კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდებოდა საბჭოთა კავშირში ლენინის სიკვდილის დროს, ტროცკი სოხუმში რომ არ ყოფილიყო


ორთაბრძოლაში სტალინმა გაიმარჯვა

1922 წლის დამდეგიდან, ლენინის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ძალაუფლება, ფაქტობრივად, აღებული ჰქონდა „ტრიუმვირატს“ – სტალინს, კამენევსა და ზინოვიევს, ხოლო ტროცკი განზე იდგა და თითქოს არავითარ აქტიურობას არ გამოხატავდა.

გრიგოლ რობაქიძე რომანში „ჩაკლული სული“, ტროცკის ასე ახასიათებდა: „ტროცკის ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ დიდი რევოლუციონერი ყოფილიყო, ოღონდ, ბოლშევიკური ფსიქიკა აკლდა. ლენინმა ანდერძში თავის მემკვიდრეებს შორის ტროცკი პირველ ადგილზე დააყენა, მაგრამ, საკვირველია – იქვე დაუმატა, რომ ტროცკი არ ყოფილა ბოლშევიკი“... შემდეგ: „მოკვდა თუ არა ლენინი, სტალინმა სამუდამოდ მოაშთო ტროცკი. სტალინმა ლენინის ადგილი დაიკავა“ ... შემდეგ: „... სისხლის ჩაქცევის შემდეგ, ლენინს, რომელსაც ჩაესუნთქა სიკვდილის ჰაერი, ინსტინქტი გაუმძაფრდა. მოცელილი მარტორქა ახლა უკვე ხედავდა თავისი დაბინდული თვალებით, რომ უჩინარი და ჩუმი კატა – სტალინი – ვეფხვში გადაიზარდა“...

მოგვყავს ერთი არგუმენტირებული ფაქტი, თუ როგორ განასხვავებდა ლენინი სტალინს ტროცკისგან: „ჯერ კიდევ 1918 წლის 15 თებერვალს, გერმანიასთან ზავის დადების წინ, ტროცკიმ ბრესტიდან ტელეგრაფით სხვადასხვა საკითხზე ლენინისგან შესაბამისი ინსტრუქციები მოითხოვა, რაზეც ლენინმა მას შემდეგნაირად უპასუხა: „სანამ თქვენს შეკითხვას პასუხს გავცემდე, მსურს, სტალინს მოველაპარაკო“. ალბათ, სწორედ მაშინ იგრძნო პირველად ტროცკიმ, თუ ვისთან ექნებოდა მომავალში საქმე.

მოკვდა თუ არა ლენინი, სტალინმა სამუდამოდ გარიყა ტროცკი დიდი პოლიტიკიდან. 1924 წლის 26 იანვარს საბჭოების სრულიად საკავშირო მეორე ყრილობაზე სტალინმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ფიცი ლენინის წინაშე, ხოლო ტროცკი იმ გლოვის დღეებში, საქართველოში, სახელდობრ, სოხუმში ისვენებდა. ალბათ, ესეც „ნახევარბედის“ ირონია იყო. მიუხედავად ამისა, ტროცკი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო და სჯეროდა, რომ ლენინს მხოლოდ ის მიაჩნდა თავის მემკვიდრედ.

გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (¹1, 1997 წლის იანვარი) მოყვანილია ლენინის დის, მარია ულიანოვას ჩანაწერები. აი, რას წერს იგი ერთ ადგილას: „... პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ტროცკიმ თავი ვერ შეიკავა და ლენინს „ხულიგანი“ უწოდა... ლენინი ცარცივით გაფითრდა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ ეს უთხრა: „ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა“. ლენინს მისადმი სიმპათიები არც ადრე ჰქონდა“.

გრიგოლ რობაქიძე „ჩაკლულ სულში“ წერს: „სტალინი თავიდანვე ლენინის ნატეხი იყო. მასში გაერთიანებული იყო რაციო და ინსტინქტი, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მეორე ელემენტი უფრო მძლავრად ჰქონდა განვითარებული. ეს სტალინს ლენინთან შედარებით უპირატესობასაც კი ანიჭებდა“...

ტროცკის ორთაბრძოლა სტალინთან, როგორც დასწრებული, ასევე დაუსწრებელი, დრამატულად და დაძაბულად წარიმართა, რომელიც ტროცკიმ პირწმინდად წააგო. მან იმიტომ წააგო ბრძოლა, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დიდი სურვილისა და პრეტენზიების მიუხედავად არ გააჩნდა ის საჭირო და აუცილებელი მახასიათებლები, რომლებიც იქნებოდა ხელმძღვანელად და ბელადად გახდომის მთავარი პირობა.

დავუშვათ, სტალინთან ბრძოლაში გაემარჯვა ტროცკის, მაშინ რა მოხდებოდა?

ამ კითხვაზე 70-იანი წლების ბოლოს სამართლებრივად სწორად უპასუხა ცნობილმა საბჭოთა მეცნიერმა, აკადემიკოსმა კიმმა: „... ლენინის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლებისთვის გაჩაღებული ბრძოლა სტალინის სრული და დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა, ხოლო თუ ტროცკი გაიმარჯვებდა, მაშინ რეპრესიები უფრო მეტი სისასტიკით ჩატარდებოდა და მსხვერპლიც გაცილებით მეტი იქნებოდა“...

1932 წლის 20 თებერვალს ლევ ტროცკისა და მისი ოჯახის წევრებს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჩამოართვეს და იგი ოჯახთან ერთად მშვიდობიანად გაემგზავრა უცხოეთში. 1933 წელს მან სკპ (ბ) ცეკას პოლიტბიუროს გამოუგზავნა წერილი, სადაც აღუთქვამდა „ინტერნაციონალური მემარცხენე ოპოზიციის“ მხრიდან დახმარების გაწევას „პარტიის ნორმალური განვითარების“ რელსებზე გადაყვანის საქმეში“. ტროცკის წერილის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მოეკლათ სტალინი და საერთოდ გაენადგურებინათ სტალინიზმი.

იგი განდიდების მანიით იყო შეპყრობილი. აი, რას წერდა ტროცკი თავის წიგნში „სტალინი“: „პეტერბურგში თუ არ იქნებოდა ლენინი, არ ვიქნებოდი მე და არ იქნებოდა ოქტომბრის რევოლუცია“... იგი მიუთითებს, რომ 20-იან წლებში სტალინს ჩაფიქრებული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან ამ შემთხვევაში მას საბჭოთა კავშირიდან თავისუფლად ვერ გაასახლებდნენ.

ტროცკი თავისი ანტისაბჭოური წერილებითა და გამოსვლებით ფაშიზმის „წისქვილზე ასხამდა წყალს“. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა მექსიკის ქალაქ კოიოკანაში, სადაც აქვეყნებდა რევიზიონისტულ და ანტისტალინურ შრომებს.

1940 წლის 24 მაისს ტროცკის მიმართ მოეწყო ჯგუფური თავდასხმა. თავდამსხმელებს მექსიკის არმიისა და პოლიციის ოფიცრების ფორმები ეცვათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო მექსიკელმა კომუნისტმა, შემდგომში მსოფლიოში სახელგანთქმულმა მხატვარმა-მონუმენტალისტმა დევიდ ალფარო სიკერიოსმა. თავდასხმის შედეგად ტროცკი და მისი შვილიშვილი მსუბუქად იქნენ დაჭრილი. სამი თვის შემდეგ, 1940 წლის 24 აგვისტოს, მოსკოვის გაზეთი „პრავდა“ აქვეყნებს სარედაქციო წერილს, სათაურით – „საერთაშორისო აგენტის მკვლელობა“. წერილში ნათქვამი იყო: „ტელეგრაფმა მოიტანა ამბავი ტროცკის სიკვდილის შესახებ. ამერიკული გაზეთების ცნობით, ტროცკიზე, რომელიც უკანასკნელ წლებში მექსიკაში ცხოვრობდა, მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა“... შემდეგ კი „პრავდა“ წერდა: „სამარეში ჩავიდა ადამიანი, რომლის სახელსაც მთელი მსოფლიოს მშრომელები წყევლა-კრულვით წარმოთქვამენ; ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა მუშათა კლასისა და მისი ავანგარდის – ბოლშევიკური პარტიის წინააღმდეგ. უცხოეთის დაზვერვას მოაკლდა დიდი ხნის ვერაგი აგენტი, მკვლელობათა ორგანიზატორი, რომელიც არავითარ საშუალებებს არ ერიდებოდა თავისი კონტრრევოლუციური მიზნების მისაღწევად...“ შემდეგ: „... ტროცკი, რომელმაც მოაწყო გორკის, კუიბიშევის, კიროვის ავაზაკური მკვლელობები, თვითონვე გახდა თავისი საკუთარი ინტრიგების, გამცემლობის, ღალატისა და ბოროტმოქმედებათა მსხვერპლი“.

1940 წლის შემოდგომაზე საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ კალინინის ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე, რამონ ლოპესს მიენიჭა „საბჭოთა კავშირის გმირის“ წოდება. ლოპესი ფაქტობრივად, იყო რამონ დელ მარკადერის ფსევდონიმი, რომელიც ტროცკის მკვლელი აღმოჩნდა, ის ეროვნებით ესპანელი იყო. ჩვენ არ შევუდგებით მარკადერის მიერ ტროცკის მკვლელობის დეტალურ, სამართლებრივ გარჩევას და, შესაბამისად, დასკვნების გამოტანას, მაგრამ, ცნობილია, რომ მექსიკის მართლმსაჯულების მიერ მარკადერის სისხლის სამართლის საქმის ძიება თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა და, საბოლოოდ, მექსიკის სასამართლომ მას 1943 წელს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იმდროინდელი მექსიკის სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე, ასეთი იყო თავისუფლების აღკვეთის უმაღლესი ზომა.

რამონ დელ მარკადერმა ოცწლიანი პატიმრობის ვადა კალენდარულად მთლიანად მოიხადა და 1960 წელს გათავისუფლდა. 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა მარკადერს საზეიმო ვითარებაში გადასცა ადრე მინიჭებული საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი და „ლენინის ორდენი“.

რამონ მარკადერი მეგობრობდა ფიდელ კასტროსთან, რომელმაც იგი კუბაში მიიწვია, მაგრამ საკავშირო სახელმწიფო უშიშროების მესვეურებმა კუბაში გამგზავრებაზე ნება არ დართეს. გავიდა ხანი და უკვე დასნეულებულ მარკადერს, ბოლოს და ბოლოს, მისცეს უფლება, საბჭოთა კავშირიდან წასულიყო. 1978 წელს იგი ჰავანაში გარდაიცვალა.

დასავლეთის ზოგიერთ მკვლევართა აზრით, ტროცკის მკვლელობის სულისჩამდგმელი, თითქოსდა, სტალინი იყო. ასეთმა თვალსაზრისმა, ყოველგვარი დოკუმენტური მტკიცებულებებისა და დაუსაბუთებელი ფაქტების გარეშე, მხარდაჭერა ჰპოვა გორბაჩოვის ყბადაღებული „პერესტროიკის“, „მეტი დემოკრატიის“, „მეტი სოციალიზმისა“ და „საჯაროობის“ დროინდელ წლებში.

მართალია, ტროცკის და, ზოგადად, ტროცკიზმს, ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს იდეოლოგიური მომხრეები, მაგრამ, ვერსად შეხვდებით რაიმე კონკრეტულ და დოკუმენტურ მასალას, სადაც შეიძლება, ამოვიკითხოთ ტროცკიზმის, როგორც რევიზიონისტული იდეოლოგიის, ხოტბა-შექება ან, უბრალოდ, დადებითი შეფასება, ან, თუნდაც ტროცკისტების პოლიტიკური საქმიანობისა და მათი იდეოლოგიური კონცეფციის გამართლება.


скачать dle 11.3