კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტანკით გატეხილი თავი, „ჯიუტი“ მიცვალებული, „დაპაჩინკებული“ საპანაშვიდე „ტუფლები“, სიდედრის კბილების რიგში ჩამდგარი საძმაკაცო და „ნაშა“ ცოლების სიურპრიზი


მსახიობი მამუკა ლორიას მიაჩნია, რომ თუ თბილისელობა გინდა, ეს უნდა დაიმსახურო. დაუწერელ კანონებსაც დაემორჩილო და ამ ქალაქში შენს ყოფნასაც აზრი უნდა ჰქონდეს. როგორც თავად ამბობს, ის სულ ცდილობს, ამ წესებს დაემორჩილოს. თუმცა, კაცნი ვართ და მათი დარღვევაც, რომ იტყვიან, „მოსულა“. ასეა თუ ისე, თბილისელობა მამუკა ლორიასთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამ ქალაქში ბევრი კოლორიტი ცხოვრობს და ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს.

„ნაშა“ ცოლები, პირდაღებული გივი ბერიკაშვილი და აბესალომ ლორია

მამაჩემის – აბესალომის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ მსახიობი გივი ბერიკაშვილი და მოქანდაკე თემურ ჭყონია. თემურს წავკისში სახლი ჰქონდა. გივი და აბესა იქ იყვნენ. თემურმა თბილისიდან დაურეკა მეგობრებს: ნაშები გავჩითე ჯიგრებო და აბა, თქვენ იცით, დატრიალდით, სუფრა გააწყვეთ, ერთ საათში მანდ ვართო. გაიქცნენ გივი და აბესა მაღაზიაში, იყიდეს საუკეთესო სასმელ-საჭმელი, გაშალეს სუფრა ლამაზად, გამოიწკიპნენ და თან თემურს ლოცავენ: გაიხარე ძმაო, ცოტა ჩვენც გავგულავდეთ, მოვიწყოთ შვებულება, ჩვენც დავისვენოთო. ელოდებიან, მაგრამ როგორ ელოდებიან და... უცებ იღება ჭიშკარი, შემოდის თემურის მანქანა და ფანჯრიდან იჭყიტებიან ამათი ცოლები. დააღეს პირები გივიმ და აბესამ. გაიყვანეს ძმაკაცი გვერდით და უთხრეს: ჩვენ ნაშებს ველოდებოდით და ცოლები რად გვინდოდაო. თემური დიდი ენაკვიმატი ვინმე იყო და უპასუხა: რა ვქნა, ჯიგრებო, ამათზე მაგარი ნაშები ვერ ავყარე და ისევ ამათ დავჯერდეთო.

ქურთი მეეზოვის ვალი

და „გალსტუკიანი“ მოვალე

ჩემი სახლის თავზე, „ჩერდაკი“ იყო. დილაა, გვძინავს. გავიხედეთ, ჩემი ძმაკაცი სახლის სახურავიდან, ამ „ჩერდაკით“ ჩამოდის. შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი და „გალსტუკიც“ აბნევია. მოკლედ, სოლიდურადაა ჩაცმული და „ჩერდაკიდან“ მოფოფხავს. მოგვესალმა, გაიარა. გადაირია მამაჩემი, ეს ხომ არ გაგიჟდა, რას დაძვრება სახურავზე ასე გამოწკეპილი, ეზოდან ვერ გავაო. გავიხედეთ, მეორე დღეა და ისევ, ისე ჩამოძვრა, ისევ გამოწკეპილი. დაიფერთხა ტანსაცმელი, მოგვესალმა, გაიარა. მამაჩემი ისევ გაოცდა, კაცო, მანიაკი ხომ არ არის ეს ბიჭი, რას დაძვრება სახლის „ჩერდაკშიო“. მესამე დღესაც იგივე განმეორდა. მეოთხე დღეა და ისევ რომ ჩამოძვრა, მამაჩემმა გამოიჭირა და ჰკითხა: თუ კაცი ხარ, მითხარი, ასე რომ არ იძრომიალო, ეზოში ვერ ჩახვალ და ისე ვერ წახვალ, ნორმალურად სამსახურში, „კარლსონი“ ხომ არ ხარ, სახურავიდან რომ ჩამოდიხარ ყოველ დილით. გიყურებ, არც პროპელერი გაქვს ზურგზე და არც მურაბის ქილა გიჭირავს, რა ხდებაო. მეზობელმა თავი ჩაქინდრა და მორცხვად უთხრა, აბესალომ ბიძია, ქურთი მეეზოვე რომ არის, იმის ვალი მაქვს ხუთი მანეთი და სანამ ხელფასს ავიღებ, ასე უნდა ვიძრომიალო, ყოველ დილას, აბა, რა ვქნა, ჯერ ვერ ვუსტუმრებ. ეს ჩემი ცოდვით სავსე კი, ყოველ დილით ცოცხით ხელში ჩემს სახლთან დგასო. მამაჩემმა გაშალა ხელები: შე კაი კაცო, გეთქვა მერე და მე გაგისტუმრებდი, ბოლოს და ბოლოს თბილისელები არ ვართ?! დაგეხმარები, თორემ, დამენგრა ჭერი თავზე, გამიგია, ყოველ დილით მოჩვენებასავით „გალსტუკით“ რომ მადგები თავზეო.

პროთეზის რიგში

ჩამდგარი საძმაკაცო

ერთ დღეს, მამას ძმაკაცები ჩვენთან სახლში შეიკრიბნენ საქეიფოდ. მათი მოლხენის ცქერა ერთ რამედ ღირდა. უნდა გენახათ, როგორი სადღეგრძელოები ისმებოდა, როგორი სიმღერა ისმოდა და როგორ გადი-გამოდიოდა ქვედა სართულზე მცხოვრები სომხების ბროლის ჭაღი აქეთ-იქით მათი ცეკვა-თამაშის დროს. ვაჟა აზარაშვილიც იყო იმ სუფრაზე. იმ პერიოდში კბილებს იკეთებდა და ჭამას ერიდებოდა. მერაბ დონაძე, მამაჩემის ძმაკაცი, ეუბნება ბატონ ვაჟას, მიირთვი, ჩემო ბატონოო. ვერ ვჭამ, ვერა, კბილები არ მაქვსო. იმას მეტი რა უნდოდა, გადაეკიდა, გინდა თუ არა, ჭამეო. გაბრაზდა ვაჟა, რას გადამეკიდე კაცო, ვერ ხედავ, უკბილო ვარ, ვერ ვჭამ საჭმელს, ისე მეუბნები, გეგონება, ჩემზე ძაან შენ გინდა ჭამაო. უცებ, დაფიქრდა მერაბი, მოუტრიალდა და სერიოზული კილოთი უთხრა: ცოტაც მოიცადე ვაჟა, მალე მოკვდება ჩემი სიდედრი და ისეთი მაგარი პროთეზი აქვს, მოგიტან, ჩაისვი და კვნიტე მერე რაც გინდა, ოღონდ გათხოვებ, მერე მეც დამჭირდება და დამიბრუნე, მთელი საძმაკაცო მაგ პროთეზის რიგში დგას, მაგრამ მე ურიგოდ გაგიშვებო.

„ჯიუტი“ მიცვალებული და დაქალის ისტერიკა

ბებიაჩემი გარდაიცვალა. პანაშვიდის დღეს, სადარბაზოში ვდგავართ ბიჭები. გავიხედეთ, მოხუცი ქალი კიბეზე ამოჰყავთ. ვერ ვიცანი, ვინ იყო. მოკლედ, ძლივს ამოაბობღეს კიბეზე, მიიყვანეს კართან და გაშალა ხელები... არ შედის. დაიწყო ყვირილი: არა, არა, არ შევალ, მოხურეთ კარი, მოხურეთ კარიო. ვიფიქრეთ, ხომ არ გადაირია ეს ქალი, გაქანებული პანაშვიდია, ხალხი მოდის და კარი როგორ მოვხუროთო. არ გაჩერდა: მოხურეთ და მოხურეთო. რაღას ვიზამდით? ზარი დარეკა. ვუყურებთ გაოცებულები. არ ჩერდება, რეკავს და რეკავს. უცებ დაიკივლა: ქსენია, ადექი ქალო, გამიღე კარები, ძლივს ამოვედი კიბეზე და სახლში აღარ მიშვებ, ადექი და ადექიო. ჩაიხვია, მაგრამ რა ჩაიხვია. ხალხის რიგი დადგა კიბეზე, ლამის ვაზები მივაწოდეთ, სანამ ქსენია წამოდგება, მანამდე არაფერი გეტკინოთ და ყვავილები მაინც ჩადეთ აქ. ბოლოს, ერთი მიუახლოვდა და ჩასჩურჩულა ყურში: ქალბატონო, ქსენია გარდაიცვალაო. სულ გადაირია: შენ რას მასწავლი, მეც ვიცი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ არ მჯერაო. გაბრაზდა ის კაცი და უყვირა: როდემდე უნდა გელოდოთ ვა, ვისაც გვჯერა, გაგვატარე ბებიაჩემოო.

„საპოჟნიკი“ აშოტა და საპანაშვიდე ფეხსაცმელები

მამა რომ გარდაიცვალა, ერთი ფეხსაცმელი მქონდა, რომელიც ფეხს არ მტკენდა და თავისუფალი სახმარი იყო. ვიფიქრე, ამას „შევაპაჩინკებინებ“ აშოტა „საპოჟნიკს“ და ჩავიცვამ, რომ პანაშვიდებსა და გასვენებაზე არ დამეღალოს ფეხი დგომისგან-მეთქი. ის „საპოჟნიკი“ მამას კარგად იცნობდა, რომ ვუთხარი, მამა გარდაიცვალა-მეთქი, შეიცხადა. ეწყინა და გულით მომისამძიმრა. ვუთხარი, ამ ფეხსაცმელებს გაბარებ აშოტ-ჯან, სასწრაფოდ უნდა გამიკეთო, პანაშვიდისთვის მინდა-მეთქი. ხელები გაშალა: კი, კი, მამუკა-ჯან, ხვალ დილისთვის მზად იქნება, არ დაგაღალატებო. მოკლედ, წამოვედი და მეორე დღეს, დილით მივადექი. გადმომილაგა გამზადებული ფეხსაცმელები და მითხრა: მამაშენს ძალიან მოუხდება. მაგარი ფეხსაცმელია, ისე გავუკეთე, ვერ გასცვითამსო. გადავირიე, რა მამაჩემს მოუხდება, ჩემია ეს ფეხსაცმელი პანაშვიდებზე ამით უნდა ვიდგე-მეთქი. შერცხვა: ვაი, ეს რა დამემართა, მამუკა-ჯან, მეც არა ვთქვი, იმ ცხონებულს ტანი დაბალი ჰქონდა და ამხელა ფეხი როგორღა გაეზარდაო.

ენაკვიმატი კახელი და იუმორში „ჩაჭრილი“ მეზობლები

ჩემს მეზობლად ცხოვრობს გუბაზა, ნამდვილი კოლორიტი, ენაკვიმატი, იუმორით სავსე და ჰაი-ჰუის კაცი. მეზობლად ცხოვრობდა ასევე, კახელი ბადრი. ერთ დღესაც, ამ ბადრის ჩამოუჯდნენ გუბაზა და მამაჩემი და გაუხურეს: არ უარყო ახლა, რაც არ უნდა იყოს, მაინც კახელი ხარ, მუტრუკი, კახელები კიდე, ხომ, იცი დღეში ორი საათი მაინც ვირები არიანო. გუბაზა იმერელი იყო, აბესა გურული, გამოიჭირეს ბუნჩულა კახელი და შედგნენ, რა ენაღვლებოდათ. უსმინა, უსმინა ბადრიმ და ბოლოს უთხრა: იცით რას გეტყვით, მე ის ორი საათი მძინავს და ასე რომ, დამიწყნარდით მეზობლებო, იმ ორ საათს ძილში ვირობას ვერ შევიგრძნობო.

ტანკის ლულით გატეხილი თავი

ერთ დღეს, ერთ „გაიშნიკს“ სახლში დაურეკეს, ავლაბარში ავარია მოხდა, „ჩეპეა“ და სასწრაფოდ გამოცხადდითო. ადგა, ჩაიცვა და მივიდა ავარიის ადგილას. გაიხედა, ვიღაც რაჭველი დგას და თავიდან სისხლი სდის. „გაიშნიკმა“ იკითხა, ვინ არის დაზარალებულიო. გასისხლიანებულმა კაცმა უთხრა: მე ვარ დაზარალებული, ავარიაში მოვყევიო. „გაიშნიკი“ ჩაეძია, მომიყევით ავარიის დეტალებიო და რაჭველმაც დაიწყო: „პარადზე“ გამოსასვლელად ტანკების კოლონა მიდიოდა, დამაინტერესა, ქვე შენი ჭირიმე და რომ გაიარა ერთმა ტანკმა, კარგად რომ დამენახა, თავი წინ გავწიე, თურმე უკანა ტანკს ლულა არ ჰქონია წინ! ჰოდა, ის მომხვდა თავში, ავარია იყო, მა რა იყო, თავი გამიტყდა და დაზარალებული ვარო. გადაირია „გაიშნიკი“ და უყვირა: დაზარალებული კი არა დებილი ხარ, ამხელა ტანკს რომ ლულა ექნებოდა წინ, ის ვერ დაინახე? სად ჰყოფდი მაგ გასიებულ თავს, „ხამივით“ რომ იქცევი, რა ტანკი არ გინახავსო?!


скачать dle 11.3