კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგრძელა ერთ ღამეში სტაფილომ თამთა გოგუაძე და რატომ არის მისი სახლი ქალთა კოლონია


მომღერალი თამთა გოგუაძე ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული ადამიანია. თუმცა, არცთუ ისე იშვიათად ხვდება გამოუვალ თუ სასაცილო სიტუაციებში და ამ დროს სხვებზე მეტად თავად ხალისობს. როგორც ამბობს, თაყვანისმცემლები ვერც ყვავილების დახვედრებას ახერხებდნენ აივანზე და ვერც სერენადებს უმღეროდნენ. ამას კი ერთი მიზეზი ჰქონდა. თამთა მაღალ სართულზე ცხოვრობდა. დღეს ის დაბალ სართულზე ცხოვრობს, მაგრამ ვერც ახლა იპყრობენ მის გულს. როგორც თავად ხალისობს ამაზე, ბულბულივით რკინის „გალიაში“ ზის.

თამთა გოგუაძე: როცა კურიოზულ, გამოუვალ თუ სასაცილო სიტუაციაში ვხვდები, ვცდილობ, იუმორით დავიძვრინო თავი და არ დავკომპლექსდე. მე თუ მკითხავთ, იუმორით, ნებისმიერ სიტუაციას განმუხტავ.

– ხშირად ხარ უცხოეთში. იქ ჩასულს, ალბათ, ბევრი სასაცილო ისტორიაც გაქვს თავს გადახდენილი.

– მართლა ბევრჯერ მოვხვედრილვარ უცხო მხარეში სასაცილო და კურიოზულ სიტუაციაში, მაგრამ დუბაიში რომ დამემართა, არასდროს დამავიწყდება. მოკლედ, დუბაიში ვართ გოგონები. გადავწყვიტეთ, კლუბში წასვლა. გვითხრეს, მაინც დუბაია და ცოტა „სკრომნად“ ჩაიცვით, ხალხი არ გადარიოთო. ასეც მოვიქეცით, „დასტოინად“ ჩავიცვით და წავედით. გავიხედეთ, შევედით კლუბში და... არ დაგვხვდა გახურებული ევროპული დისკოთეკა? ყველა გახდილი იყო, ჩვენ კიდევ არაბებივით ვიყავით გახვეული ნაჭრებში. ერთი ჩალმებიღა გვაკლდა და ნამდვილი არაბები ვიქნებოდით. უკან ხომ არ წამოვიდოდით, გადავხედეთ ერთმანეთს, დავსხედით და უნდა გენახათ, იმათ ფონზე, როგორი თეთრი ყვავებივით ვიყავით. ყველას არაბები ვეგონეთ და ზედაც არ გვიყურებდნენ (იცინის). იქ როგორ ავდგებოდით და ხელ-ფეხს გავიქნევდით. ერთ ადგილზე, დამჯდარი ვროკავდით. ალბათ, ფიქრობდნენ, ასეთი ჩაცმულები, ტრადიციას იცავენ, „ღრმა“ არაბები არიან და ამ ევროპულ დისკოთეკაზე, ნეტა, რამ მოიყვანათ ეს დალოცვილებიო (იცინის). სხვათა შორის, უცხოეთში სულ პრობლემა მაქვს კვებასთან დაკავშირებით. სუფრასთან რომ დავჯდებით და საჭმელს მოგვიტანენ, ყველაფერს ვსუნავ. თუ არ გავარკვიე, რა დევს თეფშზე, ისე პირს არ დავაკარებ. გველის მწვადებსა და ბაყაყის ბარკლების ჩახოხბილს რა მაჭმევს. მეგობრები ხუმრობენ, მეძებარი ძაღლივით ხარ უცხო ქვეყანაშიო (იცინის). სმენასთან ერთად, ყნოსვაც მაქვს განვითარებული და თუ სადმე ვართ, ჯერ ჩემი ცხვირის ფეისკონტროლს გადის საჭმელი და მერე ხვდება კუჭში.

– ხშირად იცვლი იმიჯს. თუ არ გინდა, რომ გიცნონ?

– მართალია, ხშირად ვიცვლი თმის ვარცხნილობასა და ფერს. რა ვიცი, მომწონს ცვლილებები და ექსპერიმენტები. რაც შეეხება მცნობენ თუ არა, ერთხელ, მაღაზიაში შევედი. გამყიდველმა მიყურა, მიყურა და ბოლოს მითხრა, როგორ ჰგავხარ, გოგონი, თამთა გოგუაძეს, მაგრამ ის დაბალია, შენ კი მაღალიო. ვუთხარი, ქალბატონო, მე ვარ თამთა გოგუაძე-მეთქი. გადაირია, როგორ თუ შენ ხარ, ტელევიზორში მინახავს და ის დაბალია, შენ გიყურებ და მაღალი ხარო. გავუღიმე: თამთა ვარ, ქალბატონო, არ გატყუებთ და ახლა მაღაზიაში ხომ ვერ გიმღერებთ-მეთქი. კარგად დამაკვირდა და გაოცებულმა მითხრა: შვილო, როგორ მოახერხე, ასე მალე სიმაღლეში გაზრდაო. ჩუმად ვუთხარი: არ მინდა, სხვამ გაიგოს და საიდუმლოდ გეტყვით, გუშინ ბევრი სტაფილო ვჭამე და აი, შედეგიც-მეთქი (იცინის). უნდა გენახათ, როგორ შემომხედა, სახეზე ეტყობოდა ფიქრობდა: ნეტავ, მატყუებს თუ მართლა სტაფილოს ჭამის ერთღამიანი შედეგია, რასაც ვხედავო. ვინ იცის, სახლში მისული მოკვდა სტაფილოს ჭამით (იცინის). ისე, მერე დავფიქრდი და გავბრაზდი ოპერატორებზე. ეტყობა, ჩემი ჯინი სჭირთ და ისე მიღებენ, რომ ტანმორჩილი გამოვჩნდე. აბა, რატომ ვგონივარ ყველას დაბალი? (იცინის) ერთხელ კი, ერთ-ერთი კლიპისთვის უნდა შემესწავლა სამეჯლისო ცეკვის მოძრაობები. სტუდია „თელაში“ დავდიოდი. მეორე სართულზე ვვარჯიშობდი. იქ ასასვლელი კიბეები ძალიან ვიწრო, მრგვალი და დამრეცი იყო. მოკლედ, ვივარჯიშე, ჭკუაზე არ ვარ, უნდა ჩამოვიდე ქვევით და... ისეთი დავგორდი კიბიდან, ძლივს ამფხიკეს. გეფიცებით, თვალებიდან სულ ნაპერწკლები ვყარე. მომცვივდნენ გიჟებივით, მაყენებენ, მე ვიხევი სიცილით. მგონი ფიქრობდნენ, რა აცინებს ამ გოგოს, თავი რომ დაარტყა, ჭკუიდან ხომ არ შეიშალაო. რაც ვისწავლე, ისიც დამავიწყდა სიმწრისგან. არადა, მეორე დღეს კლიპის გადაღება იწყებოდა. ამომივიდა თავზე კოპი, ჩამილურჯდა ხელ-ფეხი, გავუბედურდი... ასე დაგლეჯილ-დალურჯებული რომ მივედი კლიპის გადასაღებ მოედანზე, გადაირივნენ (იცინის), შენ სამამულო ომში იყავი თუ საცეკვაოდო. ისეთ მდგომარეობაში, მაღაზიის გამყიდველი კი არა საკუთარი მშობელი ვერ მიცნობდა (იცინის).

– შენი მეგობრები ხუმრობენ, თამთა ბულბულივით სულ გალიაში ზის, მის ახლოს ადამიანი ვერ გაიჭაჭანებს, რომ მისი გული მოიგოსო. ეს რას ნიშნავს?

– მეათე სართულზე ვცხოვრობდი და სულ ვხუმრობდი, ერთი სვანი თაყვანისმცემელი არ მყავს, რომ თოკით ჩამოეშვას სახურავიდან და ყვავილების თაიგული დამიწყოს აივანზე, ან „ლაგატკით“ მაინც მესროლოს-მეთქი (იცინის). სულ რომ გაჭაჭულიყო კაცი სერენადების მღერით, ვერც იმას გავიგებდი, ჰაერში გამოკიდებული. ისე, მერე კი დამხვდა ყვავილები.

– კი მაგრამ, მეათე სართულზე, აივანზე როგორ ამოვიდა?

– (იცინის). არა, აივანზე კი არა, კართან დამხვდა ყვავილები და ვიფიქრე, სანამ სვანი თაყვანისმცემელი გამოჩნდება და სახლის კედლებს გარედან ამოუყვება ყვავილებით ხელში, ამას გავყვები ცოლად-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ახლა მეორე სართულზე ვცხოვრობ. ვიფიქრე, ახლა თავისუფლად შეუძლიათ ყვავილების დაწყობა აივანზე-მეთქი და... ისეთ რკინის გისოსებშია სახლი ჩასმული, ვხუმრობ ხოლმე, ბულბულივით გალიაში ვზივარ, გაფრენა რომ მომინდეს, ფრთები უნდა დავიგლიჯო-მეთქი (იცინის). მეგობრები „კაიფობენ“, თამთა ქალთა კოლონიაში ზისო. მეათე სართულზე რომ ვცხოვრობდი, ჩემი მუსიკის მასწავლებელი ცხოვრობდა მეცხრე სართულზე. სულ მეჩხუბებოდა, რატომ არ უკრავ, ხომ იცი, მესმის და სულ გაკონტროლებო. მოკლედ, დატანჯული ვიყავი. არ მიყვარდა მუსიკაზე სიარული. კი ვმეცადინეობდი, მაგრამ მასწავლებელს უნდოდა საათობით დამეკრა. ავდექი, კასეტა ვიყიდე, ჩავწერე, რასაც ვუკრავდი და დილიდან საღამომდე მქონდა ჩართული. გიჟდებოდა მასწავლებელი, რა დაემართა ამ ბავშვს, დილიდან საღამომდე რომ უკრავს, ნეტაო. რას მოიფიქრებდა, რომ ჩანაწერს უსმენდა? ასე რომ, გამოსავალი ყოველთვისაა, მთავარია ადამიანმა გონება დაძაბო.

– თამთა, ვიცი, კარგი მძღოლი ხარ, თუმცა ჯარიმის ფურცლები ხშირად მოგდის სახლში. რაშია საქმე, რით ვერ მოიგე პატრულების გული?

– ჩემი კურიოზები ძირითადად ავტომობილს უკავშირდება. ადრე მყავდა მანქანა, რომელიც ხშირად ქრებოდა. ახალ აკუმულატორს ვყიდულობდი, მაინც ვერაფერი ვუშველე, სულ პრობლემა მქონდა. „კლემა“ ვარდებოდა აკუმულატორიდან. მოკლედ, ერთხელაც, გადაპრანჭული, ქუსლებზე „შემხტარი“ მივდივარ, თავი მომწონს და არ ჩამიქრა მანქანა? რა უნდა მექნა? მამაჩემს დავურეკე, მიშველე, მეჩქარება, თან გადაპრანჭული ვზივარ და მანქანა გავირდა, ვეღარ ვქოქავ-მეთქი. მითხრა, გასაგებია, რომ გამოპრანჭული ხარ, მაგრამ, უნდა გადმოხვიდე, კაპოტი ახადო და ჩაიხედო, „კლემა“ იქნება ამომძვრალი. მე აქედან რა გიშველოო. დამცხა. რაღას ვიზამდი? შუა „გაგარინის“ მოედანზე, გადმოვედი მანქანიდან, ავხადე კაპოტი, ჩავძვერი შიგ და დავიწყე ჩხირკედელაობა. უნდა გენახათ, გამვლელ-გამომვლელთა რეაქცია, გიჟებივით მიყურებდნენ, მაგარი მაკიაჟით, ქუსლებიანი ფეხსაცმლით და გადაპრანჭულს, საზეიმო ფორმაში. როგორ მქონდა თავი ჩარგული აკუმულატორში და ვბოდიალობდი კარგი ხელოსანივით (იცინის). ხელები სულ მაზუთიანი მქონდა. თან ვაკეთებდი და თან საკუთარ თავზე ვკვდებოდი სიცილით. ბოლოს გავბრაზდი, რა არის, გოგო ვაკეთებ მანქანას, რომელიმე ბიჭი მაინც მიხვდეს და მოვიდეს, დახმარება შემომთავაზოს-მეთქი. გავიხედე, ძლივს რომ დავქოქე მანქანა და გავიწმინდე მაზუთიანი ხელები, მერე მოვიდა ვიღაც ტიპი და მითხრა, დაგეხმაროო. რა უნდა დამეხმარო, გასაღების გადატრიალება და საჭის ტრიალი მეც კი ვიცი-მეთქი, (იცინის). ისეთი შევუბღვირე, გადაირია. შორიდან დაგინახე, ვიფიქრე, დავეხმარები და თუ არ გინდა, იყავი ეგრეო. ერთხელ, ჟურნალისტს შევხვდი კინოთეატრ „ამირანში“. ერთ-ერთი ჟურნალისთვის იღებდა ინტერვიუს და თემა იყო ქალი საჭესთან. მთელი ინტერვიუ „ვმარიაჟობ“, ჭკუაზე არ ვარ: როგორ მინდა, პატრულმა გამაჩეროს... არ ვარღვევ საგზაო წესებს... ძალიან მოწესრიგებული მძღოლი ვარ... და ასე შემდეგ. მორჩა ინტერვიუ. გამოვედი გარეთ და ჩემსიგრძე ჯარიმის ფურცელი არ ჰქონდა მანქანას აკრული? ვიფიქრე, ბედი არ გინდა? ხუთი წუთით „მარიაჟობასაც“ არ შეგარჩენს ეს პატრული-მეთქი (იცინის).


скачать dle 11.3