კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუშვა გიორგი პირველმა ერთადერთი ძე 3 წლის ასაკში მძევლად კონსტანტინოპოლში და რას ვერ იყოფდა იგი ბიზანტიის იმპერატორთან


გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის, გიორგი პირველის მთელი ცხოვრება ბიზანტიასთან ჭიდილში გაილია. ერთი პერიოდი, იმპერატორის კარზე, როგორც მძევალი და გარანტია იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის დადებული ზავი არ დაირღვეოდა, გიორგის ერთადერთი ძე – სამი წლის ბაგრატიც იმყოფებოდა. რას ვერ იყოფდა გიორგი პირველი ბიზანტიასთან და ვისთან იყოფდა იგი, კანონიერი მეუღლის პარალელურად სარეცელს და ვინ იყო ამ არაკანონიერი სიყვარულის ნაყოფი, დავით სოსლანისთვის ამას ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.


– გიორგი პირველს თავისი დიდი მისია ჰქონდა საქართველოს ისტორიაში. ის მეორე იყო გაერთიანებული საქართველოს მეფეებიდან. ეს მეფე მთელი ცხოვრება ბიზანტიის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერატორი გახლდათ ბასილი, რომელიც მანამდე ქართველების მიმართ კეთილგანწყობილი იყო, რადგან მცირეწლოვნობის ჟამს მას ცნობილი დავით კურაპალატი და თორნიკე ერისთავი დაეხმარნენ. როდესაც ბასილი სრულწლოვანი გახდა, განაცხადა, რომ ტერიტორიები რომლებიც, ბიზანტიელების თქმით, პირადად მხოლოდ დავით მესამე კურაპალატს უბოძეს და არა მის შემდგომ მეფეებს, ქართველებმა უკანონოდ დაიკავეს. ამიტომ, მათ მოითხოვეს გარკვეული მიწები და მათ შორის, ქართული ტერიტორიების ნაწილიც, რომელსაც კურაპალატი ფლობდა, ბასილისთვის უკან გადაეცათ.

– როგორ უპასუხეს ამ მოთხოვნას ქართველებმა?

– ამის საპასუხოდ მოხდა სერიოზული კონფლიქტი ბიზანტიასთან.

ბასილს შერქმეული ჰქონდა ზედმეტი სახელი, მას „ბულგართმმუსვრელს“ უწოდებდნენ. ეს სახელწოდება მიგვითითებს, რომ იმპერატორი დაუნდობელი გახლდათ მტრების მიმართ. ამ შემთხვევაშიც ცხადი იყო ქართველი მეფისთვის, რომ სერიოზული საფრთხე ელოდა მოწინააღმდეგისგან. მიუხედავად ამისა, გიორგიმ გადაწყვიტა, ერთიანი საქართველოს ტერიტორიები იარაღით დაეცვა. ამიტომ, დაასწრო იმპერატორს, შეიჭრა ტაოში და იქ გამაგრდა. არის არაქართული წყაროები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამ დროს გიორგი ბიზანტიის წინააღმდეგ მოკავშირესაც ეძებდა. ამ მიზნით ეგვიპტის სულთანთანაც კი დაუწყია მოლაპარაკება, რომ ბიზანტიასთან საქმის გართულების შემთხვევაში, მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკება და იმედები, იმედებადვე დარჩა.

– სინამდვილეში, დასჭირდა გიორგი პირველს დახმარება?

– ძალიან სერიოზულად დასჭირდა, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარტო აღმოჩნდა. 1021 წელს ბასილი „ბულგართმმუსვრელმა“ გამოაცხადა, რომ მიდის შუამდინარეთის დასამორჩილებლად. სინამდვილეში კი, საქართველოსკენ გამოემართა და ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქვე განლაგდა გიორგი პირველის ლაშქარიც. ორივე ლაშქარი დიდხანს შეჰყურებდა ერთმანეთს და ვერც ერთი ვერ ბედავდა ბრძოლის დაწყებას. როგორც ჩანს, ბასილი მაინც ანგარიშს უწევდა ქართველ მეომართა სიძლიერესა და შემართებას მიუხედავად იმისა, რომ მთელ მაშინდელ სამყაროში, ბასილი აღიარებული იყო როგორც უძლიერესი და დაუნდობელი იმპერატორი.

– საბოლოოდ რა მოხდა?

– საბოლოოდ, ნერვებმა უმტყუნა გიორგის. მან და გადაწყვიტა, ბრძოლის გარეშე დაეხია უკან. რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება მცდარი იყო, რადგან გაქცეულ ჯარს და მეფეს ომის მოგება აღარ ძალუძთ. გიორგი პირველი სწრაფი ტემპით გამობრუნდა, ოლთისში შევიდა და იქაურობა გადაწვა, რათა ეს ტერიტორიები ბიზანტიელებს არ ჩაეგდოთ ხელში. ამის შემდეგ, გაიარა ისტორიული პროვინცია კოლა, რომელიც ტაოს ესაზღვრებოდა. აპირებდა კოლას პროვინციის დატოვებასაც, მაგრამ აქ, ქართული ჯარის უკანა ნაწილს, ბიზანტიელთა ჯარი წამოეწია და გაიმართა ბრძოლა. გიორგი იძულებული გახდა მობრუნებულიყო და ბრძოლაში ჩაბმულიყო. თითქოს კარგად იბრძოდნენ ქართველები და მათ მხარეზე იყო გამარჯვებაც, თუმცა, ფსიქოლოგიურად უკვე გაქცეული ლაშქრის უკან მობრუნება და ბრძოლაში ჩაბმა არ იძლევა წარმატების საფუძველს. საბოლოოდ, ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. გიორგიმ ნიალის ველით განაგრძო უკან დახევა, გადავიდა სამცხეში, შემდეგ თრიალეთში და იქ შეუდგა ჯარების შეგროვებას. სხვათა შორის, ფეხდაფეხ გამოჰყვა მას ბიზანტიის იმპერატორი, მაგრამ შემდეგ უკან გაბრუნდა. ზამთარი დგებოდა და მან ტრაპიზონს მიაშურა გამოსაზამთრებლად.

ამის შემდეგ, იმპერატორის ტრაპიზონში ყოფნის დროსაც გაგრძელდა დიპლომატიური მოლაპარაკებები და ელჩების მისვლა-მოსვლა ბიზანტიასა და საქართველოს შორის. იმპერატორი მკაცრად უთვლიდა ქართველ მეფეს: დაცალე მითითებული ტერიტორიები და ბიზანტიელებს დაგვიბრუნეო! დამარცხებულ გიორგის სხვა გზა არც ჰქონდა, 1022 წელს ზავი დაიდო.

– რას ითვალისწინებდა ამ ზავის პირობები?

– გიორგიმ ცნო ბიზანტიის უპირატესობა. ზავის თანახმად, მთელი რიგი ქართული პროვინციები, ბიზანტიის ხელში გადადიოდა. როგორც ჩანს, ქართველი მეფე ფიქრობდა, რომ ხელსაყრელი დრო დაუდგებოდა და ის ზავის პირობებს აღარ შეასრულებდა.

მართლაც, ამ დროისთვის, ბიზანტიაში ორი ფეოდალი აჯანყდა, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე ბიზანტიის რეალობაში. ბასილმა მცირე დროში მოახერხა ორივე ფეოდალის განადგურება და შემდეგ კვლავ, ზავის პირობების შესრულება მოსთხოვა გიორგის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრად დაისჯებიო, – შემოუთვალა. ის ჯარით დაიძრა საქართველოსკენ, მოხდა მცირე შეტაკებები. ბაგრატიონთა ისტორიის ავტორი სუმბატ დავითის ძე გადმოგვცემს, რომ ბიზანტიის იმპერატორმა „რუსთა“ ნაწილები გამოიყვანა ქართველების წინააღმდეგო. არ ვიცით, „რუსებში“ ავტორი ეთნიკურ რუსებს გულისხმობს თუ სხვა ტომებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბრძოლაში ისინი დამხმარე ძალად ახლდნენ ბასილს.

სუმბატ დავითის ძე ერთ საინტერესო და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გვიამბობს, რომელსაც მაშინ ჰქონია ადგილი.

– გვიამბეთ ამის შესახებ?

– როგორც ჩანს, ყველაფრის მიუხედავად, ბასილს ქართველი მეომრების რიდი ჰქონდა. ბაგრატიონთა ისტორიკოსი გვიამბობს: ბრძოლების წინ, ბიზანტიის იმპერატორმა ძელი ცხოვრებისა, ანუ ჯვარი, რომელიც, როგორც ჩანს, წინ მიუძღოდა ბიზანტიელების ჯარს, სპეციალურად მომზადებულ ისეთ ქსოვილში შეახვია, რომელიც ჯვარს ეკადრებოდა, შემდეგ ის დაანარცხა მიწაზე და განაცხადა, რომ არასდროს აღარ სცემდა თაყვანს იმ აღმსარებლობას, რომელსაც ქრისტე ქადაგებდა, თუკი ქართველებთან ამ ომში ბიზანტია დამარცხდებოდა. ამგვარად, ერთ-ერთი უძლიერესი იმპერატორი ბიზანტიის ისტორიაში, ღმერთსაც კი უპირისპირდება და იმდენად კადნიერდება, რომ მას პირობებს უყენებს! აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ არც ისეთი სუსტები იყვნენ ქართველები, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, წარმოვიდგინოთ.

– როგორ დასრულდა ეს ბრძოლა?

– საგულისხმოა, რომ ბრძოლის წინ ბიზანტიის კეისარს ზავი გაუხსენებია ქართველებისთვის. შუბის წვერზე წამოუცვამს ამ ზავის პირობები და ისე უჩვენებია ქართველებისთვის. ანუ, მან შორიდან აჩვენა შეთანხმება და მიახლოება ვერ გაბედა. საბოლოოდ, ბიზანტიის უპირატესობა აშკარა გახდა და გადაწყდა ახალი ზავი დაედოთ. 1023 წელს დაიდო განმეორებითი ზავი, მაგრამ, ბასილი აღარ ენდო მხოლოდ ზავის ხელმოწერას და გიორგის მძევალი მოსთხოვა. გიორგის ერთადერთი ძე, მაშინ მხოლოდ 3 წლის იყო და ბუნებრივია, დიდი დავისა და ბჭობის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა მისი მძევლად გატანება, ვინაიდან ნათელი გახდა, რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა.

– რა ბედი ეწია გიორგის ძეს, იმპერატორის მძევალს?

– 3 წლის უფლისწული საპატიო ტყვეობაში ჰყავდათ კონსტანტინოპოლში. საინტერესოა, რომ ბასილმა შეასრულა თავისი დანაპირები, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ის ქართველებს ანგარიშს უწევს. არადა, ბიზანტიისთვის არ იყო მაინცდამაინც დამახასიათებელი ყველა პირობის აღსრულება. ამ პერიოდში და შემდეგაც, იქ ძალიან გავრცელებული იყო მოწამვლა, ფიცის გატეხვა, ღალატი. ბასილმა კი შეასრულდა დანაპირები და 3 წელი გავიდა თუ არა, მან უკან გამოგზავნა ბაგრატ გიორგის ძე. თან გამოაყოლა ოფიციალური პირი, რომელიც მოჰყვა საქართველოს საზღვრამდე. თუმცა, ამით არ დასრულებულა ყველაფერი.

– კიდევ რა გადახდა გიორგი პირველის ძეს?

– სანამ ბაგრატი სამშობლოს საზღვარს გადმოლახავდა, გარდაიცვალა ბიზანტიის იმპერატორი, მისი ადგილი კი მისმა ძმამ, კონსტანტინემ დაიკავა, რომელმაც სასწრაფოდ აფრინა შიკრიკი ბაგრატის დასაბრუნებლად. ზავის პირობები გასული იყო, ახალ იმპერატორთან კი არანაირი ხელშეკრულება არ არსებობდა და ღმერთმა უწყის, რითი დასრულდებოდა ყოველივე, ბაგრატი რომ ხელში ჩავარდნოდა მას. უფლისწულმა სულ რამდენიმე საათით გაასწრო მდევარს, მოახერხა ქართული საზღვრის გადმოკვეთა და სამშვიდობოს გამოსვლა. აქ კი მას მამა უცდიდა საკმაო რაოდენობის შეიარაღებულ პირებთან ერთად. ამან იხსნა უფლისწული.

ამის შემდეგ, გიორგი პირველი კიდევ რამდენიმე წელიწადს მეფობდა. მისი მეფობის ხანაში აიგო სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი. 1027 წელს, ის გარდაიცვალა თრიალეთში ყოფნის დროს, ისე, რომ მისი ერთადერთი ბრძოლა აღმოჩნდა ბიზანტიასთან წაგებული. თუმცა, შემდგომში ბიზანტიას ელოდა შიდა ბრძოლები და დაპირისპირება, რამაც მომავალ მეფეს ბევრჯერ მისცა საშუალება მოეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რაც გიორგი პირველის მოღვაწეობისას შეიქმნა.

– რაც შეეხება გიორგი პირველის პირად ცხოვრებას, ამის შესახებ რა არის ცნობილი?

– მისი კანონიერი ცოლი გახლდათ სომხეთში განთქმული არწრუნთა საგვარეულოს წარმომადგენელი დედოფალი მარიამი. როგორც ჩანს, საკმაოდ ჭკვიანი ქალბატონი. შემდგომში იგი თავის თავზე იღებს მისიას და ბაგრატის დავალებით მიდის ბიზანტიაში. მოჰყავს იქიდან ბიზანტიელი სარძლო – ელენე. მან შეძლო ბიზანტიასთან დაძაბული ურთიერთობების მოგვარება და დამოყვრებაც კი, ყოველ შემთხვევაში დროებით.

მეფე გიორგის, კანონიერი ცოლის პარალელურად, ურთიერთობა ჰქონდა ოს ქალბატონ ალდესთან, რომელიც, როგორც ჩანს, თავდავიწყებით უყვარდა გიორგი პირველს. მასთან შეეძინა მეფეს დემეტრე, რომელიც დიდი პრობლემა გახდა შემდგომში გიორგი პირველის კანონიერი ვაჟისთვის ბაგრატისთვის, მისი რთული და ხანგრძლივი მეფობის წლებში. ქართველ ისტორიკოსებს, მიწერილი აქვთ მატიანის არშიებზე, რომ სწორედ ამ დემეტრეს მეექვსე თაობაა დავით სოსლანი, თამარის მეუღლე.

– რაც შეეხება ალდეს, მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ თუ არის ცნობილი?

– ვიცით მხოლოდ ის, რომ შემდგომში ის ანაკოფიაში იყო გამაგრებული, ეს იყო ყველაზე შორეული პუნქტი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით. ბაგრატის მეფობის პირველივე წლებში დემეტრე ბიზანტიაში გაიქცა დედასთან ერთად, მაგრამ მანამდე, ანაკოფია ბიზანტიელებს გადასცა.


скачать dle 11.3