. სანამ შემიძლია, დავდივარ და, რომ დავთვრები, მერე თვითონ მოდიან.

– როცა ერთად ხართ დასასვენებლად, განსაკუთრებით – ზღვისპირა ქალაქში, საინტერესოა, სანაპიროზე თქვენს გამოჩენაზე რა ხდება?

– იგივე. დათვები რომ დაჰყავთ ხოლმე, ხომ იცით, ზღვის სანაპიროზე სურათის გადასაღებად, ჩვენც ანალოგიურ მდგომარეობაში ვართ. მოდი, რა, სურათს გადავიღებთ თქვენთანო, – ყველა ამას გვეუბნება. ერთხელ ვუთხარი, ერთი წუთით, „მაიკას“ მაინც ჩავიცვამ, უხერხულია-მეთქი და, – არ არის პრობლემა, ასე იყავითო. იმათთვის არა, მაგრამ ჩემთვის პრობლემაა! მაგალითად, ვყოფილვარ უცნობ ოჯახში, შენთან სურათი მაქვს გადაღებულიო, უთქვამთ და კვარიათში ან გონიოში გადაღებული ფოტო გამოუტანიათ.

– შენ ძალიან ბევრ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ადამიანის ამოცნობა თუ შეგიძლია?

– ადამიანს, შეიძლება, მაშინვე ვერ შეატყო, როგორი პიროვნებაა, მაგრამ, დროთა განმავლობაში აუცილებლად მიხვდები, რას წარმოადგენს. ძალიან სათუთად ვუდგები ამ თემას. არ შეიძლება, ორასი მეგობარი გყავდეს. შეიძლება, „ფეისბუქში“ გყავდეს ოთხი ათასი მეგობარი, მაგრამ, ეს ხომ არ არის რეალური ცხოვრება? ზოგს შეუძლია, ერთი დღის გაცნობილ ადამიანს დაუმეგობრდეს და მასთან ერთად კარგი დროც ატაროს, მე ეს არ შემიძლია.

– არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველანაირი მეგობარი უნდა გყავდეს. თუ იზიარებ ამ აზრს?

– ყველანაირი მეგობარი რატომ უნდა მყავდეს? არ არსებობს. მორფინისტი ან მკვლელი რატომ უნდა იყოს ჩემი მეგობარი? ჩემთვის მიუღებელი ადამიანი ვერასოდეს გახდება ვერც ჩემი მეგობარი, ვერც ცოლი და ვერც ვერავინ. არ ვეთანხმები აზრს, რომ ყველანაირი მეგობარი უნდა გყავდეს. მე ყველასთან ვერ ვიმეგობრებ, ისევე, როგორც ყველა ვერ იმეგობრებს ჩემთან.

– იმედგაცრუებული ხშირად ყოფილხარ?

– ყველაფერი აწყობილი არავის აქვს ცხოვრებაში. ხშირად მდომებია, რაღაც სხვანაირად გამოსულიყო, მაგრამ, ისე არ გამოსულა, ღვთის ნებაა ყველაფერი.

– აზარტული ადამიანი ხარ?

– გააჩნია, რასთან მიმართებაში. კარტში და სხვა თამაშებში აზარტული არ ვარ, მაგრამ, საპირისპირო სქესთან მიმართებაში – კი.

– მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ ხარ დაოჯახებული...

– ძალიან აზარტული ვარ და ამიტომ.

– ისე, როგორია შენი სასურველი მანდილოსანი?

– კრიტერიუმები არ მაქვს ჩამოწერილი და არც ის ვიცი, რამდენი უნდა ჰქონდეს ფეხის ზომა, ამას ვერ დაგეგმავ, ყოფილა შემთხვევა, გოგო მომწონებია, მაგრამ შევმცდარვარ და ისეთი ადამიანი სულაც არ ყოფილა, როგორიც წარმომედგინა.

– რომანტიკოსი ხარ?

– რომანტიზმი გარკვეულწილად ყველა ადამიანში დევს, მაგრამ, ცაში რომ დავფრინავდე, ისეთი ტიპი არ ვარ, რეალისტი ვარ. მარტო გულით არ უნდა იფიქრო, გონებაც საჭიროა. თუმცა, როცა გიყვარს, მაშინ რომანტიკოსიც ხარ.

– მთელი მსოფლიო ფეხბურთშია ჩაფლული. შენ?

– ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება მსოფლიოს ჩემპიონატი, აღარ შემიძლია. ერთ ბურთს ამდენი ადამიანი დასდევს, ათასობით სტადიონზე ზის და უფრო მეტი ტელევიზორთან – სრული იდიოტიზმია (იცინის). რა თქმა უნდა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ფეხბურთი არ მიყვარს.

– აბა, რა გიყვარს?

– მიყვარს ჩოგბურთი, ცხენოსნობა, ასევე – რალი. მანქანა ჩემი ცხოვრების ნაწილია.

– ცხოვრებაში რაზე ვერ იტყვი უარს?

– მილიონი დოლარი რომ მომცენ და მითხრან, მანქანის საჭესთან არ დაჯდეო, გამორიცხულია. მანქანის მართვა ისე მიყვარს, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ვერ დავთმობ.

– როდის გრძნობ თავს ძალიან კომფორტულად?

– როცა ჩემს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ... გააჩნია სიტუაციას, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თავს კომფორტი შევუქმნა.

– მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევ?

– არა.

– დეპრესიული ხარ?

– შეიძლება, იუმორისტი იყო, მაგრამ, შენს გულში სულ სხვა რამ ხდებოდეს და სულ არ გეხუმრებოდეს. ასეთი მომენტები მქონია. ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნები.

– რომელ სკეტჩში გაქვს საკუთარი ხასიათი ყველაზე მეტად გამომჟღავნებული?

– გამორჩეულად რომელიმე სკეტჩი არ მახსენდება, მაგრამ, ძირითადად, აქტიურ პროტოტიპებს ვთამაშობ.

– როდის ხდება ვასო ფხაკაძე უმართავი?

– არ მიყვარს, როცა ვინმე საშინლად არღვევს მოძრაობის წესებს ან დამიწყებს – მოდი, ვასო, „ვიგონკაოთო“ და ასე შემდეგ. რამდენიმე დღის წინ წყობიდან კინაღამ გამოვედი: მარჯვენასაჭიან მანქანაში ქალი იჯდა, მობილურზე ლაპარაკობდა, სარკე ჰქონდა ჩამოწეული და პომადას ისვამდა. დაგეჯახება ეგეთი და მერე წუწუნს დაიწყებს – ახალი ნაყიდი მანქანა გავაფუჭეო. ამ დროს დიდი ტრაქტორით უნდა მოდიოდე და უნდა გადაუარო.

– ალბათ, ასეთ მომენტებშიც გახსენდება, რომ ცნობილი სახე ხარ და უხეშობისგან თავს იკავებ.

– დიახ, ასეა. ყოფილა შემთხვევა, ჩხუბში ჩავმდგარვარ შუაში, გამიშველებია და უთქვამთ – ვასოს ვცემთ პატივსო – და დაწყნარებულან. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, – ვასო არა ისაო – და დაუხოცავთ ერთმანეთი.

– შენ თუ ხარ მოჩხუბარი?

– ჩხუბის დამწყები არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, თუ ვიჩხუბე, მართლა ვიჩხუბებ. ხელიც მომიტეხია, თვალიც დამსიებია და ასე შემდეგ. აბა, ბიჭობა როგორ გინდა ისე?!

– ანუ, ხიფათიანი ხარ?

– მაგარი ხიფათიანი ვარ: ორივე ხელი მაქვს მოტეხილი, ფეხი მომიტეხია, თავი რამდენჯერმე გამიტეხია და ასე შემდეგ. თან, ისეთ დროს შეიძლება, ხიფათი შემემთხვას, ვგიჟდები.

– დასასვენებლად წასვლას სად გეგმავ?

– ალბათ, სადმე კარგ ადგილას წავალ, უფრო საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან აქ ვერ ვისვენებ.

– შეიძლება, ვერც თურქეთში დაისვენო, რადგან ზაფხულში ნახევარი საქართველო იქ არის.

– შეიძლება, არც ეგ არის გამორიცხული. შეიძლება, უკრაინაში წავიდე და უკეთ დავისვენო, შეიძლება – თურქეთში ან ეგვიპტეში. ისე, ყველაზე კარგად რაჭაში ვისვენებ, ჩემს სოფელში. ჭიშკარზე ჩემი ბავშვობის დროინდელ ამოკაწრულს რომ ვნახავ, მიხარია. 6 წლის რომ ვიყავი, რაღაცას დავწერდი, ბაბუაჩემი კი, ცხონებული, ისეთი ტიპი იყო, არ შლიდა და ტოვებდა. ძალიან მაგარია. როცა 12 თვეში ერთი კვირა გაქვს დასვენება, გინდა, რომ ირგვლივ არაფერი არ იყოს და სულიერად დაისვენო. მაგალითად, როცა მონასტერში, ბერებთან ერთად ხარ, ძალიან სასიამოვნოა.

– ყოფილხარ მონასტერში?

– როგორ არა. ყოველთვის მიხარია, როცა იქ ჩავდივარ. იქ სულიერად ვისვენებ.


скачать dle 11.3