კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამონაკლისი დაუშვეს ჯულიარდში ბექა გოჩიაშვილის გამო და როგორ სთავაზობენ მას ჯაზის ლეგენდები თავიანთ კონცერტზე დაკვრას


ბექა გოჩიაშვილი მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა, მას უკვე იცნობენ არა მხოლოდ რიგითი ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ თავად ჯაზის ლეგენდები. უკრავს 3 წლიდან, თანაც ჯაზს. ამჟამად ჯულიარდში სწავლობს და ივლისში ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე აპირებს დაკვრას, მანამდე კი თავის ტრიოსთან ერთად თბილისის კონსერვატორიაში დაუვიწყარ საღამოს გამართავს. ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ვირტუოზი ქართველი ბიჭის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული ჯაზი, არ შეიძლება, მან უდიდესი სიამოვნება არ მიიღოს და ბექას ნიჭიერებით არ მოიხიბლოს.


ბექა გოჩიაშვილი: 12 ივლისს ჩამოდის ჩემი ტრიო – ბასისტი და დრამერი, პირველი კონცერტი გვექნება კონსერვატორიაში და შემდეგ უკვე ბათუმის „ბლექ სი“ ჯაზ-ფესტივალზე დავუკრავთ. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც საკუთარ ქვეყანაში უკრავ ამერიკელებთან ერთად.

– როდისმე ისვენებ?

– ხანდახან, რომ ვუკრავ, სწორედ მაშინ ვისვენებ; თუმცა, ხანდახან – პირიქით, ვიღლები, როცა არ ვუკრავ; ან, რომ ვუკრავ, მაშინ ვიღლები – გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. თუმცა, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინ საერთოდ არ ვუკრავ და სხვებს ვუსმენ.

– მოდი, ცოტა შორს წავიდეთ: როდის აღმოაჩინეს შენში მშობლებმა მუსიკალური ნიჭი?

– მამაჩემი პიანისტია. 3 წლის ვიყავი, როდესაც სკოტ ჯოპლინი დავუკარი – მამამ მასწავლა. 4 წლის ასაკში კი კეიტ ჯარეტის კონცერტს მოვუსმინე და ძალიან დამაინტერესა. 6 წლის ვიყავი, როდესაც კლასიკურ მუსიკაზე მივედი თენგიზ ჩიტაიშვილთან, ხოლო ჯაზზე – ზურა რამიშვილთან, რომელმაც მირჩია, სამი წლის განმავლობაში მიმეღო კლასიკური განათლება, რომ ხელის აპარატი გახსნილიყო. როდესაც 9 წლის გავხდი, კვლავ ჯაზის შესასწავლად მივედი, 13 წლის კი ამერიკაში წავედი.

– პიანისტობა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. როგორ უთავსებ ერთმანეთს სწავლას და გართობას?

– ყველაფერს განსაკუთრებული შრომა სჭირდება, რა თქმა უნდა, პიანისტობასაც, განსაკუთრებით კი – ჯაზს. მაგრამ, ყველაფერს ვასწრებ და ეს არ არის არც ძალიან კარგი და არც ცუდი. თუმცა, უმეტეს დროს მაინც მეცადინეობას ვუთმობ.

– მომიყევი შენი პირველი სერიოზული წარმატების შესახებ.

– 12 თუ 13 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი. სასტუმრო „კოპალაში“ გაიმართა შეხვედრა და მე და თამაზ ყურაშვილმა დავუკარით. კონდოლიზას ძალიან მოეწონა და მითხრა – ფანტასტიკური იყო, ძალიან ვისიამოვნეო და მადლობა გადამიხადა. რა თქმა უნდა, მეც დიდი მადლობა გადავუხადე.

– როგორ აღმოჩნდი ჯულიარდის კონსერვატორიაში?

– იქ აღმოვჩნდი ნონა შენგელაიას დახმარებით, რომელიც ჯულიარდის უცხოეთთან ურთიერთობის დირექტორია და რომლის ოჯახშიც ვცხოვრობ. მე და ჩემი მასწავლებელი ჩავედით ნიუ-იორკში, სადაც მქონდა მოსმენა. პირველ წელს ნონა არ იმყოფებოდა ამერიკაში და დაგვხვდა რუსი ქალბატონი, რომელმაც არ მიმიღო. მე, რა თქმა უნდა, არ დავნებდი, მეორე წელს ისევ ჩავედი მოსმენაზე და უპრობლემოდ მიმიღეს. პირველი ექვსი თვე ვცხოვრობდი მამასთან ერთად. მერე ნონა და გია შენგელაიების ოჯახში გადავედი. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება ახალ გარემოსთან, მაგრამ მერე შევეჩვიე. თანაც, შენგელაიების ოჯახში ისეთი გარემო შემიქმნეს, რომ არ მქონია პრობლემები, მონატრებაც არ მიგრძნია.

– როგორ ჩაიარა მოსმენამ?

– მე და ჩემმა მასწავლებელმა, ზურა რამიშვილმა, დუეტში დავუკარით. ჯულიარდს აქვს პრე-კოლეჯი და კოლეჯი, მაგრამ პრე-კოლეჯს არ აქვს ჯაზის განყოფილება, არადა, მე ჯულიარდში სწორედ ჯაზის კარგად შესასწავლად მივედი. ამიტომ მათ დაუშვეს გამონაკლისი და პრე-კოლეჯში გახსნეს ჯაზის ფაკულტეტი, სადაც ახლა ვსწავლობ, თან პრე-კოლეჯის კურსებს გავდივარ. რადგან არ ვარ სრულწლოვანი, ამიტომ პირდაპირ კოლეჯში ვერ მიმიღებენ და სამაგიეროდ ასეთი სასიამოვნო გამონაკლისი დაუშვეს.

– როგორც ვიცი, შენზე პროფესორები დიდ იმედებს ამყარებენ და უკვე როგორც ვირტუოზს, ისე გიცნობენ. შენი დაკვრის დროს როგორია მათი შეფასებები?

– ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, მერიდება ხოლმე, მაგრამ, იმას ვიტყვი, რასაც ამბობენ. ნიუ-იორკში არის ჯაზ-კლუბი „კრეორე“, იქ დავდივარ სამშაბათობით და ვუკრავ. სადაც დამიკრავს, ჯაზმენები სულ მეუბნებიან, რომ დიდი მომავალი მაქვს, რაც მთავარია, მოსწონთ და კმაყოფილები არიან. თუმცა, მე თვითონ არ ვარ კმაყოფილი, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, სულ ვცდილობ, გავიზარდო, ახალი ვისწავლო, არ გავჩერდე. ყოველდღე ვუკრავ, ზოგჯერ ხუთი საათი მჭირდება, ზოგჯერ – რვა საათი, ხან – ორი, გააჩნია, რას ვმეცადინეობ.

– როგორც ვიცი, ამერიკაში ხშირად გაქვს კონცერტები.

– პირველი კონცერტი მქონდა ნიუ-იორკში, რომელმაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგ მქონდა მეორე კონცერტი ატლანტაში, მერე – „კრეორეში“, 14 ივნისს კი – ბერდლენდში. ძალიან კარგი იყო, ემოციურად ჩაიარა, ჯაზურად. ჰერბი ჰენკოკი, ჯარეტი, ჩიკ კორეა – მოკლედ, ძველი, დიდი კომპოზიტორები იყვნენ, იმათი ნაწარმოებები შევასრულე, ბოლოს კი ჯაზ- სტანდარტები დავუკარი.

– როგორ შეიქმნა შენი ტრიო? როგორც ვიცი, ისინი საკმაოდ გამოცდილი მუსიკოსები არიან?

– როდესაც ისინი გავიცანი, ერთად დავუკარით, მოეწონათ და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ტრიო. დრამერი ოთხი წელი უკრავდა ჰერბი ჰენკოკთან – ამაზე დიდი გამოცდილება არ ვიცი, რა უნდა იყოს. ბასისტი კი თელონიუს მონკის გამარჯვებულია, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ძირითადად, ერთად ვუკრავთ. სოლო შესრულებისგან ცოტა თავს ვიკავებ, რადგან არა მხოლოდ მუსიკალური, ცხოვრების უფრო მეტი გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ კარგად დაუკრა. რთულია.

– როგორც ვიცი, ხშირად დადიხარ ჯაზის ლეგენდების კონცერტზე. კეიტ ჯარეტის კონცერტზეც იყავი?

– დიახ, ყოველთვის დავდივარ. კეიტ ჯარეტის კონცერტზეც ვიყავი, გავესაუბრე, ჩემი მუსიკოსია.

– ისე, შესრულების მანერით ჰგავხარ ჯარეტს.

– კი, ვგავარ. მისგან მაქვს რაღაც მანერები აღებული, იმიტომ, რომ, 4 წლიდან მას ვუსმენ. როდესაც მის კონცერტზე ვიყავი, ჯარეტი რომ გამოვიდა, ძალიან ბედნიერები ვიყავით მეც და ისიც. შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ბაჩა მძინარაშვილი შევხვდით, დაველაპარაკეთ, ჩემთან ფოტოც გადაიღო. ვუთხარი, ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ, როგორ დავიწყე ჯაზის მოსმენა და როგორ შემიყვარდა ჯარეტი. ის ჩემთვის ჯაზის ღმერთია. ჩიკ კორეას კონცერტზეც ვიყავი. როდესაც კარგ მუსიკას ვუსმენ, სახეზე ყოველთვის მემჩნევა: ხან ვყვირი, ხან თვალები მაქვს დახუჭული, მაგრად „ვკაიფობ“. ჩიკ კორეასთან ძალიან ახლოს ვიჯექი. კონცერტი რომ დაიწყო, ისეთი ემოციები მქონდა, ჯერ გაბრაზებული სახით შემომხედა, მერე გაკვირვებულმა, ბოლოს გაიცინა და თვითონაც „კაიფობდა“. როდესაც შევხვდი, ვუთხარი, რომ ჯაზმენი ვიყავი. ორი თვის შემდეგ ერთკვირიანი კონცერტი მიუძღვნა ბილ ევანსს, მივედი და მაშინაც იმავე ადგილას მომიწია დაჯდომა. ჩიკ კორეა ისეთ მუსიკას უკრავს, რომ ყოველთვის საოცარი ემოცია მაქვს.

– მარტო შენ გამოხატავდი ასე მძაფრად ემოციებს?

– უმეტესობას ესმოდა ჯაზი, ან, არ ესმოდათ, მაგრამ ყველა თავისთვის იჯდა, „ბოიფრენდებს“, „გერლფრენდებს“ გადახვევდნენ ხელს, წითელ ღვინოს სვამდნენ, მე კი ვყვიროდი. ჩიკ კორეა სცენიდან რომ ჩამოდიოდა, მკითხა, შენ ხომ პიანისტი ხარო. დიახ-მეთქი. რა გქვია, ბექა-მეთქი. ხალხს მიუბრუნდა და უთხრა: „იზ გაინ ზე მონსტერ“. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მე ვიჯექი და ის უკან მედგა. ამოდი მაღლა, დაგელაპარაკებიო. შემიყვანა ოთახში, ჩაკეტა კარი და მეუბნება: „იუთუბიზე“ შენ ძალიან ცნობილი ხარ, ბევრი ვიდეო დევს და, თუ გინდა, შემდეგ კვირას დაგაკვრევინებო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. დავუკარი ჩიკ კორეას ტრიოსთან ერთად მის კონცერტზე. ძალიან კმაყოფილები ვიყავით ისიც და მეც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.


скачать dle 11.3