კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ჩემი ქმარი თითქმის ყოველდღე მცემს

ისეთი გამწარებული ვარ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ გადავუხადო ჩემს ნაძირალა ქმარს სამაგიერო. ბევრი ფიქრის შემდეგ, ეს ხერხი მოვიფიქრე: თქვენთან ვგზავნი წერილს და მთელ საქართველოს მოვუთხრობ მის „საგმირო” საქმეებს. ზუსტად ვიცი, თვითონ თუ არა, მისი საყვარელი დაიკო მაინც აუცილებლად წაიკითხავს და მიუცუნცულებს ამბავს. ჯერჯერობით არავის სახელს არ ვახსენებ და ჩემსასაც შეცვლილს ვწერ. მაგრამ, თუ ისევ გაბედა და თითი დამაკარა, მაშინ მართლა დაწვრილებით მოგწერთ ყველაფერს და არა მარტო მათ სახელებს, გვარსაც მივუთითებ და ზუსტ მისამართსაც, რომ საქვეყნოდ მოვჭრა თავი. დასაკარგავი აღარაფერი მაქვს, ეს მან მიმიყვანა ამ ზომამდე. მან და მისმა დამ, თორემ, მანამდე, სანამ ამ ნაძირლებს გავიცნობდი, ერთი ლაღი, ბედნიერი და ხალისიანი გოგო ვიყავი, თანაც, კარგი შესახედავი. ჩემი მშობლები რაიონში პატივსაცემი ხალხი იყო და, ცხადია, მთხოვნელიც ბევრი მყავდა, მაგრამ გათხოვების გაგონებაც კი არ მინდოდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვაპირებდი. მშობლებიც ხელს მიწყობდნენ ამაში. ამ ნაგავმა კი მომიტაცა – ჩემი მეზობელი გოგონას დაბადების დღეზე მნახა (იმ მეზობლის ბიძაშვილია), იქვე დამადგა თვალი და ცოლობა მთხოვა. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი და, ცხადია, უარი ვუთხარი, მით უმეტეს, არც ვიცნობდი და არც მომეწონა. ჩემი გულუბრყვილობით, ეს ყველაფერი ვუთხარი. როგორც გაირკვა, მან ბოღმა ჩაიდო გულში, თავისი ბიძაშვილი (ანუ, ჩემი მეზობელი გოგონა, ვისთანაც ვიყავით) „შეიამხანაგა”, მისი დახმარებითა და აქტიურობით, ლიმონათში ძილის წამალი ჩამიყარა, გამთიშა და ძმაკაცის მანქანით სახლში წამიყვანა. რომ გამომეღვიძა და გავიგე, სადაც ვიყავი, ისეთი წიოკი ავტეხე, მთელი სოფელი შეიყარა, მაგრამ მან და მისმა დამ ოთახში ჩამკეტეს. ჩემი მშობლები რომ მოვიდნენ, ისე მოაჩვენეს თავი და ისეთი რამეები უთხრეს, მამაჩემი აყალმაყალს მოერიდა და დამტოვა. მე სულელს შემრცხვა თუ შემეშინდა, მეთქვა, წამიყვანეთ-მეთქი.

იმ დღის შემდეგ ყოველდღე იმას მახსენებს – გახსოვს, რომ მითხარი, არ მომწონხარო? – და მაქსიმალურად ცდილობს, დამამციროს, რაშიც ძალიან აქტიურად ეხმარება თავისი და. ისეთ დღეში მაგდებენ, სწავლა კი არა, სიცოცხლე აღარ მინდა. საკმარისია, ელემენტარული წინააღმდეგობა გავუწიო, ცემა გარანტირებული მაქვს. ალბათ, იტყვით, რატომ აკვლევინებ თავსო. ერთხელ გავიპარე სახლიდან და ფეხით წავედი ჩემი სოფლისკენ, მაგრამ, გაიგო, გზაში დამეწია და სულ ცემა-ცემით დამაბრუნა სახლში. მისმა დამ კი მთელ სოფელში ხმა დამიყარა, ფული მოიპარა და გაიქცაო. მართალია, უმრავლესობას არ სჯერა ეს ამბავი, მაგრამ, მაინც როგორია, ახალგაზრდა გოგოს ეგრეთ წოდებული ქმარი და მული ქურდად რომ გამოგაცხადებენ?

თუ კიდევ დამაკარეს თითი, მერე ნახონ, როგორია თავის მოჭრა და სახელის გატეხა, მით უმეტეს, რომ ტყუილები არ მექნება გამოსაგონი.

ინგა, 19 წლის.

წელს ორი ბედნიერება მელის

მეხუთე კლასიდან, მყავს შეყვარებული, ანუ, მეხუთე კლასიდან ერთ მერხთან ვსხედვართ. გადაწყვეტილი გვქონდა, სკოლას რომ დავამთავრებდით, ერთად ჩაგვებარებინა უმაღლესში და პირველივე კურსზე დავქორწინებულიყავით, მაგრამ, ისე მოხდა, რომ თაკო მოეწყო, მე კი ქულები დამაკლდა და გარეთ დავრჩი. მიუხედავად ამისა, თაკოს პირობის შესრულება მოვთხოვე, მან კი მითხრა, პირობა შენ დაარღვიე, რომ ვერ ჩააბარე. ამიტომ, სანამ სტუდენტი არ გახდები, ცოლად არ გამოგყვებიო. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მეპიტნავება ეს უმაღლესი, მაგრამ, ზუსტად ვიცი, თაკო თავის სიტყვას არ გადავა და ამიტომ, მთელი წელი იძულებული ვიყავი, მემეცადინა. თქვენ წარმოიდგინეთ, ღამეებსაც კი ვათენებდი მეცადინეობაში. დედაჩემმა და მამაჩემმა ამისი ნამდვილი მიზეზი არ იცოდნენ და გაოცებულები პირჯვარს იწერდნენ – ამ ჩვენს შვილს თერთმეტი წელი წიგნისთვის ხელი რომ არ უხლია, ნეტავი, ვინმემ რამე სასიკეთო ჯადო ხომ არ გაუკეთაო. ის კი არ იციან, რომ ეს „ჯადო” მართლაც გამიკეთა თაკომ. მეცადინეობა კი არა, ერთი წელი ცეცხლში ჩავდგები, ოღონდ თაკო ჩემი ცოლი გახდეს. ისე მიყვარს, ისე მიყვარს, ვერც კი აგიწერთ. მის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე. ჩემმა მშობლებმა მასზე არაფერი იციან. შეგნებულად არ ვუთხარი, რადგან, ვიცი, მეტყვიან, შენისთანა თავქარიანს ნორმალური გოგო როგორ გაჰყვება ცოლადო. მაგრამ, თაკოს სიყვარულმა სულ სხვანაირი გამხადა, სულ სხვა თვალით ვუყურებ და ვაფასებ ყველაფერს. თაკო ისეთი გოგოა, მისი გულის მოსანადირებლად თავდაყირა რომ დავდგე, ისიც კი ცოტაა. თან, დედაჩემის ხასიათიც რომ ვიცი, როცა ახლოს გაიცნობს, ისე მოეწონება და შეუყვარდება, შეიძლება, ჩემს თავსაც კი ერჩივნოს, რაც მე მართლა ძალიან გამიხარდება. მამაჩემზე ხომ აღარაფერს ვამბობ – სულში ჩაიძვრენს და თან გადაჰყვება.

ასე რომ, წელს ორი ბედნიერება მელის: სტუდენტი გავხდები და ქმარიც! – ღმერთო, კარგად მისმინე!

სოსო, 19 წლის.



შვილმა ამაგი არ დამიფასა

მართალი ყოფილა, ვისაც უთქვამს, შვილი მტრად გაზარდე და მოყვრად გამოგადგებაო. ძალიან ვნანობ, ასე რომ არ მოვიქეცი და იმიტომაც ვარ ახლა ამ დღეში.

თუ ეს წერილი ჩემმა შვილმა წაიკითხა, ვიცი, საშინელ დღეს დამაყრის, მაგრამ, იმდენ რამეს გავუძელი ცხოვრებაში, ამასაც გავუძლებ. თუ მართლა წაიკითხა და მიხვდა, ვინც გწერთ, იქნებ, სინდისი გაეღვიძოს, დაუფიქრდეს თავის საქციელს და ღმერთის მაინც შეეშინდეს. სხვა თუ არაფერი, თვითონაც ერთი შვილის დედაა და ჩემსავით უქმროდ ზრდის ბავშვს. არ უნდა იფიქროს, რომ, შეიძლება თავისი შვილიც ისევე მოექცეს, როცა მოხუცდება, როგორც ის მე მექცევა?

ჩემი შეცდომა კი ისაა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იმის შიშით, ბავშვი არ დამეჩაგროს და არ დაკომპლექსდეს-მეთქი, ზედმეტად გავანებივრე. ახალგაზრდაც ვიყავი, ლამაზიც და მთხოვნელიც ბევრი მყავდა, მაგრამ, შვილს მამინაცვალს როგორ დავუსვამ სახლში-მეთქი და პირად ცხოვრებაზე აღარც მიფიქრია. ის კი არა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, აგერ უკვე ოცდახუთი წელი გავიდა და შავები არ გამიხდია. წელებზე ფეხს ვიდგამდი, ორ-სამ სამსახურში ვმუშაობდი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი, რომ ბავშვს არაფერი მოჰკლებოდა – არც საჭმელ-სასმელი, არც კარგი მასწავლებლები, არც ტანსაცმელი, არც აგარაკი. ხომ იცით, ჩვენს საზოგადოებაში როგორ ხდება – თუ, ბავშვსაც კი, კარგად არ აცვია, პრესტიჟულ აგარაკებზე არ დაჰყავთ მშობლებს, ყველა საგანში არ ამზადებენ და ასე შემდეგ, თანაკლასელებსაც განაპირებული ჰყავთ.

ჩემმა ქმარმა ბინაც დამიტოვა და ავეჯიც. ასე რომ, ეს საკითხი ჩემი საზრუნავი არ იყო. მაგრამ, ორ ადამიანს არსებობა ხომ გვინდოდა, ბავშვი ხომ უნდა დამეყენებინა ფეხზე?! ერთი ნივთიც კი არ გამიყიდია ქმრის დანატოვარი ქონებიდან, რომ მერე ბავშვს გული არ დასწყვეტოდა და თავწახრილი ვშრომობდი. ხშირად ისეც მომხდარა, მე მშიერს დამიძინია, შვილისთვის კი ახალი კაბა ან ფეხსაცმელი მიყიდია, რომ მეგობრის დაბადების დღეზე სხვაზე ნაკლებად არ ეგრძნო თავი. უარი არაფერზე მითქვამს. ისე დამყავდა, ალბათ, ყველას მდიდარი ოჯახის შვილი ეგონა. მასწავლებლებთანაც ვამზადებდი. მართალია, ამაში გამიმართლა – კარგად სწავლობდა და პირველივე წელს მოეწყო უმაღლესში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, უფრო მეტი მომთხოვა. მე კი ამდენმა შრომამ, დარდმა, ზრუნვამ და ხშირად – შიმშილმაც, ძალიან შემირყია ჯანმრთელობა. ისედაც გვიან გავთხოვდი, თან, ასეთმა ცხოვრებამ ადვილად მომტეხა და 55 წლის ასაკში 70 წლისას ვგავდი, მით უმეტეს, რომ თავს ვერ ვუვლიდი – თმის საღებავშიც კი მენანებოდა ფულის გადახდა – ბავშვს არ მოაკლდეს-მეთქი. თურმე, რა სულელი ვიყავი! ძალიან გვიან მივხვდი, რომ მოხუცი, უძლური, ავადმყოფი და, რაც მთავარია – მოუვლელი, შვილსაც არ უნდიხარ. ისე მოხდა, რომ, ერთ დღეს, წავიქეცი და ფეხი მოვიტეხე. ამაზე ისეთი ამბავი დამაწია ჩემმა ქალიშვილმა, გეგონება, ძალით გავაკეთე. ორი თვე ვიწექი და, შემიძლია, ვთქვა, ძირითადად მეზობელი მივლიდა. რომ წამოვდექი, ჯოხი დამჭირდა. თან, თვალებზე კატარაქტა მაქვს, თითქმის ვეღარ ვხედავ და ვარ ასეთ გაჭირვებულ დღეში. ძლივს დავჩლახუნობ ოთახიდან ოთახში. საჭმელსაც კი ვერ ვიკეთებ – ვერ ვხედავ და, ან პროდუქტი როგორ უნდა დავამუშავო, ან გაზი როგორ უნდა ავანთო (მოტანაზე აღარაფერს ვამბობ), ჩემი შვილი კი დილით რომ გადის სახლიდან, ღამემდე არ ბრუნდება. სამსახური 6 საათამდე აქვს, მაგრამ, ჩემთან ყოფნა არ უნდა. სტუმარიც არავინ მოჰყავს – რცხვენია, მოხუცი და ინვალიდი დედა რომ ჰყავს. და თუ მაინც ვინმე მოვიდა მასთან, მე ჩემი ოთახიდან გამოსვლის უფლება არ მაქვს. თუ რამე წამალი დამჭირდა, ვერც კი გავუბედავ, მომიტანე-მეთქი. ისევ ის მირჩევნია, პენსიას რომ ავიღებ, მეზობლის ქალს ვთხოვო. გაახარებს ღმერთი, უარს არაფერზე მეუბნება.

ყველაზე მეტად კი ჩემმა შვილმა ამ რამდენიმე დღის წინ მომიკლა გული: ვიღაცას დიდხანს ელაპარაკებოდა ტელეფონით და გავიგონე, როგორ უთხრა, ეს დედაჩემი ცას გამოეკერა, აღარც იქით არის, აღარც აქეთ, სისხლი გამიშრო და სიცოცხლე გამიმწარა მაგისმა პრეტენზიებმა და მოვლამო.

ისე ცუდად გავხდი ამ სიტყვების გაგონებაზე, ლოგინიდან ვეღარ ვდგებოდი ერთი კვირა, მაგრამ მერე ისევ თავს ძალა დავატანე და წამოვდექი – ისე არ მაქცევს ყურადღებას და ლოგინად ჩავარდნილს მომივლიდა?

ყველაზე ცუდი კი ისაა, შვილსაც თავისნაირს ზრდის, ანუ, ჩემს შეცდომას იმეორებს, ოღონდ, გაათმაგებულად. ჩემი შვილიშვილი 10 წლის გოგოა და, თვე ისე გავა, ჩემს ოთახში არ შემოიხედავს და არ მკითხავს – ბებო, როგორ ხარო. მარტო ჩემი პენსიის დღეს იცის შემოსვლა, ფულს მთხოვს და ეგრევე გარბის.

ასეთ თან გადაყოლილ დედას ნუთუ ეს სიბერე უნდა მქონოდა? ნეტავ, ასე ძვირი არ ღირდეს მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება, ერთ წამსაც კი არ დავფიქრდებოდი, ისე გავიქცეოდი. მეც პატრონი მეყოლებოდა და ჩემი შვილიც მოსვენებული იქნებოდა ჩემგან.

არ მინდა, ღმერთს შევცოდო, მაგრამ, რა საჭიროა, ამდენ ხანს რომ მაცოცხლებს, არ ჯობია, ამომხადოს სული და დამასვენოს?!

თინა, 72 წლის.



ბედს ვერ გავექეცი

თურმე, ადამიანს რაც გაწერია შუბლზე, იმას ვერ აცდები, ანუ, ბედს ვერ გაექცევი.

ჩვენს უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა. მთლად უვარგისი და წყალწაღებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ, არც სწავლობდა, არც მუშაობდა, მთელი დღე ბირჟაზე იდგა და ეს იყო მისი ძირითადი საქმიანობა. თუმცა, რაიმე ცუდ საქციელში შემჩნეული არ ყოფილა, თორემ, მაშინვე აგორდებოდა ჭორი. ეს ახლაა, არავინ რომ არ მუშაობს, თორემ მაშინ ეს დიდ ნაკლად ითვლებოდა, მით უმეტეს – კაცისთვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვახოზე გოგონები ლამის ვენებს იჭრიდნენ, რადგან ძალიან ლამაზი ბიჭი იყო და, თანაც, რაღაცნაირი დარდიმანდული. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ საკმაოდ მდიდარი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ და, ცხადია, მისი ცოლობის მსურველთა არმია საკმარისზე დიდი იყო. გოგონების ყურადღებით გათამამებული ვახოც ხელს არ აკლებდა და ლამის ყოველთვე იცვლიდა ეგრეთ წოდებულ შეყვარებულებს.

მე ვახოზე რვა წლით უმცროსი ვიყავი და, შესაბამისად, 20 წლის ბიჭი არანაირად არ მაინტერესებდა. ისიც, როგორც პატარა ბავშვს, ისე მიყურებდა და ჩემ მიმართ არც მას გამოუხატავს რაიმე ინტერესი. მაგრამ, ერთ წელიწადს ვახო ჯარში წაიყვანეს (ეტყობა, მამამისმა ვერ ან არ, უფრო სწორად – აღარ დაიხსნა ჯარიდან, რადგან მასაც მობეზრდა შვილის უსაქმოდ ყიალი). იმ პერიოდში სამხედრო სამსახურში სამი წლით მიჰყავდათ და ვახოც სამი წლით წაიყვანეს სადღაც შორეულ აღმოსავლეთში.

სიმართლე გითხრათ, მთელი იმ სამი წლის განმავლობაში ჩვენს უბანში თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა. ბიჭები ბირჟაზეც კი მოწყენილები იდგნენ და დღეებს ითვლიდნენ, როდის დაბრუნდებოდა მათი თავკაცი.

ასე იყო თუ ისე, სამი წელი გავიდა და ვახოც, რა თქმა უნდა, დაბრუნდა, მაგრამ ისე იყო შეცვლილი, მშობლებმაც კი ძლივს იცნეს და მე როგორ უნდა მეცნო.

ერთ დღესაც, ვბრუნდები სკოლიდან და ვხედავ, ვიღაც ახოვანი, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მოდის ჩემკენ და მიღიმის. უცხოებთან ურთიერთობას ყოველთვის ვერიდებოდი და გზიდან გადავუხვიე, რომ მის გვერდით არ ჩამევლო. მან კი სახელი დამიძახა – მოიცა, ნუ გარბიხარო – და ნაბიჯს აუჩქარა. დაბნეული გავჩერდი. რომ მომიახლოვდა და დამელაპარაკა, მხოლოდ მაშინ ვიცანი, ვინც იყო. რა თქმა უნდა, მივულოცე მშვიდობით დაბრუნება, მოვიკითხე და ასე დავშორდით. იმ დღის მერე ვახო აჩრდილივით დამდევდა: ხან სკოლასთან მხვდებოდა ვითომ შემთხვევით, ხან – ქუჩაში, ხან – ჩემს სახლთან, მაგრამ, მამაჩემის შიშით თუ რიდით, სალმისა და მოკითხვის მეტს ვერაფერს მიბედავდა. მხოლოდ ერთხელ მითხრა, ამ სამ წელიწადში როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარო. ცუდი გოგო მართლა არ ვიყავი და ბიჭებსაც მოვწონდი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვახო ჯარიდან დაბრუნდა, თითქოს ვიღაცამ დააფრთხოო – ყველა ბიჭი გამირბოდა, ან, უკეთეს შემთხვევაში, დაძმობას მეფიცებოდა. ვახო არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ქალური ალღოთი ვგრძნობდი, რომ სერიოზულად მოვწონდი. გამოგიტყდებით, გულში მეამაყებოდა, რომ ასეთი პოპულარული ბიჭი მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ ამის იქით ჩემი გრძნობები არ მიდიოდა. თან, მეშინოდა, მშობლებს არაფერი გაეგოთ, რადგან ასეთ რამეებს ძალიან მკაცრად უყურებდნენ და არ მინდოდა, რამე მომხდარიყო.

ერთ დღესაც ვახომ მარტო დამიხელთა ქუჩაში, სიყვარული ამიხსნა და მითხრა, დაგელოდები, სანამ სკოლას დაამთავრებ და მერე ცოლად გამომყევიო. მე კატეგორიული უარი ვუთხარი და მკაცრად ვთხოვე, ჩემ სიახლოვეს აღარ დაგინახო-მეთქი. ეტყობა, გოგონებისგან ყურადღებას მიჩვეულმა, ჩემი უარი შეურაცხყოფად მიიღო და დამემუქრა: რადგან ასეა, ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებსო. მეც ჯინაზე ვუპასუხე – ვნახოთ-მეთქი. ორი დღის შემდეგ კი, სკოლიდან მომავალი, ვიღაც ორმა ბიჭმა იქვე მდგარ მანქანაში ჩამტენა და გამიტაცეს. თავიდან შიშისგან თვალთ დამიბნელდა, მაგრამ, გონს რომ მოვედი და მძღოლის გვერდით ვახო დავინახე, კივილი დავიწყე, ახლავე დამაბრუნე, თორემ გადავხტები-მეთქი. ვაპირებდი კიდეც გადახტომას, მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო, თან, ის ბიჭები მაკავებდნენ. რომ ვერაფერს გავხდი, ხვეწნა დავუწყე, ახლა დამაბრუნე და მერე მე თვითონ გამოგყვები-მეთქი. იმდენი ვიფიცე და ვიტირე, დამიჯერა, თან, ეტყობა, შევეცოდე და უკან წამომიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ პირობა შემახსენა, მე კი ვიუარე – სტუდენტი სანამ არ გავხდები, არ გავთხოვდები-მეთქი. გაბრაზდა, მეორე დღესვე ჩამისაფრდა და ისევ მომიტაცა. ამჯერად, მარტო იყო, ბიჭები არ ახლდნენ. რადგან მარტოები ვიყავით, ხვეწნა აღარ დამიწყია, გავაღე კარი და გადმოვხტი. კიდევ კარგი, ნელა მიდიოდა, თორემ დავილეწებოდი. სახლში რომ მივედი, დედაჩემს ვუთხარი, ფიზკულტურის გაკვეთილზე ბურთით ვთამაშობდით და წავიქეცი-მეთქი. არც ერთი მოტაცების შესახებ არაფერი მითქვამს.

ვახომ მესამედ სკოლის ბანკეტის შემდეგ მომიტაცა, გამთენიისას სახლში რომ ვბრუნდებოდი თანაკლასელებთან ერთად. ულამაზესი საბანკეტო კაბა მეცვა, თმაც საპარიკმახეროში მქონდა დავარცხნილი, მაკიაჟიც იმ დღეს გავიკეთე პირველად. სახლამდე ცოტა მანძილიღა გვქონდა დარჩენილი მე და ჩემს დაქალს, რომ ვახო მანქანით წამოგვეწია და გასეირნება შემოგვთავაზა – სკოლის დამთავრება მინდა, მოგილოცოთო. ვიფიქრე, ორივეს ხომ არ მოგვიტაცებს-მეთქი და დავთანხმდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე მოგვიტაცა. პირდაპირ ბიძამისთან წაგვიყვანა სახლში, რომელიც ქალაქგარეთ ცხოვრობდა. სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. გულში ვიფიქრე, ეტყობა, მართლა ვუყვარვარ და, ალბათ, ეს არის ჩემი ბედი-მეთქი. ბიძის სახლში რომ შევედით, სუფრა გაშლილი დაგვხვდა და იქაურობა სტუმრებით იყო სავსე. ჩვენს შესვლაზე ხალხი დაიბნა, რადგან ვერ მიხვდა, ამ ორი გამოპრანჭული ბავშვიდან რომელი იყო საპატარძლო. მერე ვახომ ყველას აუხსნა, რომ მე მისი საცოლე ვიყავი, ნათია კი – ჩემი მეჯვარე.

ყველაფერი მშვიდად და ბედნიერად დამთავრდა. ჩემი მშობლებიც მალე შემოგვირიგდნენ, რადგან ვახო არაჩვეულებრივი პიროვნება და ძალიან კარგი ქმარი გამოდგა. სხვათა შორის, ეკაც მალე გათხოვდა – იქ გაცნობილ ვახოს ბიძაშვილს გაჰყვა ცოლად და ასე დავნათესავდით ორმაგად.

იმის შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მე და ჩემს ქმარს უკვე საცოლო ბიჭები გვყავს, თან – სამი, მაგრამ ახლაც ძველებურად გვიყვარს ერთმანეთი.

სხვათა შორის, წვეულებებზე ჩვენს სადღეგრძელოს როცა სვამენ, ვახოზე ყველას ეუბნებიან – ეს ის კაცია, საცოლე მეჯვარიანად რომ მოიტაცა, თანაც, ორივე საქორწილოდ გამოპრანჭულიო.

ია, 40 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3