კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ათქმევინა უარი ხათუნა კოტრიკაძეს ქმარმა და როგორ აპირებს ის ცხოვრების შეცვლას


„სოფლის ტალახისთვის იმეტებთ ამ სიმწრით გამოზრდილ ანგელოზს?“ – ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მედეა ჩახავას გმირის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა ფილმიდან „მხიარული რომანი“. გაინტერესებთ, თუ რა ბედი ეწია სახეზე საყვარლად დაჭორფლილ, მაღალ, თხელი, ნატიფი აღნაგობის გოგონას, რომელიც ამ ფილმის შემდეგ სადღაც გაუჩინარდა?

ფილმის დასრულებიდან მალე ხათუნა კოტრიკაძე ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ მეკარის, დავით გოგიას ცოლი გახდა. ქმრის კატეგორიული მოთხოვნით, ის სამუდამოდ ჩამოშორდა კინოს, მომავალ პროფესიულ საქმიანობას, მეგობრებსა და ნათესავებში წასვლა-წამოსვლასაც კი, და სოფელ დიღომში კარ-მიდამოს და საქონლის მოვლას მიჰყო ხელი. ახლა ხათუნას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ის საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც მისი ერთადერთი ვაჟი, გოგა ცხოვრობს. როგორია 37 წლის წინათ დაწყებული ლამაზი ქალის რეალური ცხოვრების ისტორია და რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მას, ხათუნას დედა, ქალბატონი ნანული ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენს მკითხველს უამბობს.

ქალბატონი ნანული: ხათუნას ძალიან უყვარდა ბიოლოგია და ბიოლოგიურზე ჩააბარა. რომ მოენდომებინა, შეიძლებოდა, მსახიობიც ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის თავი არ მოუკლავს. მეორე კურსზე იყო, რომ გათხოვდა. მისი ქმარი, დათო გოგია, „დინამოს“ მეკარე გახლდათ, რომელიც ჩემი მეუღლის, სერგო კოტრიკაძის მოსწავლე იყო და ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში. მაშინ ხათუნა ბავშვი იყო. მერე ამ ადამიანმა თავისი გრძნობები გამოააშკარავა, მაგრამ ყველა წინააღმდეგი ვიყავით. ვინმემ ცუდად არ გამიგოს, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სამტრედიელია, მე კიდევ რაიონი არ მიყვარს. გარშემო ელიტური, ცნობილი, ნასწავლი ნათესავები მყავს. მამამისმაც უთხრა: ეგ კაცი არ გამოგადგებაო. ხათუნაც, რომ ვთქვა, დიდად აქცევდა ყურადღებას-მეთქი, არა. ერთხელ მითხრა: იცი, რა მახსოვს, მე და მამა დიღომში, ბაზაზე ვიყავით, მეკარის დიდი ხელთათმანები მომხვდა თვალში, ვიკითხე, ვისია-მეთქი და დათო გოგიასიო. ამით დაამახსოვრდა. მისი მშობლები რომ მოვიდნენ ხელის სათხოვნელად, ჩემმა მაზლმა მითხრა, დათანხმდიო. მისი ცოლი გადაირია – ნანული, რას შვრები, დაფიქრდი, ვის ატან ამ ანგელოზივით გოგოსო. მაგრამ ამ ბიჭმა ჭკუით გვაჯობა. მეორე დღეს ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა.

– მართალია, რომ გათხოვების შემდეგ წერტილი დაესვა მისი კინოში გადაღების პერსპექტივას და ბევრ ისეთ რაღაცასაც, რაც მის ცხოვრებაში პრიორიტეტული იყო? თუმცა, კინოში ის ერთი გაელვებაც საკმარისი აღმოჩნდა, ისეთი პოპულარობა მოეპოვებინა, სხვებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ მოახერხეს. როგორ იწყებოდა ყველაფერი?

– ხათუნა პირველ სკოლაში სწავლობდა. მათთან „თუში მეცხვარის“ რეჟისორი სოსო ჩხაიძე მივიდა. ბავშვები შეათვალიერა და ხათუნა მოეწონა. გადაიღო ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“. ყველა გადარეული იყო. პირველივე დღიდან როგორც გამოცდილმა მსახიობმა, ისე ითამაშა. ამის შემდეგ – ხან ვინ გვირეკავდა, ხან – ვინ, რომ ფილმში გადაეღოთ. მერე ლეილა გორდელაძემ დაგვირეკა. მითხრა, რომ „მოიტაცეს თამარ ქალს იღებდა“ და მთავარ როლზე ხათუნა სჭირდებოდა. აუტანელი ხასიათის ქალი იყო. ეგ და ხათუნა ვერ რიგდებოდნენ, ურთიერთობა უჭირდათ. დღეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ უნიჭო სურათი გამოვიდა. ამის შემდეგ ლერიკო ხოტივარმა მიიწვია „მხიარულ რომანზე“. ჩემს ქმარს კარგად იცნობდა და სთხოვა – ძალიან მინდა, შენი შვილი ამ ფილმში მოხვდესო. ხათუნა ცხოვრებაშია შებოჭილი, თორემ ეკრანისთვის ძალიან თავისუფალი იყო და ამით მოეწონა ყველას. აბსოლუტურად ყველა გადაღებაზე თვითონ მიმყავდა და მომყავდა. მამამისი მარტო გაუშვებდა? მახსოვს, დათო გიორგობიანთან („მხიარულ რომანში“ შეყვარებულის, დათო მგალობლიშვილის როლის შემსრულებელი – ავტორი). სულ კინკლაობდა. აბრაზებდა – რა უშნო ხარო. დათო ეუბნებოდა: სამაგიეროდ, შენ ხარ ძალიან ლამაზიო. „მოიტაცეს თამარ ქალში“ ბიჭები რომ თამაშობდნენ, ყველა ხათუნაზე უფროსი იყო. გია ფერაძე, როგორც უფროსი ძმა, დარიგებებს აძლევდა: ხათუნა, არასოდეს დაირქვა „სვოი გოგოს“ სახელი. შენ გგონია, ასეთი გოგონები მოსწონთ ბიჭებსო?!

– ჩემი აზრით, ხათუნას ისევ ეკრანზე გამოჩენა ყველასთვის სასიამოვნო იქნებოდა ამ გზას რომ გაჰყოლოდა და გათხოვება არ ეჩქარა.

– მისი ქმარი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ აღარ გადაეღოთ. მოვკლავო, – ამბობდა. ეტყობა, ხათუნასაც არ უნდოდა მაინცდამაინც, თორემ, თუ რამე მოინდომა, გააკეთებს კიდეც. ბევრჯერ იყო ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლებოდა, დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მე არ მივეცი ამის უფლება. არადა, დავიღალეთ ამ კაცის ეჭვიანობით – აქ არ წახვიდე, იქ არ წახვიდე... არც იყო ხათუნა ბუნებით მოსიარულე გოგო, მაგრამ ციხეში ხომ არ იყო?! როგორც კი სახლიდან გავიდოდა, ეჩხუბებოდა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ხათუნა მართლა გადააჩვია სახლიდან გასვლას. მეკითხებოდნენ – რატომ არ ჩანს ხათუნაო, მაგრამ ყველას ხომ ვერ აუხსნი. ოღონდ სახლში მჯდარიყო და მზად იყო, ნებისმიერი სურვილი აესრულებინა. მის კარადაში ტანსაცმელი დღემდე არ ეტევა. ავეჯი, ფული, რამდენიც გინდათ და არასოდეს არაფერს უთვლიდა. ამაში არ ზღუდავდა. უცხოეთში შეკრებებზე რომ მიდიოდა, თხუთმეტი ათას მანეთს უტოვებდა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ხათუნა ამით იხიბლებოდა. გამწარებული ამბობდა: არც ასეთი ფული მინდა და არც არაფერიო. თბილისში უცხოური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. ჩემმა მეგობარმა ბილეთები მოიტანა, წავიდეთო. პირველ-მეორე დღეს წავედით და მესამე დღეს ხათუნამ წამოსვლაზე უარი განაცხადა. ნუ აქცევ ყურადღებას, ჩემთან და ნინკასთან ერთად მოდიხარ-მეთქი. არა, დედა, იმ განცდებად და ლაპარაკად არ მიღირს ეს ფილმიო. იქამდე მიიყვანა, რომ ყველაფერზე უარი ათქმევინა. მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობა არ გამიფუჭებია. ექვსი წელი ჩემთან ცხოვრობდნენ. მერე სოფელ დიღომში გადავიდნენ. პირველ ხანებში ძალიან ვებრძოდი, მაგრამ მერე შევხედე, რომ ამ ბიჭთან ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. რაც მეტს ვებრძოდი, მით უარესი იყო. იდიოტი ხომ არ ვიყავი? ტაქტიკა შევცვალე. აი, ასეთი ბედი აქვს ხათუნას და არ გაგიკვირდეთ, რომ ვიღაცეებს არ ხვდება და ინტერვიუებს არ იძლევა. ახლა, ვფიქრობ, დადგა ის პერიოდი, როცა შეიძლება, თავის ცხოვრებას მიხედოს და ერთი წუთითაც არ ვიქნები არაფრის წინააღმდეგი. ბევრი ვითმინე და უშედეგოდ. დღემდე ეჭვიანობს და წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა არაფერში ხარ დამნაშავე და თავი უნდა იმართლო. სხვათა შორის, ერთხელ დამიჯდა და მითხრა: რა დეგენერატი ვიყავი, რომ ჩემს ცოლზე, ასეთ სპეტაკ ადამიანზე ვეჭვიანობდიო.

– როგორც ვიცი, ხათუნა სოფლის საქმეებში აქტიურად ჩაება. ძროხებს, ქათმებს უვლიდა, ბაღში ბოსტნეული, ხილი მოჰყავდა. როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს?

– მე სულ ხათუნას გვერდით ვიყავი. დავტოვე ჩემი ოჯახი, ბიჭი, რძალი, შვილიშვილები და მასთან გადავედი. ჩემი რძალი დღემდე მსაყვედურობს ამას. წავედი, მაგრამ ძროხების დანახვაზე შორს გავრბოდი. მგონი, ხათუნამაც არ იცოდა, როგორი იყო ძროხა და რატომ მოუნდა მათი მოვლა, დღემდე არ ვიცი. მახსოვს, საშინელი სახლი იყო – ოთხი კედელი, გაულესავი, გაუმართავი. ვინც იცოდა, რომ ფუფუნებაში გაზრდილი გოგო იყო, გაგიჟდა. თავისი ცხვირსახოციც არ გაურეცხავს, შუადღის სამ საათამდე ეძინა და უცებ ამხელა ოჯახის საქმეები წამოიკიდა.

იქვე რუსი სამხედროები ცხოვრობდნენ ოჯახებით. რვა ძროხა ჰყავდათ და ჩემს სიძეს იაფად შესთავაზეს. ეს რომ გაიგო ხათუნამ ატყდა – ეს ძროხები მინდაო. გოგო, შენ გიჟი ხომ არ ხარ, რა ძროხები გინდა-მეთქი. სხვათა შორის, კარგი ჯიშის, ჰოლანდიური ძროხები იყო. ქმარმაც მოუყვანა. ყველა განზე გადგა. ჩემმა ქმარმა თქვა: რაც გინდა, ის ქენითო. არც ჩემი ბიჭი, არც ჩემი სიძე არ გვეხმარებოდნენ. ქმარმა უთხრა: იმიტომ მოვიყვანე, მეგონა გავყიდდი და შენ იტოვებო? ერთადერთი, იმაში შემოგვეშველა, რომ ძროხებისთვის თივა მოჰქონდა. მოწველა ხომ უნდოდა. მე ძროხასთან მიმსვლელი ვიყავი? ადგა ხათუნა და მოწველა. როგორ მოწველე-მეთქი. რეზინის ხელთათმანები ვიყიდე და იმაზე ვივარჯიშეო. მერე ქალი ავიყვანეთ, ქმარმა თურქეთიდან მოსაწველი აპარატი ჩამოუტანა და იმით წველიდა. იმას ავიტანდი, ჩემს შვილს ძროხები ეწველა? ხათუნას ბიჭს ხორცი ძალიან უყვარს და იცით, როგორ ეფერებოდა? ჩემო კატლეტო, ჩემო ხაშლამა... ხათუნას კიდევ ძალიან უყვარდა ძროხები და დასაკლავად ენანებოდა. ქათმებიც გვყავდა. ჩემი ქმარი დაგვცინოდა, თქვენ რისი მომვლელები ხართო. რომ ჩამოვიდა და შეხედა, ძროხები ჩაკრიალებული გვყავს, ფუნას ვუწმენდთ და მთელ ამბებში ვართ, კინაღამ გადაირია. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. ახლა, მობეზრდა იქით ცხოვრება და წამოვიდა.


скачать dle 11.3