კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იბადებიან ანონიმური გენიოსები ქართულ სოფლებში და ვინ იყო კახელი დედას ლევანა, რომლის სიმღერაც კედლებს ანგრევდა


ქართველები რომ განსაკუთრებულად მომღერალი ხალხი ვართ, ამაზე უკვე არავინ დავობს – მეცნიერები და მუსიკის მკვლევრები ამ ფაქტს, ჩვენი ისტორიით, ულამაზესი ბუნებით და გეოგრაფიული მდებარეობით ხსნიან. თუმცა, იმავე გეოგრაფიულ არეალში არის ხალხი, რომელიც განსაკუთრებული მუსიკალურობით არ გამოირჩევა. მუსიკის სამყაროს ამ იდუმალ ფენომენზე ბატონ ნოდარ ანდღულაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც ისიც გაგვანდო, თუ რატომ მღერიან სოფლებში უკეთესად, ვიდრე ქალაქში და რა მაგია აქვს სვანეთის მწვერვალებსა და ალაზნის ველებს.


ნოდარ ანდღულაძე: სიმღერა მრავალნაირად შეიძლება, დავუკავშიროთ ადამიანის ყოფას, ისტორიას და ლანდშაფტს. დიდი გერმანელი რეჟისორი ჰერმან ვედეკინდი, რომელმაც ჩვენთანაც დადგა წარმოდგენები, ამბობდა: საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, განსაკუთრებული ხალხით და ამ განსაკუთრებულობას ლანდშაფტიც კი ქმნისო. მართლაც ჩვენი ქვეყნის მრავალწახნაგოვანი ლანდშაფტი – მთები, კლდეები, ყინულები, ტყეები, მწვერვალები, მინდვრები, ალაზნისა და რიონის ველები ქმნის მრავალხმიან მუსიკას. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ემოციურად არ აცალმხრივებს ცნობიერებას. თუ ამ ყველაფერს გენეტიკაც მოსდევს, მით უფრო საინტერესო მუსიკა იქმნება. ამ გენეტიკას ჩვენ მივყავართ დიდ წარსულში და იმის იქითაც, რადგან „შენ ხარ ვენახის“ შექმნას დემეტრე მეორეს მიაწერენ, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მუსიკა გენეტიკურად მოგვდგამდეს ქართველებს. მუსიკა თემის, ერის, ტომის, მოდგმის იდენტიფიკაციას ადასტურებს. ჰარმონია, წყობა, ინტონაცია, ტემბრიც კი – ეს ყველაფერი გვარეობითია. სულიერად რაც უფრო განვითარებულია ერი, მით უფრო დიდ მუსიკას ქმნის ის. თავად მუსიკა იმდენად დიდი სულიერი მუხტია, რომ ადამიანს აიძულებს ეს გამოხატოს. ისტორიიდან ცნობილია, რომ სტრაბონს აქვს ნანახი ტაო-კლარჯეთში: ადამიანი მინდორში ბალახს თიბავდა და მერე, უცებ დაიწყო ცეკვა და სიმღერა.

– რა გავლენას ახდენს ერთი და იგივე გეოგრაფიული არეალი სხვადასხვა კულტურის ხალხზე? შეიძლება, კასპში და პორტუგალიაში ერთნაირი წყობის, ჰარმონიისა და ინტონაციის სიმღერა შეიქმნას, იმის გამო, რომ ერთ გეოგრაფიულ არეალშია?

– შეიძლება, თუმცა ამას, მარტო გეოგრაფია და გარემო არ განსაზღვრავს. კასპიიდან მოყოლებული პორტუგალიამდე, განსაკუთრებით, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო ნაპირები, თურქეთიც, რუმინეთიც, ყირიმისა და უკრაინის ნაწილი, არის ერთი სმენის ბუდე. ჩვენც ამ ზონაში შევდივართ. ბევრ ქვეყანაში დაიკარგა მრავალხმიანობა, მაგრამ სარდინიაში არსებობს 8-9 ხმა. ეს უნდა იყოს ძველი კულტურის ნაშთი. ჩემი ზერელე დაკვირვების შედეგად, მთელი ხმელთაშუა ზღვის კულტურა შეიქმნა კავკასიური მოდგმის ხალხების საფუძველზე. ამ თემაზე დიდი კვლევები აქვს რისმაგ გორდეზიანს. მაგალითად, ქართული და ლათინური ენების ხმოვნების სტრუქტურა ერთმანეთს ემთხვევა, ადამიანი ხომ ხმოვნებით მღერის.

– რატომ ვერ მღერიან ჩვენი მეზობლები ისე, როგორც ქართველები, ისინიც ხომ გეოგრაფიულად ამ სმენის ბუდეს მიეკუთვნებიან? არც ცუდი ლანდშაფტია ჩრდილო კავკასიაში...

– კავკასიის ძველი მოდგმის ხალხები ამ მხრივ მაინც ძველ დროში დარჩნენ. ისინი არ გავიდნენ გარე სამყაროში, არ აუწყვეს ფეხი ცივილიზაციას. იგივეს თქმა შეიძლება აფხაზეთზე. მათ აქვთ საოცარი ენობრივი სამყარო, არაჩვეულებრივი ზღაპრები, მაგრამ მუსიკა ვერ განვითარდა. მათ კიდევ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ჩრდილო კავკასიის ხალხებს. თუმცა ჩვენმა მთიელებმა ბევრი რამ გადაიღეს ჩრდილო კავკასიელებისგან. ამიტომაც, ძალიან მაღალი პოეზიის ფონზე, ჩვენი მთის მუსიკა არის პრიმიტიული და ინტონაციურად და წყობით ჰგავს ჩეჩნების, ინგუშების სიმღერებს. ამ მხრივ საქმე ძალიან საინტერესო სიმბიოზთან გვაქვს. ერთი ჩემი მეგობარი ამაზე ხუმრობდა: ჩვენთან მთამ თავის თავზე პოეზიის განვითარება აიღო, გურიამ კი – მუსიკისო. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ სომხებს, მათ არ აქვთ მრავალხმოვანობა, მაგრამ ძალიან კარგი ხმები და ნატიფი ხალხური მელოდიები აქვთ. იმდენად საინტერესო მუსიკაა „წიწერნაქ”, რომ ხანდახან ჩვენც კი შეგვაქვს ხალხური მუსიკის კონკურსებზე. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მუსიკას, ნურავინ მიწყენს, მე ბევრი მეგობარი მყავს აზერბაიჯანელებს შორის, მაგრამ ის, რასაც აზერბაიჯანელები მალავენ, აუცილებლად უნდა ვთქვა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კავკასიური მოდგმის ხალხი, კავკასიის ალბანელები. მათ ჰქონდათ უძლიერესი კულტურა. ჯერ სომხებმა გაწყვიტეს ეს ხალხი, მერე შუა აზიიდან მოსულმა თურქული მოდგმის ტომებმა, რომლებიც ახლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ალბანელების უშუალო მემკვიდრეები არიან. ამ ხალხისგან დარჩა ანბანი, რომელიც ჩვენმა მეცნიერმა ილია აბულაძემ აღმოაჩინა. თუმცა, არ არსებობდა ტექსტები. ალბანური ანბანი ძალიან ჰგავს ქართულ და სომხურ ანბანს. ალბანელებიდან სამხრეთ კავკასიის ქედის კალთებზე დარჩა ორი სოფელი ნიჯი და ვართაშენი, სადაც უდები ცხოვრობენ. არსებობს მოსაზრება, რომ უდები იმ ალბანელებისგან დარჩენილი ხალხია. ამ რამდენიმე წლის წინ ზაზა ალექსიძემ სინას მთაზე, ქართულ მონასტერში აღმოაჩინა ქართული ხელნაწერები, რომელზედაც ალბანური წარწერები იყო გაკეთებული და თანამედროვე უდების ენით იკითხება. ალბანელებს ჰქონდათ კარგი მუსიკა, რომელიც დღემდე შემორჩა ყარაბაღში, თუკი სომხეთსა და აზერბაიჯანში რაიმე კარგი სიმღერა არსებობს, ეს არის ალბანელების მემკვიდრეობა. არსად ისე არ მღერიან, როგორც ყარაბაღში. იქაური მომღერლები ყოველთვის მღეროდნენ ქართულ დუქნებში, მათ შორის იყო ცნობილი „ბულ-ბული”, უდიდესი აზერბაიჯანელი მომღერალი, რომელმაც განათლება იტალიაში მიიღო.

– სოციალური ყოფა თუ აისახება მუსიკაზე? რატომ მღერიან სოფელში უკეთ, ვიდრე – ქალაქში?

– ამას თავისი ახსნა აქვს. სიმღერა ისეთი ძველი მოვლენაა, მაშინაც არსებობდა, სანამ ქალაქი გაშენდებოდა. ამას გარდა, სიმღერა მონაწილეობას იღებდა რიტუალებში. ამის შესახებ ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს მამარდაშვილს. ის წერდა, რომ არ ყოფილიყო დატირების სიმღერები, ჩვენ მიცვალებულებს უფრო ადრე დავივიწყებდით, სიმღერა გვიწყობს ხელს, მეხსიერება არ დავკარგოთო. დატირების დროს იქმნება კვანძი, პიროვნება, ინტონაცია და ის, ვისაც ეძღვნება დატირება. ეს არის დრამატურგია. ამ დრამატურგიის კულმინაციაა სვანური ზარი. იმ გეოგრაფიული არეალიდან, მთებისა და მწვერვალების გავლენით არის „ზარი” ასე მასშტაბური და ღრმა. ხმით ნატირლები ძალიან შთამბეჭდავია დასავლეთ საქართველოსა და ხევსურეთში. ეს არის უდიდესი მონაპოვარი სიმღერის და ასევე ხალხური პოეზიის. მე ვფიქრობ, რომ ქართველები ამით უნდა ვამაყობდეთ და ისე უნდა ვუვლიდეთ, როგორც ყველა ნაციონალურ ღირსებას, რადგან ეს ქმნის ჩვენს ორიგინალობას. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ კოსმოსში ქართული სიმღერა „დადის“, და არა რუსული „კატიუშა“, რომელიც „იუნესკომ“ „დაბრაკა“ (იცინის). შემთხვევითი კი არაა, როცა სტრავინსკიმ გურული კრიმანჭული მოისმინა, თქვა, რომ თანამედროვე მუსიკაში ამაზე დიდი შთაბეჭდილება არაფერს მოუხდენია. ის რომ, სოფელში უკეთესად მღერიან, ვიდრე – ქალაქში, გულისყურის დამსახურებაც არის. თვალისყური ხომ არ არსებობს? არსებობს გულისყური, რომელიც ბუნებრივ ადამიანში უფრო ძლიერია. ცივილიზაციური ყოფა ემოციის გაერთმნიშვნელიანებას განაპირობებს. ამის შეერთება კი მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ – მათ, ვინც ქალაქშია დაბადებული, მაგრამ შეუძლია, ინტონაციის სამყაროში მოხვდეს. სმენის ანთროპოლოგია დასავლეთში დიდი კვლევის საგანია. სმენა ადამიანის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველია. შეგრძნების პირველი ორგანო, რომელიც ნაყოფს დედის მუცელში უვითარდება არის სმენა. დადასტურებულია, რომ ყური სრულყოფს ორგანიზმს, თუ ყური დაამახინჯეს, ადამიანი შეიძლება, დამახინჯდეს. ასე შორს მიდის სმენის გავლენა ადამიანზე.

სოფელმა შექმნა ანონიმური გენიოსები. ჩვენი ყველა ხალხური მუსიკის ავტორი გენიალური მუსიკოსია. საუკუნის დასაწყისში გლდანში ცხოვრობდა კახეთიდან ჩამოსული, დედას ლევანა, რომელსაც ისეთი ხმა ჰქონდა, კედლებს ანგრევდა. დედას ლევანას ხმის ჩაწერა მოასწრეს. მე რაჭასა და კახეთში მომისმენია ისეთი მომღერლებისთვის, რომელთაც კარუზოსა და დავით ანდღულაძეზე ნაკლები ხმა არ ჰქონდათ. ხმას რომ ამოიღებდნენ, მინდორ-ველს რაღაც ტალღა ეფინებოდა, საოცრება იყო მათი სიმღერა. ჰამლეტ გონაშვილი იტალიურმა სკოლამ შექმნა? ან თუნდაც, ვანო სარაჯიშვილი? ორივე ქიზიყის შვილები იყვნენ. ეტყობა, ალაზნის ველებს აქვს განსაკუთრებული მაგია. სულ ვამბობ, რომ საქართველოში მარტო ოქრო კი არ იბადება საბადოებში, იბადება საუკეთესო ხმებიც. ჩვენში დღესაც ბევრი არაჩვეულებრივი მომღერალია. ერთ თაობაში ამდენი საუკეთესო ხმა იშვიათია. მსოფლიო სცენაზე ერთდროულად დგას უამრავი ნიჭიერი ქართველი. ბონის თეატრში ერთ სპექტაკლში სამი ქართველი იღებს მონაწილეობას, ერთი ქართველი აღარ ჰყოფნით. ამაზე დიდი აღიარება, მე მგონი, არ არსებობს, ამით ქართველებს ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე.


скачать dle 11.3