კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სენსაციური აღმოჩენა: საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს მოპოვება ეგვიპტეზე ადრე დაიწყეს



უკვე რამდენიმე წელია, რაც არქეოლოგიური ჯგუფი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში სენსაციურ აღმოჩენებს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ ჟურნალისტ ლელა ნინუას დახმარებით, რომელიც სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა, იქ, სადაც პრეისტორიულ ხანაში ჩვენს „ბებიებსა და ბაბუებს“ ოქროს მოპოვება ჰქონიათ გაჩაღებული.



ირინე ღამბაშიძე (არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის ხელმძღვანელი): პროექტის სახელწოდებაა „უძველესი ოქრო საქართველოში“, რომელიც 2007 წელს დაიწყო. მისი წინამორბედი პროექტი კი 2003 წლიდან მიმდინარეობს, როდესაც იმ ტერიტორიაზე მაღარო გამოჩნდა. 2003 წლიდან, „ფოლკსვაგენის“ ფონდის დაფინანსებით, რომელიც სამეცნიერო საქმიანობას აფინანსებს, დავიწყეთ პროექტი, რომელიც გულისხმობდა საქართველოში სამთო არქეოლოგიისა და არქეომეტალურგიის, როგორც დარგების, უნივერსიტეტში დანერგვას, რომლებიც სამოციანი წლების შემდეგ აღარ არსებობს. ეს იყო ახალგაზრდა თაობის გაზრდა, მათი გერმანიაში სწავლება. პროექტი გულისხმობდა არქეოლოგიური გათხრების, საველე სამუშაოების ჩატარების შესწავლას და სხვა. ამ გათხრების ჩასატარებლად შევარჩიეთ ქვემო ქართლი, ბოლნისის რაიონი, საყდრისის ტერიტორია, რომელიც ერთ დროს გეოლოგების მიერ იყო გათხრილი და მათ იქ თანამედროვე გვირაბები გაიყვანეს. გეოლოგიური სამუშაოების დროს, როდესაც მიწის ქვეშ, ოცდახუთ მეტრ სიღრმეზე, მაღაროები გადაიჭრა, იქიდან უამრავი პრეისტორიული იარაღი ამოვიდა – ქვის უროები და სხვა. „მადნეულმა“ ეს ადგილი როგორც ახალი კარიერი ისე აიღო და ამიტომ იქ ყველაფერი უნდა მოსწორებულიყო. მაშინდელი კანონმდებლობით, მიწასთან დაკავშირებით ყველა დიდი სამუშაო ითვალისწინებდა არქეოლოგიურ დასკვნას. ამიტომ, გვთხოვეს, ნახეთ, რამე ხომ არ არის, ღირს თუ არა ეს ადგილი შესასწავლადო. თავიდან არ გვეგონა, რომ ეს ოქრო იყო, რადგან იმ ადგილებში ნაპოვნი იყო რუსუდან მეფის მონეტები, სპილენძის ნივთები და, ვიფიქრეთ, რომ გვიანდელ პერიოდში აქ სპილენძის მოპოვება მიმდინარეობდა. მაგრამ იქ ოქრო აღმოჩნდა. ურო, როგორც სამუშაო იარაღი, პირველი ნიშანია იმისა, რომ ადგილი პრეისტორიულია, როდესაც რკინა შემოდის უროების გამოდევნა იწყება.

– ეს დაახლოებით რა პერიოდია?

– ეს არის მეოთხე ათასწლეული, ანუ დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინანდელი მაღარო. მოხდა ისე, რომ ამ ძველ მაღაროებში იატაკის მოწმენდას ვაპირებდი, რათა მენახა, საით მიდიოდა ის და ვიპოვეთ კერამიკის ორი ნატეხი. ერთი შეხედვითაც ცხადი იყო, რომ ნატეხები მტკვარ-არაქსულ პერიოდს ეკუთვნოდა, მაგრამ ორი ნატეხის საფუძველზე განცხადება – იცით, ოცდახუთ მეტრ სიღრმეში მტკვარ-არაქსული კერამიკა ვიპოვე, რომელიც მესამე ათასწლეულის დასაწყისით თარიღდებაო – ძალიან არასერიოზული იქნებოდა, რადგან ამისთვის არგუმენტაცია მჭირდებოდა. მით უფრო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ოქროს ნაკეთობა არ მოგვეპოვება. თან, იმ პერიოდში არავინ არ მოიპოვებდა ოქროს მთიდან, ეგვიპტეც კი. იმ პერიოდის ეგვიპტეში ქვიშის, ანუ მდინარეული ოქრო ირეცხება. ჩვენს ტერიტორიაზე კი ოქროს ნივთი არგონავტებს უკავშირდება, რომელიც საკმაოდ გვიანდელი პერიოდია, სადღაც მეხუთე საუკუნემდე ჩამოდის. ანუ, ნივთი არ გვაქვს, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ აქ ოქროს სერიოზული მოპოვება იყო გაჩაღებული. მეცნიერებათა აკადემიაში ამის შესახებ ვთქვით და სრულიად აკადემია შოკში იყო. ამის შემდეგ იმ ადგილებიდან ავიღეთ ნახშირები, რადგან ქვედა ფენა კულტურული ფენებით იყო შევსებული. ანუ, რა ხდებოდა იმ ადგილას: ანთებდნენ ცეცხლს, ოქრო ხურდებოდა, მერე ასხამდნენ წყალს და ის ქანი მოტყდებოდა. ასე გამოჰქონდათ ოქრო. ამ პატარა ნახშირებს ჯერ კიდევ 2004 წელს გავუკეთეთ ანალიზი, რამაც მაშინვე მოგვცა თარიღი: ეს იყო მეოთხე ათასწლეულის ბოლო და მესამის დასაწყისი. წარმოიდგინეთ, უკვე სენსაციის ზღვარზე ვიყავით. ამიტომ საჭირო იყო არქეოლოგიური გათხრების დაწყება. ვინაიდან ჩვენთან სამთო არქეოლოგია როგორც გითხარით, აღარ არსებობდა, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ამ პროექტზე მუშაობა ბოხუმის სამთო მუზეუმთან და რურის უნივერსიტეტთან ერთად დაიწყო. ჩვენთან ერთად იყო ასევე „რუსთაველის“ ფონდი. კვალიფიცირებული გათხრების დაწყება მხოლოდ და მხოლოდ გერმანელებთან ერთად იყო შესაძლებელი. დავიწყეთ მიწისქვეშა და მიწისზედა გათხრები ანუ ქვევიდან ზევით და ზევიდან ქვევით მივდიოდით და, სანამ ერთმანეთთან არ დავაკავშირეთ გათხრებმა თითქმის ხუთი სეზონი გასტანა. მართლაც კატორღული სამუშაოები ჩავატარეთ.

ლელა ნინუა: ამ ყველაფრის შემხედვარე შოკირებული ვიყავი: საკუთარი თვალით ვხედავდი ოქროს ძარღვებს. რაც მთავარია, ოცდახუთ მეტრ სიღრმეზე, ხუთი ათასი წლის ანუ ორმოცდაათი საუკუნის წინ, ადამიანებს ვენტილაცია ჰქონდათ გაყვანილი. ერთხელ ქალბატონ ირინეს სინათლე ჩაუქრეს – საწვავს ამატებდნენ გენერატორს. მერე, რომ ამოვიდა, თქვა: მართალია, ქვესკნელში ვიყავი, მაგრამ, სამაგიეროდ, ოქროშიო.

– ყველაზე მნიშვნელოვანი რა გავიგეთ ამ სამუშაოების შედეგად?

ირინე: ძეგლი არის უძველესი, ეგვიპტეზე ადრეული პერიოდის. ეგვიპტელები მთის ოქროს გამოტანას ათასი წლით გვიან იწყებენ.

– იმ პერიოდში ეს რა ტერიტორია იყო?

– ახლა ეს ქვემო ქართლია, მაგრამ, ჯერჯერობით არ შემიძლია, გიპასუხოთ რა ერქვა ტერიტორიას ამ დროს, მეოთხე ათასწლეულში. რას უწოდებდნენ მას, არ ვიცით. მაშინ დამწერლობა არ იყო, მაშინ დამწერლობა ჰქონდათ მესოპოტამიას, ეგვიპტეს და სხვა. ერთადერთი, შეგვიძლია ამის შესახებ ინფორმაცია უცხო წერილობით წყაროებში ვეძებოთ. მაგრამ, სავარაუდოდ, რას უწოდებდნენ ამ ადგილს, რთული მისაკვლევია. ახლაც კი, ჩვენ საკუთარ თავს ქართველებს ვუწოდებთ, მაგრამ ყველა სხვა ენაზე ჩვენი ეროვნება სხვადასხვანაირად ითარგმნება. ამიტომ ამ ყველაფრის იდენტიფიცირება რთულია. ჩვენ არქეოლოგები ვართ, შესაძლოა ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ საბოლოო და ზუსტი პასუხის დადგენას ტექსტოლოგების, ფილოლოგების, ძველი აღმოსავლეთის სპეციალისტების მუშაობა სჭირდება. გაჩნდა მეორე კითხვა: ვის სჭირდება ეს ოქრო?! ოქრო სჭირდება ხელისუფალს. ესე იგი, იმ პერიოდში ხელისუფალი ჰყავდათ? მათი კატორღული შრომა ძალიან ორგანიზებული იყო, შესაბამისად, არსებობდა კლასობრივი დაყოფა, ანუ, იყო საზოგადოებრივი ფენები.

ლელა: იმისთვის, რომ მაშინდელ „მუშას“, მონა ერქმეოდა მას თუ სხვა რამ, გამოეტანა ეს ოქრო, ის სადღაც უნდა წაეღო, ანუ, ჰქონოდა ბაზარი. იქ დღესაც ცხოვრობენ, ადამიანები, რომელთაც ძალიან უჭირთ, მაგრამ აზრად არ მოსდით, მივიდნენ და ოქროს ჩიჩქნა და მისი რეცხვა დაიწყონ, არ იციან, ეს როგორ უნდა გააკეთოს და, აი, ეს ცოდნაა ყველაზე მნიშვნელოვანი: რა უნდა გამოვიდეს იქიდან, როგორ დამუშავდეს და სად წავიდეს. ეს შრომა კონტროლირებადი და სისტემური იყო.

– და, როგორ ფიქრობთ, რა ხდებოდა, როდესაც იყო დაბალი ფენაც და ხელისუფალიც?

ირინე: სახელმწიფოს საფუძვლებთან მივდივართ, რა ფორმით არსებოდა ის და რა ერქვა, ამისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. მაგრამ, ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე, უფრო სწორად, სამხრეთ კავკასიაში, რადგან მტკვარ-არაქსული კულტურა როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვრცელდება და გარკვეული სახელმწიფოს არსებობას გულისხმობს. ნუ დავიწყებთ ნაციონალურად იმის ძახილს, რომ ისინი ქართველები იყვნენ. არც „დეენემი“ გვაქვს გაკეთებული ჯერ და არც ბევრი სხვა საჭირო ანალიზი. მოკლედ, ეს კულტურა მტკვრისა და არაქსის აუზში ვრცელდება, რომელიც მეოთხე ათასწლეულის დასაწყისიდან, ვიდრე მესამე ათასწლეულის პირველ ნახევრამდე ანუ თითქმის ათი საუკუნე გრძელდება. ამ საზოგადოების დროს ხდება მელითონეობის დიდი „აფეთქება“. საინტერესოა, ვინ იყვნენ ისინი, გვარ-ტომობრივად ცხოვრობდნენ თუ როგორ. ერთი, რაც ზუსტად ვიცით, არსებობდა სამთოელების ფენა, რომელიც ამ ნედლეულ-საბადოებზე მუშაობდა. მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ გარშემო ტერიტორიაზე, საკმაოდ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მივაგენით ადგილს, სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა: ვნახეთ ნაგებობები, უზომო რაოდენობის ჭურჭელი, გამოსადნობი ღუმელები, ყველაფერი, რაც ოქროს დასამუშავებლად იყო საჭირო. თან, რაც მთავარია, ნაგებობის შიგნით აღებულ მიწაში, რაც მაშინდელი იატაკი იყო, ძალიან ბევრი ოქროა, ანუ გაბნეულია, მაგრამ ნაგებობის გარეთ საერთოდ არ არის. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზებულად შეჰქონდათ შიგნით და იქ რეცხავდნენ და ამუშავებდნენ. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ იუველირები, ოქრომჭედლები – რაც გინდათ, დაარქვით, – რომლებიც ოქროსგან რაღაც ნივთებს აკეთებდნენ, მაგრამ ნივთი არ გვიპოვია. ახლა უკვე არქეომეტალურგია გააკეთებს მოპოვებული მასალის ლაბორატორიულ ანალიზებს და შემდეგ უკვე სამეცნიერო ანალიზები გაკეთდება. ჩვენ ვიკვლევთ, რა ტიპის მადნები გვაქვს და ამ მადნებისგან რას ვამზადებდით. ქიმიურ-იზოტოპური ანალიზით ვადგენდით, ამ ჩვენი საყდრისიდან ვინ წაიღო ოქრო, ვინ რა დაამზადა.

– ეს როგორ დგინდება?

– ვიცით, რომ იქ მადანი აღარ არის.

– ანუ იქ ოქრო აღარაა?

– არის, მაგრამ დაბალი შემცველობის. პრეისტორიულ ხანაში მხოლოდ მაღალი შემცველობის ოქროს იღებდნენ, დაბალი დატოვებულია. ამიტომ უნდოდა „მადნეულს“ წარმოება, მაგრამ ამჟამად ტონაზე მხოლოდ ორი გრამი ოქრო ამოდის. ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ გეგონებათ, რომ ჩვენ ჩავედით და იქ „მაკენას ოქრო“ დაგვხვდა მთებივით (იცინის). ეს მადნები ძველი მეთოდებით, მაშინდელი იარაღებით ავიღეთ, დავფხვენით, გავრეცხეთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იმ დროში უკვე იყო წარმოება, მოპოვებიდან – პროდუქტამდე. ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ პროდუქტი.

– და, რა შეიძლებოდა ეს პროდუქტი ყოფილიყო, მხოლოდ სამკაული?

– დიახ, რადგან ამ პერიოდში მონეტები არ არსებობს. ოქრო ღმერთებისა და ხელისუფლებისთვის არის განკუთვნილი და, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მათ მაშინდელი ღმერთების თაყვანსაცემად იყენებდნენ. მაგრამ, მოდი ასე მივყვეთ: ვის აქვს მაშინ ოქრო? ოქრო აქვს მესოპოტამიას, შუმერებს, ელამს – ბევრს, მაგრამ მათ არ აქვთ საბადო, არ არსებობს საბადოები. ისინი საიდანღაც იღებდნენ ამას. ვერ გეტყვით, რომ ამ საქმეში მაინცდამაინც ჩვენ ვიყავით პირველები, რადგან ირანსაც ჰქონდა ოქროს დიდი მარაგი, მაგრამ ასეთი გვიანდელი პერიოდის საბადოები არ ჩანს, უფრო მეორე ათასწლეულს ეკუთვნის. ამ პერიოდში ოქროს „აფეთქება“ იწყება: მოდის ტროას, ა ლა ჯა ჰოიუკის (თურქეთი) ოქრო, მაგრამ მათ საიდანღაც იღებდნენ. ჩვენ გავაკეთეთ მადნების სინჯები. ტყვიის იზოტოპურ ანალიზს მხოლოდ ოთხი თუ ხუთი ქვეყანა აკეთებს მსოფლიოში, იმდენად, ძვირი ღირს ხელსაწყო და მთელი მსოფლიო ანალიზებს მათ უკვეთავს. ეს ანალიზი იძლევა გეოლოგიურ თარიღს, ანუ, რა პერიოდში ჩამოყალიბდა ეს მთა და ეს მადანი. შემდეგ კი დგინდება მიკროელემენტების მთელი სქემა, რადგან ეს მადნები ერთმანეთს არ ჰგავს. მათ თავისი თარიღი და სახე აქვთ. ამას უწოდებენ „თითის ანაბეჭდს“, ანუ: საყდრისი არის თითის ანაბეჭდი – ერთი, სვანეთი – თითის ანაბეჭდი – ორი. ასე მოდის სამი, ოთხი... პარალელურად, ნივთის ანალიზებს რომ ვიღებთ, ჩანს, რომ ეს ანაბეჭდი და ის ანაბეჭდი იდენტურია. ანალიზების მთელი ბანკი გვაქვს, მონაცემთა ბაზა და მათ ამ მადნებს ვადარებთ. ანუ, რომელია დამზადებული იმ ოქროთი, ამის სიზუსტეს ადგენს იზოტოპი. ამ კვლევაში ვართ ახლა. სად წავიდა კაცო, ამდენი ოქრო? სამოცი სხვადასხვა პერიოდის ნივთის ანალიზი გავაკეთეთ, რომელიც მესამე, მეორე ათასწლეულებისაა. ვიკვლევთ არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნ, არამედ შუმერების, აღმოსავლეთ ანატოლიაში ნაპოვნ ნივთებს, რაზეც ხელი მიგვიწვდება. ვერ გეტყვით რომ, არიქა, ყველა ქვეყანა გადაირია, რომ მოგვცეს თავისი ნივთები. იმითაც კმაყოფილი ვიქნებით, თუ რომელიმე ქვეყანა ოქროს შესწავლას ამავე მეთოდით დაიწყებს. მაგალითად, პენსილვანიის უნივერსიტეტმა მოგვცა ურის სამეფო სამარხების ოქროს ყველა, ანუ ორასივე ნივთი. გადარეული ვარ ამაზე. თუ ურიში აქაური წარმომავლობის ოქროსგან დამზადებული სამკაული ვიპოვეთ, ეს უტყუარი ნიშანი იქნება იმისა, რომ ოქროს გაცხოველებული გაცვლა-გამოცვლა იყო. თუ არა ბრძოლა ამ საბადოების ხელში ჩასაგდებად. პარალელურად ჩვენი მიზანია ტექსტებში ვიპოვოთ, რა ერქვა ამ ხალხს. ასე რომ, კიდევ ერთ სენსაციას ველოდებით.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3