კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გამოიხატება ბალნეოლოგიური კურორტების უპირატესობა და სად იკურნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები


სამკურნალო ტურიზმი კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტებზე შიდა ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ადგილებში არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისთვის. სამკურნალო კურორტების მარგებლობაზე გვესაუბრება საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი.


ბექა ჯაყელი: განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფს – კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთის, ზღვის სანაპირო, ტყის და ველის, ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი – სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა. საქართველო გამორჩეულია კურორტებით – ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი. თბილ ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია უწერა, ცაიში, ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი.

– რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტებზე დასვენებას?

– მთის კლიმატი – ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით – ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს ჰმატებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას. ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ასევე, მთის ზონაში განლაგებულ კურორტებზე დასვენება კურნავს ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას, ანემიას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზოგიერთ ფორმას და ასე შემდეგ.

– ახლა, როცა ზღვის სეზონი მოდის, ინტერესმოკლებული არ იქნება, ვიცოდეთ საზღვაო კურორტების სამკურნალო თვისებების შესახებ...

– ურეკში არის ზღვა, მზე და მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშა, ის შესანიშნავ პირობებს ქმნის დასვენებისა და მკურნალობისთვის. ურეკის დადებითი სამკურნალო ფაქტორებიდან შეიძლება, გამოვყოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცენტრალური ნერვული სისტემის, ფუნქციური დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და სხვა დაავადებათა სამკურნალო ეფექტი. ურეკის ქვიშა ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა.

შავიზღვისპირეთი კურორტების განვითარების უმნიშვნელოვანესი ზონაა, აქ განლაგებულია კლიმატური კურორტები, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი და სხვა. კლიმატი აქ ნოტიო-სუბტროპიკულია, ცხელი ზაფხულით გამოირჩევა. ზღვის ჰავა წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის სამკურნალოდ, აგრეთვე, დასვენებისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია.

– მინერალური წყალი რა დაავადებებს კურნავს და რომელი კურორტი გვაძლევს ამის შესაძლებლობას?

– ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. ბორჯომის მინერალურ წყალს ძველთაგანვე იყენებენ სამკურნალოდ. ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა. იქ ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული იცის. მზის ნათების ხანგრძლივობა 1 850-1 900 საათია წელიწადში. რელიეფისა და მიკროკლიმატის თავისებურებათა მიხედვით, ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან სამკურნალოდ, განსაკუთრებით, ხელსაყრელი მიკროკლიმატური პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა, პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და სამკურნალო ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის (აბაზანები, შხაპები, ინჰალაცია და სხვა). ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატი, ტალახი. კლიმატოთერაპიული თვალსაზრისით, საუკეთესო დროა ივნის-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებებია საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სხვა. სეზონი მთელი წელი გრძელდება. ბორჯომის ახლოს მდებარეობს ბორჯომის ჯგუფის კურორტები: ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიკანი, ციხისჯვარი, ბაკურიანი. რაც შეეხება უწერისა და შოვის კურორტებს, აქ მდებარე მინერალური წყალი დადებითად მოქმედებს სასუნთქ ორგანოთა სისტემაზე, როგორიცაა ბრონქიალური ასთმა, ანემიის ზოგიერთი ფორმა. შოვის მინერალური წყლები გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სამკურნალოდ, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებების დროს.

– არ მინდა, გვერდი ავუაროთ ახტალის კურორტს, სადაც მკურნალობა ხდება ადგილობრივი ტალახით.

– ტალახით სამკურნალო კურორტი ქალაქ გურჯაანში, თბილისიდან 122 კილომეტრში, ზღვის დონიდან 312 მეტრზეა. ჰავა ზომიერი კონტინენტურია: ზაფხული – ცხელი, ზამთარი – თბილი; ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მილიმეტრი; კურორტის სამკურნალო ფაქტორის ფსევდოვულკანურ ტალახს იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისთვის. ახტალაში იკურნება მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები. ბაზალეთის ტბა კარდიოლოგიური პროფილის კურორტია. მაღალთერაპიული თვისებები აქვს თერმულ სულფიდურ, რადონულ, აზოტოვან, სილიციუმიან მინერალურ წყლებს, რომლებიც სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ეს წყლებია წყალტუბოს, თბილისის, ნუნისის, ტყვარჩელის, მახინჯაურის, ზეკარის, ასპინძის კურორტებზე. საქართველოს კურორტების სასარგებლო თვისებების შესახებ უსასრულოდ შეიძლება, ვისაუბროთ. ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას დღეს მრავალი პრობლემა აქვს. თუმცა, საქართველოში უხვადაა ისეთი ადგილები, ქართული ტურიზმის ცენტრი რომ შეიძლება გახდეს.


скачать dle 11.3