კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეეძლო ქართველი გრიგოლ ბაკურიანისძის პოზიციას ბიზანტიის ტახტის პრეტენდენტთა შორის გაჩაღებულ დავაზე გავლენის მოხდენა


მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქართველი, გრიგოლ ბაკურიანისძე, ბიზანტიის იმპერიაში ყველაზე მაღალ სამხედრო თანამდებობას ფლობდა. ამ ადამიანმა დააარსა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საქვეყნოდ ცნობილი ქართული მონასტერი უცხოეთში – ეს იყო პეტრიწონის მონასტერი. მისი თანამედროვე ისტორიკოსები „ყოველთა ქართველთა მასპინძლადაც“ მოიხსენიებენ ბაკურიანისძეს. როგორ მოხვდა იგი ბიზანტიაში, როგორ განვითარდა მისი სამხედრო კარიერა და როგორ გაიღო შეძენილი ქონება ქართული საქმისთვის, ამას ჩვენი რესპონდენტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი დავით მერკვილაძე გვიამბობს.


დავით მერკვილაძე: გრიგოლ ბაკურიანისძე მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო ბიზანტიის იმპერიაში. ის გახლდათ ტაოელი ერისთავის ბაკურიანის ოჯახში დაბადებული. ამიტომაც იწოდება გრიგოლ ბაკურიანისძედ. ისტორიკოსების ნაწილი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს პიროვნება ბაგრატიონთა საგვარეულოსაც კი განეკუთვნებოდა. თუმცა, ამაზე დაბეჯითებით რამის მტკიცება შეუძლებელია შესაბამისი მონაცემების უქონლობის გამო.

– როგორ აღმოჩნდა გრიგოლ ბაკურიანისძე ტაოდან ბიზანტიაში და როგორ განვითარდა მისი კარიერა?

– გრიგოლმა, რომელიც ნაადრევად დაობლებულა მამით, როდესაც წამოიზარდა, თავის უმცროს ძმა აბაზასთან ერთად, გადაწყვიტა შესულიყო ბიზანტიის იმპერიის სამხედრო სამსახურში. იმ დროს ტაოს მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მოყოლებული დავით კურაპალატის გარდაცვალების დროიდანვე. თავისი განსაკუთრებული სტრატეგიული ნიჭის, შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობისა და სიმამაცის წყალობით, ბაკურიანისძე სწრაფად დაწინაურდა, მან მიაღწია იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მთავარსარდლობას და სევასტოსის ტიტულიც მიანიჭეს. გრიგოლ ბაკურიანისძეს დაევალა იმპერიის აზიურ ნაწილში ქვეყნის სამხედრო პოლიტიკური ინტერესების დაცვა და გატარება. მნიშვნელოვანია, რომ ბიზანტიის იმპერატორები ამ ტიტულს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, დიდი დამსახურებისთვის ანიჭებდნენ.

– ამის შემდეგ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება?

– რადგანაც უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა ჰქონდა, გრიგოლ ბაკურიანისძის პოზიციას შეეძლო გავლენა მოეხდინა იმპერატორის ტახტისთვის გაჩაღებულ დაპირისპირებებში ტახტის პრეტენდენტთა შორის. სწორედ მისმა მხარდაჭერამ შეიტანა დიდი წვლილი კომნენოსთა დინასტიის საფუძველჩამყრელის, ალექსი კომნენოსის საიმპერატორო ტახტზე ასვლაში. მალე გრიგოლ ბაკურიანისძე „დასავლეთის დიდ დომესტიკოსად“ ინიშნება. ანუ, გრიგოლს ახლა უკვე ბიზანტიის იმპერიის ევროპულ ნაწილში უწევს იგივე მოვალეობის შესრულება. ეს თანამდებობა იყო მწვერვალი, მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო ბიზანტიურ სამხედრო კარიერაში.

– ალბათ, ხშირად ხვდებოდა ქართველ პოლიტიკოსებს ბიზანტიის იმპერიის დასავლეთ ნაწილის დიდი დომესტიკოსი.

– ასეა. ამ მხრივ საინტერესოა მისი და საქართველოს მეფის გიორგი მეორის შეხვედრა ბანაში, სადაც გრიგოლ ბაკურიანისძემ იმპერიის სახელით დაუმტკიცა ქართველ მეფეს ქალაქი ყარსი და „მისი მიმდგომი ქვეყანა“, საიდანაც ქართველმა მეფემ თურქ-სელჩუკები განდევნა.

საგულისხმოა, რომ გრიგოლ ბაკურიანისძეს „ყოველთა ქართველთა მასპინძლად” მოიხსენიებენ ქართული წყაროები.

– ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ გრიგოლ ბაკურიანისძე ბიზანტიის სამსახურში ქართულ საქმესაც აკეთებდა?

– მას უპირველეს მოვალეობად მიაჩნდა, ეზრუნა ბიზანტიაში მოხვედრილ ქართველებზე და გაეწია მათთვის ყველანაირი შესაძლო დახმარება. ცნობილია, რომ ბაკურიანისძემ თავის ირგვლივ შემოიკრიბა მრავალი ქართველი მებრძოლი, რომლებთან ერთადაც მრავალი განსაცდელიც გადაიტანა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია.

– ამხელა თანამდებობის პირი მდიდარი კაციც იქნებოდა.

– იმპერიის უმაღლესი სამხედრო პირი რასაკვირველია, მნიშვნელოვანი ქონების პატრონიც გახდა. თუმცა, ის ოჯახს არც მოკიდებია და მთელი თავისი ქონება მან და მისმა ძმამ – აბაზამ ქართველებისთვის და ქართული საქმისთვის გაიღეს.

– რას გულისხმობთ?

– გრიგოლ ბაკურიანისძეს სურდა, ქართველთა ის სამხედრო ერთობა, რომელიც მის ირგვლივ იყო შემოკრებილი, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც არ დარღვეულიყო. სწორედ ამ მიზნით და ასევე საკუთარი საძვალის შესაქმნელად მან დააარსა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საქვეყნოდ ცნობილი ქართული მონასტერი უცხოეთში. ეს იყო პეტრიწონის მონასტერი, რომელიც მაშინდელ ბიზანტიის იმპერიაში და დღევანდელ ბულგარეთში მდებარეობს – ქალაქ პლოვდივიდან ოცდაათიოდე კოლომეტრზე, მდინარე ასენიცის ულამაზეს ხეობაში, სადაც ბაკურიანისძემ სწორედ ტაძრის ასაშენებლად შეიძინა მამულები. ბაკურიანისძემ წინასწარ იზრუნა, რომ ქართველთა მონასტერი მომავალში უზრუნველეყო ეკონომიკურად. ამ მიზნით, მონასტერს შესწირა, ადგილ-მამულები, სახნავ-სათესები, სოფლები თავის გლეხებითურთ, ბაღ-ვენახები, ტყეები, ტბა თევზის დასაჭერად, წისქვილი. მოამარაგა ეკლესია ქართული საღვთისმსახურო წიგნებით, რაც მნიშვნელოვანია, აგრეთვე – ძვირფასად შემკული საეკლესიო ნივთებით. მონასტრის საძმოსთვის გრიგოლ ბაკურიანისძემ ააგო სასნეულო, ანუ საავადმყოფო, სამი სასტუმრო სხვადასხვა ადგილას. ერთი სიტყვით, ამ ადამიანმა წარმოუდგენლად დიდი ღვაწლი გაიღო.

– ღრმად მორწმუნე პიროვნება იყო გრიგოლ ბაკურიანისძე?

– როგორც აღვნიშნეთ, მონასტრის პირველი საძმო დიდი მხედართმთავრის ყოფილი ქართველი თანამებრძოლებისგან შეადგინა, რომელთაც, აბჯარ-მუზარადი ბერის კაბაზე გაცვალეს და ფარ-ხმალის ნაცვლად ხელში ჯვარ-სახარება აიღეს.

პეტრიწონის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აქ ითარგმნებოდა მრავალი საღვთისმეტყველო, თუ ფილოსოფიური ხასიათის შრომა, იქმნებოდა ახალი ქართული ხელნაწერი წიგნები. ამდენად, პეტრიწონი ქართული მწიგნობრობის კერადაც იქცა, სადაც თავისებური სტილის ქართული ფილოსოფიური სკოლა ჩამოყალიბდა.

გრიგოლ ბაკურიანისძემ ქართველი ყმაწვილების აღზრდა-განათლებისა და მათი მომავალი კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის მომზადების მიზნით, პეტრიწონის მონასტერში სპეციალური სასწავლებელიც დააარსა, ანუ, ეს იყო სემინარია, სადაც ახალგაზრდების მოსამზადებლად შეირჩა გამორჩეულად სათნო, ღვთისმოსავი და განსწავლული ბერი. საინტერესოა, რომ პეტრიწონის მონასტერი სემინარიელებს უზრუნველყოფდა ყველაფრით – საკვებით, სამოსით და მასწავლებლის გასამრჯელოც მონასტრის შემოსავლიდან გამოიყოფოდა.

– საიდან არის ეს ყველაფერი ცნობილი?

– გრიგოლ ბაკურიანისძემ, თავის დაარსებულ ქართველთა მონასტერს თავადვე შეუდგინა ტიპიკონი (მონასტრის წესდება), სადაც შესულია მისი ანდერძიც, რომელშიც ახსნილია გრიგოლის ამ გადაწყვეტილებათა როგორც მიზეზები, ასევე მიზნები. საგულისხმოა, რომ ეს ტიპიკონი არის სასიამოვნო გამონაკლისი, რადგან იგი ერთადერთია ქართული მონასტრების წესდებათაგან, რომელმაც სრული სახით მოაღწია ჩვენამდე. ეს წესდება იმთავითვე შედგენილა ბერძნულ და ქართულ ენებზე. ბერძნულად იმიტომ, რომ ბიზანტიის სახელმწიფო ენა ბერძნული იყო და ქართულად იმიტომ, რომ მონასტერი მხოლოდ ქართველებისთვის შეიქმნა. წესდებაში პეტრიწონის მონასტერი ასევე იწოდება: „პატიოსანი ესე მონასტერი ქართველთაი”.

როგორც ნებისმიერ იმპერიას, ბიზანტიასაც თავისი, იმპერიისთვის დამახასიათებელი, პოლიტიკა გააჩნდა. ამიტომ, გრიგოლ ბაკურიანისძე წესების ქართულად შედგენას ოფიციოზის წინაშე ასე ხსნიდა: „მონაზონნი მონასტრისა ჩემისანი, გუარად, ქართველნი არიან და არა იციან ბერძნული წარკითხვაი და ჯერ არს რაითა ქართულად დაწერილსა ამოკითხვიდენ და გულსხმა ყოფდნენ აღწერილსა, განსაზღვრულსა ამას შინა ტიპიკონსა.” მონასტერი რომ მხოლოდ ქართველებისთვის იხსნება, იქიდანაც ჩანს, რომ ტიპიკონი გადაჭრით კრძალავდა მონასტერში ბერძენი ხუცესის დაშვებას, რადგან, თითქოს გრიგოლი წინასწარვე შიშობდა, მისი ღვაწლით დაარსებულ ქართულ მონასტერს მომავალში ბერძნები არ დაპატრონებოდნენ. თუმცა, დიდი ხნის შემდეგ ეს მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა, საქართველოს ბედუკუღმართობის გამო.

– რაც შეეხება აღსასრულს...

– სიცოცხლის ბოლო წლებში გრიგოლი თავგამოდებით იბრძოდა, იმპერიის საზღვრებში ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილი მომთაბარე პაჭანიკების წინააღმდეგ. მათზე არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოუპოვებია, ეს გამარჯვებები იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ თავადაც აღნიშნავს: „შემდგომად აღსრულებისა ჩემისა მრავალთა ჟამთა იხსენებოდისო”. თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ამ პაჭანიკებთან ბრძოლაში დაიღუპა გმირულად 1086 წელს. იგი დაკრძალეს, მისსავე დაარსებულ მონასტერში, საგანგებოდ აგებულ საძვალეში, სადაც, ცოტა ადრე, გრიგოლისვე ხელით დაიკრძალა ასევე, ბრძოლაში დაღუპული, მისი უმცროსი ძმა აბაზა. ეს უცნაური არქიტექტურის ორსართულიანი ნაგებობა დღემდეა შემონახული, რომლის პირველი სართული საძვალეა, ხოლო მეორე ეკლესია. აბაზამაც მთელი თავისი ქონება პეტრიწონის მონასტერს უანდერძა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება იმპერიის სამსახურში გაატარა – გრიგოლ ბაკურიანისძემ, მიაღწია უმაღლეს თანამდებობებს, დააგროვა ამხელა ქონება, იგი ბოლომდე დარჩა თავისი სამშობლოს ერთგულ შვილად და ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, საქართველოსთვის და ქართული საქმისთვის რაიმე სასიკეთო არ გაეკეთებინა. იგი ბოლომდე ღირსეულ ქართველად დარჩა და ასეთივე წავიდა ამქვეყნიდან. ასე რომ, მის მიერ დატოვებული სასიკეთო კვალი დღემდე ატყვია საქართველოს ისტორიასა და კულტურას.


скачать dle 11.3