კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გალაკტიონის ლექსის „გამარჯობა აფხაზეთო შენის“ გმირი უცნობი ქალი


დღეს, განსაკუთრებით პოპულარულია გალაკტიონ ტაბიძის ლექსი და შემდეგში სიმღერა „გამარჯობა აფხაზეთო შენი“. მისი ტექსტი დიდმა თუ პატარამ იცის და ღიღინებს. თუმცა, ალბათ არავინ, ან თითქმის არავინ, იცის, სად და როგორ დაიწერა იგი და ვინ არის მასში მოხსენიებული „უცნობი ქალი”. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი და გაზეთ „კალმასობის“ რედაქტორი შარლოტა კვანტალიანი, ამ ლექსის შექმნასთან დაკავშირებულ ისტორიას გვიამბობს და უცნობი ქალის ვინაობასაც გაგვიმხელს.


– ქალბატონო შარლოტა, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ იცით, როდის და სად დაიწერა გალაკტიონის გახმაურებული ლექსი „გამარჯობა აფხაზეთო შენი”, რა შეგიძლიათ გვიამბოთ ამის შესახებ?

– დიახ, მართალი ბრძანდებით. ეს ლექსი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარულია, რასაც ხელი შეუწყო ზუმბას, იგივე ზაზა კორინთელის მიერ ამ ლექსის ამღერებამ. მე კი ამ ლექსის შესახებ, სრულიად შემთხვევით შევიტყვე, თუმცა, შემთხვევით არაფერი ხდება ამქვეყნად.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2003 წელს ჩემთან, გაზეთ „კალმასობის” რედაქციაში მობრძანდა სოხუმელი მეცნიერი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ოთარ ჭურღულია და დასაბეჭდად მომიტანა წერილი „პირველი ქართული წარმოდგენა აფხაზეთში”. ის მკითხველს უამბობდა აფხაზეთში პირველი ქართული თეატრის შექმნის ისტორიას. კერძოდ, იუწყებოდა, რომ პირველი ქართული თეატრალური წარმოდგენა დაბა ოჩამჩირეში 1885 წელს გამართულა. ამ წარმოდგენაში მონაწილეობდა ბატონი ოთარის ბებია – თეკლე გეგია-თურქიასი. ამ სტატიაში ვეცნობით სოხუმელ, ოჩამჩირელ, გუდაუთელ და ოქუმელ სცენისმოყვარეთა დასების მთელ შემადგენლობას. ავტორის წერილს ქალბატონი თეკლეს ფოტოც ახლდა. ეს ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, რომ წერილი მაშინვე გამოვაქვეყნე. მასთან ერთად დავბეჭდეთ აფხაზეთის მშვენიერი პეიზაჟიც და რატომღაც, ამ ფოტოს დავურთე გალაკტიონის ზემოთ აღნიშნული ლექსი.

სტატიას ბევრი მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ჭურღულიების ოჯახისაც. ისინი მეკითხებოდნენ, რატომ დავუკავშირე ლექსი თეკლე თურქიას თავგადასავალს, ხომ არაფერი ვიცოდი გალაკტიონის ამ ლექსისა და თეკლე გეგია-თურქიას კავშირის შესახებ?

– და არსებობდა ასეთი კავშირი?

– მეც ეს ვიკითხე და ოთარ ჭურღულიას ქალიშვილმა, მხატვარმა ნანა ჭურღულიამ ერთი საინტერესო ისტორია მიამბო.

– ჩვენც გვიამბეთ ეს ისტორია.

– მოგახსენებთ. როგორც ცნობილია, გალაკტიონ ტაბიძეს სოხუმში აგარაკი ჰქონდა და საქართველოს ამ უმშვენიერესი მხარის ხშირი სტუმარი იყო. მას გამორჩეულად უყვარდა აფხაზეთი და ხშირად ლექსებსაც უძღვნიდა. პოეტის ერთ-ერთი სტუმრობისას, სოხუმში მცხოვრებ, პოეტ ნაზი კილასონიას ოჯახს გადაუწყვეტია, გალაკტიონ ტაბიძისთვის წვეულება გაემართა და პატარა ნაზის პირველი ლექსები გაეცნო. დიდი პოეტი დათანხმებულა. კილასონიების ოჯახს კი მასთან შესახვედრად რამდენიმე გამორჩეული მეზობელიც დაუპატიჟებია. მათ შორის, თეკლას ახლადგათხოვილი ქალიშვილი, ქეთევან თურქია მეუღლესთან ერთად, რომელსაც სოხუმში კარგად იცნობდნენ და განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ, თავისი ქველმოქმედებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის გამო.

– რა მოხდა ამ წვეულებაზე?

– წვეულება დაიწყო. გალაკტიონმა პირველივე სადღეგრძელოს შემდეგ იკითხა: ჩემი ლექსი ვინმემ ხომ არ იცითო? 17-18 წლის მომხიბვლელი ქეთევანი, ბებიას კვალობაზე კარგი დეკლამატორიც ყოფილა და გალაკტიონის რომელიღაც ლექსი წაუკითხავს. დიდი პოეტი აღფრთოვანებულა, ახალგაზრდა ქალისთვის ხელები დაუკოცნია. როცა ახალმა პატარძალმა რამდენჯერმე შეასრულა ამ ვახშამზე პოეტის თხოვნა და შესაბამისად, გალაკტიონმაც რამდენჯერმე დაუკოცნა ხელები, ქეთევანის მეუღლეს უეჭვიანია. სამწუხაროდ, ამ წვეულების მთავარი მიზეზი, დამწყები პოეტი – 10-12 წლის ნაზი კილასონია აღარავის გახსენებია.

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– კულმინაცია ამ საღამოსი სწორედ ამის შემდეგ მოხდა. გალაკტიონმა გამოსათხოვარი სადღეგრძელოს შემდეგ, კიდევ ერთხელ სთხოვა ქეთევანს წაეკითხა, მისი რომელიმე ლექსი. ქეთევანმა კიდევ ერთხელ შეასრულა პოეტის თხოვნა და ამჯერად, ისეთი ლექსი წაიკითხა, რომელმაც გალაკტიონი გააოცა.

– რატომ?

– აღმოჩნდა, რომ ეს ლექსი, ჯერ კიდევ არ იყო დაბეჭდილი და ფართო მასებისთვის ცნობილი. როგორც ეტყობა, ხელნაწერებით ვრცელდებოდა.

– რომელ ლექსზეა საუბარი?

– სამწუხაროდ, ქალბატონი ქეთევანის შთამომავლებმა, ვერ გაიხსენეს. სავარაუდოა, რომ ლექსი ცენზურისთვის მისაღები არ იყო, თორემ გალაკტიონს არ უჭირდა ლექსების დაბეჭდვა.

გალაკტიონს უკითხავს, საიდან იცი ეს ლექსიო და ქეთევანსაც არ დაუმალავს, რომ ჩუმად გადავწერე, ჩემი ნაცნობებისგანო. ეს დიდ პოეტს განსაკუთრებით ესიამოვნა. სუფრის წევრები, იმასაც იხსენებენ, რომ გალაკტიონ ტაბიძეს ამის შემდეგ, ხელსახოცზე რაღაც ჩაუწერია, რომელიც მისმა მხლებელმა, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა გულის ჯიბეში ჩაიდო. შესაძლოა, ამ ხელსახოცზე მომავალი ლექსის ფრაზაც მოინიშნა. არავინ იცის. სულ მალე კი საზოგადოებამ მიიღო ლექსი: „გამარჯობა აფხაზეთო შენი”, სადაც ვკითხულობთ: „სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა, გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი...” ეჭვი არ არის, რომ ეს მშვენიერი ქალი, ქეთევან თურქია გახლავთ.

– ეს ისტორია, თუ იყო აქამდე ცნობილი?

– როგორც ნანამ მიამბო, ეს ამბავი ოჯახში ყველას ახსოვდა. თავად ნანა სულ პატარა იყო და იმით დაამახსოვრდა ეს საღამო, რომ თამაშს უშლიდნენ და წარამარა აჩუმებდნენ, „ნუ ხმაურობთ, გალაკტიონი არ შეაწუხოთო”. გახმაურებით კი ეს ისტორია, აქამდე არ გახმაურებულა.

როგორც დავინახეთ, შემდგომში შესანიშნავი პოეტის, ნაზი კილასონიას, ოჯახში, მრავალი წლის წინ გამართული წვეულება გახდა ამ მშვენიერი ლექსის დაბადების მიზეზი. ასე რომ, შემთხვევით, მართლაც არაფერი ხდება.


скачать dle 11.3