კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება ნაკურთხი ჯვრის სამკაულად, გამოსაჩენად ტარება



ყველა მართლმადიდებელი ადამიანი ნათლობის შემდეგ ატარებს ჯვარს, რომელიც მას ყოველთვის და ყველგან იცავს. ხშირად ეს ნათლობის ჯვარი ჩვეულებრივი ხის ჯვარია, რომლის ტარება აუცილებელია სიცოცხლის ბოლომდე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როგორც ჯვრის გამოსახვას, ასევე ნაკურთხი ჯვრის ტარებას, ძალიან დიდი ძალა აქვს და ის მფლობელს განსაცდელისგან, ბოროტი ძალისგან ყოველთვის იცავს. თუმცა ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მამა გიორგი (თევდორაშვილი):



– ადამიანის დაცემის სამი სიმბოლო არსებობს: ძელი, ქალწულება და სიკვდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის დაცემაში მონაწილეობა მიიღო ძელმა – სწორედ ხის ნაყოფისგან მოხდა პირველი ადამიანების ცოდვითი დაცემა; ქალწული იყო ევა, რომელმაც აცდუნა ადამი; ადამის სიკვდილი კი ადამის ცოდვით დაცემაა, რაც მის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით გამოიხატა და რასაც შედეგად ადამისა და მისი მოდგმის მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ჩავარდნა მოჰყვა. ამიტომ, საჭირო იყო, სწორედ ამ სიმბოლოების მეშვეობით მომხდარიყო ადამიანთა გამოხსნა: ძელი დაითრგუნა ჯვრით, რომელზეც ევნო ქრისტე და რომელიც ხის ორი ძელისგან იყო გაკეთებული; ევას მიერ ქალწულობისას ჩადენილი შეცდომა, რომელიც ქალწულსვე უნდა გამოესყიდა, დაითრგუნა წმიდა მარიამის ქალწულობით; ადამის დაცემა და ცოდვების შედეგი კი მაცხოვარმა ჯვარზე სიკვდილით განაქარვა, რითაც უკიდურესად დაიმდაბლა თავი და ჩვენც თავმდაბლობისკენ მოგვიწოდა. ქრისტიანული მოძღვრებით, ჯვარი არის სამსხვერპლო, რომელზეც შეიწირა მსხვერპლი ღმერთმა და რომლის მეშვეობითაც მოხდა სამყაროს ოთხივე კუთხით დაცემული კაცობრიობის გამოხსნა. თავად ჯვრის ფორმა, ქრისტიანული გაგებით, სამყაროს ოთხი მიმართულების სიმბოლოდ მოიაზრება, ამასთანავე, გამოხატავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას: სიგრძეს, სიმაღლეს, სივრცესა და სიღრმეს. ჩვენ ვიცით, რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ ცაში ჯვრის ნიშანი გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად განაბრწყინებს მთელ სამყაროს. ამიტომაც ჯვარი უდიდესი საღმრთო საიდუმლოა. სწორედ ჯვარზე მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მოგვენიჭა ადამიანებს მარადიული ცხოვრების, სულის ცხონების, ზეციური სასუფევლის მოპოვების შესაძლებლობა. ქრისტეს ჯვარზე ვნებამდე დახშული იყო ადამიანებისთვის სასუფევლის კარი, მართალნიც ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, მათთვის განკუთვნილ ადგილას – აბრაამის წიაღში. იქ მანამდე იმყოფებოდნენ, სანამ მაცხოვარი არ ჩავიდა ჯოჯოხეთში, არ ამოიყვანა მათი სულები და დაამკვიდრა ისინი ზეციურ სასუფეველში.

– მამაო, რატომ უნდა ატარებდეს მონათლული ადამიანი ჯვარს და აუცილებელია თუ არა მისი კურთხევა პატრონის სახელზე?

– როდესაც ჯვარს ვაკურთხებთ, მასზე გადმოდის სულიწმიდის მადლი და, შესაბამისად, ის ღვთიური მადლის მქონე ხდება. სწორედ ამის შემდეგ იძენს ის ძალას, განდევნოს ბოროტი სული და დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან. თუმცა, არ არის აუცილებელი, ჯვარი მისი მფლობელის სახელზე ეკურთხოს. მაგრამ, თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, შეუძლია, ჯვარი საკუთარ სახელზე აკურთხებინოს სასულიერო პირს. კურთხევის შემდეგ, ის ადამიანის სახელზე იქნება ნაკურთხი თუ არა, ჯვარს განსაკუთრებული ძალა აქვს და ქრისტიანს შეწევნაში ეხმარება და მას მადლით ავსებს. ხშირად იმასაც კითხულობენ, რისგან უნდა იყოს ჯვარი დამზადებულიო. არ აქვს მნიშვნელობა, ჯვარი რისგან იქნება დამზადებული – ხისგან, ოქროსგან, გიშრისგან თუ სხვა ძვირფასი ქვებისგან. ნაკურთხი ჯვარი, რისგანაც არ უნდა იყოს ის დამზადებული, ერთნაირი ძალით გვიცავს და გვიფარავს ავი თვალისგან, ბოროტი ძალისა და სხვა უკეთურებისგან. მთავარია, მის მიმართ რწმენითა და სასოებით ვიყოთ გამსჭვალული და ყოველთვის გვეკიდოს კისერზე. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყეს ადამიანებმა გულსაკიდი ჯვრის ტარება, გეტყვით, რომ ამას ჯერ კიდევ პირველი საუკუნის ქრისტიანები აკეთებდნენ. მაგალითად, წმიდა გრიგოლ ნოსელი თავისი დის, ღირსი მაკრინეს გარდაცვალებაზე საუბრისას მოგვითხრობს, რომ განსვენებულს უნახეს ყელზე დაკიდებული ჯვარი. ასეთი მაგალითები ბევრია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ატარებდნენ გულსაკიდ ჯვრებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჯვარცმული ქრისტეს მიმდევრები ვართ, გულსაკიდი ჯვარი კი გვახსენებს მაცხოვარს, რომელმაც ადამიანთა ხსნისთვის ჯვარი იტვირთა, ჯვარცმის ტანჯვა დაითმინა და შეგვახსენებს, რომ უნდა ვიცხოვროთ ჯვარცმული ქრისტეს მცნებებით. ამასთანავე, ჯვარი არის იარაღი ბოროტი ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც გვიცავს და დაგვიფარავს ბოროტი ძალის ზემოქმედებისგან – მისი ხილვა ყველაზე მეტად აფრთხობს ბოროტს. შესაბამისად, ის ადამიანი, რომელიც არ ატარებს ჯვარს, არ იწერს პირჯვარს, ნაკლებად არის ბოროტისგან დაცული.

– მამაო, ხშირად გამიგია, რომ აუცილებელია ჯვრის დაფარულად ტარება.

– ადამიანს ჯვრის ტარების უფლება ნათლობის შემდეგ ეძლევა და მას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. რადგან ნათლობის ჯვარი ხშირ შემთხვევაში ძვირფასი ლითონისგან არის დამზადებული, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგვიძლია ვატაროთ ხის ან სხვა მასალისგან დამზადებული ჯვარი. როგორც უკვე აღვნიშნე, არ აქვს მნიშვნელობა, ჯვარი რისგან იქნება დამზადებული, მთავარია, მას სასოებით მოვექცეთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ატაროს ადამიანმა ჯვარი, გეტყვით, რომ ის არ უნდა ვატაროთ ისე, როგორც რაიმე ძვირფასი სამკაული, ანუ სამოსის ზემოდან და თვალისთვის დასანახავად. ყველა ადამიანმა ჯვარი უნდა ატაროს დაფარულად, სამოსის ქვეშ, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტიანობა, ქრისტეს მცნებები, უფლის, მოყვასის სიყვარული გულში გვაქვს დამარხული და მისით ვსასოობთ. ჯვრის სამკაულად, მაგალითად გულზე, ასევე საყურედ ტარება ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელია. ჯვარი ყოველთვის და ყველგან უნდა გვეკეთოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ყოველთვის თან სდევს და ცდილობს მას რამე ავნოს. ჯვარი კი მისგან ყოველთვის და ყველგან დაგვიცავს. რადგან ჯვარი სხვადასხვა ლითონისგან მზადდება, არ არის გამორიცხული, რომ ის დაზიანდეს. ასეთ შემთხვევაში დაზიანებული ჯვარი უნდა მივიტანოთ ეკლესიაში, სადაც მოუვლიან, ან შევინახოთ სახლში სიწმიდეების, ხატების გვერდით, ან დავფლათ სუფთა ადგილას, სადაც არც ადამიანის, არც ცხოველის ფეხი არ ეკარება. ასევე, თუ ჯვარს დაკარგავთ, მაშინვე უნდა შეიძინოთ ახალი ჯვარი, აკურთხოთ და დაიკიდოთ. ჯვრის დაკარგვა სიწმიდისადმი მოუფრთხილებლობად მიიჩნევა, შესაბამისად, ეს ცოდვაა და უნდა მოვინანიოთ აღსარებაში. საერთოდ, ჯვარი დიდი სიწმიდე, დიდი ძალის მქონეა და მას ადამიანი დიდი სასოებით, სიფრთხილით, სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოექცეს.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3