კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ლეონიდა ბაგრატიონი რუსეთის მთავრინა, მისი საიმპერატორო უმაღლესობა და ვისთან მეგობრობდა ის საქართველოში


სულ ახლახან მადრიდის საავადმყოფოში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის მთავრინა ლეონიდა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა და ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მასთან ისტორიკოს მანანა ხომერიკს. შესაბამისად, ქალბატონი მანანა რუსეთის მთავრინაზე ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს.


– ქალბატონო მანანა, მესაუბრეთ იმის შესახებ თუ სად, ვის ოჯახში დაიბადა რუსეთის მთავრინა ლეონიდა?

– ლეონიდა ბაგრატიონი დაიბადა თბილისში 1914 წელს. მისი მშობლები იყვნენ: გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი და ელენე სიგიზმუნდის ასული ზლოტნიცკაია, წარმოშობით პოლონელი, მაგრამ დედით – ქართველი. ქალბატონ ელენეს დედა იყო მაიკო ერისთავი, ცნობილი ელიზბარ ერისთავის ასული, რომელიც 1932 წლის შეთქმულების მონაწილე გახლდათ. ამავე დროს, ერისთავების ოჯახი ერეკლე მეორის ქალიშვილისგან, ანასტასიასგან მოდიოდა. ეს ოჯახი მუხრანელების მხრიდანაც ერეკლე მეფის შთამომავალი იყო. ანუ, ერეკლე მეორის ქალიშვილი ქეთევანი, იოანე მუხრანბატონის მეუღლე გახლდათ ამ ოჯახის უშუალო წინაპარი. ასე რომ, ისინი დედითაც და მამითაც ერეკლე მეფის შთამომავლები იყვნენ. ოჯახში იზრდებოდა სამი ბავშვი: ირაკლი, მარიამი და ლეონიდა. ისინი ცხოვრობდნენ ივანე მუხრანბატონის აშენებულ სახლში, რომლის შვილიც უშვილძიროდ გადაეგო და ამ სახლის მემკვიდრე გახდა გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი. სახლი მდებარეობდა დღევანდელი გუდიაშვილის 11 ნომერში. ოჯახი ზაფხულობით მჭადიჯვარში დადიოდა, იქ ჰქონდათ საზაფხულო რეზიდენცია. ალექსანდრე ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე და ქალიშვილი ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თბილისში და შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ. რაც შეეხება გიორგი ბაგრატიონის ოჯახს, მათ არ უნდოდათ საქართველოს დატოვება. მიუხედავად იმისა, რომ 1924 წლის აჯანყებაში მათ არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ, ამ აჯანყებამ ოჯახის შემდგომ ბედზე დიდი ზეგავლენა იქონია. დაშინდნენ, იცოდნენ, რომ საფრთხე ემუქრებოდათ და გაუჩნდათ აზრი, ირაკლი მაინც გაშორებოდა საქართველოს. ორი წლის შემდეგ ოჯახმა მოახერხა და ირაკლი ნიცაში გაგზავნა, ემიგრაციაში. იქ უკვე იმყოფებოდნენ მისი ბებია და გაუთხოვარი მამიდა – ნინა ბაგრატიონი, რუსეთის დედოფლის ყოფილი ფრეილინა. 1930 წელს გიორგი ბაგრატიონი სრულიად უმიზეზოდ ორი წლით დააპატიმრეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ეს ოჯახი საქართველოს უნდა გასცლოდა. მაქსიმ გორკი დაეხმარა ქალბატონ ელენეს და მის ორ ქალიშვილს, ემიგრაციაში წასულიყვნენ და დაჰპირდა კიდეც, გიორგი ბაგრატიონს ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასაც მათთან გამგზავრებაში დაეხმარებოდა. მართლაც, მაქსიმ გორკიმ თავისი დანაპირები აასრულა და მას დიდად ემადლიერებოდნენ გიორგი ბაგრატიონის ოჯახის წევრები. ლეონიდა ბაგრატიონი 16 წლის იყო, როდესაც ის უცხოეთში გაემგზავრა, კერძოდ, საფრანგეთში. მან საკუთარ თავზე დაიწყო მუშაობა. ბევრს კითხულობდა და ძალიან ერუდირებული იყო. ასეთი გავიცანი მე მთავრინა ლეონიდა. ირაკლი ბაგრატიონი იყო ადვოკატი, მარიამი კი სწავლობდა პარიზში, ამერიკულ სამხატვრო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. ამისთვის პირადი მოტივი ჰქონდა. იმ დროს საბჭოთა კავშირში ძალიან დიდი თანამდებობა ეკავა აბელ ენუქიძეს, რომელსაც ჰყავდა ძმისშვილი, ვანო ენუქიძე. ვანო პარიზში ცხოვრობდა, ცნობილი მხატვარი იყო და როდესაც აბელ ენუქიძეს უცხოეთში მივლინებით აგზავნიდნენ, ის მალულად ხვდებოდა ძმისშვილს. ვანო ენუქიძე მარიამ ბაგრატიონთან მეგობრობდა და როდესაც მარიამმა საბჭოთა კავშირში დაბრუნება გადაწყვიტა, მას ვანო ენუქიძემ ბიძასთან გამოატანა წერილი, რომელშიც პატარა ტყუილი ეწერა, ვითომ მარიამი მისი საცოლე იყო. მარიამმა გადასცა აბელს წერილი, უთხრა, მე ვანოს საცოლე ვარ და ცოტა ხანში ჩემი საქმროც ჩამოვაო. აბელის ბრძანებით, მარიამს მოსკოვში ბინა მიუჩინეს და სხვათა შორის, იქ თურმე სულ ბალერინები ცხოვრობდნენ. აბელი ქალების მოყვარული იყო, თუმცა მარიამს, როგორც სარძლოს, ისე უყურებდა. ერთ დღესაც, როდესაც მარიამი მივიდა სახლში, დაინახა, რომ ბალერინები იქაურობას ტოვებდნენ. ყველაფერი დალუქული იყო. აბელი დააპატიმრეს და მერე დახვრიტეს. მარიამმა მოახერხა და გამოიქცა თბილისში. რაც შეეხება უცხოეთში დარჩენილ მისი ოჯახის წევრებს, მათ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს. 1942 წელს ირაკლი ბაგრატიონი „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ აირჩია საქართველოს მეფედ. მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ არჩევითობის წესი საერთოდ ძალადაკარგულია და ფაქტობრივად, ევროპაში მას დიდად არ აქცევენ ყურადღებას. მთავარი ლეგიტიმურობაა. ირაკლი ბაგრატიონი დაქორწინდა იტალიელ გრაფინიაზე და ამ ქორწინებიდან შეეძინა ვაჟი – გიორგი-ხორხე, მაგრამ მისი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა. 1946 წელს დადგა საკითხი მისი მეორედ დაქორწინებისა ესპანელ ინფანტაზე, რომელიც დედით ესპანელი პრინცესა იყო, ხოლო მამით – გერმანელი. მაშინ წამოიჭრა საკითხი, ლეგიტიმური იქნებოდა თუ არა ეს ქორწინება. საპატარძლოს მამამ შეკითხვით მიმართა რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურს, ვლადიმირ კირილის ძეს. ვლადიმირ კირილის ძემ გაიარა სათანადო კონსულტაცია, დაეკითხა თავის ბიძას, დიდ მთავარს, რომელიც ლეგიტიმურობის საკითხებში სპეციალისტად მიიჩნეოდა. როგორც აქტში წერია, ასევე, დაეკითხა ქართველ ისტორიკოსს, მიხეილ მუსხელიშვილს, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი იყო. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ვლადიმირ კირილის ძეს მაშინ ხელთ ჰქონდა, დადებითი პასუხი გააგზავნა ესპანეთში. ვლადიმირ კირილის ძემ 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით ცნო ბაგრატიონთა სამეფო ღირსება და გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი გამოცხადდა ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად. საქართველოში კი ეს აქტი პირველად 1990 წელს მე გამოვაქვეყნე, დიდი მთავრის წერილობითი ნებართვით. 1957 წელს გიორგი ალექსანდრეს ძის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტიტული თავისთავად გადავიდა ირაკლი ბაგრატიონზე და როდესაც 1977 წელს ირაკლიც გარდაიცვალა, ტიტული უკვე მის უფროს შვილს ერგო. როდესაც 1948 წელს დიდმა მთავარმა ირაკლი ბაგრატიონის და ლეონიდა გაიცნო და ცოლად მოიყვანა, თანასწორუფლებიანობის საკითხი უკვე აღარ დამდგარა, რადგან აქტი უკვე არსებობდა. თუმცა, არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ისე წარმოადგინონ საქმე, თითქოს, როდესაც ვლადიმირ კირილის ძემ აქტი გამოსცა, ის უკვე ბაგრატიონების სიძე იყო და ეს მის ინტერესებშიც შედიოდაო. ეს არის სრული სიცრუე, ის 1946 წელს, ლეონიდა ბაგრატიონს არც კი იცნობდა.

– როგორ გაიცნეს ერთმანეთი ლეონიდა ბაგრატიონმა და რუსეთის დიდმა მთავარმა?

– ეს ამბავი თავად ლეონიდა ბაგრატიონმა მიამბო: ის თავის მეგობარ ქალთან ერთად კაფეში შევიდა და სწორედ იმ მეგობარს უთქვამს, აქ რუსეთის მთავარია და გაგაცნობო. დიდი მთავარი, თურმე, იმ დროს საკმაოდ მსუქანი ყოფილა, ბევრს ჭამდა და არ მოსწონებია ლეონიდას. მეგობრისთვის უთქვამს, არ მინდა მისი გაცნობაო. მაშინ ეს ამბავი ამით დამთავრდა. შემდეგ გავიდა დრო და მადრიდში, ბაგრატიონების ოჯახში ჩავიდა მუხრანელი ბაგრატიონი, თეიმურაზი, დიდ მთავართან ერთად. ის დედის მხრიდან იყო რომანოვი და ენათესავებოდა ვლადიმირ კირილის ძეს. როგორც კი შეხვდნენ და გაიცნეს – ლეონიდა ბაგრატიონსა და რუსეთის დიდ მთავარს ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაშინვე შვეიცარიაში გაიპარნენ და ჯვარი დაიწერეს. ლეონიდამ მითხრა, იმ წუთიდან, ხელი რომ ჩამოვართვით ერთმანეთს და შეგვიყვარდა, აღარ დავშორებულვართო. ის მეგობარი ქალი, რომელიც ცდილობდა, ლეონიდასთვის მთავრის გაცნობას, ალბათ, არც ელოდა ასეთ დასასრულს. შეშურდა ლეონიდასი, მივიდა დიდ მთავართან და უთხრა, მან შენზე ასე თქვაო. რა თქმა უნდა, ვლადიმირ კირილის ძეს არაფერი შეუმჩნევია. მინდა, გითხრათ, რომ დიდი მთავარი არაჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი იყო, ძალიან დახვეწილი, არისტოკრატიული და მასში ბუნებრივი დიდებულება და სისადავე ერთმანეთთან იყო შერწყმული. ლეონიდა არაჩვეულებრივი გარეგნობის იყო. ბავშვობაში გამიგია ასეთი სიტყვა „სადედოფლო ქალი“ და თუ ეს ვინმეზე ითქმებოდა, ითქმებოდა აუცილებლად ლეონიდაზე. ის იყო დედოფლად დაბადებული, თავისი გარეგნობით, დიდსულოვნებით, შინაგანი ბუნებით, დიდებულებით. მათ არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნეს და მთელი ცხოვრება დიდ სიყვარულსა და პატივისცემაში გაატარეს. ძალიან დიდ ტაქტს იჩენდნენ ერთმანეთის მიმართ. ეს ამბავი თავად მთავრინა ლეონიდამ მიამბო: როდესაც ისინი შედარებით ახალგაზრდები იყვნენ, ვლადიმირ კირილის ძეს ავარია მოუვიდა და ძალიან მძიმედ დაშავდა მთავრინა ლეონიდა. ლეონიდა საავადმყოფოში იწვა და როდესაც გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ, მის გამოსაყვანად მისული მეუღლე ვერ ბედავდა ავტომობილის საჭესთან დაჯდომას. მთავრინა ლეონიდამ მითხრა, მივხვდი, რომ არ გამემხნევებინა, ვეღარასდროს გაბედავდა საჭესთან დაჯდომას. ამიტომ ვუთხარი, მარტო შენ გენდობი და საჭესთან უნდა დაჯდე-მეთქი. ისინი ერთმანეთს ფსიქოლოგიურადაც ძალიან ეხმარებოდნენ. ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი – მთავრინა მარია, რომელსაც ისე ზრდიდნენ, როგორც ტახტის მემკვიდრეს – თავისი ქვეყნის მიმართ მოვალეობის გრძნობით, რომ ის საბოლოოდ რუსეთის დედოფალი უნდა ყოფილიყო და პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დაეყენებინა. ის ვერ გაჰყვებოდა ცოლად ნებისმიერ ადამიანს, რადგან აღარ გაგრძელდებოდა დინასტია. ამიტომ მას ქმრად გერმანელი პრინცი შეურჩიეს, რომელიც ჰოჰენცოლერნთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, შვილთაშვილი იმპერატორ ვილჰელმისა. პრინცს წინასწარ მიაღებინეს მართლმადიდებლობა, გამოუცვალეს სახელი, დაარქვეს მიხეილი. შედგა სპეციალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათი შთამომავალი რომანოვი და ტახტის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. მართლაც, როდესაც გიორგი დაიბადა, ის რომანოვად დაიწერა. ამაში კი, მას ის ფაქტი დაეხმარა, რომ მამის მხრიდან ჰქონდა სამეფო ღირსება, რადგან დედა ვერ გადასცემს ამ ღირსებას. ამის შემდეგ ოჯახი დაიშალა, მაგრამ ამას, ფაქტობრივად, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

– ქალბატონო მანანა, მინდა, მკითხველი გავარკვიოთ ერთ საკითხში, ვინ იყვნენ რომანოვები და როგორ გახდნენ ისინი რუსეთის დიდი მთავრები?

– რევოლუციის შემდეგ ვლადიმირ კირილის ძის მამამ, კირილ ვლადიმირის ძემ მოახერხა ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასვლა. მას ჰყავდა ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. კირილ ვლადიმირის ძე იყო ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილი, მაგრამ როდესაც ჩვენ სამეფო დინასტიებზე ვსაუბრობთ, აქ ბიძაშვილობასა და მამიდაშვილობას კი არ ექცევა ყურადღება, არამედ იმას, თუ რომელი მეფიდან მოდის ის. კირილ ვლადიმირის ძე კი, როგორც ნიკოლოზ მეორე, ალექსანდრე მეორის შვილიშვილი იყო და ცოლად ჰყავდა საკუთარი მამიდაშვილი, ვიქტორია, რომელიც, ასევე, დედის მხრიდან იყო ალექსანდრე მეორის შვილიშვილი. მამის მხრიდან კი ვიქტორია ინგლისის დედოფლის, ვიქტორიას შვილიშვილი გახლდათ. მამამისი დედოფალ ვიქტორიას მეორე ვაჟი, საქსკობურგ-გოთას ჰერცოგი იყო.

საერთოდ, რუსეთის საიმპერატორო ოჯახი, იმპერატორის შვილები და შვილიშვილები იწოდებოდნენ „დიდ მთავრებად“. ოჯახის ნათესავებს და სხვა წევრებს კი „საიმპერატორო სისხლის თავადები“ ეწოდებოდათ, მაგრამ, საიმპერატორო სისხლის თავადი შეიძლება მერე გამხდარიყო დიდი თავადი. მათ ეკრძალებოდათ არათანასწორუფლებიანი ქორწინება, რადგან ყველანაირ უფლებას დაკარგავდნენ და პრაქტიკულად, ასეთი რამ არც ხდებოდა. როდესაც ნიკოლოზ მეორის ოჯახი ამოწყვიტეს და უცხოეთში მისი ბიძაშვილი კირილ ვლადიმირის ძე აღმოჩნდა, მან 1922 წელს თავი რუსეთის ტახტის დამცველად გამოაცხადა, რადგან საბოლოოდ არ იცოდნენ რა ბედი ეწია ნიკოლოზ მეფის ოჯახს. ემიგრაციაში აღმოჩნდა საკმაო რაოდენობა დიდი მთავრებისა და საიმპერატორო სისხლის პრინცებისა, მაგრამ ისინი უკვე „მორგანატიულ“, ანუ არათანაბარუფლებიან ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ხოლო კირილ ვლადიმირის ძე დაქორწინებული იყო პრინცესაზე. ორი წლის შემდეგ მან მიიღო იმპერატორის ტიტული და იწოდებოდა ასე: „დიდი მთავარი, იმპერატორი, რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაური“. როდესაც მისი შვილი, ვლადიმირი, საიმპერატორო სისხლის თავადი 1933 წელს სრულწლოვანი გახდა, მამამ გამოსცა აქტი და იგი დიდ მთავრად გამოაცხადა. 1938 წელს გარდაიცვალა იმპერატორი და მექანიკურად მისი ყველა ტიტული, ძალაუფლება მის ვაჟზე გადავიდა, მაგრამ ვლადიმირ კირილის ძემ უარი თქვა იმპერატორის ტიტულის მიღებაზე. თუმცა, პრაქტიკულად, არაფერი იცვლებოდა, მას ისევ რჩებოდა ტიტული – საიმპერატორო უმაღლესობისა, მაგრამ იმპერატორი არ დაირქვა და ეს იმ მომენტისთვის გადადო, როდესაც რეალურად გახდებოდა იმპერატორი. რუსული ემიგრაციის ნაწილმა მას ერთგულება შეჰფიცა, როგორც იმპერატორს და როდესაც ვლადიმირ კირილის ძემ იმპერატორის ტიტული არ მიიღო, მათ განუმარტა, რომ ამით არაფერი იცვლებოდა. ფიცი ძალაში რჩებოდა და მამის ყველა უფლება-მოვალეობას ის საკუთარ თავზე იღებდა. მოგვიანებით, როდესაც მან ცოლად ლეონიდა ბაგრატიონი მოიყვანა, ამ დროისთვის რომანოვების დინასტიაც ტახტდაკარგული იყო და ისინიც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც თავის დროზე მათ გამო ბაგრატიონები. ლეონიდა ბაგრატიონი ვლადიმირ კირილის ძესთან დაქორწინების შემდეგ მის საიმპერატორო უმაღლესობად იწოდებოდა. დიდი მთავრინა იყო და ფაქტობრივად, იმპერატრიცას ფუნქციებს ასრულებდა.

– როგორ გაიცანით მათი ოჯახი?

– ისინი მთავრინა ლეონიდას დის, მარიამის წყალობით გავიცანი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. როდესაც მარიამი წყნეთში ვნახე, 8 წლის ვიყავი, შემდეგ დავახლოვდით და ბოლოს ისეთი ახლობლები გავხდით, რომ უფროსი ვაჟი მომინათლა. ის ჩემზე 40 წლით უფროსი იყო და მას ჩემს უფროს მეგობრად მივიჩნევდი. ქალბატონი მარიამის დახმარებით 1989 წელს დამპატიჟეს პარიზში, დიდი მთავრის ოჯახში. ისინი იმ დროს პარიზის ცენტრში, კონკორდის მოედანთან ცხოვრობდნენ, მონდოვის ქუჩაზე. მთავრინა ლეონიდას უყვარდა პარიზი და ამბობდა, მანანასაც ჩემსავით პარიზი უყვარსო. ეს სახლი ერთ-ერთ ბარონს ეკუთვნოდა. რომანოვებს მთელი სართული ეკავათ, ძალიან მოვლილი, დაცული სახლი იყო, ბუზიც ვერ შეფრინდებოდა შიგ. ყველაფერი ექვემდებარებოდა ოჯახში შემოღებულ წესებს. ტრაპეზობა დადგენილ დროს ხდებოდა. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. მთავრინას ჰყავდა დამხმარეები, მაგრამ დიასახლისობა უყვარდა. რასაკვირველია, მძიმე საქმეს არ აკეთებდა, მაგრამ თავისი სილამაზე, პეწი ყველაფრისთვის უნდა დაემჩნია. ხშირად ვამბობდით, რომ ლეონიდა ოჯახის ძრავა იყო, ენერგიით, დადებითი მუხტით სავსე. ლეონიდას ძალიან უყვარდა ღამით დილისთვის სუფრის გაწყობა. რომ ავდგებოდით, ლამაზად გაწყობილი სუფრა გვხვდებოდა, რომლის თავში ჯდებოდა დიდი მთავარი, აკურთხებდა სუფრას და შემდეგ მივირთმევდით. მეორე წელსაც ვიყავი ისევ იმ ბინაში და ასევე მოვინახულეთ რომანოვების რეზიდენცია ბრეტანში, სადაც ზაფხულობით ჩადიოდნენ. მთავარი და ლეონიდა ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ საინტერესო ადამიანები გამეცნო, სახლში პატიჟებდნენ.

– მთავრინა ლეონიდა თუ ჩამოდიოდა საქართველოში?

– დიდი მთავარი ბოლოს 1990 წელს ვნახე, ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბრისას დამლოცა – გფარავდეთ უფალიო. ლეონიდა სულ მირეკავდა, მკითხულობდა. ერთხელ დარეკვა დააგვიანდა და მე ვუთხარი, მეგონა, დაგავიწყდით-მეთქი. მან კი მიპასუხა, როგორ შემეძლო თქვენი დავიწყება, როდესაც ჩემი და თავის შვილად გთვლიდათო – თან ხმა აუკანკალდა. ლეონიდას ძალიან უყვარდა ძმისშვილი ხორხე ბაგრატიონი, რომელიც ობლობაში იზრდებოდა. გიორგი-ხორხე ბაგრატიონს ჰყავდა ნახევარ და-ძმა – ბაგრატი და მარიამი. და-ძმებს შორის ურთიერთობის შესახებ ის ხშირად მიზიარებდა თავის გულისტკივილს. 1992 წელს, როდესაც დიდი მთავარი და მთავრინა მაიამიში იმყოფებოდნენ კონფერენციაზე, ვლადიმირ კირილის ძე სიტყვით გამოსვლისას ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ის გადაასვენეს მადრიდში, შემდეგ – პეტერბურგში. მეუღლის გარდაცვალება ლეონიდასთვის ძალიან მძიმე იყო. ორი წლის შემდეგ მთავრინამ სატელეფონო საუბრისას საიდუმლო გამანდო, რომ საქართველოში ჩამოვდივარ და განვაცხადე – მანანა ხომერიკი დამახვედრეთო. მართლაც გამომიარეს, წამიყვანეს აეროპორტში და ჩვენი შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი იყო. პატარა მიღებაც მოეწყო, სადაც ლეონიდამ ოფიციალურად განაცხადა, დიდ მთავარს ძალიან უყვარდა მანანაო. შემდეგ ის კრწანისის რეზიდენციაში დააბინავეს. მე ვთხოვე, რომ სახლში მწვეოდა. რა თქმა უნდა, მობრძანდა ჩემთან. პირველ სართულზე მივიღე, მაგრამ მეორე სართულის აივანზე ძველებური ნოხები გადმოვფინე, ისე, როგორც ძველ თბილისში იცოდნენ სტუმრის მიღებისას. ძალიან ესიამოვნა. ერთი წლის შემდეგ მთავრინა ლეონიდა თბილისში მთელი ოჯახით ჩამობრძანდა. მათი ძირითადი მიზანი იყო მადრიდიდან საქართველოში მთავრინას მშობლების გადმოსვენება. ლეონიდა დამპირდა, რომ თავისი თანმხლები პირებით ჩემთან მოვიდოდა სადილზე და ეს პირობა შეასრულა კიდეც. სწორედ იმ დღეს ის უნივერსიტეტის ეზოში მიიწვიეს ეკლესიის კურთხევაზე, რომლის შემდეგ ბანკეტი უნდა გამართულიყო. მან არ მიიღო ბანკეტზე მიპატიჟება და განაცხადა, ისეთ ოჯახში მელოდებიან, რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო და სახლში მესტუმრა თავისი კორტეჟით. ეს ჩემთვის დაუვიწყარი და ბედნიერი დღე იყო. თან, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ამის შემდეგ ხშირად მირეკავდა, მესაუბრებოდა. მერე ზარები შეწყდა. სულ ვფიქრობდი, რამე ხომ არ ვაწყენინე-მეთქი. მაგრამ გავიგე, რომ ასაკმა მაინც თავისი ქნა. როგორც ვიცი, ის ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, მაგრამ მახსოვრობა ღალატობდა. ძალიან დამამწუხრა მისმა გარდაცვალებამ და ჩემს წუხილს ისიც დაერთო, რომ მე ვერ მოვახერხე პეტერბურგში წასვლა, სადაც გადაასვენეს ლეონიდა. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, 32 წლის ვიყავი, მას მერე 10 წელი იცოცხლა მარიამ ბაგრატიონმა და შემიძლია ვთქვა, რომ დედობა გამიწია. მართალია, შორი მანძილიდან ხდებოდა ჩემი და ლეონიდას ურთიერთობა, მაგრამ თითქოს მარიამმა ესტაფეტა გადააბარა თავის დას და მისმა გარდაცვალებამ ობლობის შეგრძნება გამახსენა...


скачать dle 11.3