კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის პირველი ქართველი, რომელიც ბერკლის მუსიკალურ სკოლაში სწავლობს და როგორ ასწავლიან მას ჯაზის ლეგენდები


ნიჭიერი მუსიკოსი ბაჩა მძინარაშვილი ჯერჯერობით ერთადერთი და პირველი ქართველია, რომელიც ბოსტონში, „ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში“ სწავლობს. კოლეჯში, რომელში მოხვედრაზეც არ შეიძლება, ნებისმიერი მუსიკოსი არ ოცნებობდეს. ბაჩა ერთი წელია, მუსიკის მექად წოდებულ ამ საოცარ სკოლაში ნელ-ნელა უკვე ამბობს თავის სათქმელს და მე ისღა დამრჩენია, ჯაზზე შეყვარებულ ნიჭიერ ქართველს დიდი წარმატება ვუსურვო.


ბაჩა მძინარაშვილი: ბავშვობაში ვიოლინოზე ვუკრავდი, ათწლედში ვსწავლობდი, სერიოზულად ვემზადებოდი, მაგრამ თავი დავანებე და დავიწყე პიანინოზე დაკვრა. ვსწავლობდი მეშვიდე მუსიკალურ სკოლაში. მინდოდა, სხვა ინსტრუმენტზეც მესწავლა დაკვრა, თან მამაჩემი იმ დროს პიანინოზე უკრავდა და მეც გამიჩნდა ამის სურვილი. ჯაზი ყოველთვის მიყვარდა, ჩემთვის სულ ვუკრავდი და ბოლოს გადავწყვიტე, ბერკლიში ჩამებარებინა.

– ფორტეპიანოზე პროფესიონალური დაკვრის სწავლა ბევრ მეცადინეობას და ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ბავშვობაში როგორ უთავსებდი ერთმანეთს გართობას და მეცადინეობას?

– გართობას, თამაშს ყოველთვის ვასწრებდი, თან, ვერ ვიტყვი, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. საშუალო დონეზე ვსწავლობდი. ყოველ შემთხვევაში, საქმეს არასდროს ვაფუჭებდი, ორივესთვის მქონდა დრო – მეცადინეობისთვისაც და გართობისთვისაც. როცა, ბერკლიში ჩაბარება, გადავწყვიტე – ეს უნდა გამხდარიყო ჩემი პროფესია და ამ საქმით უნდა დავკავებულიყავი მთელი ცხოვრება, ბევრს ვმეცადინეობდი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში შვიდ-რვა საათს ყოველდღიურად, სისტემატურად ვმუშაობდი, ცხრა საათიც დამიკრავს.

– მეზობლები წუხდებოდნენ თუ პირიქით, მოსასმენად შემოდიოდნენ?

– ხანდახან წუხდებოდნენ, მიკაკუნებდნენ, მიბრახუნებდნენ, რას არ აკეთებდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამაზე დიდად ვდარდობდი. ხუთი წუთი გავჩერდებოდი და მერე ისევ ვაგრძელებდი.

– თბილისში თუ იღებდი კონკურსებში, ფესტივალებში მონაწილეობას?

– საქართველოში სერიოზულ კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია. ბერკლიში როგორც კი გავიგებ, რომ სადმე შემიძლია გამოვიდე, დავუკრა, შანსს არ ვუშვებ ხელიდან. საქართველოში ჩემს სფეროში, ანუ ჯაზში, ასეთი სახის კონკურსები ხშირად არ იმართებოდა. ბერკლიში, გარდა პიანინოზე დაკვრისა, ვსწავლობ – ტექნიკურად როგორ უნდა ააწყო მუსიკა, როგორ უნდა გამართო. საქართველოში არ იყო იმის საშუალება, რომ ჩემი შემოქმედება, ნამუშევარი მეჩვენებინა. აქ კი ამის საშუალება ყოველთვის მეძლევა.

– გვიამბე, როგორ მოხვდი ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. მე ვიცი, რომ მანდ მოხვედრა, არცთუ ისე იოლია.

– ჩემი იდეა იყო, რომ ამერიკაში წავსულიყავი და მაშინვე გავეცანი იმ მოთხოვნებს, რაც ბერკლიში გამოცდების ჩასაბარებლად იყო საჭირო. საერთოდ, ძალიან დიდია მოთხოვნათა სია, მაგრამ ძირითადი პირობაა – წარადგინო შენი ის ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს. უნდა დაუკრა სამი ნაწარმოები, შემდეგ პასუხი გასცე ტექნიკურ, თეორიულ კითხვებს და კიდევ უამრავი დეტალი, პატარ-პატარა ნიუანსია, რომლის დახმარებითაც იგებენ, რა დონეზეა სტუდენტი მომზადებული და შეძლებს თუ არა ის ბერკლიში სწავლას. ბერკლის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ფილიალები. ერთ-ერთი გერმანიაშია, სადაც გამოცდა ტარდებოდა. ჩემს ძმასთან ერთად წავედი, ჩავაბარე გამოცდა. საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი, მიმიღებდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ სწავლის საფასურის გარკვეული ნაწილი „ბერკლიმ“ დამიფინანსა.

– გამოცდას, ალბათ, ცნობილი მუსიკოსები იბარებდნენ, როგორი იყო მათი შეფასებები?

– ერთი იყო ტონი ჯერმეინი და საერთოდ, იქ ძალიან ბევრი ცნობილი სახე იმყოფებოდა. როდესაც დავუკარი ბილი ევანსის „ვერი ველ“, ძალიან მოეწონათ და იმპროვიზაციაზე რომ გადავედი, ვატყობდი, როგორ სიამოვნებდათ მოსმენა. გამოცდამ ძალიან კარგად ჩაიარა, თბილი ატმოსფერო იყო. ყურადღებით აკვირდებიან შენს ბგერას, შენს დამოკიდებულებას მუსიკისადმი – როგორ გრძნობ ბგერას, როგორ იგებ მას. ეს არის გამოცდის ძირითადი პრინციპი. პასუხი დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ მომივიდა. მერე მივმართე კულტურის სამინისტროს თხოვნით, რომ მჭირდებოდა სწავლის დარჩენილი საფასურის დაფარვა და უარი არ უთქვამთ, დამიფინანსეს. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მე ვერ გავწვდებოდი ამ ხარჯებს.

– როგორც ვიცი, ბერკლიში სწავლა ძალიან ძვირია, თან ამ სასწავლებლიდან ყველა სტუდენტი არ იღებს დაფინანსებას.

– გააჩნია, რა ფაკულტეტზე სწავლობ, რა ინსტრუმენტზე უკრავ, შესაბამისად სხვადასხვაა გადასახადი, საზაფხულო პროგრამას სხვა ფასი აქვს, საშემოდგომოს, საგაზაფხულოს – სხვა, ანუ აქ სწავლა სტაბილურად ერთი და იგივე თანხა არ ჯდება. მაგალითად, ჩემი შემდეგი სემესტრის გადასახადი, დაახლოებით, 32 ათას დოლარამდეა. ბერკლის გამოცდებზე გამსვლელების 100 პროცენტიდან დაახლოებით 25 პროცენტი ხვდება სკოლაში. დაფინანსებას კი, დაახლოებით 10 პროცენტი იღებს.

– მომიყევი, როგორ დაიწყო სწავლა ბერკლიში და საერთოდ, როგორ ცხოვრობ, სწავლობ?

– ბერკლიში ერთი წლის წინათ ჩამოვედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, ენის პრობლემა შემექმნა. ლექციებზე რაღაც-რაღაცეებს ვერ ვიგებდი. სტუდენტებს შორის კომუნიკაციის პრობლემაც მქონდა, მაგრამ მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. აქაურ აქცენტს ყური მიეჩვია და ახლა ყველაფერი რიგზეა.

– თან, შენ ერთადერთი და პირველი ქართველი ხარ ბერკლიში.

– კი, ერთადერთი ქართველი ვარ. მალე ჩემი მეგობარი, გიორგი მიქაძეც აპირებს ჩამოსვლას და აქ, სწავლას. უკვე ორი ქართველი ვიქნებით.

– ვინ არიან შენი პედაგოგები?

– ბერკლიში ჩემი ერთ-ერთი დიდი წარმატება იყო ის, რომ მოვხვდი რეი სანტისთან, რომელიც, ქართულად რომ იტყვიან, ბერკლის ჯილაა, მისით ძალიან ამაყობენ კოლეჯში. ის ასწავლიდა კეიტ ჯარეტს, ჯო ზავინულს, ძალიან ბევრ ცნობილ მუსიკოსის, რომლებმაც ბერკლი დაამთავრეს. როდესაც დავუკარი, მომისმინა და მითხრა, შენ შეგიძლია, ჩემს ჯგუფში დარეგისტრირდე, მე გავაფრთხილებ ბუღალტერსო და ასე აღმოვჩნდი მასთან.

– შენ მითხარი, კონკურსებში ვიღებ მონაწილეობასო, მომიყევი ამის შესახებ.

– ჯერჯერობით იმ კონკურსებში ვმონაწილეობ, რომლებიც სკოლაში ტარდება. საკმაოდ საინტერესოა და ჩვენ გვაკმაყოფილებს. აქ ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, რომ გინდება, სხვაზე უკეთესი იყო. შემდეგ უკვე სტუდენტების წინაშე გამოაქვთ ჩვენი ნამუშევრები – გისმენენ, მერე სხვა გამოდის და მიდის ამაზე კამათი, დისკუსია. ხანდახან ისეც მომხდარა, რომ არანჟირებაში პირველ ადგილზე ესა თუ ის სტუდენტი გავიდა და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მაგალითად, წინა სემესტრში საშემსრულებლო პროგრამით პირველ ადგილზე ვიყავი, რაც ჩემთვის დიდი მიღწევაა. აქ არიან სტუდენტები, ამ საკითხში ჩემზე მეტი გამოცდილება რომ აქვთ. რაღაც ეტაპზე მე მოვინდომე, და პირველ ადგილზეც გავედი.

– როგორია შეფასებები?

– ჩემს პროფესიაში – პიანინოზე დაკვრაში ყოველ სემესტრში ორ-ორი გამოცდა მაქვს. სამ სემესტრში, ანუ ექვს გამოცდაში ავიღე 91 ქულაზე მეტი. სულ კი ასი ქულაა. არანჟირებაშიც, დაახლოებით, ამდენი ქულა მაქვს.

– ალბათ, ხშირად დადიხარ ჯაზ-კლუბებში, კონცერტებს ესწრები.

– ძირითადად ნიუ-იორკში დავდივარ, იქ იმართება ისეთი კონცერტები, რომლებზეც წლების წინ მხოლოდ ოცნება შემეძლო. ვიყავი კეიტ ჯარეტის, ბობო მაკფერენის კონცერტებზე. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ქართველი ბიჭია, ბექა გოჩიაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი პიანისტია, დიდი მომავალი აქვს. მას რამდენიმე კონცერტი ჰქონდა ნიუ-იორკში, ახლაც ექნება და მის კონცერტებზე ყოველთვის დავდივარ. მე და ბექა ვიყავით ერთხელ ჯარეტის კონცერტზე. ჩემი აზრით, ვისაც ჯაზი უყვარს, ჯარეტი მისთვის ძალიან დიდი მუსიკოსია – „კუმირი“ და მან ბევრი რამ შექმნა ჯაზისთვის. არ მეგონა, რომ მას შევხვდებოდი, ხელს ჩამოვართმევდი, დაველაპარაკებოდი. მაგრამ, ეს მოხდა და ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.

– რაზე ისაუბრეთ?

– მოვუყევით, ვინ ვიყავით, სად ვსწავლობდით: ბექა – ჯულიარდში, მე – ბერკლიში. შემდეგ მუსიკაზე ვისაუბრეთ – როდის დავიწყეთ ჯაზის მოსმენა. ისიც ვუთხარით, რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, როდესაც პირველად მოვუსმინეთ. ძალიან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. შემდეგ შევხვდით მის დრამერს. ვისაუბრეთ მასთანაც. მათთან საუბარი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კეიტ ჯარეტთან შეხვედრა იყო. რაც შეეხება ჯაზ-კლუბებს, ყოველთვის დავდივარ იქ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის, მათი უმეტესობა იქ იღებს სცენის პრაქტიკას. ბერკლიში ჩვენი ჯაზ-კლუბი გვაქვს, სადაც სტუდენტები კონცერტებს ვმართავთ, ყველას შეუძლია იქ შევიდეს, დაუკრას, წინასწარ ჩაეწეროს პროგრამაში. დილით კაფეა, საღამოს იკეტება და კლუბის სახეს იღებს, მეც დამიკრავს და ძალიან საინტერესოა.

– დაბოლოს, რა გეგმები გაქვს?

– აქამდე ვმუშაობდი, ვსწავლობდი, საკუთარ შესაძლებლობებში, ძალაში ვრწმუნდებოდი და ახლა უკვე მინდა, ჩემს მუსიკას რეალიზაცია გავუკეთო – ხალხს მოვასმენინო, გავაცნო. ამიტომ, ჩავწერ ალბომს. თითქმის უკვე მოფიქრებული მაქვს, ვისთან და როგორ გავაკეთებ. შემდეგ დაიწყება ჩემი მუშაობა სცენაზე. უნდა ჩავიდე ნიუ-იორკში, გამოვცადო ჩემი ძალები. ბოსტონში არის რამდენიმე დიდი, ცნობილი საშემსრულებლო სცენარი და იქაც უნდა მოვსინჯო ძალები. ანუ, სექტემბრიდან დავიწყებ ჩემი მუსიკის რეალიზაციას.


скачать dle 11.3