კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის საფასურად გამოასალმა კონსტანტინე- მირზამ სიცოცხლეს საკუთარი ძმა და მამა



ეკა სალაღაია



კონსტანტინე-მირზა გახლდათ კახეთის მეფის ალექსანდრე მეორის ძე, რომელიც შაჰის კარზე გაიზარდა 7 წლის ასაკიდან და შეიძლება ითქვას, რომ შაჰ-აბას პირველმა არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ ამ ადამიანში ყველაფერი ეროვნული და მშობლიური ჩაეხშო. გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, შაჰმა კონსტანტინე-მირზას სახით საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ანტიგმირი გაზარდა. კონსტანტინე-მირზამ მამა და ძმა გამოასალმა სიცოცხლეს, მათი თავები კი ირანის შაჰს გაუგზავნა. თუ რისთვის ჩაიდინა მან ასეთი საქციელი და როგორ გაგრძელდა ამის შემდეგ თვით კონსტანტინე-მირზას ცხოვრება, ამას ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.



– მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულის დაშლილ საქართველოს დაუპირისპირდა ძალიან ვერაგი, დაუნდობელი და გამოცდილი მტერი, შაჰ-აბას პირველის სახით. 1587 წელს, როდესაც შაჰ-აბას პირველი ირანის სამეფო ტახტზე აღმოჩნდა, ირანი სუსტი სახელმწიფო იყო. მას ყველაფერში ოსმალეთი ჯაბნიდა, მაგრამ ძალიან მცირე ხანში, მან შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭის, არნახული სიმკაცრისა და დაუნდობელი პოლიტიკის შედეგად, ირანი მთელ ახლო აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.

– როგორც ცნობილია, შაჰ-აბასის პოლიტიკაში კავკასიას და საქართველოს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა...

– უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პატარ-პატარა საქართველოებს – განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოებს. დიდი მნიშვნელობა იმ მხრივ, რომ თუკი შაჰი ვერ დაიმორჩილებოდა ქართლს და კახეთს, ვერც კავკასიის დამორჩილებაზე იოცნებებდა. არადა, არა მარტო კავკასიის, არამედ ჩრდილოეთით დაღესტანზეც ჰქონდა პრეტენზია როგორც ირანს, ისე ოსმალეთს. ამგვარად, დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა ამ რეგიონში პირველობისთვის. ამავე დროს, გამოჩნდა ახალი მოთამაშე – რუსეთი, რომელმაც სიკეთის მოტანის ნაცვლად, უფრო გაამწვავა მათი ქიშპობა და დაძაბა ქართულ სამეფოთა მდგომარეობა. კერძოდ კი, კახეთის სამეფოსი, რომელიც პირველი ინიციატორი აღმოჩნდა რუსეთთან დაახლოებისა და უნდა ითქვას, ყველაზე დიდი უბედურება კახეთმა სწორედ რუსეთისგან მიიღო.

აქ გათამაშდა მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია ქალაქ ზეგამში, ან საგემში, რომელიც გახლავთ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ის დაბა კახის რაიონული ცენტრის მიმდებარედ მდებარეობდა.

ამ ტრეგედიამ შვა ერთ-ერთი უარყოფითი გმირი საქართველოს ისტორიაში, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი არნახული დაუნდობლობით. ეს იყო კონსტანტინე-მირზა.

– რა ვიცით კონსტანტინე-მირზას შესახებ?

– კონსტანტინე-მირზა, გამოირჩეოდა თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით.

შაჰ-აბასი ჯერ ტახტზე არ იყო ასული, როდესაც მცირეწლოვანი (7 წლის) უფლისწული კონსტანტინე – კახთა მეფის ალექსანდრე მეორის ძე აღმოჩნდა ირანში მძევლად. როგორც კი შაჰ-აბასი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, ეს იყო პატარა უფლისწულის გამოშიგვნა სულიერად. ეს ვითარება ძალიან კარგად აქვს ასახული შესანიშნავ ქართველ მწერალს ლევან გოთუას თავის „გმირთა ვარამში”. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სცენა თუ როგორ ჩააბარა შაჰმა გამოცდილ აღმზრდელს – ხოჯას აღსაზრდელად უფლისწული. მან ხოჯა და კონსტანტინე დაიბარა და უსიტყვოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გადასცა გულამოჭრილი საზამთრო. ამით სიმბოლურად ანიშნა აღმზრდელს, თუ რა უნდა გაეკეთებინა მას და როგორც ჩანს, ეს უკანასკნელიც მშვენივრად მიუხვდა. უფლისწული ისე იზრდებოდა, რომ ქართული სამყაროსგან სრულიად მოწყვიტეს და მშობლიური აბსოლუტურად აღარაფერი შეუნარჩუნეს. ხოჯამ შედეგს მიაღწია.

1601 წელს უფლისწულ კონსტანტინეს პირველად მისცეს უფლება საქართველოში მამასთან – ალექსანდრე მეორესთან გამოცხადებულიყო და თავის პირველი ძღვენი მიერთმია მისთვის. რა თქმა უნდა, ალექსანდრე შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ამ ძღვენს იგივე დატვირთვა ჰქონდა, რაც ტროას ცხენს. თუმცა კი, მეფეს თავს ზევით ძალა არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ამ ვიზიტით შაჰ-აბასმა გამოსცადა თავისი მძევალი. მოსინჯა, როგორ შეიძლებოდა, მასზე დაყრდნობა მომავალში და ხომ არ გააღვიძა ამ ვიზიტმა კონსტანტინეში ქართული სული. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კონსტანტინე-მირზამ მხოლოდ შაჰის დავალება შეასრულა საქათველოში ჩამოსვლით და სხვა არაფერი.

ყველაზე საშინელება ის არის, რომ ყოველი დამპყრობელი ცდილობს, თვითონ კი არ დასაჯოს ქართველი, არამედ – ქართველებისვე ხელით, სამეფო კარის ან დაწინაურებული ქართველის ხელით და შემდეგ ისევ ქართველებს დააბრალოს, – ჩვენ რა შუაში ვართ, თუ ქართველები ასეთები ხართო.

ახალი ჯარი შექმნა, ეგრეთ წოდებული „იანი ჩარი“, რომელიც იყო დაქირავებული და ძალიან კარგად გაწვრთნილი ძალა მთლიანად დამოკიდებული შაჰზე. ასევე ზარბაზნების შესაქმნელად დაიქირავა ინგლისელი ავანტიურისტები – შერლები. მათ დიდი არტილერია შესძინეს ირანს. ამის შედეგად ირანელებმა შეძლეს შეტევა განეხორციელებინათ და ოსმალეთის გავლენის სფეროში მოქცეული ბევრი წერტილი დაებრუნებინათ. ამის შემდეგ დადგა საქართველოს, კერძოდ, კახეთის ჯერიც. ალექსანდრე მეორე ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. ის ცდილობდა, რომ ირანსაც და ოსმალეთსაც – ორივე ურჩხულს ისეთი პოლიტიკით დახვედროდა, რაც შეიძლება ნაკლები ზარალი განეცადა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, ალბათ, მისი შეცდომა იყო ის, დიდად დაენდო ახალ ძალას რუსეთის სახით. რუსეთი ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში. 1627 წელს მეფე ალექსანდრემ, პირველმა ქართველ მეფეთა შორის, „ფიცის წიგნი“ დადო რუსეთთან.

– რას ითვალისწინებდა „ფიცის წიგნი”?

– მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ალექსანდრე მზად არის, აღიაროს რუსეთის უზენაესობა, დაეხმაროს მას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იკისრებს, კახეთის მფარველობას. „ფიცის წიგნი” იყო „გეორგიევსკის ტრაქტატის“ წინა ნაბიჯი, მაგრამ ისევე როგორც „გეორგიევსკის ტრაქტატმა“, მანაც ძალიან გააღიზიანა საქართველოს მეზობლები: ირანი და ოსმალეთი. მათ უფრო გადამწყვეტად და დაუნდობლად დაიწყეს კახეთსა და მის მესვეურებზე ნადირობა. სწორედ, ამ გეგმის ნაწილი იყო კონსტანტინე, რომელსაც უნდა დაეხოცა მამა და ძმა, რათა შეცვლილიყო კახეთის მიერ რუსეთის მხარეს აღებული პოლიტიკური კურსი.

ალექსანდრეს პოლიტიკურ კურსს იზიარებდა და აგრძელებდა უფროსი ვაჟი და თანამოსაყდრე გიორგიც.

თუმცა, ალექსანდრეს კურსის შესაცვლელად შაჰ-აბასს თავისი გეგმა ჰქონდა, რომელიც ალექსანდრესა და მისი ვაჟის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად. ერთი პერიოდი თავისთან დაიბარა შაჰმა კახეთის მეფე და სხვადასხვა ლაშქრობებში თან ატარებდა. შირვანში ლაშქრობისასაც თან ახლდა შაჰს იგი. ბოლოს, როგორც იქნა, დაჰყაბულდა შაჰი და გამოუშვა სამშობლოში კახეთის მეფე. ჩანს, მას უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა ის ვერაგული გეგმა, როცა ალექსანდრე მეორე კახეთში გამოუშვა.

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

– ძეგამში ალექსანდრე მეორის უფლისწული გიორგი დახვდა ქართული ჯარით. თუმცა, რატომღაც, ძალიან ჩქარა, ალექსანდრემ და გიორგიმ გადაწყვიტეს, ძეგამში უსაფრთხოდ იქნებოდნენ და მთლიანად დაითხოვეს ჯარი. მხოლოდ რამდენიმე დიდგვაროვანი და რუსი ელჩები დარჩნენ მათთან. შესაძლოა, ეს საქციელი მამა-შვილმა იმის დემონსტრირებისთვის გააკეთა, რომ ირანს დაენახა, როგორ იცავდა მათ რუსეთი. 1605 წლის 8 მარტს მეფე ალექსანდრე ძეგამში ჩავიდა, 12 მარტს კი გათამაშდა ეს საშინელი ტრაგედია.

– გვიამბეთ ამ ტრაგედიის დეტალებზე?

– აღსანიშნავია, რომ ირანიდან გამობრუნებულ ალექსანდრეს შაჰმა კონსტანტინე გამოაყოლა. კონსტანტინემ კვლავ შაჰის გამოტანებული საჩუქარი – ხალათი და გვირგვინი გადასცა მამას, როგორც დიდი წყალობა. ხალათი ნიშნავდა, რომ მეფე ექცევა შაჰის პატრონაჟის ქვეშ, ხოლო ზედ დართული გვირგვინი – წყალობასთან ერთად, შაჰის ვასალობასაც მოასწავებდა. თუმცა, ეს დაჯილდოება და პატივი სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა.

საბედისწერო დღეს, 12 მარტის დილას, რუსი ელჩები უნდა შეხვედროდნენ კახელ მოხელეებს და როგორც ჩანს, ირანელების დასანახავად, კიდევ რაღაც დოკუმენტისთვის უნდა მოეწერათ ხელი. სწორედ ამ დროს, კონსტანტინე-მირზამ ძეგამიდან მოშორებით დატოვებული ყიზილბაშთა ჯარი მოიხმო. ძეგამი ყიზილბაშთა გარემოცვაში აღმოჩნდა. კარავში, სადაც მეფე და გიორგი იმყოფებოდნენ, მივიდა კონსტანტინე და უცბად, ყოველგვარი საბაბის გარეშე მისცა ნიშანი თავის მხლებლებს და ისინიც თავს დაესხნენ უფლისწულ გიორგის. ნათელი გახდა, რომ მათ განზრახული ჰქონდათ გიორგის მკვლელობა, უკვე ასაკიანი ალექსანდრე გადაეფარა შვილს. შედეგად, ორივე მოკლეს. იქვე, მამას და ძმას, თავები დააჭრა კონსტანტინემ და შაჰ-აბასს გაუგზავნა.

– ამის შემდეგ რა ბედი ეწია მოღალატეს?

– ამ მკვლელობის შემდეგ კონსტანტინე კახეთის მეფედ დაჯდა. საინტერესოა მოღალატეების ბედი. მისმა ქმედებამ საშინელი რეაქცია გამოიწვია მთელ კახეთში. მარტში გამეფებული კონსტანტინე, მხოლოდ ოქტომბრამდე იჯდა კახეთის ტახზე. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მოინდომეს მისი მოკვლა შურისძიების მიზნით. ჯერ იყო და ქიზიყი აჯანყდა. მერე შირვანში შემახის ასაღებად წაყვანილი ჯარი საკუთარი მთავარსარდლის წინააღმდეგ წავიდა. შეიჭრნენ ღამით კონსტანტინეს კარავში და ეს უკანასკნელი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ კარავის მეორე მხარე ხმლით გაჭრა და გაქცევა მოასწრო. საბოლოოდ, შაჰის ჯარის მოიმედე, შირვანის ბრძოლების დროს გაინაპირეს კახელმა მებრძოლებმა და მოკლეს.

– რაც შეეხება რუსეთს?

– ტრაგედია, ირანისა და რუსეთის თვალწინ გათამაშდა. ეს მკვლელობა ასე დემონსტრაციულად სწორედ რუსეთის დასანახად მოხდა. რუსეთს კი, გარეგნული პროტესტის გარდა სხვა არაფერი უღონია. არადა ყველაფერი მოხდა იმის დასანახვებლად, რომ რუსეთისთვის ეჩვენებინათ, მათი პოლიტიკური კურსი ამ მკვლელობასთან ერთად დასრულდაო. თუმცა კი, გარეგნულად სულ სხვა ტექსტებით იყო შემკული ეს ტრაგედია.


скачать dle 11.3