კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


დროებითმა განშორებამ ქმრის სიყვარული გამიძლიერა

სულ რამდენიმე თვის წინ ძალიან გაორებული ვიყავი. არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა საკუთარი თავისთვის. საქმე ისაა, რომ მყავს ქმარი, რომელსაც სიყვარულით გავყევი. როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ყველაფერი რომანტიკულ ფერებში წარმომედგინა, მაგრამ, თურმე ცხოვრება ისე ჩამოგაფრენს მიწაზე, გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ. ჩვენი ურთიერთობა პირველი თვის გასვლისთანავე ძალიან უფერული იყო. ვერ გეტყვით, რომ ვჩხუბობდით და დაკა-დაკა გვქონდა, მაგრამ არც დიდი ვნებათაღელვით გამოირჩეოდა. ჩემი ქმარი საკმაოდ ცივი და უყურადღებო მამაკაცი აღმოჩნდა. ოჯახზე რაღაც დონეზე ზრუნავს, მაგრამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მარტო ეს არ ყოფილა საკმარისი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, არჩევანში ხომ არ შევცდი-მეთქი. რაღაცნაირი ხასიათი აქვს, თითქოს ლაპარაკიც და მოსმენაც ეზარება. თუ განსაკუთრებულ გუნება-განწყობაზე არ არის, არც კი მომისმენს, რამე რომ მოვუყვე. არც თავისას მეტყვის. ჩვენი საუბრები ყოფითი დიალოგებით შემოიფარგლება – ეს ძირითადად ასეა. ამიტომ, რამის (თუნდაც ელემენტარულის) თქმა თუ მინდა, ხასიათი უნდა ვურჩიო, რომ მომისმინოს. ამ დროს ჩემი დაქალი იმდენად ყველაფერს უყვება ქმარს, ისეთი წვრილმანი ამბების მოსმენა (ვთქვათ, მაღაზიაში გამყიდველმა რა უთხრა, ან სამსახურში რას ლაპარაკობენ ქალები ან მეზობელი როგორ გვიდა სადარბაზოს) ქმარს კი არა მეც არ შემიძლია ხოლმე. სხვათა შორის, მისი ქმარიც ასეა და ერთმანეთის ყოველი ნაბიჯი იციან. ალბათ, ესეც მეტისმეტია, მაგრამ ჩემს სიტუაციას მაინც ჯობია.

ჩემი ქმრის ასეთმა ხასიათმა ისე გაანელთბილა ჩვენი ურთიერთობა, ერთხელაც, გადავწყვიტე, პირდაპირ დავუსვამ საკითხს, გავშორდეთ-მეთქი. ძალიან ბევრი ვიყოყმანე, მაგრამ ვერ გავბედე, არადა, მასთან ყოფნა აღარ შემეძლო. ბოლოს მოვიფიქრე და ვუთხარი, მამაჩემთან უნდა დავრჩე ორი კვირა – სახლიც ძალიან დასალაგებელი აქვს და ექიმებთან არის სასიარულო, მარტოს ვერ გავუშვებ-მეთქი (დედა და და-ძმა არ მყავს). სხვათა შორის, რაც ვუთხარი, ტყუილი არ იყო, უბრალოდ, ამ ყველაფერს ორი კვირა ნამდვილად არ სჭირდებოდა. დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ უარი მაინც არ მითხრა. მთელი ორი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ მივსულვარ სახლში – საკუთარ თავს ვცდიდი, გავძლებდი თუ არა ქმრის გარეშე. პირველი კვირა მართლა კარგად ვგრძნობდი თავს უქმროდ. მეორე კვირას კი აშკარად გამიჭირდა, მაგრამ ვერ ვიგებდი, მონატრება იყო ეს თუ მოვალეობის გრძნობა. სხვათა შორის, ყოველდღე მირეკავდა, მოსვლით კი თვითონაც არ მოსულა. სამსახური კი აქვს ისეთი, რომ დილიდან გვიან საღამომდე დაკავებულია, მაგრამ, ხომ შეეძლო, თუნდაც ერთხელ, გვიან ღამით მოსულიყო და თუ არ დარჩებოდა, ზრდილობის გამო მამაჩემი მაინც მოენახულებინა, მაგრამ, ერთხელაც არ მოვიდა. შეიძლება, თვითონაც ჩემს მდგომარეობაში იყო და, ისევე, როგორც მე, საკუთარ თავს სცდიდა. ერთი სიტყვით, ორი კვირის შემდეგ დავბრუნდი. შევატყვე, აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ დიდი ემოციები არ გამოუხატავს. მაშინ მივხვდი, რომ, საერთოდ, უემოციო ადამიანია და მისგან დიდი ვნებათაღელვები არ უნდა მოითხოვო – ასეთია და მორჩა!

ისე მოხდა, რომ ჩემი დაბრუნებიდან მეორე დღეს სამკვირიან მივლინებაში გაუშვეს სამსახურიდან გერმანიაში და ეს სამი კვირა ჩემთვის სატანჯველი აღმოჩნდა. დღეებს კი არა, საათებს ვითვლიდი, როდის დაბრუნდებოდა. დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი. გაოცებულიც კი იყო, რა დაგემართა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ყოველ წუთში რომ მირეკავ, მალე ჩამოვალო. თვითონაც ყოველ საღამოს მირეკავდა. როგორც იქნა, გავიდა ეს სამი კვირა და, ჩვენი შეხვედრა უნდა გენახათ – მთელი აეროპორტი ჩვენ გვიყურებდა. ამ ხუთკვირიანმა განშორებამ მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი აღმოგვაჩენინა. ორივე მივხვდით, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. ისიც გამომიტყდა, რომ რაღაც პერიოდი, თვითონაც ფიქრობდა გაყრაზე, რადგან ეგონა, არც მე მიყვარდა და თავის გრძნობებშიც ვერ იყო ბოლომდე გარკვეული. ახლა გაცილებით მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე შეყვარებულობის პერიოდში. ჩვენი ურთიერთობაც დალაგდა. მართალია, ოცდაოთხი საათი არ ვექაქანებით ერთმანეთს, მაგრამ მისი ხანდახან უემოციო ხასიათი აღარ მაღიზიანებს. იმ გაორებამაც, პრინციპში, გამიარა – აღარ ვარ დაეჭვებული აღარც საკუთარ გრძნობებში და აღარც ქმრის სიყვარულში. ხანდახან მაინც კი გამკენწლავს ხოლმე გულში რაღაც უსიამოვნო აზრი, მაგრამ, ალბათ, ესეც სიყვარულის გამო ხდება.

ახლახან გადავწყვიტეთ, შვილი ვიყოლიოთ. აქამდე თავს ვიკავებდით, გვინდოდა, ჯერ საკუთარ ურთიერთობაში გავრკვეულიყავით და გრძნობებში დავრწმუნებულიყავით. ახლა ეს ეტაპი გადალახულია და, თუ მართლაც რაღაც საშინელება არ მოხდა, ვერ წარმომიდგენია, რამ უნდა დაგვაშოროს.

ელიკო, 26 წლის.



ბავშვობის მეგობარი დავკარგე

ალბათ, ბევრი გამამტყუნებს, რომ წერილს საკუთარ ძმაკაცზე გწერთ, მაგრამ მისი საქციელი იმდენად მაღიზიანებს, გადავწყვიტე, თქვენ გითხრათ ის, რასაც მას ვერ ვეუბნები.

მე და რამაზი სკოლის მერხიდან ვმეგობრობთ. მეხუთე კლასის შემდეგ დღე არ მახსოვს ისეთი, უიმისოდ რომ გამეტარებინა, ყველგან და ყოველთვის ერთად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, ხასიათით მე უფრო დამთმობი და მორიდებული ვიყავი (რის გამოც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი წავაგე ცხოვრებაში), რამაზი კი – უფრო თამამი და „მიმწოლი“. ერთმანეთს არასდროს არაფერს ვუმალავდით, მაგრამ რატომღაც არ ვუთხარი, რომ შემთხვევით გავიცანი გოგონა, რომელიც ძალიან მომეწონა და მასთან შეხვედრას ვაპირებდი.

ერთხელ მე და რამაზი ერთ ძმაკაცთან მივედით დაბადების დღეზე და ეს გოგო იქ არ დაგვხვდა?! ცოტა კი დავიბენი, მაგრამ ხმა არ ამომიღია. რამაზი ძალიან ლამაზი ბიჭია და იქ მყოფ გოგონებს სხვა ბიჭებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ, ლამის ზედ ახტებოდნენ. მით უმეტეს, რომ რამაზიც კარგად ცეკვავს, სიტყვის მოსაძებნადაც ჯიბეში არ ჩაძვრება – ერთი სიტყვით, იცის, როგორ მოაწონოს ქალებს თავი. რამაზი ტყავიდან ძვრებოდა, რომ გოგონებში ფურორი მოეხდინა. მართლა ყველა გააგიჟა იას გარდა – მხოლოდ ის უყურებდა გულგრილად და გულში მიხაროდა, რომ ჩემი მოწონებული გოგონა სხვებივით თავქარიანი არ იყო. რამაზმა კი, რასაც ჰქვია, აიწყვიტა. მხოლოდ მაშინ მივხვდი ჩემი ძმაკაცის აწყვეტის მიზანს, როცა ქეიფის ბოლოს რამაზმა იას სახლში გაცილება შესთავაზა. თითქოს რაღაცა ჩამწყდა გულში, რამაზზეც ნაწყენი ვიყავი, მაგრამ, რომ დავფიქრდი, საკუთარი თავი გავამტყუნე – მე ხომ რამაზისთვის არ მითქვამს, რომ იას ვიცნობდი და, რაც მთავარია, მომწონდა?! ჰოდა, რატომღა ვთხოვდი პასუხს (თუმცა, ეს პასუხის მოთხოვნაც მხოლოდ ჩემს გულში ხდებოდა).

მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ძმაკაცი სამი დღე აღარ მინახავს, მეოთხე დღეს კი მოვიდა და მითხრა, ცოლს ვირთავ და მეჯვარე, ხომ იცი, შენ უნდა იყოო. მაშინვე ცუდი მიაზრა გულმა (თუმცა, ამ შემთხვევაში სიტყვა „ცუდი“ – პირობითი ცნებაა) და წინათგრძნობამაც არ მიღალატა – აღმოჩნდა, რომ რამაზი იას ირთავდა. ისევ ვერ ამოვიღე ხმა, ან კი რაღა აზრი ჰქონდა რამის თქმას. ამიტომ, დავთანხმდი მეჯვარეობაზე, მაგრამ, ვერ მოვითმინე და მაინც ვუთხარი, თუ შენს გრძნობებში დარწმუნებული არ ხარ, ცოდვაა ეგ გოგო და ნუ დატანჯავ, კარგად მოიფიქრე შენი ნაბიჯი-მეთქი. მოფიქრებული მაქვსო, მითხრა.

ქორწილმა დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ რამაზი და ია რამაზის მშობლებთან ცხოვრობდნენ. მაგრამ, რამაზმა ცალკე მოინდომა გადასვლა და ბინა იქირავეს. განაწყენებულმა მშობლებმა ქირის გადახდასა და მატერიალურ დახმარებაზე უარი უთხრეს. რამაზი თვითონ არ მუშაობდა, მარტო იას ხელფასი კი ყველაფერს არ ჰყოფნიდა და ამიტომ იას მშობლებს მოუწიათ ქირის ხდა. ბიჭები კი ვეხმარებოდით ხოლმე, მაგრამ, მუდმივად ვინ შეძლებს, სხვის რჩენას, ყველას თავისი გასჭირვებია. მით უმეტეს, რომ რამაზი არც კი ეძებდა სამსახურს – გადასარევად მოიწყო ცოლის ხარჯზე ცხოვრება. რამდენიმე თვის შემდეგ კი სიმამრმა დაიბარა და უთხრა, მირჩევნია, ჩვენთან გადმოხვიდეთ, უფრო ნაკლები დამიჯდება თქვენი რჩენაო. მე მეგონა, ითაკილებდა სიმამრთან ცხოვრებას, მაგრამ სიხარულით დათანხმდა. თავიდან, სანამ ახალი გადასულები იყვნენ, სიდედრიც და სიმამრიც თვალებში შესციცინებდნენ სიძეს, მაგრამ, რომ გავიდა რამდენიმე თვე დაინახეს, მათი ერთადერთი ქალიშვილის ქმარი გადასარევად გრძნობდა თავს, არაფერი ეხებოდა, არაფერი ეკითხებოდა და, რაც მთავარია, არც აპირებდა, მუშაობის დაწყებას, სიდედრმა ვეღარ მოითმინა და ერთ დღეს მორიდებით უთხრა, იქნებ, სამსახური გეშოვა, ახალგაზრდა კაცი ასე როდემდე უნდა იყო, შვილები რომ გეყოლებათ, როგორ უნდა არჩინოთო. ამაზე ბატონი სიძე ისე გაბრაზდა, ერთი ამბავი დააწია ქალს, რომლის სახლშიც ცხოვრობდა და რომლის ლუკმასაც ჭამდა. იმ დღის შემდეგ იას მიმართაც შეიცვალა, სულ ეუხეშებოდა, ეჭვიანობაც დაიწყო. ბოლოს იმასაც კი აღარ ერიდებოდა, მშობლების თანდასწრებით ეყვირა ცოლისთვის. ერთხელ კი, შემთხვევით სიმამრი დაბრუნდა სახლში იმ დროს, ეს იდიოტი ცოლსა და სიდედრს რომ აგინებდა. ამას როგორ მიბედავს ეს ლაწირაკიო, – გაბრაზებულა ის კაცი (და, მართალიც იყო), გაუდევს ფეხქვეშ და ისე უცემია, ძლივს გამოუგლეჯიათ ხელიდან. რა თქმა უნდა, იმ დღესვე ჩაულაგეს თავისი ჩემოდანი და გამოაბუნძურეს სახლიდან. მეგონა, იმდენი თავმოყვარეობა მაინც ექნებოდა, გაჩუმებულიყო. ეს კი, ჭორიკანა ქალივით ყველას უყვებოდა და, რაც მთავარია, ტრაბახობდა, ქალები (ანუ, ცოლი და სიდედრი) მონებივით მყავდა, როცა მინდოდა, ვაგინებდი და სიტყვას ვერ მიბრუნებდნენო. სხვათა შორის, არც იმას მალავდა, სიმამრმა რომ სცემა. მალავდა კი არა, უჩივლა და სასამართლოშიც არბენინა – უნდოდა, ფული „აეხია“, როგორც თვითონ ამბობდა. თუმცა, ამით ბევრი ვერაფერი მოიგო – მთელმა საძმაკაცომ გაამტყუნა და თითქმის ყველამ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა. სიმართლე გითხრათ, მეც აღარ მაქვს მასთან ძმაკაცობის სურვილი. არაკაცებს ვერ ვიტან, ვინც გინდა იყოს. უბრალოდ, ძალიან გაოცებული ვარ, ბავშვობიდან ვმეგობრობდი ადამიანთან, რომელსაც, თურმე, აბსოლუტურად არ ვიცნობდი. მე მას აღარ ვენდობი და, რადგან აღარ ვენდობი, ის ჩემთვის აღარ არსებობს. ძალიან მიჭირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა – მე ბავშვობის მეგობარი დავკარგე.

თემური, 27 წლის.



მე და მამა მეგობრები გავხდით

მთელი ბავშვობა და მოზარდობა იმის ოცნებაში გავატარე, სახლში რომ შევიდოდი, ჩემი მშობლები გაღიმებულები დამენახა, არადა, თითქმის სულ ერთი და იგივე სურათი მხვდებოდა: შემოდის პროდუქტებით ან საჩუქრებით დაზურგული მამა, დედა კი ყველაფერს უწუნებს და საყვედურების ნიაღვარს აფრქვევს, ცრემლებს ყრის, რომ ოჯახის მონაა, მაშინ, როცა მის მეგობრებს ქმრები ანებივრებენ და ასე შემდეგ. მამა თავიდან ცდილობდა, დაეწყნარებინა და აეხსნა, რომ დედა არავის მონა არაა, რომ მას ძალიან უყვარს ცოლი და რაც შეუძლია, პატივს სცემს, ზრუნავს მასზე. მაგრამ, დედა ამაზე უარესად ღიზიანდებოდა და მისი მონოლოგი ისტერიკაში გადადიოდა, ტექსტით: სპეციალურად მოგაქვს ასეთი ნაგავი, რომ დამამცირო. ამას კი მოჰყვებოდა მამაჩემის ღრიალი და ბოლოს – ყველასა და ყველაფრის გინება.

იმ მომენტში საშინლად მძულდა ხოლმე მამაჩემი, რადგან დედა ყოველთვის მართალი მეგონა და ამის გამო ძალიან მეცოდებოდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მთელი ბავშვობა სიმშვიდის ნატვრაში გავატარე და გულში გადაწყვეტილი მქონდა, რომ გავიზრდებოდი, მამა მეცემა და სახლიდან გამეგდო დედაჩემის დაჩაგვრის გამო. მაგრამ, რომ წამოვიზარდე, მივხვდი, ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მეგონა. ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან ვერკვეოდი სიტუაციაში და ვამტყუნებდი დედას, თუნდაც იმაში, რომ ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებდა, მამაშენი არაკაციაო და პატარაობიდანვე მის საწინააღმდეგოდ განმაწყო. სხვათა შორის, კარგა ხანს მქონდა მამას მიმართ გაღიზიანება და უნდობლობა, სულ მეგონა, რომ მას არ ვუყვარდი, უფრო მეტიც – ფეხებზე ვეკიდე და, რომ შესძლებოდა, სიამოვნებით მომიშორებდა თავიდან. მაგრამ ერთმა შემთხვევამ მე და მამა ძალიან დაგვაახლოვა: ერთხელ ქუჩებში ბიჭებთან ჩხუბი მომივიდა. ისინი სამნი იყვნენ, მე – ერთი. კარგი ჩხუბი კი ვიცოდი, მაგრამ სამი კაცის გამკლავება მაინც გამიჭირდა. ერთ-ერთმა, მაგრად რომ გავარტყი ყბაში, ქვა აიღო, ზურგიდან მომეპარა და თავში ჩამარტყა. სანამ წავიქცეოდი, მამაკაცის საშინელი ღრიალი გავიგონე, ძლივძლივობით მივაბრუნე თავი და დავინახე, როგორი გაგიჟებული მორბოდა მამაჩემი. რომ დავეცი, ეტყობა, რამდენიმე წუთით გული წამივიდა თუ გონება დავკარგე, არ ვიცი. გონს რომ მომიყვანეს, ჩემ გარშემო უამრავი ხალხი იყო შეგროვილი. ჩემი მოწინააღმდეგეები ნაცემები ეყარნენ. ჭკუიდან გადასული მამაჩემი კი, რომელიც თავთან მეჯდა, პირდაპირ მიწაზე, მეფერებოდა და მეხვეწებოდა, თვალი გამეხილა და არ მოვმკვდარიყავი. როგორც მერე აღმოჩნდა, სასიკვდილო არაფერი მჭირდა და გონს მოსულიც ვიყავი. მაგრამ, ისე ამიჩუყა გული მამას საქციელმა, თვალებს არ ვახელდი, რომ ხმამაღალი ტირილი არ დამეწყო და თავი არ შემერცხვინა. იმ დღეს ახალი, დიდი და ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩენა გავაკეთე: თურმე, მამას ვყვარებივარ და, შესაბამისად, მეც მყვარებია.

ტვინის შერყევის გამო ერთი თვე ვიწექი ლოგინში და მთელი ეს თვე მამა გვერდიდან არ მომშორებია, ყველაფერს თვითონ მიკეთებდა, პატარა ბავშვივით მივლიდა. ისე დამკანკალებდა თავს, დედაც კი ვერ პოულობდა საყვედურისა და შენიშვნის მიზეზს.

დღეს მე და მამა საუკეთესო მეგობრები ვართ. მართალია, დედა საკმაოდ ეჭვიანობს, მაგრამ, ვცდილობ, მასაც არ ვაწყენინო და დავარწმუნო, რომ მეც და მამასაც ის ძალიან გვიყვარს. მამამ ეს თვითონ გამანდო.

გოგა, 19 წლის.



აღარ მინდა ქმართან ცხოვრება

ვიცი, რომ მართალი არ ვარ ქმრის წინაშე, მაგრამ მასთან ცხოვრება არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარვარ, სულ თვალებში შემომყურებს და იმას ცდილობს, მასიამოვნოს, მაინც ვერ შევიყვარე. მის ყოველ მოკარებაზე, ლამის კივილი დავიწყო. ყველაფერი მაღიზიანებს, რაც მასთან არის დაკავშირებული. მისი მოტანილი საჩუქრებიც კი მძულს. ვიცი, რომ უსამართლო ვარ, რომ ბევრს მითმენს და მპატიობს, მაგრამ მისი ეს დათმობაც ნერვებს მიშლის. უკვე რამდენიმე თვეა, მისი ცოლი ვარ და ერთხელ არ გამიღიმია მისთვის. ჩემი მასთან საუბარი „ჰო“ და „არათი“ შემოიფარგლება. დედაჩემი შავ დღეს მაყრის. მეუბნება, მეტი რა ჯანდაბა გინდა, კაცი თან გყვება, მთელი ოჯახი თვალებში შემოგყურებსო, მაგრამ, დედასაც ვერ ვეუბნები, რა არის ჩემი ასეთი განწყობის მიზეზი. საქმე ისაა, რომ სოსომ მომიტაცა. მართალია, ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ არა იმ დონეზე, ცოლად გავყოლოდი. თან, ისე ჩამტენა მანქანაში, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. გზაში სულ ვეხვეწებოდი, ახლა დამაბრუნე უკან და ხვალ მე თვითონ გამოგყვები-მეთქი, მაგრამ, ყურიც კი არ დამიგდო. სადღაც იმერეთში წამიყვანა, ბებიამისთან. იქ ერთი ამბით შეგვხვდნენ, დიდი სუფრაც გაგვიშალეს. ქეიფის შემდეგ მარტო რომ დავრჩით ოთახში, მუხლებზე დამდგარმა ვთხოვე, თითი არ დამაკარო, გონზე მოსვლა მაცადე, თუ გინდა, რომ შეგიყვარო-მეთქი. არ დამიჯერა – თუ ამაღამ არ გახდები ჩემი ცოლი, ხვალ გამექცევიო და, პრაქტიკულად, ძალა იხმარა. აი, ამას ვერ ვპატიობ და, ალბათ, ვერც ვერასდროს ვაპატიებ.

ნათია, 21 წლის.



უფროსმა საყვარლობა შემომთავაზა

მოხდა ისე, რომ ქმარს გავეყარე და ბავშვიანად დავბრუნდი მშობლების ოჯახში. ძალიან განვიცდიდი და დეპრესიაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, მამამ თავის ფირმაში მომაწყო თანამშრომლად. უფრო სწორად, თავისი ფირმა კი არ არის, მამაჩემი განყოფილების გამგეა.

მამას შეფი 50 წლამდე ასაკის სიმპათიური მამაკაცია. პირველივე დღიდან სიმპათიით განეწყო ჩემ მიმართ და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ პატივს მცემდა, როგორც მამაჩემის შვილს, როგორც პროფესიონალს და როგორც პიროვნებას.

ერთ დღეს კი დამიბარა და მითხრა, ვიღაც ოფიციალურ პირს (უცხოელს) უნდა შევხვდე, თარჯიმანი დამჭირდება და უნდა წამომყვეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უცხოელთან შეხვედრა მართლაც შედგა, რის შემდეგაც უფროსმა სავახშმოდ რესტორანში დამპატიჟა. ნამდვილად არ მინდოდა წაყოლა, მაგრამ უარის თქმა მეუხერხულა – „ქაჯობა“ არ გამომივიდეს-მეთქი და დავთანხმდი. ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ ბოლოს, უკვე წამოსვლას რომ ვაპირებდი, ჩემმა შეფმა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მკითხა – გინდა, რომ მამაშენი ჩემს მოადგილედ დავაწინაუროო? გამიკვირდა – ასეთი რამ ჩემს სურვილზე რატომ არის დამოკიდებული-მეთქი. შენს სურვილზე კი არა, შენს სიტყვაზეაო – შემისწორა. გაოცებულმა რომ შევხედე, პირდაპირ მითხრა, თუ ჩემი საყვარელი გახდები, ყველასთვის კარგი იქნებაო. ელდა მეცა, თქვენ ხომ ცოლ-შვილი გყავთ-მეთქი. ცოლ-შვილი სახლში მყავსო, – სიცილით მითხრა. უარი თუ ვთქვი-მეთქი – ვკითხე. მაშინ, თქვენს ოჯახს ორი უმუშევარი წევრი შეემატებაო, – არ დამიმალა. მოსაფიქრებლად კი ერთი კვირა მომცა.

მამამ არაფერი იცის, დათქმული ერთი კვირა კი ორ დღეში გადის. არ ვიცი. როგორ მოვიქცე.

თათა, 29 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3