კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწრაფი პროექტი, დროული მშენებლობა, მეტი დასაქმება



დედაქალაქის მერია თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთ ახალ პროექტს სთავაზობს. თბილისის არქიტექტურის სამსახური, არქიტექტურული პროექტების შესყიდვასაც იწყებს. მათ, ვისაც კუთვნილ მიწაზე ინდივიდუალური ბინების აშენება სურთ, საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ, სახლიდან გაუსვლელად ამოირჩიონ პროექტი. პირველ ეტაპზე მერია იმ 50 ინდივიდუალურ პროექტს შეიძენს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევა. როდის გამოცხადდება კონკურსი, ვის ექნება ახალ პროექტში მონაწილეობის საშუალება, ამ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ბატონ მიხეილ ავალიანს გავესაუბრეთ.



მიხეილ ავალიანი: თბილისის არქიტექტურის სამსახური ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. სტრუქტურულმა რეორგანიზაციამ მთელი რიგი ცვლილებების გატარების საშუალება მოგვცა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბევრად უფრო მოქნილი მექანიზმია და სწორი მენეჯმენტით მომსახურების დონის ამაღლება უფრო იოლად ხდება. ამ სამსახურის შექმნის მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. გვინდოდა, რომ მოქალაქეებს მარტივად მოეგვარებინათ ის ბიუროკრატიული პრობლემები, რომელთა წინაშეც ხშირად დგებოდნენ. რეორგანიზაციის შემდგომ არქიტექტურის სამსახურში ძალიან ბევრი სიახლე დაინერგა. მშენებლობის პირველი ეტაპის გავლა უკვე შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ მომსახურებით, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge/architect. ამ გზით შეიზღუდა საქმეში მესამე პირების ჩარევა. ინტერნეტის მეშვეობით ბევრად უფრო მარტივია ინფორმაციის გაცემა, 20 სამუშაო დღის განმავლობაში მოქალაქე ანაზღაურების გარეშე იღებს პასუხს მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებზე. ამ პროცედურას ადრე უამრავი დრო და ენერგია მიჰქონდა. თუ ადამიანს ინფორმაციის მიღება ერთ დღეში სურს, მას შეუძლია, გადაიხადოს დაწესებული თანხა და, არა მხოლოდ ინფორმაცია, მშენებლობის ნებართვაც კი ერთ დღეში მიიღოს. დაჩქარებული მომსახურებისთვის დაწესებული თანხის გადახდაც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი.

– ამ მექანიზმმა მოაგვარა პრობლემები, რომლებიც მოქალაქეებს მუდმივად ექმნებოდათ პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებით?

– ადამიანებს მუდმივად ჰქონდათ ერთი და იგივე პრობლემა: ისინი აბარებდნენ პროექტს და ვერ იღებდნენ პასუხს თვეების განმავლობაში. პრობლემას ქმნიდნენ მესამე პირები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, პროექტის მსურველებს ატყუებდნენ, საერთოდ არ ჰქონდათ შემოტანილი პროექტი საქალაქო სამსახურში და პროცესის გაჭიანურებას მერიას აბრალებდნენ. ჩვენი სამსახურის შექმნის შემდეგ გამარტივდა პროცედურები: პროექტის შემოტანიდან ხუთ დღეში ჩვენ წერილობით ვაცნობებთ დამკვეთს, თუ რა ხარვეზები აქვს პროექტს. როდესაც შემოდის წერილი, მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჩვენ სამი დღის ვადაში გავცემთ ინფორმაციას კოეფიციენტების შესახებ და ვაცნობებთ, რისი მშენებლობაა დასაშვები. მომხმარებელი სრულად იღებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო საკითხებზე, როგორც ვებ-გვერდის, ისე მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით. სამსახურის მთავარი პრინციპია, რომ არავის აღარ დასჭირდეს ქართული „ტრადიციული“ მეთოდის, ნაცნობობის ძებნა. მერიის შენობაში, მეორე სართულზე, მუშაობენ ჩვენი არქიტექტორები, იურისტები, რომლებიც ნებისმიერ მოქალაქეს ყველა თემასთან დაკავშირებით აცნობენ სასურველ ინფორმაციას. ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა აღარ არსებობს. გამარტივდა როგორც პროცედურები, ასევე, შემცირდა იმ დოკუმენტების რაოდენობა, რაც ადრე უნდა წარმოედგინა მოქალაქეს, რომ მშენებლობის ნებართვა მიეღო. კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, იმ შემთხვევაში, როცა პროექტი არასრულია, გვაქვს საშუალება, ნებართვა გავცეთ არასრული პროექტის მიხედვითაც, თუმცა მოქალაქემ კონკრეტულ ვადებში უნდა წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტაცია. ჩვენ არ ვაფერხებთ პროცესს, თუმცა შეთანხმების მკაცრად დაცვას მოვითხოვთ. როცა არქიტექტურა არ აკმაყოფილებს არსებულ განაშენიანებას, მაგრამ არსებობს ინვესტიცია, რომელიც ამ ტერიტორიაზე შეიძლება იქნეს გამოყენებული, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ნულოვანი ციკლის დამთავრებამდე, რათა მოხდეს ქვაბულის ამოღება. ეს პროცესი გრძელდება ექვსი თვიდან ერთ წლამდე და ამ ვადაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კონსტრუქცია. ასეთი თანამშრომლობის ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს.

– ცნობილია, რომ თქვენი სამსახური იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც ინდივიდუალური პროექტების შესყიდვას ეხება. იქნებ დეტალურად გაგვაცნოთ ამ პროექტის არსი.

– ამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა ადვილად მოახდინონ ინდივიდუალური სახლების მშენებლობა; გვინდოდა, დახმარება გაგვეწია მათთვის, ვისაც ინდივიდუალური ბინების აშენების სურვილი აქვს. ჩვენ გვსურს გავააქტიუროთ ის ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ პროექტის შეთანხმება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამ პროექტით დასაქმების საშუალება მიეცემათ არქიტექტორებს, მშენებლებს, დიზაინერებს, მათ, ვისაც შენობის დაპროექტება შეუძლიათ. ერთი სახლის მშენებლობა ნიშნავს რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმებას, ეკონომიკურ წინსვლას. ამას გარდა, ყველასთვის ცნობილია, რომ პროექტის შედგენა და არქიტექტორის მომსახურება, საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვენ მივცემთ საშუალებას ადამიანებს, რომ უსასყიდლოდ მიიღონ ახალი პროექტები. თბილისის არქიტექტურის სამსახური შეისყიდის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების 50-მდე პროექტს. გამოცხადდება კონკურსი და კომპეტენტური კომისიის მიერ მოხდება საუკეთესო პროექტების ამორჩევა. გაფორმდება ხელშეკრულებები არქიტექტორებთან. ეს პროექტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტისა და ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. მერიის მიერ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტების შესყიდვის შემდეგ, დაინტერესებული პირები, საკუთარი მიწის ნაკვეთებისათვის მშენებლობის ნებართვის მოპოვებას სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შეძლებენ. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც მოეწონება ესა თუ ის პროექტი, ექნება შესაძლებლობა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე ამ პროექტის მიხედვით ააშენოს სახლი. ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, ინტერნეტით მისცენ ხმა ამა თუ იმ პროექტს, რაც გათვალისწინებული იქნება სპეციალური კომისიის მიერ. ბინების აშენების მსურველები კი ინტერნეტითვე შეძლებენ, ჩვენგან მოითხოვონ მოწონებული პროექტი. კანონში არსებული დათქმის მიხედვით, როდესაც პროექტი შეთანხმებულია არქიტექტურის სამსახურთან, მოქალაქეზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ერთი სტადიით, რომელიც მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებია. ჩვენ მოვამზადეთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პირველი ეტაპი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით გაიარონ. იმისათვის, რომ დაჩქარებულ ვადებში მოგვეხდინა მოქალაქეთა დახმარება, გვჭირდებოდა ახალი სამუშაო რესურსი, ამიტომ ჩავუტარეთ ტრენინგები ჩვენს თანამშრომლებს. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ ღია კონკურსი ახალი თანამშრომლების მისაღებად და სამსახურში მივიღეთ ოცი ახალგაზრდა, რომლებსაც ახალი დამთავრებული ჰქონდათ უმაღლესი სასწავლებლები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მათ შეძლებოდათ არქიტექტურული პროექტების წაკითხვა. ამ ახალგაზრდებს ჩვენმა მენეჯერებმა ჩაუტარეს ტრენინგი, მათ გადავეცით დიპლომები და შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები.

– როგორი პროექტები უნდა წარმოადგინონ არქიტექტორებმა, რა შეზღუდვებს აწესებს თქვენი სამსახური?

– ჩვენგან არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. აქცენტი გაკეთებული იქნება ინდივიდუალურობაზე. მსურველებს მიეცემათ ორმოცი დღე პროექტებზე სამუშაოდ და წარსადგენად. დოკუმენტების მიღებიდან ორ კვირაში მოხდება ამ პროექტების გამოქვეყნება ინტერნეტის მეშვეობით. არქიტექტორთა შემადგენლობით შეიქმნა სპეციალური საბჭო. ის გააკონტროლებს პროექტებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, მისადაგებული იქნება არსებულ რეალობასთან და ქალაქის იერსახესთან. პროექტები უნდა იყოს დახვეწილი და გემოვნებით შექმნილი. არქიტექტურულ გადაწყვეტაში პროექტების ავტორები სრულიად თავისუფალნი არიან, არ ვიტყვით უარს არც ავანგარდზე (იღიმება). ჩვენ განვსაზღვრეთ პროექტების ფართობები, რომლებიც მერყეობს 100 კვადრატული მეტრიდან 250 კვადრატულ მეტრამდე. ადამიანებს ექნებათ საშუალება, საკუთარი სურვილისამებრ აირჩიონ სასურველი ფართის პროექტი. მერია თითოეულ პროექტში გადაიხდის 2 500 ლარს, თუ ჩვენ პროექტებს შევისყიდიდით კვადრატული მეტრების მიხედვით, ყველა შეეცდებოდა, რომ დიდი პროექტი გაეკეთებინა და საბოლოოდ, შედეგს ვერ მივიღებდით. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ არქიტექტორებთან ერთად და მათ განაცხადეს, რომ პროექტის შემუშავების დროს მთავარია, მოხდეს არქიტექტურული გადაწყვეტა, მნიშვნელობა არ აქვს, 100 კვადრატულს დააპროექტებ თუ 200 კვადრატულ მეტრს. ამ პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ დახმარება გავუწიოთ არქიტექტორებსა და მშენებლებს, რომლებსაც შეუჩერდათ სამუშაოები სამშენებლო კრიზისის პირობებში.

– ეს ერთჯერადი პროექტი იქნება, თუ კიდევ გაგრძელდება მომავალშიც?

– ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ მუდმივად გვქონდეს ასეთი პროექტების ბაზა. ის პროექტები, რომლებიც ნაკლებად გამოყენებადი იქნება, განახლდება ახალ-ახალი პროექტებით. სამშენებლო ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად იცვლება და იხვეწება, რომ ამა თუ იმ პროექტის დეტალები, ერთი წლის შემდეგ, შეიძლება, შესაცვლელი იყოს. ჩვენს მოსახლეობას საინტერესო არქიტექტურული პროექტების უფრო დიდი არჩევანი უნდა მივცეთ. ამით ხელს შევუწყობთ, გააქტიურდნენ როგორც მიწის ნაკვეთების მფლობელები, რომლებსაც ბინათმშენებლობა სურთ, ასევე მუდმივი სამუშაო ექნებათ არქიტექტორებსა და მშენებლებს.



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3