კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ქმარმა ჩემს მეჯვარესთან მიღალატა

იმის გამო, რომ ჩვენი ოჯახი ძალიან დიდ მატერიალურ გასაჭირში ჩავარდა, ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, სამუშაოდ უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში წასულიყო. ჩემი მეჯვარე უკვე მეხუთე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, თანაც, ლეგალურად და, რამდენი ხანია, მეხვეწება, ჩამოდი და სამსახურსაც დაგახვედრებ და ბინასაცო, მაგრამ ქმარმა არ გამიშვა – იმას რა უჭირს, ქმარი არ აწუხებს და შვილი, შენ კი ბავშვები გყავს მისახედი. შენ რომ წახვიდე, მე ამათ როგორ მოვუაროო. პრინციპში, 13 და 15 წლის გოგონებს რა ისეთი მოვლა სჭირდებათ, ისეთი ყოჩაღები არიან, იქით მოგივლიან, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მეც შემეშინდა – ვიფიქრე, რამე უბედურებას არ გადაეყარონ-მეთქი და გადავიფიქრე. არადა, ისეთი დიდი ვალი დაგვედო, რაღაც რადიკალური ზომა რომ არ მიგვეღო, ბინის გაყიდვა მოგვიწევდა. რომ გაგვეყიდა, ბავშვებს ღია ცის ქვეშ ხომ არ დავტოვებდით. ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად ისევ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტეთ, ოღონდ, მე კი არა, ზურა (ჩემი ქმარი) უნდა წასულიყო. სასწრაფოდ დავუკავშირდით ჩემს მეჯვარეს და ორი კვირის შემდეგ დაგვირეკა, თუ ერთი თვის განმავლობაში ჩამოვა, ნორმალურ სამსახურსაც დავახვედრებ და ბინასაც მოვუგვარებო. სასწრაფოდ მოვაგროვეთ საბუთები, ვალებს კიდევ ვალი დავამატეთ – რამდენიმე ათასი დოლარი ვისესხეთ და იღბალს დაველოდეთ, ანუ, ახლა იმაზე ვიყავით დამოკიდებული, ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე თუ ჩაურტყამდნენ ვიზაში ბეჭედს. სიმართლე გითხრათ, დადებით პასუხს არ ველოდით, იმიტომ, რომ უმრავლესობას უარით ისტუმრებდნენ, მაგრამ, მოხდა სასწაული და ზურას ბეჭედი ჩაურტყეს. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ზურა ამერიკაში წავიდა. ნინომ, ჩემმა მეჯვარემ, სიტყვა შეასრულა და სამსახურიც დაახვედრა, ბინაც და, თან, ყველანაირად ეხმარებოდა. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ზურამ, მართალია, ცოტა, მაგრამ რაღაც თანხა გამომიგზავნა, ყოველ მომდევნო თვეს კი სულ მეტსა და მეტს მიგზავნიდა. ძალიან მიჭირდა ქმრის გარეშე ყოფნა, მაგრამ, რადგან ჩვენი ვალი მისი წყალობით თანდათან მცირდებოდა, ყველაფერს ვუძლებდი და თავს ვიმხნევებდი, რომ ძალიან მალე ზურაც დაბრუნდებოდა, აღარც ვალები გვექნებოდა და ცოტა საარსებო ან პატარა ბიზნესის წამოსაწყებ თანხასაც მოვაგროვებდი. ასე გავიდა წელიწად-ნახევარი. ვალი გავისტუმრეთ, ცოტა ფულიც დავაგროვე, მაგრამ, ზურამ შემომითვალა, ისეთი კარგი სამსახური მაქვს, მიტოვება მენანება, კიდევ ექვს თვეს დავრჩები და ბინის მშენებლობაში შესატან ფულსაც გამოგიგზავნიო. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავთანხმდი – ვიფიქრე, ბავშვებს თავ-თავის ბინას გავუკეთებთ-მეთქი. მაგრამ, მოხდა ისეთი რამ, რასაც ასი წელი ვერ წარმოვიდგენდი: ზურამ ჯერ ფულის გამოგზავნა შეწყვიტა – სამ-ოთხ თვეში ერთხელ თუ გამოგვიგზავნიდა 500-600 დოლარს და სულ ეგ იყო. არც გვეკონტაქტებოდა. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ბოლოს რაღაც ეჭვმა შემიპყრო, რადგან, ჩემმა მეჯვარემ, რომელიც მანამდე ხან ტელეფონით, ხან კომპიუტერით ყოველდღე მელაპარაკებოდა, საერთოდ შეწყვიტა კონტაქტი. მე რომ ვურეკავდი, არ მპასუხობდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიპასუხა და პირდაპირ ვკითხე, გამაგებინე, რა ხდება შენსა და ზურას შორის-მეთქი. ჯერ გადაირია, ეგ როგორ მაკადრე და გამიბედეო, მაგრამ, როცა ვუთხარი, ზურამ უკვე ყველაფერი აღიარა-მეთქი (არადა, მსგავსი არაფერი უთქვამს), მაშინ კი გამოტყდა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და მალე შვილიც გვეყოლებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ერთი კვირა შოკიდან ვერ გამოვედი, ლოგინად ჩავვარდი და თავზე ექიმები მეხვეოდნენ. არ მინდოდა, ბავშვებს გაეგოთ, მაგრამ, თურმე, ასეთ რამეს ვერ დამალავ. ორივემ ძალიან განიცადა და გამოაცხადეს, მამა აღარ გვყავს და თავის სიცოცხლეში ამ სახლში ფეხს ვეღარ შემოდგამსო. ასევე შეუთვალეს მასაც, ოღონდ, ხასგასმით უთხრეს, რომ ეს სულაც არ ათავისუფლებდა მას მშობლის მოვალეობისგან და თვეში, მინიმუმ, ათასი დოლარი უნდა გამოეგზავნა ჩვენთვის. სხვათა შორის, ამ პირობას ზურა დღემდე პირნათლად ასრულებს, თუმცა, ვგრძნობ, რომ ამას თავისი სატრფოს ჩუმად აკეთებს. რაც შეეხება განქორწინებას, შვილები უფლებას არ მაძლევენ, თანხმობა მივცე – ის ძუკნა რატომ უნდა გაახაროო. ჰოდა, ვარ ამ დღეში – ქმარი მყავს და არც მყავს. არც კი ვიცი, ღირდა კი იმ ვალების გასტუმრება ამხელა მსხვერპლად?!

დალი, 39 წლის.



დედას ეჭვიანობით ვაწუხებ

მამა რომ გარდამეცვალა, 7 წლის ვიყავი. მიუხედავად პატარა ასაკისა, ძალიან განვიცადე, რადგან ძალიან მიყვარდა. ახლა რომ ვიხსენებ და ჩვენს მაშინდელ ურთიერთობას სხვა მამა-შვილების ურთიერთობას ვადარებ, ვრწმუნდები, რომ მართლაც განსაკუთრებული მამა მყავდა. ძალიან ბევრი დამაკლდა ცხოვრებაში მისი გარდაცვალებით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დედა რამეს მაკლებდა. რამდენიმე წელი მე და დედა მარტო ვცხოვრობდით. მართალია, ხან ერთი ბებია მოდიოდა ჩვენთან და ხან – მეორე, მაგრამ მაინც მარტოები ვიყავით. დედას ხუთი წელი არ გაუხდია შავები, მერე კი, ორივე ბებოს ძალდატანებით, ნელ-ნელა შეაპარა ფერადები.

დედა 27 წლის იყო, რომ დაქვრივდა, თან ძალიან ლამაზია და, ცხადია, თაყვანისმცემლები ყოველთვის ჰყავდა, მაგრამ მისთვის არავინ არსებობდა. ხშირად გამიგონია, ახლობლები რომ ეუბნებოდნენ, ახალგაზრდა ხარ, უნდა გათხოვდე და პატრონი გაიჩინო. სანამ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და არაფერი ესმის, მოასწარი, თორემ, რომ წამოიზრდება, უფრო გაგიჭირდებაო. მე კი ყველაფერი მესმოდა, ანუ ვხვდებოდი, დედა თუ გათხოვდებოდა, მამას ხსოვნაც დაიჩრდილებოდა და მეც მეორე ადგილზე გადავინაცვლებდი. ამიტომ, სულაც არ მინდოდა, რომ გათხოვილიყო და, ან დედა წასულიყო მის სახლში (ჩემს წასვლას ყოველთვის გამოვრიცხავდი), ან მის ახალ ქმარს ეცხოვრა მამას ოთახში. ერთი სიტყვით, ჩუმად თუ აშკარად, ყოველთვის გამოვთქვამდი ამ საკითხის მიმართ პროტესტს. ძალიან მიხაროდა და უფრო მიყვარდებოდა დედა, როცა კატეგორიულ უარს ამბობდა გათხოვებაზე. საღამო ისე არ ჩაივლიდა, მე და დედას მამაზე რომ არ გველაპარაკა. სულ მის სიტყვებსა და საქციელს ვიხსენებდით და მერე გულაჩუყებულები ვტიროდით ხოლმე.

მაგრამ, დრო გადიოდა, ცხოვრება გრძელდებოდა და ერთ დღესაც დედა ვიღაც კაცმა მოაცილა სახლში. თავიდან ვერაფერს მივხვდი, მაგრამ ეს მიცილება-მოცილებები რომ გახშირდა, ძნელი გამოსაცნობი აღარ იყო, რაც ხდებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ დედას ვიღაც უცხო კაცი შეუყვარდა, მისი დანახვა აღარ მინდოდა, ასე მეგონა, მიღალატა და სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ, ერთხელაც, მეტყოდა, შენ რომელიმე ბებიასთან უნდა გადახვიდე საცხოვრებლად, რადგან აქ შენი ადგილი აღარ არისო. მაგრამ ასეთი რამ არ ხდებოდა და, ამის მიუხედავად, 13 წლის გოგოსთვის მაინც ძნელი მისაღები და გასათავისებელი იყო ის, რომ დედაც ქალია, თანაც, ახალგაზრდა და ლამაზი და მასაც აქვს პირადი ბედნიერების უფლება. ამას მერე მივხვდი, როცა ასაკი მომემატა, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, თეორიული მიხვედრა იყო. იმ პირველი მოცილებიდან ერთი წლის შემდეგ დედა იმ კაცს გაჰყვა ცოლად და დღემდე ერთად ვცხოვრობთ. პატარა დაიკოც მყავს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. ჩემი მამინაცვალი არაჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, ძალიან უყვარს დედა, სხვათა შორის, მეც ისე ვუყვარვარ, საკუთარ შვილში არ მარჩევს და, საერთოდ, ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ, ეს საშინელი ეჭვი მაინც ვერ მოვიშორე, მაინც არ მსიამოვნებს, როცა ქმრის დანახვაზე დედაჩემის გაბრწყინებულ სახეს ვხედავ, რადგან მაშინვე მამაჩემი მახსენდება და საშინელი სიბრალული მიპყრობს – ძალიან მეცოდება ხოლმე მამა, რომელიც აღმერთებდა ცოლს, გიჟდებოდა შვილზე და თან ჰყვებოდა ოჯახს. ხანდახან მგონია ხოლმე, რომ მან ყველაფერი იცის და ძალიან გულნატკენია. ასეთი ფიქრების შემდეგ, ჩემდაუნებურად, დედას უხეშად და ცივად ვექცევი, ზოგჯერ სურვილიც კი მიჩნდება, ვაწყენინო და ასე გადავუხადო სამაგიერო იმის გამო, რომ მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე მამას გლოვას არ მიუძღვნა, რომ ამდენი სადარდებელი და სანერვიულო გამიჩინა თავისი გათხოვებით. მერე ეს განწყობა გამივლის ხოლმე და ახლა დედა მეცოდება, რომ ამდენ ტკივილს ვაყენებ, სულ ბოდიშებს ვუხი და პატიებას ვთხოვ. დედაც, ამხელა გოგოს, სულ ენის მოჩლექით მეფერება და მეხვეწება, რომ ვაპატიო. იმწუთას გულწრფელად ვპატიობ, თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ მეორე დღეს ისევ არ ვატკენ გულს.

აი, ასე ვიტანჯები თვითონაც და ასეთ სატანჯველში ვაგდებ ჩემს უსაყვარლეს ადამიანსაც. არ ვიცი, როდემდე გასტანს ეს, მაგრამ, ძალიან მინდა, რომ ასეთი აღარ ვიყო.

ნატო, 22 წლის.



მამა უსამართლოდ მექცევა

ძალიან ნაწყენი ვარ მამაჩემზე. პირადად ვუთხარი, მაგრამ, დარწმუნებულია, რომ თვითონაა მართალი, მარწმუნებს, რაღაცეები გეჩვენებაო და, თანაც, მეუბნება, უსამართლო ხარო. რატომ ვარ უსამართლო, ვერ გამიგია. მე მყავს უფროსი ძმა, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა სოფლიდან – ჯერ უმაღლესში ჩააბარა, მერე მუშაობა დაიწყო და, შესაბამისად, სოფელში მარტო ზაფხულობით ჩამოდიოდა თითო თვით, ცოლის შერთვის შემდეგ კი, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი კვირით თუ ჩამოვა და მერე ცოლშვილიანად სადმე ზღვაზე ან უცხოეთში მიდის დასასვენებლად (მშობლიურ სოფელს თვითონაც აღარ კადრულობს ბიჭი და იმის გაპრანჭულ ცოლ-შვილზე რა უნდა ვთქვა). მე სოფლიდან არ წავსულვარ, სკოლა რომ დავამთავრე, დაუსწრებელზე ჩავაბარე და მამაჩემს ყველა შინაურ თუ სამეურნეო საქმეში მე ვედექი გვერდში. ახლა მეც ვაპირებ ცოლის შერთვას და, ქონების გაყოფაზე რომ მიდგა საქმე, მამამ ჩემს ძმას გაცილებით მეტი არგუნა – უფროს შვილს საუფროსო წილი ეკუთვნისო. ჩვენში, საერთოდ, იციან ასე, მაგრამ საუფროსო წილი როგორ ეკუთვნის, როცა გადამწვარი ნათურაც კი არ გამოუცვლია თავისი ხელით. თან, მთელი სტუდენტობის განმავლობაში (რაც დღემდე გრძელდება), ყველა პროდუქტი, რაც მოგვყავს, პლუს სოლიდური თანხები წელიწადში რამდენჯერმე, სისტემატურად ეგზავნებოდა, ყველაფერ ამასთან ერთად კი, ინსტიტუტი რომ დაამთავრა, მამაჩემმა მანქანაც უყიდა, აღარაფერს ვამბობ წლების განმავლობაში ბინის ქირაზე და იმ სოლიდურ თანხაზე, რომელიც ოჯახმა გაუგზავნა, ბინას რომ ყიდულობდა (ნაწილი თვითონ ჰქონდა).

მე ნამდვილად არ მინდა, რომ, გინდა მიწის და გინდა სოფლის სახლის ან სხვა ქონების გამო ძმა დავკარგო, მაგრამ, მგონია, რომ ჩემთან არც მამაა მართალი და არც ძმა: ჯერ ერთი, ჩემზე იმის მეასედიც არ დაუხარჯავს ოჯახს, რაც ჩემს ძმაზე დახარჯა; გარდა ამისა, მე მამაპაპეული სახლის ნაწილისა და მიწის ნაგლეჯის მეტი, პრაქტიკულად, არაფერი გამაჩნია, თანაც, მოხუცი მშობლები მთლიანად ჩემი მისახედები არიან, ჩემს ძმას კი თბილისშიც არაჩვეულებრივი ბინა აქვს, კარგი აგარაკიც (საკუთარი), ძვირფასი მანქანაც, ბანკში ფულიც და რეალურად, აქ ჩამომსვლელი თითქმის არ არის, არც თავისი წილი სახლის მიმხედავია (ისიც ჩემი მოსავლელი გახდება), არც თავისი წილი მიწის დამმუშავებელი და ყველაფერი უნდა განადგურდეს დროთა განმავლობაში, ან – ჩემს კისერზე უნდა გადაიაროს, მე კი ამ მიწით უნდა ვარჩინო ოჯახი. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, გავყიდი ჩემს წილს და მეც წავალ ქალაქში-მეთქი, მაგრამ, ისევ გადავიფიქრე. ჯერ ერთი, ისედაც არ მიყვარს ქალაქი, მერე, ვის დავკარგვივარ იქ, ვის რაში ვჭირდები, აქ კი კაცი მქვია, ყველა მიცნობს, პატივს მცემენ და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ჭკუასაც მეკითხებიან. სხვა თუ არაფერი, ნახევარი სოფელი ჩემი მონათლულია – ყველა ცდილობს, შვილი მე მომანათვლინოს.

ამას წინათ ამბავი მომიტანეს, ჩემს რძალს უთქვამს, სულ არაფერში არ მჭირდება, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, პრინციპის საკითხია, ჩემი შვილების წილი ვიღაცეებმა რატომ უნდა ჭამონო.

აი, ასეა ჩემი საქმე. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მამა სამართლიანად გაყოფს ქონებას და ჩემი მდიდარი ძმაც მიხვდება, რომ სწორად არ იქცევა.

ალექსი, 30 წლის.



ჩემი ქმარი შეიცვალა

პირველი კურსიდან მოყოლებული, ინსტიტუტის დამთავრებამდე, ოთო სიყვარულს მეფიცებოდა, კუდში დამდევდა და მთელ მსოფლიოს მიმტკიცებდა – ოღონდ ჩემი ცოლი გახდი და შენზე ბედნიერი ქალი არ ივლის დედამიწაზეო. მთელი ხუთი წელიწადი სულ სიურპრიზებსა და ფოიერვერკებს მიწყობდა, ჩემს დაქალებს თან ჰყვებოდა, ერთი სიტყვით, მაქსიმალურად გვანებივრებდა. ცხადია, არც ჩემი დაბადების დღე ავიწყდებოდა და არც სხვა დღესასწაულები და თარიღები. მე კი არა, ჩემს დაქალებსაც კი რესტორნებში უხდიდა დაბადების დღეებს. მეც თანდათანობით შევეჩვიე, რომ ოთო ყოველთვის ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო, შევეჩვიე მის ზრუნვას, ყურადღებას და მერე მეც შემიყვარდა.

გოგოებს ჩემი აშკარად შურდათ – დაქალებსაც და ისე ნაცნობებსაც. არც კი მალავდნენ, პირდაპირ მეუბნებოდნენ, არ ვიცით, რით დაიმსახურე ასეთი სიყვარული, მაგრამ, ოთოს თუ არ გაჰყევი ცოლად, სულელი იქნებიო. ჰოდა, მეც გავყევი. რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ სხვებს შურდათ, უბრალოდ, დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭს მართლა ვუყვარდი და მასთან მართლა ბედნიერი ვიქნებოდი.

სანამ ერთმანეთს ვხვდებოდით, მეუბნებოდა, ულამაზესი ქორწილი გვექნება, საქორწინო მოგზაურობაში სადმე უცხოეთში წავალთ, მერე კი ცალკე ვიცხოვრებთ ჩვენს პატარა ბუდეში, რომელიც სპეციალურად შენთვის მოვაწყვეო. მაგრამ, ცოლობაზე რომ დამითანხმა და თავისი ოჯახი გამაცნო, აღმოჩნდა, ისე ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, რომ არც ქორწილზე უნდა მეოცნება და არც უცხოეთზე, რომ აღარაფერი ვთქვათ „სპეციალურად ჩემთვის მოწყობილ პატარა ბუდეზე“, რომელიც, თურმე, ბუნებაში არ არსებობდა. საერთოდ, მატერიალისტი ტიპი არ ვარ, სიმდიდრე ჩემთვის მთავარი ღირსება არ არის, მაგრამ, მისი ყველა დანაპირები ტყუილი რომ აღმოჩნდა, ძალიან არ მესიამოვნა და გული მეტკინა.

სახლში რომ მიმიყვანა, ოჯახის გასაცნობად, გაირკვა, რომ ხუთი სული (ოთო, მისი მშობლები და უმცროსი და-ძმა) ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ ცხოვრობდნენ და პატარა ხის სახლი ჰქონიათ გურიაში – სულ ეს იყო მათი ავლადიდება. მაგრამ, მთავარი ეს არ იყო. ჯერ ძლივს დამითანხმა სახლში წაყოლაზე – რატომღაც, მერიდებოდა, საერთოდ, ნებისმიერ მსგავს ოფიციალურ ვიზიტებზე ვიბნევი ხოლმე. მაგრამ, ისე გადამეკიდა, რომ, მეც ვიფიქრე, ცოლად მივყვები და მისი ოჯახი ქორწილში ხომ არ უნდა გავიცნო-მეთქი. თან, წინა დღეს ოთომ მითხრა, სპეციალურად მოემზადნენ შენს შესახვედრად და გველოდებიანო. მეც, ვიუხერხულე და დავთანხმდი. იმ დილით ვიყიდე კარგი ნამცხვრები (ხელცარიელი მისვლა მომერიდა), სადედამთილოსთვის – ლამაზი თაიგული და წავედით. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად შემხვდნენ, დედამთილმა ისიც კი მითხრა, ერთი ოთახი თქვენი იქნებაო, მაგრამ, იმ პატარა ბინაში ამდენი სული როგორ დავეტეოდით. ქორწილიც სიმბოლური გვქონდა – სულ ოცი კაცი იყო, სამოგზაუროდ კი, ესპანეთის, იტალიის ან საფრანგეთის ნაცვლად, გურიაში წავედით, მაგრამ, იქ არც წყალი იყო, არც დენი და ხუთ დღეში გამოვიქეცით. მერე კი, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებთან დავბინავდით. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა: სულ ორიოდე თვეში ოთო ისე რადიკალურად შეიცვალა, ხანდახან ვფიქრობდი, ეს ისევ ის ოთოა, რომელიც ხუთი წელი დღესასწაულებს მიწყობდა თუ ქმარი შემიცვალეს-მეთქი. ის „ძველი“ ოთო მხოლოდ მაშინ „ამოტივტივდებოდა“ ხოლმე, როცა სადმე სხვაგან ვიყავით, ანუ, სხვის დასანახავად ისევ ძველებური „რომეო“ იყო, დანარჩენ დროს კი – ჩვეულებრივი, ტრადიციული, უჟმური, პრეტენზიული და უხასიათო ქართველი ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად არაფრით ვაწუხებ, ოჯახის შენახვაც მარტოს არ უწევს და სულ ვცდილობ, ხასიათი გავუსწორო, მაინც თითქოს ყველაფრით უკმაყოფილოა. ზოგჯერ ისეთ რამეს მეტყვის ხოლმე, თითქოს მე ვაიძულე, ცოლად შევერთე. გარეთ კი ისეთი ჯენტლმენი და დარდიმანდია, გოგოებს დღესაც შურთ ჩემი. მეც, ხმას ვერ ვიღებ და ვიფერებ. აბა, სხვა რაღა დამრჩენია!

ანა, 29 წლის.



მინდა, პოპულარული გავხდე

ძალიან მინდა, რომ ცნობილი და პოპულარული ბიჭი გავხდე. კარგად ვუკრავ და ვმღერი, არა უშავს ვცეკვავ და არც შესახედავად ვარ სხვაზე უარესი, მაგრამ, რატომღაც, ზედმეტად მორცხვი, უფრო სწორად, კომპლექსიანი ვარ. ჩემი მეგობრებიდანაც კი, ყველამ არ იცის, რომ კარგად ვმღერი და რამდენიმე ინსტრუმენტზე შემიძლია დაკვრა. ჩემი სიმორცხვის გამო გოგოები ზედ არ მიყურებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, გარეგნობით მოვეწონები, გამიცნობენ, მაგრამ ჩემგან ვერანაირ აქტიურობას რომ ვერ გრძნობენ, ეგრევე გამირბიან. ერთმა ისიც კი მითხრა, წესიერი ბიჭი ხარ, მაგრამ, შენთან ნებისმიერ გოგოს მოეწყინება და, საეჭვოა, ვინმემ შეგიყვაროსო. მე კი ძალიან მინდა, ვინმეს ვუყვარდე და მეც მიყვარდეს. ჩემს ძმაკაცებს ყველას ჰყავს შეყვარებული, ერთად რომ ვიკრიბებით, სულ ამ თემაზე ლაპარაკობენ ხოლმე, მარტო მე ვზივარ ენაჩავარდნილი. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩემი აზრით, ეს სალაპარაკო და განსახილველი თემა არ არის და მე, ალბათ, მაინც არ ვილაპარაკებდი, მაგრამ, ერთი-ორი კარგი სიტყვის თქმა მეც შემეძლებოდა. თანაც, მომბეზრდა ასე მარტო ყიალი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, დავძლიო სიმორცხვე, გადავაბიჯო ზედმეტ მორიდებულობას და „ნიჭიერში“ მივიღო მონაწილეობა. გამარჯვება, შეიძლება, ვერ მოვიპოვო, მაგრამ ფინალამდე, წესით, უნდა მივიდე, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს კომპლექსებს მოვერიე. ამისთვის კი ფსიქოლოგთან ვაპირებ სიარულს. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება – გოგონები სცენაზე რომ დამინახავენ, ყველას ერთად შევუყვარდები.

ზურა, 16 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3