კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნათესაური კავშირები აქვს ვასკა ივანოვ-ჩიქოვანს აშოტ კურაპალატთან და ჩინგის-ხანთან და მისმა რომელმა ნათესავმა დაიხსნა თავი „ბელი ლებედიდან“


ვასკა ივანოვ-ჩიქოვანის ორმაგ გვარზე მასთან პირველივე ინტერვიუში დავინტერესდით. თუმცა, მის გვართან, წინაპრებთან და ნათესავებთან დაკავშირებული ისტორიები რომ მოვისმინე, ბოლოს ვხუმრობდით, ორი კი არა შესაძლებელია, ექვსი გვარი მაინც ჰქონოდა. ივანოვ-ჩიქოვანთან საინტერესო საგვარეულოზე სასაუბროდ ვასკას და მის მამას, ბატონ დევის ერთად შევხვდი, რათა უფრო მეტი სიზუსტით გავრკვეულიყავი წარსულის ლაბირინთებში.


დევი ივანოვ-ჩიქოვანი: ზურაბ ჩიქოვანი – ჩემი ძმა ერთ დღესაც დარჩა უსამსახუროდ და რა უნდა ეკეთებინა? დაიწყო გვარის კვლევა. იქექა-იქექა, ვიღაცეები გამოკითხა, დავდიოდით დავთრებით, დავხატეთ უზარმაზარი გენეალოგიური ხე...

– რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ აშოტ კურაპალატის შთამომავლები ხართ.

– დიახ, ზუსტად ამას გიამბობთ. თუ არ ვცდები, მაკრინე ერქვა იმ ქალს, ჩიქოვანის ქალი იყო, რომელიც აშოტ კურაპალატის მეუღლე გახლდათ. იქიდან მოვდივართ ჩვენ, თუმცა თვითონ გვარი უფრო ძველია. ზურამ დაადგინა, რომ მე და ის აშოტ კურაპალატის ოცდამეცხრამეტე თაობა ვართ, ვასკა კი – მეორმოცე.

ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი: ანუ ჩვენ პირდაპირი კი არა, ცოლის მხრიდან შთამომავლები ვართ. პირდაპირი შთამომავლები ბაგრატიონები არიან – საქართველოს ყველა მეფე, ჩვენ კი მათი მონათესავე შტო.

დევი: რამე რომ იყოს და ბაგრატიონები თუ ვერ ივარგებენ, აგერ ვართ შემცვლელები (იცინიან).

ვასკა: სამეგრელოში მეფის გარდა ვისაც უბატონია და მეფის დონის სტატუსი ჰქონიათ, ჩიქოვანები იყვნენ. როგორც ბიძაჩემი ამტკიცებს დადიანებიც ჩიქოვანებისგან მოდიან.

დევი: დადიანს სხვა გვარიც ურევია, მაგრამ ეს ხომ წოდება იყო. გამოკვლეულია, რომ ოცი-ოცდახუთი წელი დადიანებად ჩიქოვანები იყვნენ. კაცია ჩიქოვანი, გრიგოლ ჩიქოვანი – ისინი მეფის მოვალეობას ასრულებდნენ სამეგრელოში. ჩიქოვანების ერთ-ერთი შტო გადადიანდა და შემდეგ უკვე წოდება გვარად დაიტოვეს. გრიგოლ ჩიქოვანმა, როგორც ვიცი, ლევან დადიანის უკანონო შვილი დააბრუნა სამეფო ტახტზე. ქართლში იყო ჭყონდიდი, რაც მაშინ პირველ მინისტრს ნიშნავდა. ამ თანამდებობაზე ქართლში კაცია ჩიქოვანის ძმა იყო. სწორედ მან ურჩია მეფეს, რომ დადიანის წოდება კაცია ჩიქოვანს მიეღო, რომელიც განსაკუთრებული პიროვნება იყო. ბევრი მინუსები ჰქონია, მაგრამ სოლომონ მეფეს ძალიან ჰყვარებია, რადგან ბრძოლაში შეუპოვარი ყოფილა. სწორედ მან აიღო ბოლოს რუხის ციხე, უამრავი ზარბაზანი, ტყვია-წამალი და თურქი ტყვეები ჩაუგდია ხელში. მისი შვილი იყო გიორგი ჩიქოვანი. შვილისთვის დაუბარებია ქალამნიანი დაიმონე და ჩექმიანი გაწყვიტეო. ძალიან დაუნდობელი ყოფილა.

ვასკა: აშოტ კურაპალატამდე რომ არ წავიდეთ, ბევრი სახელოვანი წინაპარი გვყავს, რომელიც არცთუ ისე შორეულ წარსულში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სასულიერო შტოზე თუ ვისაუბრებთ, მამაჩემის დეიდაშვილი იყო გაგი მოსეშვილი – არქიმანდრიტი მამა თორნიკე მოსეშვილი, რომელიც მოწამეთაში მონასტრის წინამძღვარი იყო. იქ არის დავითისა და კონსტანტინეს ნეშტიც. მანამდე იგი ძალიან ბევრ მონასტერში მსახურობდა. გაგის ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა.

დევი: ის ორჯერ დაიჭირეს, პოლიტკატორღელი იყო. ერთხელ შვიდი და მეორედ კი ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი, საერთო ჯამში, თორმეტი წელი გაატარა კატორღაში. ის პოლიტიკურად აქტიური იყო – მეორე მსოფლიო ომის დროს, კომუნიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მხოლოდ და მხოლოდ ბაგრატიონს დავემორჩილები, სხვას არავისო – ასე ამბობდა. ქრისტე უყვარდა სიგიჟემდე, ჩემი მეგობარია, არაფერს ვიზამ ისეთს, მისი სახელი შევარცხვინოო.

ვასკა: მეორე მსოფლიო ომის დროს მზადდებოდა შეთქმულება. როდესაც გერმანელები ისე ღრმად შემოვიდნენ საბჭოთა ტერიტორიაზე, ლამის მოსკოვი აიღეს, საქართველოში დაიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, პარალელურად, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ, ეს შეთქმულება გასცეს. შეთქმულებაში ცალკეული ჯგუფები იყო, რომლის წევრებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამიტომ, ბევრი გადარჩა დაჭერას, მაგრამ გაგი დაიჭირეს. თუმცა, დახვრეტას გადაურჩა, რადგან აღიარებას, მიუხედავად საშინელი წამებისა, ხელი არ მოაწერა.

დევი: საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის შემოღებული კანონით, დახვრეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიესჯებოდა თუ დამნაშავე დანაშაულს აღიარებდა. მერე არაფრის მტკიცება აღარ იყო საჭირო. უმრავლესობას წამების გაძლებას, დახვრეტა ერჩივნა. გაგის ბევრმა თანამებრძოლმა ხელი მოაწერა, მან კი არა. გაუძლო საშინელ წამებას – კვირაობით გაუნძრევლად იდგა ფეხზე ძალიან ვიწრო კარადაში ისე, რომ ვერც ჩაიკეცებოდი; სცემდნენ და ათასნაირად აწამებდნენ. სხვათა შორის, ერთხელ მახსოვს, გაგის გამოსვლის შემდეგ, მასთან ერთად დახვრეტილთა ოჯახების მოსანახულებლად ვიყავით. ტროლეიბუსში ერთი კაცი შეგვხვდა, რომელსაც გაგი გადაეხვია, ჩაეხუტა, მოიკითხა. რომ ჩამოვედით ვკითხე, ვინ იყო-მეთქი და გაგიმ მიპასუხა – „კაგებეს“ გამომძიებელია, მაგრამ კარგი ბიჭიაო. ორჯერ, თავის მორიგეობაზე, დაჯდომის საშუალება მომცა, შევეცოდეო. კარგი ადამიანები ყველგან არიან.

– მერე მეორედაც დაიჭირეს?

– კი, ორმოცდამეთვრამეტე მუხლით, რომელიც გულისხმობს – შეიარაღებულ შეთქმულებას, აგიტაცია-პროპაგანდას სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეიარაღებული გადატრიალების მცდელობას. დასახვრეტი იყო, ერთი სიტყვით.

ვასკა: რადიკალურად განსხვავებული იყო გაგის ძმა, არჩილ მოსეშვილი, რომელსაც ქუთაისში და მთელ საბჭოთა კავშირში „პავლოვიჩის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის უდიდესი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. იმედია, ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდაში არ ჩამოგვართმევენ. ისიც კურაპალატის ოცდამეცხრამეტე თაობა გახლდათ.

დევი: ძალიან ჭკვიანი იყო – მოხუცებულობაშიც თვალები უბრწყინავდა, ცოცხალი გონება ჰქონდა. კრიმინალი, ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ის მთავრობა იყო. თან ის სულ სხვა ტრადიციების მიმდევარი კაცი გახლდათ, ძველი თაობის წარმომადგენელი. მის გასვენებაში ხალხი ჩამოვიდა, ნუ იტყვი, ბალტიისპირეთიდან, ციმბირიდან, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან. ერთ-ერთმა თქვა, უკანასკნელი მოჰიკანი მიდის, რადგან ის იყო ტრადიციების და სამართლიანობის ბოლო დამცველიო.

ძალიან ბევრ საქმეს არჩევდა, არც საკუთარ თავს და არც სხვას აძლევდა მათი ტრადიციების დარღვევის უფლებას. არ მინდა, ვინმემ თქვას, რომ ეს იმ სამყაროს გაფეტიშებაა, მაგრამ მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა.

უაღრესად გაწონასწორებული და ზრდილობიანი იყო. არ მახსოვს, გვერდით მდგომი დალაპარაკებოდეს და მას მხოლოდ კისერი მიებრუნებინოს, მთელი ტანით მიტრიალდებოდა მოსაუბრისკენ. დედაჩემი ამბობდა ხოლმე, მგელივით იქცევაო. ეტიკეტს ბოლომდე იცავდა. იმ სამყაროშიც იყო სასამართლოები, უფრო მკაცრი ვიდრე სახელმწიფო კანონებია. ქართველები მაინც ნაკლებად სჯიდნენ ვინმეს, ჩვენი ბიჭია მაინც, იმის შვილია, იმასთან ერთად სკოლაში დადიოდა. რუსებმა ეგეთები არ იციან, ნაჯახი და ეგრევე თავს ჭრიდნენ. აჩიკო საოცრად არჩევდა საქმეებს, სულ იმას ფიქრობდა, მერე ის ამბავი სხვასაც რომ გამოეძიებინა, შეცდომები არ ეპოვა. ჩიქოვანებშიც იყვნენ ასეთი ადამიანები. მაგალითად, გოგია ჩიქოვანი, რომელიც დედით გვენათესავებოდა – მაგარი ვინმე ყოფილა, თავის საქმეში შეუპოვარი. რუსეთში არსებობს ასეთი ციხე – „ბელი ლებედ“, ქურდებისა და ავტორიტეტული კრიმინალების გასატეხი ადგილი. იქიდან ნორმალურად, თურმე, არავინ გამოსულა. ორად-ორი კაცი გამოვიდა იმ ციხიდან – გოგი ჩიქოვანი და ვასია „ბრილიანტი“. ვასია „ბრილიანტი“ მოგვიანებით ციხეში მოკლეს, გოგი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ საქართველოშია თუ არა, არ ვიცი.

ვასკა: ბოლოს აჩიკო საქმეს ჩამოშორდა იმიტომ, რომ ავადმყოფობდა. მერე სამოგზაუროდ უნდოდა წასვლა, ცოლთან ხელი მოაწერა და წავიდა. ხელის მოწერა, პასპორტის აღება და ასეთი რაღაცეები მათთვის არ შეიძლებოდა. აბსოლუტურად განსხვავებული ძმები იყვნენ. ორივემ სხვადასხვა მხრივ გამოიყენა საკუთარი ნიჭი.

დევი: მათი მამა ხე-ტყის ბიზნესში იყო, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, უმდიდრესი კაცი; დედა კიდევ – საოცარი სილამაზის ქალბატონი. ნიკო მარმა თქვა, ასეთი სილამაზე საუკუნეებში ერთხელ იბადებაო. ისეთი გარეგნობა კი არ ჰქონდა, თბილი, სამხრეთული – ჯინა ლოლობრიჯიდა და გულში რომ ჩაიხუტებ; ჩრდილოელის სიცივე ჰქონდა, დისტანციაზე გაჩერებდა, ახლოს ვერ მიეკარებოდი.

– როგორც ვიცი, ნიკო ნიკოლაძეც თქვენი ნათესავი იყო.

ვასკა: მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტებით კი არ იყო ცნობილი ჩვენი ოჯახი (იცინიან), საზოგადო მოღვაწეობითაც იყვნენ დაკავებულნი.

დევი: ნიკო ნიკოლაძე გვენათესავებოდა ბაბუაჩემის მეორე მეუღლისგან, მარიამ ქორქაშვილისგან. ბაბუაჩემი იყო ვარლამ ჩიქოვანი, მას ხუთი თუ ექვსი შვილი ჰყავდა პირველი მეუღლისგან, მეორე მეუღლისგან კი დედაჩემი შეეძინა. ბებიაჩემი მარი ლუკინიშნა-ქორქაშვილი იყო ნიკო ნიკოლაძის უფროსი დის, ნატალიას შვილი. ბებიაჩემი ნიკო ნიკოლაძის დისშვილი გახლდათ. ნიკოლაძეები, რატომღაც, გულზე არ ეხატებოდა არც მეფის მთავრობას, არც კომუნისტებს. მრეწველი კაცი იყო, საქმიანი. მისი ერთი სადღეგრძელოა ცნობილი – ჩვენ ყველაზე დიდ, უტყუარ და კეთილ მეზობელს გაუმარჯოს, რომელსაც ჩვენთვის არასდროს უღალატიაო. ყველას ეგონა, რომ რუსეთს გულისხმობდა და თურმე, ნიკო შავი ზღვის სადღეგრძელოს სვამდა. მის მნიშვნელობას განსაკუთრებით გრძნობდა. ნიკო ნიკოლაძის ბაბუა ყმა გლეხი იყო, რომელიც ქართლში გაიქცა და ქუთაისში უკვე მდიდარ კაცად დაბრუნდა. ბაგრატის ტაძართან ახლოს დასახლდა, სადაც წარჩინებულები ცხოვრობდნენ. ძალიან ბევრი მოახერხა. ნიკომ ისწავლა პეტერბურგში და მისგან უდიდესი საზოგადო მოღვაწე და მოაზროვნე დადგა. ნიკოს და ცოლად გაჰყვა მწერალ გიორგი წერეთელს და მათი შვილი იყო ცნობილი მენშევიკი – კაკი წერეთელი.

ვასკა: ძალიან გაშლილია ჩვენი სანათესაო.

დევი: რა უცნაურია გენეტიკა. მაგალითად, ვასკა ძალიან ჰგავს ჩემი ბაბუის ბიძას, ვაღურია ჩიქოვანს. ორი მეტრი და ათი სანტიმეტრი ყოფილა სიმაღლეში, პროპორციული, ულამაზესი ბიჭი. ყალთაბანდი კაცი იყო. სხვა ძმები თავადები, საქმიანები იყვნენ, ამან კი დაჰკრა ფეხი – მოსკოვში, პეტერბურგში დადიოდა, თამაშობდა, ერთობოდა. მამის ქონებას მან მოკიდა ხელი და მშვენივრად გაფლანგა. მოქეიფე კაცი იყო, თავადი, ლამაზი, ყველგან იღებდნენ. სხვათა შორის, დაუძმაკაცდა ერთ მოსკოველ გენერალს, გვარად კედრინს, რომელიც თურმე თან ჰყვებოდა, მთელ ხელფასს ახარჯებდა. თვითონ წერდა, რომ კედრინმა იცის, ჩემი გარეგნობისა და წარმომავლობის კაცი ტყუილს არ იტყვის, ერთგული იქნებაო. მას ძალიან უნდოდა, რომ ვაღურიასთვის სამხედრო წოდება მიენიჭებინა. ასე მოხვდა მანჯურიის ომში, მისთვის მედალი რომ მიეცათ. იაპონიაში ჩასულს ქართველების მთელი ასეული დახვდა. ბოლოს და ბოლოს მედალი მიიღო, მაგრამ კედრინი დაიღუპა. გადაჰყვა ამ ვაღურიას პატივისცემას (იცინიან).

ვასკა: მერე კი მოიწერა წერილი – სად ვაღურია და სად მანჯურიაო.

დევი: ახლა მივხვდი, ჩემო ტასო, რა ჯობია, ჩვენი ცაცხვის ძირში წიწილისა და კარგი ტყემლის ჭამას ქვის მაგიდაზეო. ეზოში უზარმაზარი, ოცდაოთხკაციანი ქვის მაგიდა გვქონდა, რომელზეც სახელები იყო ამოტვიფრული, ვინ სად ჯდებოდა. ორმოცმა უღელმა ხარმა მოიტანა თურმე ჩვენს ეზოში ის მაგიდა. მოკლედ, იქ ყოფნას ნატრობდა მანჯურიაში მყოფი ვაღურია. მოგვიანებით, ის გორში, ტიფით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა რევოლუციები და ამბები.

ვასკა: ამერიკაში გვყავს კიდევ ნათესავები.

დევი: აჩიკო ჩიქოვანი იყო, რომელიც გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში, რამდენიმე კაცთან ერთად. ნიკო ნიკოლაძის მხრიდან გვენათესავება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩემი „ტრაიურადნაია სისტრა“ გამოდის. მისი დეიდაშვილია ელენ კარენ დანკოსი, რომლის ინტერვიუც მოვისმინე რადიო „თავისუფლებაში“. მან თქვა, რომ ჩემი დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე იყოო. ის არის საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი, ანუ პრეზიდენტი. ის და კიდევ ორმოცი თუ სამოცი ადამიანია, რომელიც უკვდავთა სიაში არიან შესულები, რომც გარდაიცვალონ მათი სახელი უკვდავყოფილი იქნება, იმხელა საქმე აქვთ გაკეთებული. სალომესგან ვიცი, რომ მისი ტუალეტის ოთახი ელისეს მინდვრებს გადაჰყურებს. კარგი მოფარიკავეც ყოფილა. პრეზიდენტთან უფრო ადვილი ყოფილა აუდიენცია, ვიდრე მასთან. ბიძაჩემმა, ანუ აჩიკო ჩიქოვანმა ცოლად მოიყვანა ქალი, რომელსაც ერქვა ტი ტოტი. ფოტო მაქვს ნანახი, სადაც აჩიკო და ტი ტოტი არიან და მათ უკან ამ ქალის ოჯახის ავტოფარეხია. ერთი „როლს-როისი“ ვიცანი და იმდენი მანქანა იდგა, გავგიჟდი. აჩიკო იწერებოდა, ეს ჩემი მზითევიაო (იცინის). ულამაზესი ქალი იყო. აჩიკოს, ხელი ჰქონდა, თურმე, ისეთი ძალის, ცხენს გავაზე რომ შემოკრა, ცხვირი მიწაზე დაარტყმევინა. ერთი სურათიც მაქვს, სადაც მისი ცოლი სულ კატებში ზის, კატები ჰყვარებია ძალიან. როგორც ჩანს, აჩიკო კატებს ვერ შეეგუა, რთული ხასიათის კაცი იყო და ამ ცოლს გაშორდა. ერთი ისტორია ვიცი აჩიკოსთან დაკავშირებით. თურმე, შვეიცარიაში ყოფნის დროს, შვედ თუ ნორვეგიელ ქალს შეჰყვარებია, რომელიც უმდიდრესი ყოფილა. ამ ქალის ოჯახის გერბზე სისხლიანი ხელი ყოფილა დაბეჭდილი. ორასი წლის წინათ ოჯახის თავს ორ ძმას შორის შემდეგნაირად გაუყვია ქონება – ნავებში ჩასხდებით და ვინც პირველი მივა გემამდე და ხელს დაადებს, ყველა გემი მისი იქნებაო. შეჯიბრებაში უფროსს გაუსწრია. უმცროსი, რომ ატყობდა – აგებდა, აუღია დიდი ხანჯალი, ხელი მაჯაში გადაუჭრია და ეს სისხლიანი ხელის მტევანი გემისთვის უსვრია. როგორც დათქმული იყო, მან ხელი მიადო გემს და ქონებაც მას დარჩა. ასე იქცა ეს ხელი ამ გვარის გერბად. მთელ ამ „სისხლიან“ გემებზე აჩიკომ უარი თქვა – როგორ, ჩიქოვანის კაცი მილიონებზე გავიყიდებიო?! ასე დარჩა ნორვეგიელი ქალი გაწბილებული. მეორე ცოლად აჩიკომ რუსი თავადის, ურუსოვის ქალი მოიყვანა. ურუსოვები სამეფო კართან დაახლოებული თავადები იყვნენ და რომანოვების ბავშვების აღმზრდელებად ითვლებოდნენ. პეტერბურგში ყოფნისას მათი სასახლე ვნახე, რომელიც ჩვენი „იმელის“ ხელაა ზომით. ახლა იქ მუზეუმია. ერთ ამბავსაც გეტყვით, მათი შვილი იყო თბილისში, გიორგი, რომელსაც ჯონჯის ეძახიან. მასთან საუბარში საინტერესო ამბავი გაირკვა. თურმე, დედის მხრიდან ის და მისი სამი ძმა, აჩიკო, ანდრო და ბიჭიკო ჩინგის-ხანის უშუალო შთამომავლები ყოფილან. ისე კი ჰგავს მონღოლს, რომ შეხედავ. მცხეთაში ყოფნისას მითხრა, მონღოლებსა და ტამერლანს, ანუ თემურ-ლენგის როგორ დაუქცევიათ საქართველო, არადა მათი პირდაპირი შთამომავალი ვარო.

– ესე იგი აშოტ კურაპალატიდან ჩინგის-ხანამდე ყველას სისხლი ვასკაშია მოქცეული.

– კი, ბატონო, ასეა. ჩემი ალალი ბიძაშვილი ჩინგის-ხანის უშუალო შთამომავალია. ერთხელ, ჩემი დარიგებით, ჩინეთში ეს ამბავი უხსენებია და თურმე გათეთრდნენ ჩინელები სიბრაზით. ივანოვებზეც მოგიყვებოდით, მაგრამ სხვა დროს, ახლა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.


скачать dle 11.3